fbpx

ნოიტიფლისის ბურჟუაზიული არქიტექტურა – ოჰანჯანოვი / მაზნიაშვილის 16


გააზიარე სტატია



ავტორი: დათო კოროშინაძე

ილუსტრაციები: სალომე დუმბაძე



მე-19 საუკუნის თბილისში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აირეკლავდა ამ პერიოდში მომხდარ სოციალ-ეკონომიკურ ცვლილებებს. პირველ რიგში, ეს გახლდათ ფეოდალური წყობიდან ბურჟუაზიულ წყობაზე გადასვლა, შემდეგ ვაჭრობის და კულტურული ურთიერთობების ფორმების ცვლილება, საჯარო სივრცის დემოკრატიზაცია და ევროპული განათლების გაძლიერება. 

ღირებულებებთან და იდენტობასთან ერთად იცვლებოდა არქიტექტურაც. მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისში მიმდინარე კონცენტრირებული მშენებლობები უკვე პირდაპირ ეხმიანება დასავლეთში არსებულ პროცესებს. ამ პროცესის საუკეთესო ილუსტრაციაა მოდერნის სტილის დამკვიდრება. მოდერნი, რომელიც სხვადასხვა სახელით გავრცელდა – არტ-ნუვო, იუგენდშტილი, ლიბერტი, მოდერნიზმი და ა.შ. – საქართველოში თავისებურ ექსპერიმენტულ რეჟიმში გაჩნდა. ადგილობრივმა არქიტექტორებმა ის დაუახლოვეს თბილისის ურბანულ დინამიკას და ნიშანთმეტყველებას.

ოჰანჯანოვის არქიტექტურული დანატოვარი არ მოიცავს დიდ პერიოდს, მიუხედავად ამისა, ის ქმნის რამდენიმე ცენტრალურ და არაერთ საცხოვრებელ ნაგებობას, რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უკავიათ თანამედროვე თბილისის ცხოვრებაშიც. მისი მოღვაწეობის წლები სწორედ ის პერიოდია, როდესაც ჩნდებიან არტ-ნუვოს დამფუძნებლები ვიქტორ ჰორტა, ოტო ვაგნერი, მაკინტოში და სხვები. 

ოჰანჯანოვი, რომელიც, როგორც ჩანს, თბილისის სამმართველოშიც მუშაობდა, კარგად იცნობდა ქალაქის მოწყობის ზოგად პრინციპებს და მასში მიმდინარე სოციალ-ეკონომიკურ ცვლილებებთანაც დაახლოებული იყო. ევროპელი არქიტექტორებისგან განსხვავებით, რომლებიც არ ერიდებიან დიდ მასშტაბებს და არქიტექტონიკის ტრანსფორმაციას, ოჰანჯანოვი საკმაოდ ოსტატურად და მოკრძალებულად მუშაობს თბილისის უბნებში. მისი სახლები ჩაკერილია ზოგად ურბანულ გარემოში და ყურადღებას მხოლოდ პირისპირ წაწყდომისას იქცევენ. 

ასეთია მაზნიაშვილის 16-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელშიც, როგორც ამბობენ, არქიტექტორი თავად ცხოვრობდა. ეს სახლი, თავისი მოკრძალებული ძიებებით ჰგავს ოტო ვაგნერის ფასადებს, რომელიც არ ივიწყებს კლასიკური არქიტექტურის გეგმარებას. ცენტრალიზირებულ ფასადებზე ვაგნერი ცდილობს ორნამენტის გამოყენებით შეცვალოს კლასიკური ფორმების შინაარსი. ოჰანჯანოვიც იცავს თბილისისთვის ამ პერიოდში დამახასიათებელი რამდენიმე სართულიანი  (ძირითადად 2, ან 3) მოგრძო შენობების პრინციპს, იყენებს განლაგებას, რომელმაც შეიძლება ბაროკოს არქიტექტურაც მოგაგონოთ, თუმცა ამავდროულად, ქმნის მძიმე და დატვირთულ ფასადს, რომელიც გაწყობილია არტ-ნუვოსთვის დამახასიათებელი ნიშნებით. მზესუმზირები, წრიული ფორმები ღიობების თავზე, ინტენსიურად დასერილი, ტალღოვანი რელიეფები, რომლებიც გეომეტრიულადაა ჩაწყობილი, აქრობენ შენობის კლასიკურ გაგებას და თითქოს სართულებს შორის პირობით ზღვარსაც შლიან. მზესუმზირა, რომელიც მიძღვნის და ერთგულების სიმბოლოა, გარკვეულწილად, ხაზს უსვამს ამ პერიოდის შემოქმედების საერთო მოტივს და იმ დამოკიდებულებასაც, რომელიც თბილისში მოღვაწე არქიტექტორებს აქვთ ქალაქის მიმართ.

დღეს ოჰანჯანოვის საცხოვრებელი სახლი მოქცეულია თბილისის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ზონაში, მის გარშემო ახალი ნარატივები ჩნდებიან, რომლებიც ძველი ნარატივების გამოაშკარავებას, მათ გამჟღავნებასაც უწყობენ ხელს. ბურჟუაზიული არქიტექტურის მისტიკა და სიმბოლიზმი ხელახლა იწყებს საკუთარი ადრესატის ძიებას თბილისის ვიწრო ქუჩებში არსებულ ქაოსურ მოძრაობებში. 

თუმცა რამდენად შეიძლება ვუწოდოთ თბილისურ ხეტიალს ქაოსური? მისთვის არ არის დამახასიათებელი დიდი ქალაქების კოსმოსური აღრევა, პოსტინდუსტრიული ქსელი, რომელშიც ქაოსი და სტრუქტურა თვალის დახამხამებაში ცვლიან ერთმანეთს. თბილისური ხეტიალი ინტიმური ნარატივებისგან შედგება, მასში თავმოყრილია თანადროული ნიშნები და იგრძნობა როგორც სიახლის, ისე ტრადიციის მიმართ ინტერესი. 

ეს გახსნილობა ამ ქუჩებს იდეალურს ხდის სეირნობისთვის, თავგადასავალისა და აღმოჩენისთვის, ხოლო თუკი მასში არსებულ შენობა-მოჩვენებებს დავაკვირდებით, იმასაც აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ხეტიალი მდიდარ სტილებსა და შინაარსებს შორის ხეტიალიცაა, რაც არა მხოლოდ ქუჩის, არამედ მისი არქიტექტორის და დროის ძიებების მონაწილეებს გვხდის, ნარატივის, რომელიც ძველ და ახალ ისტორიებს აკავშირებს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.