fbpx

დღეს: პედრო ალმოდოვარს 71 წელი შეუსრულდა


გააზიარე სტატია



„კინო გახდა ჩემი ცხოვრება. მე არ ვგულისხმობ პარალელურ სამყაროს, ვგულისხმობ ჩემს ცხოვრებას. ზოგჯერ   ისეთი შთაბეჭდილება მიჩნდება, რომ ყოველდღიური რეალობა უბრალოდ იმისთვის არსებობს, რომ მომავალი ფილმისთვის მასალა მომცეს“. – პედრო ალმოდოვარი

გამორჩეული რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი პედრო ალმოდოვარი კალსადა დე კალატრავაში 1949 წლის 25 სექტემბერს დაიბადა. რვა წლის ასაკში მომავალი რეჟისორი მშობლებთან ერთად კასერესში გადავიდა საცხოვრებლად. საშუალო განათლება ალმოდოვარმა სალესიელ მამათა სკოლაში მიიღო, შემდეგ კი მისაღები გამოცდები ფრანცისკანელი ძმების სკოლაში ჩააბარა.

1965 წელს ალმოდოვარი მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად.  მას თორმეტი წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას უწევდა მუშაობა, სანამ საბოლოოდ  სატელეკომუნიკაციო კომპანია “ტელეფონიკაში”   მოხვდებოდა. ამავე პერიოდში ალმოდოვარი თეატრალური ჯგუფის, Los Goliardos-ის წევრი გახდა, ასრულებდა  პატარა როლებს,  მისი მოთხრობები კი სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალში იბეჭდებოდა.

„ჩემი პირველი ამბიცია იყო მწერალი გავმხდარიყავი. მწერლობა ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა. მაგრამ მეჩვენება, რომ სურათებით ამბის გადმოცემის მეტი შესაძლებლობა მაქვს. როგორც ჩანს, მე უფრო კინემატოგრაფიის ნიჭს ვფლობ, ვიდრე რომანის წერის”. – ალმოდოვარი

ალმოდოვარმა პირველი მხატვრული ფილმი – “პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები” 1980 წელს გადაიღო. სან სებასტიანის ფესტივალზე ნაჩვენებმა სადებიუტო ფილმმა კინომცოდნეებისგან კრიტიკა “მდარე ხარისხის” გამო დაიმსახურა.

1985 წელს ალმოდოვარმა ძმასთან, აუვგუსტინთან ერთად საპროდიუსერო კომპანია El Deseo დააფუძნა. 1986 წელს  ფილმი სურვილის კანონი  გამოვიდა, რომელიც ჰომოსექსუალი წყვილის ურთიერთობას  ასახავდა.

წარმატებული გამოდგა 1988 წელს გადაღებული ფილმი “ქალები ნერვიული აშლილობის ზღვარზე”, რომელმაც რეჟისორს მსოფლიო აღიარება, ორმოცდაათამდე ეროვნული ჯილდო და ოსკარის ნომინაცია მოუტანა.

1999 წელს გამოსულმა ფილმმა ”ყველაფერი დედაჩემის შესახებ”, რომელიც ემოციურ დედაშვილურ ურთიერთობას აღწერს, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის BAFTA, ოსკარი და ოქროს გლობუსი დაიმსახურა. მთავარი ინსტრუმენტების – ფერების, ამ შემთხვევაში კი წითელის და ლურჯის მონაცვლეობით რეჟისორი  ფილმში მძაფრ განწყობას და ემოციას ქმნის.

„ფერი აიდეალებს ობიექტს და  ხელოვნების ნიმუშს ღირებულებას ანიჭებს. მჯერა, რომ საგნების, კედლების, დეკორაციებისა და ტანსაცმლის ფერები  ავლენს და გამოკვეთს ჩემი ფილმების პერსონაჟებს.  ფერი ასევე ხელშესახებს ხდის იმას, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს ჩემს ფილმებში: თავად ისტორია და პერსონაჟების ემოციები”.

ალმოდოვარის მსოფლიო აღიარებაში დიდი როლი ითამაშა ფილმმა „ესაუბრე მას“(2002), რომელშიც  რეჟისორი  მარტოობის, საიდუმლოებების, კომუნიკაციის მნიშვნელობის, ღალატის, გართულებული ურთიერთობების შესახებ გვიამბობს. ალმოდოვარმა ამ ფილმის სცენარისთვის ოსკარი დაიმსახურა  და საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.

ალმოდოვარი თავის უკანასკნელ ფილმში „ტკივილი და დიდება“ (2019) ჰომოსექსუალი რეჟისორის, სალვადორ მალოს ისტორიას აღწერს. ნახევრად ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლებს ანტონიო ბანდერასი და პენელოპე კრუზი ასრულებენ.

რამდენიმე თვის წინ პედრო ალმოდოვარმა ახალი ფილმის, „Madress Paralelas” გამოსვლა დააანონსა, რომელშიც მთავარ როლს რეჟისორის საყვარელი მსახიობი, პენელოპე კრუზი ითამაშებს.

„კინოს შეუძლია შეავსოს თქვენი ცხოვრების და თქვენი მარტოობის ცარიელი ადგილები”, მით უმეტეს, თუ ეს კინო ალმოდოვარისაა, რომელიც ემოციური, მგრძნობიარე და ამავე დროს ძლიერი ადამიანების სამყაროში გვამოგზაურებს.

„ჩემი ფილმების პერსონაჟები ხშირად არიან მკვლელები, მოძალადეები და ა.შ., მაგრამ მე მათ კრიმინალებივით არ ვექცევი, მათ ადამიანობაზე ვლაპარაკობ”.
– ალმოდოვარი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.