fbpx

KENZO – ცხოველთა სამყარო და იაპონია


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანანო აბდუშელიშვილი, Fashion Edu Hub 

 

იაპონელი მოდის დიზაინერი კენზო ტაკადა 1940 წელს ქალაქ ჰიმეძიში დაიბადა. მისი ინტერესი მოდის მიმართ ადრეულ ასაკში გამოიკვეთა,  როდესაც ინსპირაციას თავისი დის მოდის ჟურნალებიდან იღებდა.  

18 წლის ასაკში, მშობლების დაჟინებული თხოვნით, ის ლიტერატურას სწავლობდა, მაგრამ მალევე გადაწყვიტა მათ წინააღმდეგ წასვლა და გაემგზავრა სასწავლებლად „ბუნკას მოდის კოლეჯში“, ტოკიოში, სადაც იგი იყო ერთ-ერთი პირველი მამაკაცი სტუდენტი. 

 1960 წელს მან  მუშაობა დაიწყო სანაის მაღაზიაში. ის მუშაობდა ქალების კოლექციებზე, სადაც დაახლოებით ორმოცამდე სხვადასხვა სტილის ტანსაცმელს ქმნიდა ყოველთვიურად.  

მას ეუბნებოდნენ, რომ იაპონელი პარიზში ვერ დაიმკვიდრებდა თავს, მით უმეტეს, მაღალი მოდის ინდუსტრიაში. 1964 წელს კენზო პარიზში ჩავიდა, სადაც 6 თვე უნდა ეცხოვრა, მაგრამ 56 წელი გაატარა იქ. რამდენიმე წელი თანამშრომლობდა სხვადასხვა კონცეპტუალურ მაღაზიებთან.  

“მე ერთმანეთში ვურევდი კლასიკურ იაპონურ ქსოვილებს და სამოსს, რომელსაც ქუჩის ბაზრობებზე ვპოულობდი. ყოველთვის ვეძებდი ისეთს, რომელიც ჩემს ხასიათს კარგად გამოამჟღავნებდა და იქნებოდა ასევე იაპონური. ამ ყველაფერმა მაპოვნინა ჩემი კონკრეტული სტილი…”

იაპონური ტრადიციული ესთეტიკის მიქსი დასავლეთთან, ეკლექტური ინტუიცია და პრინტების სიღრმისეულად შეცნობა, ეთნიკური გავლენა და დახელოვნებული ნაქარგები,  ქაოსური დიდი ზომის სამოსი, რომელიც თითქოსდა ათავისუფლებდა სხეულს ყოველგვარი შეზღუდვისგან – ეს გამორჩეული ინდივიდუალიზმი შეუმჩნეველი არ დაუტოვებიათ ფრანგული მოდის ჟურნალების გამომცემლებს და კენზოს სამოსი მალევე გამოჩნდა  „ელის“ და „ვოგის“ ყდებზე.

კენზომ თავისი პირველი სივრცე, სახელწოდებით „Jungle Jap“ პარიზში, გალერეა „ვივიენში“ 1970 წელს გახსნა. ამ სახელწოდებაში მან გააერთიანა მისთვის ორი საყვარელი შთაგონების წყარო – ცხოველთა სამყარო და იაპონია. სწორედ ჯუნგლებიდან წამოსული ინსპირაციით და ანრი რუსოს ულამაზესი ნახატების გავლენით შეიქმნა ბუტიკის ინტერიერიც და კედლები ველური ყვავილების  და ცხოველების პრინტებით მოიხატა.  

„Jungle Jap“ იყო ადგილი, სადაც კენზო ტაკადამ პირველი მოდის ჩვენება გამართა. ეს ჩვენება განსაკუთრებულად ხაზს უსვამდა კენზოს ინდივიდუალიზმს. მდიდარი იაპონური კულტურიდან წამოსულმა დიზაინერმა ქსოვილებში გადმოიტანა ტრადიციული კიმონოების სილამაზე და შექმნა სამოსი, რომელიც უარყოფდა 60-იანი წლების მოდაში დომინირებულ მოხდენილ ფორმებს. კენზომ დაარღვია დასავლეთში გავრცელებული კერვის ელემენტები და ტანსაცმლის კონსტრუირების სტანდარტები. ნაცვლად ამისა, მან შემოიტანა აღმოსავლური ესთეტიკა და პარიზული მაღალი მოდის მიმდევრებს შესთავაზა ტროპიკული ფერებით, პრინტებით და ფენებით გაჯერებული, თავისუფალი ფორმების კოლექცია. “ჩემი შემოქმედება ყოველთვის თავისუფლებას და ჰარმონიას ეხებოდა”…  მინდა გამიხსენონ როგორც დიზაინერი, რომელმაც გადალახა საზღვრები”. –  ამბობდა კენზო  მოგვიანებით ინტერვიუში. 

2019 წელს CNN Styling-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ხანშიშესულმა კენზომ გაიხსენა 70-იანი წლები და აღნიშნა: „მოგზაურობები დიდ შთაგონებას მაძლევდა. 1970-იან წლებში, როდესაც ვმოგზაურობდი, ისე არ იყო, როგორც დღეს. ქვეყნებს შორის კულტურული სხვაობა  გაცილებით ჩანდა, რაც დიდ გავლენას ახდენდა ჩემზე და მიბიძგებდა  მემუშავა სხვადასხვა ხედვებით“. 

პირველი ჩვენების წარმატების შემდეგ ტაკადამ გლობალური ხედვით შეცვალა ბრენდი. მის სელექციას დაემატა მამაკაცის, სპორტული და პარფიუმერიის ხაზი.

1993 Lvmh-მა შეისყიდა მისი ბრენდი. კენზო ტაკადამ პენსიაზე გასვლის შესახებ 1999 წელს გამოაცხადა, მის მოდის სახლს კი თანაშემწეები ხელმძღვანელობდნენ. 

2003 წელს ბრენდს შეუერთდა იტალიელი დიზაინერი ანტონიო მარასი, რომელიც კრეატიულ დირექტორად 2008 წლის დეკემბერში დასახელდა. 

2005 წელს კომპანიას დაემატა ახალი ხაზი –  ავეჯი, ჭურჭელი და ინტერიერის აქსესუარები.  

„მოდა დღეს დემოკრატიულია, ეს გადასარევია, მაგრამ ძალიან კონკურენტუნარიანს ხდის ინდუსტრიას“, –  აცხადებდა კენზო.

იგი იყო საკულტო ფიგურა ახალგაზრდებისთვის.  მან შექმნა კოსტიუმები ოპერისთვის და ასევე უნიფორმები იაპონური ოლიმპიადისთვის. 

ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი ფელიპე ოლივეირა ბაპტისტა ამბობს, რომ „კენზო იყო ადამიანი,  ვინც აღმოაჩინა ახალი შემოქმედებითი გზები“. 

ბრენდმა ბევრი  სხვადასხვა დიზაინერი გამოიცვალა – მათ შორის უმბერტო ლეონი და კაროლ ლიმი, რომლებმაც ქსოვილებზე დააბრუნეს ტაკადას საკულტო ვეფხვი.  

2020 წლის 4 ოქტომბერს  კენზო კოვიდ 19-ის დიაგნოზით პარიზში  გარდაიცვალა და მსოფლიო მოდას სამუდამოდ დაუტოვა თავისი სახელი KENZO, როგორც სტერეოტიპების დამამსხვრეველი პირველი იაპონელი დიზაინერი, რომელმაც დაიპყრო პარიზის მაღალი მოდა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.