fbpx

„თბილისში როკსტარი ვერ გახდები“ – ინტერვიუ მხატვარ თორნიკე რობაქიძესთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა გაბელაია

ფოტო: ტასო ბეჟიტაძე

 

თორნიკე რობაქიძე ქართველი მხატვარია, რომელიც თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მის შემოქმედებაში ბევრი რამ შეიცვალა და, როგორც თვითონ ამბობს, ჯერ კიდევ იცვლება. ამჟამად თორნიკე “პროპაგანდას” მიერ გამოყოფილ სახელოსნოში მუშაობს. მისი ნამუშევრის ნახვა შესაძლებელია გალერეა 4710-ში მიმდინარე ჯგუფურ გამოფენაზე  – “აუცილებელი რიტუალები”.

 

თორნიკე, როგორია შენი, როგორც მხატვრის ისტორია, საიდან იწყება და რა გზა გამოიარე დღემდე? 

ჩემი, როგორც მხატვრის, ისტორია ჯერ კიდევ იწყება და ეს დასაწყისი მინდა, რომ სულ  გაგრძელდეს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო საინტერესო იქნება,  როგორც გზა.

რაც შეეხება პირველ დასაწყისს, ეს მოხდა ბავშვობაში. ახლაც, სულ ისე გამოდის, რომ ყველაფერს ბავშვის თვალით ვუყურებ, შემოქმედებაშიც და ცხოვრებაშიც. რაც ძალიან რთული და საინტერესოა, დიდია უპასუხისმგებლობის პასუხისმგებლობა, 

დღემდე გამოვლილი გზა შემოქმედებაში კი ძალიან ჩვეულებრივია, არის ხოლმე პატარ-პატარა გამარჯვებები და მარცხი. ეს ყველაფერი თავისით ხდება და ვცდილობ, ამაზე არ გავამახვილო ყურადღება, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშაობას. სულ რომ უშედეგო იყოს მუშაობა, ჩემთვის მთავარი პროცესია, პროცესი, რომლის პოეზიითაც შემიძლია დავტკბე.

 

 

თუ შენი ბოლო წლების ნამუშევრებს  გადავხედავთ, მიუხედავად აშკარა მსგავსებებისა, სტილი, მხატვრული ენა, საკმაოდ შეცვლილია. რამ განაპირობა ეს ცვლილება და თვლი თუ არა, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს? 

ეს არის უწყვეტი პროცესი მხატვრული ენის ძიებისა და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პროცესს აღვიქვამ. მიხარია, რომ ყველა ძველი ნამუშევარი არსებობს, მგონია,  რომ ყველა მხატვარს აქვს ნახატებით სავსე დალუქული კარადა, რომლის გახსნაც არ უნდა. თუმცა მე მათი ნაწილი დღემდე ღიად მაქვს, რადგან ისინი იმ ყველაფრის დამალული ნაწილები არიან, რისი კეთებაც ახლა  უფრო მეტად მომწონს.  

უშუალოდ ცვლილების კონკრეტული მიზეზი კი ალბათ არ არსებობს, რადგან ეს თავისთავადი პროცესია, ბუნებრივი განვითარება. მხოლოდ ბედნიერი ვიქნები, თუ მომავალ წელს, ამ დროს, ვინმე ისევ იგივე კითხვას დამისვამს. ეს იქნება მაგალითი იმისა, რომ მე ვმოძრაობ და ერთ ადგილას არ გავიყინე. რომ ისევ ყოველდღე ვცდილობ ვიპოვო ახალი ენა, რომლითაც სათქმელს გადმოვცემ, რათა ჩემს მომავალს, როგორც ხელოვანისას, აზრი ჰქონდეს.

 

 

შენი ნამუშევრები თითქოს ზღაპრის ილუსტრაციებიაო, მაგრამ ამ ზღაპრებზე დამთვალიერებელმა სხვა არაფერი იცის. რა ამბები დგას შენეული  პერსონაჟების მიღმა? 

კი, ასეა. 

ეს ბუნებრივად მოხდა მას შემდეგ, რაც სამხატვრო სტუდიაში დავიწყე  ბავშვებთან მუშაობა. ვფიქრობ, რაღაც ბაზისი მაინც არსებობდა ჩემში ამ პერსონაჟებთან ურთიერთობის, ბავშვებმა კი ისინი გააღვიძეს.

რაც შეეხება ამბებს, ეს ყოველდღიური ემოციების ანარეკლია. რადგან ჩემთვის ყოველდღიური  ცხოვრება და ნამუშევარზე მუშაობა ერთიანი განუყოფელი პროცესია, ყველაფერი ისე იხატება, როგორც ჩემში ხდება. მოკლედ  რომ ვთქვა, ერთი თავი იხედება გარე და შიდა სამყაროში და მეორე თავს ეუბნება, რა უნდა დახატოს. უშუალოდ სიუჟეტის ინსპირაცია კი ნებისმიერი ყოველდღიური რამე შეიძლება იყოს: ძილი, გაღვიძება, სადმე წასვლა, ბუნება, ფერი, ფოთოლი და ა.შ. – ყველაფერი წვრილმანებამდე შეიძლება დავიდეს. და ყველაფერი შეიძლება ამბად იქცეს, ზღაპრულ ამბად, უფრო სწორად, ყველაფერი ისედაც ზღაპრული ამბავია, მთავარი მათი დანახვა და მათი  შეხებაა ჩვენთან.

