უფლებები, რომლებიც ნახევარი საუკუნის წინ ჩვენს თანატოლებს არ ჰქონდათ
სარეკლამო განთავსება
მილენიალებისთვის და GenZ თაობისთვის დღეს კიდევ უფრო მეტად არის წარმოუდგენელი ისეთი რამეების აკრძალვა, როგორიცაა საკუთარი აზრის ხმამაღლა და თამამად გამოთქმა რაიმეს შესახებ; საკუთარი საქმის წამოწყება და ამით ფულის შოვნა; მოგზაურობა ან, თუნდაც, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილების მიღება; მუსიკის მოსმენა, ფილმების ყურება ცენზურის გარეშე და ა.შ.
აქ შევეცდები მოგიყვეთ იმ ქვეყნის აბსურდის შესახებ, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს. აღარ არსებობს იმიტომ, რომ ერთ დღესაც, ქართველმა ახალგაზრდებმა მოისურვეს, ჰქონოდათ დამოუკიდებელი ქვეყანა და გადაწყვეტილებები და ვალდებულებებიც დამოუკიდებლად მიეღოთ და ეს სურვილი არჩევნების გზით დააფიქსირეს.
მოგზაურობა აგენტის თანხლებით
დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ, ჩვენი თანატოლები არ მოგზაურობდნენ. ან თუკი ვინმეს ამის საშუალება ჰქონდა, არჩევანი დიდი მაინც არ იყო: 16 ქვეყანა – სწორედ ამას სთავაზობდა საბჭოთა კავშირი თავგადასავლების მოყვარულებს. პრინციპში, იმ დროს თავგადასავლების სიყვარულიც დიდად არ ფასდებოდა. თუკი ვინმე დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ან აშშ-ს სტუმრობდა (და ასეთები იყვნენ ათასში ერთხელ სპორტსმენები, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები), მათაც აუცილებლად დაჰყვებოდათ სახელმწიფო აგენტი. სურდათ თუ არა ქვეყნიდან გაქცევა? დიახ, ზოგს სურდა, ოღონდ თუკი ამ სურვილს სისრულეში მოიყვანდნენ, საფრთხის ქვეშ არამხოლოდ ის, არამედ მისი ოჯახის წევრებიც დგებოდნენ
ბიზნესმენი თუ სპეკულიანტი?
ეს სიტყვა, მე პირადად, 90-იანი წლების მერე აღარ გამიგია. სიტყვა „სპეკულიანტს“ თავიდანვე უარყოფითი შინაარსი ჰქონდა. ადამიანს, რომელიც საკუთარი თავისთვის შრომობდა, ფიქრობდა, ქმნიდა პროდუქტს ან სერვისს, სხვებს სთავაზობდა და ამაში იღებდა ფულს, ყოველმხრივ სდევნიდნენ. შედეგად, საქართველოში, მე-19-20 საუკუნეებში დაწყებული მეწარმეობის კულტურაც ჩანასახშივე გაქრა. საუკუნოვან ბრენდებს, რომლითაც დღეს ასე საფუძვლიანად ვამაყობთ, შეეძლოთ კომპანიის დიდი ისტორია და კულტურა შეექმნათ, თუმცა მათ ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოახერხეს.
საკუთარი სტილი
დიახ, ნახევარი საუკუნის წინ საკუთარი, განსხვავებული სტილის მქონე ადამიანები სახელმწიფოსთვის საშიშად ითვლებოდნენ. გრძელი თმა, საყურე, ფერადი ტანსაცმელი, განსხვავებული ფეხსაცმელი, თასმა და წინდაც კი? არა, საშუალო საბჭოთა მოქალაქეების გარდერობი ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა.
ამოჭრილი კადრები ფილმებიდან და აკრძალული მუსიკა
ალბათ ბევრმა გადმოცემით იცით, როგორ უსმენდა ჩვენი მამების და ბაბუების თაობა ბაზალეთის ტბიდან რადიო „ამერიკის ხმას“. იმისთვის რომ დასავლური ამბები გაეგოთ; იმისთვის, რომ მოესმინათ აკრძალული მუსიკა: „ბითლზები“, „ლედ ზეპელინი“, „პინკ ფლოიდი“, „როლინგ სტოუნზი“ და ა.შ.
იცით, რატომ აქვს 80-90-იანი წლების ჰოლივუდის ფილმებს მამაკაცის მონოტონური, რუსულენოვანი გახმოვანება? დაცენზურებული და დაჭრილი ფილმების პარალელურად, რომლებიც ტელევიზიით იშვიათად გადაიცემოდა, პირატულად ვრცელდებოდა ჰოლივუდის ფილმები სწორედ ასეთი სახით, რათა გამხმოვანებელი ხმით ვერ ამოეცნოთ.
ეს აბსურდი 1991 წელს არჩევნების გზით დასრულდა. სწორედ არჩევნებით დაგვახვედრეს ჩვენმა მშობლებმა ის გარემო, რომელშიც შემდეგ ჩვენ გავიზარდეთ. სწორედ ამიტომაც, ამჯერადაც უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენთვის, უკეთესი გარემოსთვის, უკეთესი ქვეყნისთვის და არჩევნებზე წავიდეთ.
თუკი კიდევ უფრო უკეთესი ქვეყანა გსურს, მაგრამ არ იცი, როგორ უნდა მიიღო ამაში მონაწილეობა, აუცილებლად ნახე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ვიდეორგოლი, რომელზეც კრეატიულმა სააგენტო „ლივინგსტონმა“ იმუშავა. გახსოვდეს, ქვეყნის მომავალი ახლა შენს ხელშია! სრული კამპანიის სანახავად კი გადადი ბმულზე.