fbpx

ჩაიკოვსკის “გედების ტბა” Kordz-ის მუსიკალური ინტერპრეტაციით


გააზიარე სტატია

ავტორი: ნასტასია არაბული

 

ნიდერლანდებსა და საქართველოში მომუშავე მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია ჰოლანდიური ექსპერიმენტული ცეკვის ჯგუფთან თანამშრომლობს და ჩაიკოვსკის “გედების ტბის” ინტერპრეტირებულ, თანამედროვე, ექსპერიმენტულ დადგმაზე მუშაობს, რომელსაც მაყურებელი 20 ოქტომბერს ნახავს. დადგმა რეალურ დარბაზებში და ონლაინ ერთდროულად გაიმართება – Covid-19 ამ დადგმის კიდევ ერთი მონაწილეა, რომელიც განსაზღვრავს მაყურებელთა რაოდენობას დარბაზებში, შესაბამისად, ცვლის დადგმის სახეს და ხასიათს.

 

 

Kordz-ს “გედების ტბის” პრემიერამდე 5 დღით ადრე ველაპარაკეთ – გვითხრა, რომ ყველაფერი ყოველდღე იცვლება და ჯერაც ელოდებიან, რომ მაგალითად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით შეიძლება კიდევ რაიმეს შეცვლა დასჭირდეთ – რეპეტიციების დროს გამოიცვალეს პიანისტი, ყველა, ვინც დადგმაში მონაწილეობს ან ორგანიზატორია, სისტემატურად იკეთებს ტესტებს. 

ისეთი დადგმის მუსიკალური გაფორმება, სადაც მთავარი ცეკვაა, ჩემთვის სიახლე იყო, ამგვარი თანამშრომლობა აქამდე არ მქონია, – ამბობს კორძი, რომელიც ამ პროექტზე თითქმის ერთი წელია მუშაობს, აქედან 6 თვეა ინტენსიურად, ბოლო ორი კვირაა, რაც რეპეტიციებში ჩაერთო. 

როგორ  დაუკავშირდით ერთმანეთს  შენ და Club Guy and Roni? 

მე ხშირად ვიყენებ ჩემს მუსიკაში კლასიკურ ნაწარმოებებს, ვაკეთებ მათ ინტერპრეტაციებს და ამას ვაკეთებ არა იმდენად ირონიით ან გაშარჟების სურვილით, რამდენადაც ინტერესით და სიყვარულით, სულ მაინტერესებს, რა შეიძლება ვიპოვო ძველ ნაწარმოებებში ისეთი, რასაც ჩემს მუსიკაში გამოვიყენებ, ახალ ჟღერადობას მივცემ. 

ჩაიკოვსკის “გედების ტბა” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლასიკური ნაწარმოებია, კონსერვატორული ენერგიის მქონე, სიმბოლოც კია ტრადიციის, სილამაზის, კოსტიუმირებული წარმოდგენის. თვითონ ეს ცეკვის ჯგუფი, რომელიც უფრო თანამედროვე ცეკვებს ცეკვავს,  ვიდრე ბალეტს, ძალიან საინტერესო და კარგი კოლექტივია, არა მხოლოდ ჰოლანდიაში, მთელ ევროპაში ძალიან პოპულარულია. ასეთი ექსპერიმენტი, როცა ძველ, კლასიკურ მუსიკაზე თანამედროვე დადგმას აკეთებენ, მათთვისაც სიახლეა. 

უკვე მალე იქნება წარმოდგენა, როგორ მიდის მზადების პროცესი? 

ძალიან საინტერესოა, თავიდან სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი – ზოგადად, ჩემი მუსიკა ძალიან ცვალებადია, სწრაფ-სწრაფად იცვლება მასში ინსტრუმენტები, განწყობა, ჟღერადობა – როცა რეპეტიციები დავიწყეთ, მივხვდით, რომ მოცეკვავეები ასე სწრაფად ვერ შეიცვლიდნენ მოქმედებებს და გადაკეთება დამჭირდა, რაღაც ნაწილები ხელახლა დავწერე, აქ რომ დავიწყეთ ცოცხალი პროცესი, უფრო კარგად გამოჩნდა, რა იყო საჭირო. 

გაზაფხულიდან აქტიურად ვმუშაობ ამ პროექტზე და თავიდან ჩანაფიქრი სხვანაირი იყო, მოლაპარაკება გვქონდა, რომ 1-საათიანი მუსიკა უნდა დამეწერა კვარტეტისთვის, რომელშიც იქნებოდა 3 პერკუსია და 1 პიანო, მერე კორონავირუსი მოვიდა თავისი შეზღუდვებით, რაც ამ ეტაპზე, ჩვენ შემთხვევაში, იმას ნიშნავს, რომ დარბაზში ერთდროულად 30 ადამიანზე მეტი არ შეიძლება იყოს. 

ამხელა დადგმის გაკეთება ისე, რომ მხოლოდ 30 ადამიანს ენახა, რთული იყო და ამიტომ გადაწყდა, ერთი დარბაზის ნაცვლად, ერთდროულად რამდენიმე დარბაზში გამართულიყო  სხვადასხვა მაყურებლისთვის სხვადასხვა მოქმედება ისე, რომ მეტ ადამიანს შესძლებოდა წარმოდგენის ნახვა.  საბოლოოდ, 9 დარბაზში იმართება სხვადასხვა წარმოდგენა, მაყურებელი იცვლის ოთახებს და ნახულობს 3 წარმოდგენას ისე, რომ სხვადასხვა დარბაზში პირველად მოხვედრილ მაყურებელს მოქმედებების სხვადასხვა კომბინაცია აქვს  ნანახი და თუ გინდა, რომ 9-ვე მოქმედება ნახო, რამდენჯერმე უნდა მოხვიდე წარმოდგენაზე. 

როგორც ვიცით, წარმოდგენა ონლაინაც  გაიმართება,  აქ რა ნაწილი იქნება ნაჩვენები? 

წარმოდგენა ონლაინაც გაიმართება, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ ლაივსტრიმი იმის, რაც იმ დროს რომელიმე დარბაზში მოხდება, ეს კიდევ ერთი ცალკე წარმოდგენაა, რომლისთვისაც უკვე ჩაწერილია ხმა, ისე კეთდება, რომ სრულყოფილი შოუ იყოს ონლაინმაყურებლისთვის. 

შენ თვითონ დაუკრავ ამ წარმოდგენაზე? 

შემოთავაზების ნაწილი ეგ იყო, რომ მე დამეკრა, მაგრამ ასე გადავწყვიტეთ, რომ ჩემი მუსიკა ამჯერად სხვებს დაეკრათ და ამ სახით არ ვმონაწილეობ, გვერდიდან დავაკვირდები. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.