გამოცემა Fucking Young და 4 ქართველი ხელოვანი თანამედროვე თბილისისა და კულტურის შესახებ
ბოლო წლებში ყველა თბილისის ანდერგრაუნდ კულტურაზე საუბრობს, რომელიც ხელოვნებას, დიზაინს, კულინარიასა და მოდას მოიცავს. საბჭოთა პერიოდში ქალაქი პოპულარული იყო შემოქმედებით ადამიანებში. დღეს თბილისი კულტურულ აღორძინებას ახალი თაობის პროგრესულად მოაზროვნე ქართველების წყალობით განიცდის, რომლებიც იბრძვიან როგორც კულტურული, ისე სოციალური ცვლილებებისთვის. ჩვენ ოთხ მათგანს წარმოგიდგენთ, რომლებიც გვიზიარებენ, თუ რას ნიშნავს ეს ქალაქი მათთვის.
პროდუსერი: სოფო ჭყონია
ფოტოგრაფი: ლევან მაისურაძე
აკა ფროდიაშვილი | დიზაინერი
24 წლის მოდის დიზაინერი აკა ფროდიაშვილი ცნობილია დრაგ-ქუინის ესთეტიკითა და ბაროკოს ელეგანტურობით. მას თბილისში 17 წლის ასაკიდან იცნობენ და საერთაშორისო და ადგილობრივ ჟურნალებში სტილისტად მუშაობს. თბილისის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე მისი პირველი ჩვენების შემდეგ, ის ისეთ ჟურნალებში მოხვდა, როგორებიცაა: Vogue, Dazed და Re-edition.
საქართველოში გაიზარდეთ. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა მოახდინა ამ ფაქტმა თქვენს საქმიანობაზე? რა არის თქვენთვის თბილისი, რა მოგწონთ და არ მოგწონთ ყველაზე მეტად ქალაქში?
საქართველომ დიდი გავლენა მოახდინა სამუშაო პროცესზე, ჩემს პროტესტსა და სოციალურ პასუხისმგებლობას კი კოლექციებში გამოვხატავ. თბილისი ძალიან საინტერესო ქალაქია, აქ გავიზარდე და ყველაფერი მიყვარს, მაგრამ ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ ექცევიან ისტორიულ ადგილებს. ჩვენ არ გვყავს პროფესიონალები ლანდშაფტის დიზაინში, რომლებიც ქალაქს ბეტონის კონსტრუქციებისგან გადაარჩენენ.
დაასახელე სამი რამ, რაც შთაგაგონებს?
შთაგონებას საშინელებათა და ფსიქოლოგიური ფილმებისგან ვიღებ, ასევე თანამედროვე არტისტებთან ურთიერთობითა და სირთულეების გადალახვით.
უფრო მეტ მხარდაჭერას იღებთ თუ კრიტიკას?
კრიტიკაც და მხარდაჭერაც მიბიძგებს, რომ გადავდგა ნაბიჯი უკეთესობისკენ, ორივე მაბედნიერებს და მაძლიერებს.
როდის გრძნობთ თავს ყველაზე შემოქმედებითად?
ყველაზე კრეატიული ვარ, როცა თავს შთაგონებულად ვგრძნობ, ასევე მაშინ, როდესაც რაიმეს ვაკეთებ.
გაკვეთილი, რომელიც რთული გზით ისწავლეთ?
ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ხშირად ვიღებ. თანდათან უფრო წინდახედული ვხდები და ვცდილობ წინასწარ განვსაზღვრო მოსალოდნელი თავსატეხი, სირთულე ან სიხარული.
TAMRA | დიზაინერი / ხელოვანი / კინორეჟისორი
თამუნა ქარუმიძე მულტიმედია ხელოვანია, რომელიც მოდის სამყაროსთვის Tamra-ს სახელითაა ცნობილი. ბერლინის სამხატვრო აკადემიაში ვიზუალური ხელოვნების სწავლის შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და შექმნა ლეიბლი Tamra და ბრენდი Tamraskateboards.
საქართველოში გაიზარდეთ. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა მოახდინა ამ ფაქტმა თქვენს საქმიანობაზე?
განათლება და ღირებულებები: მე საბჭოთა პერიოდში დავიბადე, სადაც კულტურას, მეცნიერებას და ხელოვნებას მაინც ყველაზე მეტად აფასებდნენ.
რა არის თქვენთვის თბილისი, რა მოგწონთ და არ მოგწონთ ყველაზე მეტად ქალაქში?
მოულოდნელობა.
დაასახელე სამი რამ, რაც შთაგაგონებს?
სურათები, ხმები, ფილმები.
უფრო მეტ მხარდაჭერას იღებთ თუ კრიტიკას?
მეტ მხარდაჭერას.
როდის გრძნობთ თავს ყველაზე შემოქმედებითად?
როდესაც არაფერია წინასწარ განსაზღვრული.
გაკვეთილი, რომელიც რთული გზით ისწავლეთ?
თუ გინდა რომ ყველაფერი კარგი იყოს, შენ თვითონ გააკეთე.
უტა ბექაია | ხელოვანი
უტა ბექაია მულტიმედია ხელოვანია, რომელიც ქმნის ჩაცმად სკულპტურებს, პერფორმანსებს, ვიდეოებს, სადაც დისციპლინებს შორის საზღვრები ბუნდოვანია და კულტურა სინთეზირებულია მის პერსონალიზებულ ხედვაში. ის შთაგონებულია უძველესი მითოლოგიით, ზღაპრებით, იტალიური ბაროკოთი და ქართული დადაიზმით. მას კომუნალური მეხსიერების გენეტიკური გადაცემის სჯერა და ცდილობს ხელახლა დაუკავშირდეს უძველეს ცოდნას, ის საკუთარი გამოცდილებითა და ახალი მნიშვნელობით აღავსოს.
