ნიკაკოი არის ERAST – CES Records თავის მარათონს აგრძელებს
ავტორი: რეზი ხუნწელია
CES Records კვლავ აგრძელებს ნიკა მაჩაიძის დისკოგრაფიისთვის მეორე სიცოცხლის ჩუქებას და ამჯერად ახალი ჩანაწერებით – Goodair + Minimissing და cyberpunk ბრუნდება. ნიკას მსმენელისთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი სასცენო ფსევდონიმი Erast, რომელიც ბორის აკუნინის გმირის, ერასტ ფანდორინის შთაგონებით შეიქმნა. ამ სახელით არტისტმა სადებიუტო ნამუშევარი 2003 წელს ლეიბლზე Laboratory Instinct გამოსცა და საკუთარი შემოქმედებით სამყაროში ახალი ტერიტორიები მოხაზა. ლეიბლზე Goodair + Minimissing კომპილაციური ალბომის სახით გამოიცა და ნიკას ორიგინალურ ნამუშევრებთან ერთად Freeform და Atom™-ის რემიქს ვერსიებსაც მოიცავს. რაც შეეხება cyberpunk-ს, მან დღის სინათლე 2 წლის შემდეგ იხილა.
მათ, ვისთვისაც ნიკაკოის მუსიკალური პალიტრა უცხო არ არის, ვფიქრობ, არც Erast-ის მუსიკალური ექსპერიმენტები გაუკვირდება. მით უმეტეს, რომ Goodair + Minimissing-ში შემოქმედებითი ტრანსფორმაცია არც ისე მკვეთრია – შეიძლება ითქვას, რომ აქ ვხვდებით თითქმის ყველაფერს, რაც ნიკა მაჩაიძის ადრინდელ ჩანაწერებში მოგვწონდა, მაგრამ განსხვავებული შეფერილობით. როგორც ხშირად ხდება, ნიკა ამ შემთხვევაშიც საკმაოდ არაპროგნოზირებადია. ცალკეული კომპოზიციის დაწყებისას თითქმის შეუძლებელია გამოიცნო, როგორ განვითარდება ყველაფერი – არტისტი თავის სახასიათო ხაფანგში გაგვაბამს თუ სრულ სონიკურ ქაოსს დაგვატეხავს თავს?!
Goodair + Minimissing-ის მოსმენისას ხაფანგშიც ვართ და ქაოსშიც, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან მარტივად, ძალდატანების გარეშე ხდება. ალბომის პირველივე კომპოზიცია – Argentina ძალიან კარგი მეგზურია მთელი დანარჩენი ალბომისთვის, რადგან აქ ერთდროულად იყრის თავს აბსტრაქტული ტექსტურები, ნოსტალგიური ატმოსფერო და სემპლინგის ტექნიკა, რაც მთლიან ჩანაწერშიც უხვად გვხვდება. საინტერესოა როგორც Freeform, ასევე Atom™-ის ინტერპრეტაციების მოსმენა, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკას ალბომის ორიგინალური კომპოზიციები ბევრად უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია.
როდესაც ვნახე, რომ cyberpunk უკვე ციფრულ პლატფორმებზეც ხელმისაწვდომი იყო, პირველ რიგში Bandcamp-ს ვეწვიე და ალბომის ჩემთვის საყვარელი ტრეკი – MINIMISSING 7 ჩავრთე, რათა „შემემოწმებინა“ ყველა ის ემოცია, რომელიც ამ კომპოზიციის პირველად მოსმენისას დამეუფლა. ესეც რომ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ cyberpunk ერთ-ერთი ყველაზე ქართული ელექტრონული მუსიკის დოკუმენტური სახეა, ნამუშევარი, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენი კულტურის მუსიკალური კოდები შესაძლებელია ითარგმნოს ისეთ რთულ და კომპლექსურ მუსიკალურ ენაზე, რომელსაც ნიკა მაჩაიძე იყენებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ჩანაწერების თავიდან გადაფასება ძალიან მნიშვნელოვანია – საბედნიეროდ, CES Records ამის საშუალებას იძლევა და ეს ყველაფერი არ არის. წინ უფრო დიდი სიახლეებიც გველის.