fbpx

ინტერვიუ ხელოვან თამარა ლორთქიფანიძესთან – გამოგონილი პერსონაჟები რეალური ცხოვრებიდან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა გაბილაია

 

თამარა ლორთქიფანიძე ქართველი ხელოვანია, რომელიც ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს და მუშაობს. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ძირითადად  ილუსტრაციებს ქმნიდა,  რისი ერთ-ერთი შედეგიც იყო 2017 წელს სახელოვნებო ორგანიზაცია “პროპაგანდას” მხარდაჭერით გამოცემული წიგნი “ეროტიკული ისტორიები”. 2017 წლიდან თამარა საცხოვრებლად ბარსელონაში გადავიდა, სადაც აგრძელებდა ილუსტრაციებზე მუშაობას, მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. ბოლო წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში, მისი ნამუშევრების ფორმატი საგრძნობლად გაიზარდა, მასალა შეიცვალა და ისტორიები გამრავალფეროვნდა. 

 

თამარა, იქნებ მოკლედ მოგვიყვე შენს შემოქმედებაზე, როგორ შეიცვალა ის თბილისიდან ბარსელონამდე? როგორც ვიცი, პანდემიამაც ითამაშა გარკვეული როლი. 

სამხატვრო აკადემიაში სწავლიდან დღემდე ბევრ სხვადასხვა სტილსა და ტექნიკაში გამოვცადე საკუთარი თავი. ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ და ამიტომ, ერთი პერიოდის ნამუშევრებიც კი ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. 

საქართველოდან  ბარსელონაში საცხოვრებლად გადასვლამ, გარემოს შეცვლამ, ვფიქრობ, ახალი შთაგონების წყარო შექმნა. ახალმა ურთიერთობებმა და სხვადასხვა კულტურასთან მეტმა სიახლოვემ სხვა შემოქმედებითი და შინაგანი პროცესები წარმოშვა. 

როცა ჩემს ბოლო ნამუშევრებს  ვათვალიერებ, ვხედავ კიდეც, რომ ისინი ჩემი პერსპექტივით დანახული პერსონაჟები არიან, ადამიანები არასტანდატული ისტორიებით, რომლებიც ქმნიან ან ავსებენ რეალურ ცხოვრებას.

პანდემიამ, რა თქმა უნდა,  დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შემოქმედებაზე, პირველ რიგში, იმ მხრივ, რომ გამიჩინა უწყვეტი მუშაობის შესაძლებლობა, არა მხოლოდ დროის ფაქტორის, არამედ შინაგანი მდგომარეობის გამოც.

 

ბარსელონაში წასვლამდე “პროპაგანდას” მხარდაჭერით დაიბეჭდა შენი წიგნი “ეროტიკული ჩანაწერები”, რომელიც ადამიანის სექსუალობას ეხებოდა და მისი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს ამჟღავნებდა. მახსოვს, მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი იყო. მოგვიყევი ამ გამოცდილებაზე. 

2017 წელს “პროპაგანდას” მხარდაჭერით გამოიცა ჩემი არტ-წიგნი “ეროტიკული ჩანაწერები”. ეს იყო ჩემი ხმამაღლა საუბარი ქალთა სექსუალობაზე.

“ეროტიკული ჩანაწერები” მთავარი გმირების, ქალების სექსუალური ცხოვრების ძალიან ინტიმურ დეტალებზეა აგებული. მეტწილად, რეალურ ისტორიებზე, რომლებიც ხშირად ვერც კი ითქმება  ხმამაღლა, რადგან ასე დადგინდა ჩვენს კულტურაში. 

ბევრ ქვეყანაში,  განსაკუთრებით, ქართულ რეალობაში, თითქოს არ არის მიღებული ქალების მხრიდან  სექსუალობაზე ან ინტიმურ პრობლემებზე საუბარი, რადგან ქალი ხშირად მოიაზრება როგორც მეორეხარისხოვანი პერსონაჟი წყვილის სექსუალურ ცხოვრებაში, ან როგორც მხოლოდ ბიოლოგიური გამრავლების ობიექტი.

ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ რაღაც დოზით მაინც მესაუბრა ამ თემაზე და მცირე ცვლილება მაინც გამომეწვია ადამიანებში, რომლებიც ამ წიგნს გადაშლიდნენ. რაშიც ჩემი და “პროპაგანდას” ხედვა და სურვილები ერთმანეთს დაემთხვა და შედგა ეს საინტერესო პროექტი.

ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, რაც გვაწუხებს ან გვაინტერესებს. რაოდენ უცნაურად, ან ვიღაცისთვის უხამსადაც,  უნდა ჟღერდეს ეს ისტორიები, ასეთია რეალობა, ეს რეალური პრობლემები და ფიქრებია, რომლებსაც ადამიანები ხშირად ვერ ამოვთქვამთ, ან ძლივს ვბედავთ ვუთხრათ მეგობარს, პარტნიორს, ფსიქოლოგს თუ სექსოლოგს.

 

ჩემთვის ეს თემა ამ დრომდე არ კარგავს აქტუალობას და პერიოდულად 

ყოველთვის ვუბრუნდები და ვაგრძელებ ილუსტრაციების შექმნას, ახალი პერსონაჟებით და ერთმანეთისგან  ძალიან განსხვავებული, მაგრამ ერთი იდეით გაერთიანებული ქალების ისტორიებით. 

 

შენს ერთ-ერთ სერიაში შემოგყავს პერსონაჟი, რომელიც თითქოს ჩუმად აკვირდება სიუჟეტის მთავარ მოვლენას, ამ შემთხვევაში – ცეცხლს, რომელიც, შესაძლოა, სწორედ მისი დანთებულია. ტექსტში ამბობ, რომ ყველა ამბავს ჰყავს თავისი მთავარი პროტაგონისტი. ვინაა ეს ადამიანი და რაზეა შენი ამ სერიის ნამუშევრები? 

ეს სერია განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის, თითქოს ერთი ამბის თხრობის პროცესში ვარ, რომელიც მოქმედებებად იყოფა. კი, ვფიქრობ, ყველა ამბავს მართლაც თავისი მთავარი პროტაგონისტი ჰყავს, რომელიც ან ჩანს, ან არა, მაგრამ ის ყოველთვის არსებობს. 

ამ სერიის მთავარი გმირი თინეიჯერი მარტოსული ბიჭია, რომელიც მისი განსხვავებული ინტერესებისა და შეხედულებების გამო არ თვლის თავს იმ სოციუმის ნაწილად, სადაც ცხოვრობს. აქვს უამრავი სხვადასხვა კოსტიუმი, რომლითაც იმოსება, ატარებს შავ ნიღაბს, იგონებს თამაშებს, რომელშიც ერთვება და ამ გზით გამოხატავს თავს.

ცეცხლის სიმბოლო ბევრ რამეს განასახიერებს; ვნებას, სურვილს, აღორძინებას,  მარადისობას, განადგურებას, იმედს, ჯოჯოხეთს. ამ სიმბოლოებს იყენებენ  ლიტერატურაში, მხატვრობაში, კინოსა და რელიგიურ ტექსტებში ათასწლეულების განმავლობაში. პირადად ჩემთვის ცეცხლი რაღაცის განადგურებსათან ასოცირდება, შესაძლოა ცუდი მოგონებების, უსარგებლო სურვილების, რომლის გაქრობის შემდეგაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ. 

ამ სერიის მთავარი გმირი მუდმივად ჩნდება მისტიკურ ადგილებში, სადაც რაღაც იწვის – სახლი ტბის პირას, კარუსელი, ტყე… ის კი ყოველთვის გამოირჩევა უცნაური მზერით. თუმცა ჯერჯერობით არცერთ ნამუშევარში არ ჩანს კონკრეტულად რაიმე დეტალი, რაც დაგვარწმუნებს იმაში, რომ ცეცხლი მისი დანთებულია, რაც არ არის გამორიცხული. ვფიქრობ, ამ სერიის ბოლო ნამუშევარში გამოჩნდება რეალურად, არის თუ არა ის ამ ყველაფრის მიზეზი. 

