fbpx

ურბანული ბაღჩა თბილისში, სადაც ორგანული საკვების მოყვანა თქვენც შეგიძლიათ


გააზიარე სტატია



ავტორი: თამარ ჭინჭარაული


აგროსფეროში გამოცდილება ჩვენ გარშემო უმეტესობას არ აქვს. უბრალოდ ძალიან გვიყვარს და გვაინტერესებს. “კოკოპელი” კი გვაძლევს საშუალებას, რომ მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენოთ.

 

კოკოპელი” საზოგადოებრივი ურბანული ბაღჩაა, რომელიც მეგობრებმა – სალომე პოპიაშვილმა და მოლი მეტრეველმა დააარსეს თბილისში. ურბანული ბაღჩები ჩვენი ქალაქისთვის უცხო, თუმცა მსოფლიოში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში დანერგილი პრაქტიკაა. ის გულისხმობს ქალაქის ურბანული ცხოვრების პირობებში აგრობაღჩის გაშენებას მცირე ტერიტორიაზე.

ურბანული მებაღჩეობის  მიზნებია:

  • ურბანულ გარემოში ჯანსაღი რეკრეაციული წერტილის შექმნა;
  • ქალაქის პირობებში ორგანული საკვების მოყვანა 
  • კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია 
  • სტრესისა და შფოთვის მოხსნა
  • საზოგადოებრივი ურთიერთობების გაჯანსაღება და ურბანული ურთიერთობების წახალისება.

დასაწყისში ბაღჩაში ბევრი პრობლემა იყო – მაგალითად, შორი მანძილიდან უწევდათ მცენარეების მოსარწყავი წყლის მოტანა, თუმცა მოხალისეების დახმარებით უკვე ეს პრობლემაც მოგვარებულია და ტერიტორიაზე წყალი  შეყვანილია.

დღეს უკვე პირველ მოსავალს იღებენ და სივრცეც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება.

ურბანულ მებაღჩეობაზე უფრო მეტის გასაგებად “კოკოპელის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მოლი მეტრეველს ვესაუბრეთ.

 

როგორ გადაწყვიტეთ თბილისში დაგეარსებინათ ამგვარი სივრცე?

გასული წლის შემოდგომაზე Youth for Europe პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ Erasmus+-ის დაფინანსებულ პროექტში Urban Remedy, რომლის თეორიული ნაწილიც ჩატარდა გერმანიაში. სწორედ აქ გავიცანით მე და სალომე პოპიაშვილმა  ერთმანეთი და აღმოვაჩინეთ, რომ გვაქვს ერთნაირი ინტერესები, ხოლო ტრენინგზე მიღებული ცოდნა და   საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ბაღჩის იდეა საქართველოშიც განგვეხორციელებინა. 

ჯანსაღი საკვების ნაკლებობისა გამო გადავწყვიტეთ შეგვექმნა საზოგადოებრივი ბაღჩა – “კოკოპელი”, სადაც შევძლებდით ამ დანაკლისის შევსებას  და დავიწყებდით პროდუქტების ერთმანეთისთვის გაზიარებას. წამოწყების განსახორციელებლად ადგილი შევარჩიეთ ბაგების სტუდქალაქში.  ეს ადგილი სატყეო ზონაა და რადგან ჩვენი ბაღჩა არაკომერციული ინიციატივაა, დაფუძნებულია ცირკულალურ ეკონომიკასა და მოხალისეობრივ შრომაზე, მერიამ მოგვცა ნებართვა ტერიტორია გამოგვეყენებინა მკაცრი წესების დაცვის პირობებში, თუმცა ჩვენი მთავარი ღირებულებები და რეგულაციები აღმოჩნდა სრულ თანხვედრაში, ამიტომ მოხარულები ვართ დავიცვათ ეს წესები. 

შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე  მცენარეები არ გაგვინადგურებია, არამედ პირიქით, ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია არ დავაზიანოთ გარემო და დავამყაროთ ჰარმონია  არსებულ ფლორასა და ფაუნასთან. უკვე 2 თვეა, რაც ვფუნქციონირებთ.

 

ვის შეუძლია თქვენთან სტუმრობა და რა არის ამისთვის საჭირო?

ჩვენთან სტუმრობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს. განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც ქალაქის პირობებში სურს ჯანსაღი პროდუქტების მოყვანა.

ორი თვის განმავლობაში “კოკოპელმა” უმასპინძლა  ძალიან საინტერესო  ადამიანებს, გვესტუმრნენ ბავშვებიც,  რაც ძალიან გვიხარია.

საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე მარტივი წესის გათვალისწინება:

  • არ ვანაგვიანებთ გარემოს  
  • ყურადღებით და სიფრთხილით ვექცევით მცენარეებს.

ჩვენს სტუმრებს ყოველთვის ვთხოვთ, რომ თან იქონიონ მზისგან დამცავი საშუალებები  (სათვალე, ქუდი) სამუშაო ხელთათმანები და მრავალჯერადი გამოყენების ბოთლი წყლისთვის. “კოკოპელში” ვართ თითქმის ყოველდღე, საღამოს 19:00 საათიდან.

 

ამჟამად რა ეტაპზეა ბაღჩა და რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

კოკოპელის სამომავლო გეგმები ძალიან საინტერესოა. ამ ეტაპისთვის ვეძებთ მოხალისეებს, რომლებიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ამ სასიამოვნო პროცესში.  ვაპირებთ ხეების დარგვას და ტერიტორიის გამწვანებას. ასევე ვემზადებით შემოდგომისთვის, ვამზადებთ იმ მცენარეების სიას, რომლებიც შემოდგომაზე უნდა დავრგოთ “კოკოპელში”.

გვექნება ძალიან ბევრი საინტერესო ივენთი: შემეცნებითი ვორკშოპები, იოგის გაკვეთილები, ფოტოტურები, საღამოს კოცონი და მრავალი საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებული ღონისძიება 🌱

 

“კოკოპელის” შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუმეგობრდეთ ფეისბუქგვერდზე ან ჯგუფში  გაწევრიანდეთ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.