საქართველოში გაიზარდეთ. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა მოახდინა ამ ფაქტმა თქვენს საქმიანობაზე?
თბილისში გაზრდამ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ჩემზე და ჩემს საქმიანობაზე. ახალგაზრდობაში ემიგრაციაში წავედი ამერიკაში და ნიუ-იორკში გადავიკარგე. წლები გავიდა ისე, რომ ჩემს სახლთან კონტაქტი არ მქონია, დავიწყე ჩემი აღზრდის “გარე” ხედვით ანალიზი. ამან შანსი მომცა, რომ სულ სხვა პერსპექტივიდან დამენახა და როდესაც თავი უფესვოდ ვიგრძენი, დავიწყე ჩემი მემკვიდრეობის ჩართვა ჩემს საქმიანობასა და ცხოვრებაში.
რა არის თქვენთვის თბილისი, რა მოგწონთ და არ მოგწონთ ყველაზე მეტად ქალაქში?
აქ ორი წლის წინ დავბრუნდი. თბილისი ჩემთვის ცარიელი ტილოა, ეს არის ადგილი, სადაც შემიძლია სრულად გამოვიყენო ჩემი პოტენციალი და ვიყო იმაზე მეტის ნაწილი, ვიდრე ვარ. ამ ქალაქის ბნელი მხარეა ფანატიზმი და უმეცრება, ისევე როგორც სხვაგან.
დაასახელე სამი რამ, რაც შთაგაგონებს?
ბუნება, უპირველეს ყოვლისა, მისი ნიმუშები და ორნამენტები. მითოლოგია, რაღაც მაგიურის პოვნა ჩვენს ისტორიასა და მის გარშემო. მეგობრები/სიყვარული, ადამიანები, რომლებიც ენერგიით მავსებენ, როდესაც ეს ყველაზე მეტად მჭირდება.
უფრო მეტ მხარდაჭერას იღებთ თუ კრიტიკას?
ორივეს, მაგრამ უფრო მეტ კრიტიკულ აზროვნებას ვისურვებდი, რათა მქონდეს დიალოგი ჩემს ნამუშევრებზე.
როდის გრძნობთ თავს ყველაზე შემოქმედებითად?
დილით, როდესაც სიმშვიდეა გარეთაც და შიგნითაც, მედიტაციის შემდეგ. ეს ის დროა, როდესაც ქაოსი ჩემთვის ყველაზე მშვიდია.
გაკვეთილი, რომელიც რთული გზით ისწავლეთ?
არ ვიყავი გაბედული საჭიროების შემთხვევაში, ძალიან ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ რას ფიქრობდნენ სხვები, არ ვაფასებდი საკუთარ თავს, არ ვიცოდი, როგორ მეთქვა “არა”.
სიმონ მაჩაბელი | დიზაინერი
სიმონ მაჩაბელი ქართველი დიზაინერია, რომელიც საშემსრულებლო ხელოვნების მრავალ სფეროში მუშაობს, იქნება ეს თეატრი, ოპერა, კინო თუ მოდა. საქმიანობას ადრეული ასაკიდან შეუდგა და სტუდენტობის წლებში უკვე დამკვიდრებული დიზაინერი იყო. 2008 წელს ხელოვნებისა და დიზაინის Central St. Martin’s-ის კოლეჯი დაამთავრა და საქართველოში დაბრუნდა. მან მოიგო და შექმნა საპატიო გვარდიის ოფიციალური სამხედრო ფორმა, თანამშრომლობდა ადგილობრივ ბრენდებთან, რამდენიმე ფილმის, თეატრისა და ოპერისთვის ფროდაქშენ დიზაინერიც იყო.
საქართველოში გაიზარდეთ. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა მოახდინა ამ ფაქტმა თქვენს საქმიანობაზე? რა არის თქვენთვის თბილისი, რა მოგწონთ და არ მოგწონთ ყველაზე მეტად ქალაქში?
სხვადასხვა მხრივ მოახდინა გავლენა, მე დაინტერესებული ვარ ადამიანების ფესვებითა და კავშირებით კონკრეტულ ადგილებთან, შემოქმედებით პროცესს ვხედავ როგორც ამ საიდუმლოების გახსნის მცდელობას. ქალაქის ძველი სილამაზის აღმოჩენა ყველაზე სათუთი გრძნობაა, რაც თბილისის მიმართ მაქვს, ამ ნოსტალგიის ყველა მომენტს ვაფასებ. ვერ მივიღებ ვერაფერს, რაც ქალაქის ლანდშაფტს 90-იანი წლების შემდეგ დამართეს.
დაასახელე სამი რამ, რაც შთაგაგონებს?
ამ ეტაპზე ბიზანტიური გამოსახულებებით ვარ დაინტერესებული, ასევე ხის საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ნახევრად ძვირფასი ქვების ფერადი ნიმუშებით.
უფრო მეტ მხარდაჭერას იღებთ თუ კრიტიკას?
ბალანსირებულად ორივეს.
როდის გრძნობთ თავს ყველაზე შემოქმედებითად?
ალბათ, როდესაც ვცდილობ დავინახო მნიშვნელობა გარკვეული სილამაზის მიღმა.
გაკვეთილი, რომელიც რთული გზით ისწავლეთ?
როგორ მოვახდინო შემოქმედებითობის პროვოცირება – ეს არის გაკვეთილი, რომელსაც მუდმივად ვსწავლობ.
ორიგინალი: http://fuckingyoung.es/