 

ზოგადად, საიდან მოდის ამბები შენს ნახატებში?   თვლი თუ არა საკუთარ თავს შენი ამბების მთავარ პროტაგონისტად? 

ჩემი გმირები, უმეტესწილად, გამოგონილი პერსონაჟები არიან, მათი უცნაური გარეგნული მახასიათებლებით და კოსტიუმებით, მაგრამ საფუძველი და იდეა ყოველთვის რეალური ცხოვრებიდან არის აღებული. 

შესაძლოა ოდესმე ჩემს თავს გადახდენილი ან ჩემი მდგომარეობის ამსახველი ამბავი  იყოს გადმოცემული, ან უბრალოდ ამბავი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე და დამამახსოვრდა. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დეტალებზე დიდხანს მუშაობას, ასევე პერსონაჟების სამოსს და აქსესუარებს, რითაც მისახვედრი ხდება, რომ ისინი ამ ეპოქიდან არიან.

მაქვს რამდენიმე ნამუშევარი, სადაც მე თვითონ აღმოვჩნდი მთავარი გმირი, მაგრამ ყოველთვის ალეგორიული სახით. მაგალითად, ნამუშევარი  Womb და Insomnia, რომელიც ერთ-ერთი გათენებული ღამის შედეგია. ვისაც ძილთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, ვფიქრობ, მათთვის ყველაზე ნათლად აღსაქმელია ის მძიმე და შავი სივრცე, სადაც ეს პერსონაჟი იმყოფება – ტილოზე.

 

რა როლს თამაშობს ტექსტი შენს შემოქმედებაში?

ხშირად ვურთავ ტექსტებს ჩემს ნამუშევრებს,  უმეტესად კი მაშინ როცა  იმავე თემაზე, რაზეც ნახატია შექმნილი, სხვა ფორმითაც მინდა რაიმეს თქმა. შეიძლება ითქვას, რომ ერთ ამბავზე შექმნილია ორი ნამუშევარი – დამოუკიდებელ მედიუმებში. 

 

გაქვს რაიმე გეგმები, რის შესახებაც გინდა მოგვიყვე?

ახლა ჩემი მთავარი ამოცანაა უწყვეტი მუშაობა და მოგვიანებით ახალი სერიის   დაწყება, რომლის გმირები კვლავ ქალები იქნებიან – სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების – გაერთიანებულნი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის იდეით.

არსებული ვითარების გამო ბევრმა ჯგუფურმა გამოფენამ ონლაინში გადმოინაცვლა ან ზოგი გადაიდო 2021 წლამდე. თუმცა ამ პირობებშიც მცირე საინტერესო საგამოფენო პროცესები მაინც მიმდინარეობს. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ახლა ჩემი მთავარი ამოცანა უწყვეტი მუშაობაა. 

 

 

როგორ ფიქრობ, რა აკლია ქართულ სახელოვნებო სივრცეს ყველაზე მეტად? ან რა აქვს ძალიან კარგი? 

ვფიქრობ, ამ ეტაპზე სახელოვნებო სივრცე საქართველოში განვითარების პროცესშია, იდგმება ახალი ნაბიჯები. მართალია, რამდენიმე ახალი და საინტერესო პლატფორმა გაჩნდა, მაგრამ, ვფიქრობ, უფრო მეტი ერთმანეთისგან განსხვავებული სახელოვნებო სივრცის, არტ-რეზიდენციების და გალერეების გახსნა კიდევ უფრო  შეუწყობს ხელს ხელოვანებს მუშაობაში, რეალიზებასა და პოპულარიზაციაში. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.