 

როგორია შენი მუშაობის პროცესი? 

ჩემი  მუშაობის პროცესი ძალიან ჩვეულებრივია. განსაკუთრებული არაფერი მჭირდება, თუ მუშაობის განწყობა მაქვს, ირგვლივ რაც  უნდა ხდებოდეს, მე სრულიად ხატვისკენ ვარ მომართული, ხანდახან მგონია, რომ  შეუძლებელია ჩემთვის ხელის შეშლა.

რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, ვფიქრობ, ეს ის მდგომარეობაა, როდესაც შემიძლია გულწრფელობის არ მეშინოდეს, და არ ვიფიქრო სწორზე და არასწორზე, ვიყო არაადეკვატური და ნამდვილი. როდესაც ვხატავ, არ ვეძებ პრობლემის გადაჭრის გზებს,  მირჩევნია პირდაპირ მოურიდებლად ვთქვა ის, რაც მაწუხებს, ან ის, რაც მიხარია.

 

 

შენს ორ ბოლოდროინდელ სერიაში ტექსტს იყენებ, როგორც მედიუმს. ორივე შემთხვევაში, ეს სიტყვები თითქოს იქ ჩნდებიან, სადაც არ უნდა იყვნენ. როგორ შემოვიდა ტექსტი შენს შემოქმედებაში და რა აქვს ამ ორ სერიას საერთო? 

ტექსტის ენის მედიუმად გამოყენებამ საშუალება მომცა ფერწერისგან დამესვენა, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა მჭირდება მოვწყდე ხატვას, მაგრამ არ გამომდის. ტექსტებზე მუშაობამ კი ეს შემაძლებინა. სამყარო ხომ სავსეა პოეზიით, ჩვენ კი მას ვერ ვხედავთ, გვიჭირის ყოველდღიურობიდან მისი დანახვა, არადა, ძალიან მარტივია, ყველგან სიტყვები და ლექსებია. ამ პროექტით სწორედ ამას ვცდილობ, კიდევ უფრო აშკარა,  კიდევ უფრო ნათელი  გავხადო ლექსი ადამიანებისთვის.

პირველად იყო ჟურნალებში აღმოჩენილი ლექსების სერია – წინადადებების და სიტყვების წაშლის შედეგად მიღებული ლექსები. ესეც ბუნებრივად მოხდა, უბრალოდ, კითხვისას სიტყვებმა იპოვეს ერთმანეთი და გახდნენ აზრები, მეტაფორები, შედარებები, პატარა ამბები. ამ ლექსებით ინსპირირებულს, მომინდა ისინი ყველასთვის გამეზიარებინა, ცარიელ სარეკლამო ბილბორდებზე დამეწერა ქალაქში. მაშინ ამის რეალურ შესაძლებლობაზე არ მიფიქრია და ამიტომ დავიწყე ცარიელი ბილბორდების ფოტოებზე  მათი ფოტოშოფით წაწერა. ამით ჩემს ვირტუალურ ასპარეზზე სიტყვებს შესაძლებლობა მიეცათ, გარკვეულწილად,  გარე სამყაროს ნაწილები გამხდარიყვნენ, ამჟამად  ვმუშაობ იმაზე, რომ ბილბორდების პოეზიამ ვირტუალურიდან რეალურ სივრცეში გადმოინაცვლოს.   

 

 

რას ფიქრობ ქართულ სახელოვნებო სივრცეზე? რა მოგწონს და შენი აზრით, რა აკლია მას?

ამწამინდელი გადმოსახედიდან ქართული სახელოვნებო სივრცე ჩემთვის ჯერ კიდევ გამოუცნობია. ამ პატარა სივრცეში იმდენი პატარა ასპარეზია, რომელიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, რომ სულ ბეწვის ხიდზე უნდა იარო, რომ, როგორც ხელოვანმა,  საკუთარი სახელის გამოტანა, გალერეების თუ კურატორების დაინტერესება შეძლო. ვფიქრობ, ერთიანობა და პრიორიტეტების დალაგება აკლია სივრცეს და ამ სივრცეში მომუშავე ადამიანებს. ასევე აკლიათ გულწრფელობა, რომელიც, ვფიქრობ, ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებს. მგონია, რომ ადამიანებს ერიდებათ საკუთარი აზრის დაფიქსირება და ურჩევნიათ არ გარისკონ, სხვის აზრებს დაელოდონ და ისე იმოქმედონ, რაც მთლიან სახელოვნებო პროცესს ძალიან ნელა ავითარებს. ერთი სიტყვით, ამ ყველაფრის გამო „თბილისში როკსტარი ვერ გახდები“. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.