რამდენი წლის ხარ? – ანა მაყაშვილის სტატია მოულოდნელი ფინალით
ავტორი: ანა მაყაშვილი
„რა გასაკვირია, ყველანი ასეთი არეულ-დარეულები რომ ვართ?! ტომ ჰენკსს ვგავართ „დიდში.“ პატარა ბიჭები და გოგოები, დიდი ადამიანების სხეულებში გამომწყვდეულები და იძულებულები, ამას შევეგუოთ“.
გლობალურ პანდემიას თავისი პლუსებიც აღმოაჩნდა. ერთ-ერთი პლუსი, მაგალითად, ის იყო, რომ ამ საზიზღარმა ვირუსმა, როგორც კოლექტიურმა ეგზისტენციალურმა კრიზისმა, ინდივიდუალური ეგზისტენციალური კრიზისები საგრძნობლად გააფერმკრთალა, რაც კარგი იყო – ეგოისტურად მაინც (პრინციპში, მის ერთ-ერთ მინუსადაც იგივე შეიძლება ჩავთვალოთ: გლობალურობიდან გამომდინარე, სხვა ყველაფერს გამოაცალა აქტუალობა და მორალურად შეუძლებელი გახადა, ვთქვათ, რამე მის უხსენებლად დაგეწერა).
ასე იყო თუ ისე, ეს ერთგვარად სასიამოვნო განცდა ხანმოკლე გამოდგა. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი მუდმივი შიშის მდგომარეობაში დიდხანს ყოფნას ვერ უძლებს, დრომ ეს ფუფუნებაც გაცვითა: პანდემია მორიგ ახალ რუტინად აქცია, შეგვაჩვია მასთან თანაცხოვრებას და პიროვნულ კრიზისებთანაც დაგვაბრუნა. სხვა სიტყვებით – დრო ყველაფრის მკურნალია.
თუმცა, როგორც ყველა ანდაზა, არც ეს უკანასკნელია სრულყოფილი. მაგალითად, დრო დაბერების მკურნალი ნამდვილად არ არის. დრო არ კურნავს ასაკის მატებას. სწორედ ამაზე ვაპირებ, დავწერო.
ვიცი, გავრცელებული გამონათქვამის თანახმად, „ასაკი მხოლოდ რიცხვია. ის ყოვლად არამნიშვნელოვანია, ცხადია, თუ ღვინის ბოთლი არა ხარ“. მაგრამ ვერც ამ ფრაზას დავეთანხმები ბოლომდე. ასაკი მხოლოდ რიცხვი არაა ან თუ არის, გაცილებით მნიშვნელოვანი რიცხვია, ვიდრე საარჩევნო ნომერი, რომელთაც ბოლო დროს სულ უფრო თვალისმომჭრელად ვხედავთ გარშემო… და, სავარაუდოდ, ეს ფრაზაც თავის გამართლებისა თუ დაცვის მორიგი ფრთიანი საშუალებაა, როგორც ბევრი მსგავსი ფრაზა ან, თუნდაც, ზემოთ ხსენებული ნათქვამი დროის სამკურნალო ღირსებების შესახებ. სულ რომ თავი დავანებოთ ასაკის ხილულ გამოვლინებებს, – ვთქვათ, იმას, რომ თვალების ქვეშ კანი დეკორაციული ფიკუსის ფოთლის მაგივრად, ნელ-ნელა ქართული მწვანე სალათის ფოთოლს ემსგავსება, – საქმე უფრო ღრმა, სულიერ ნაოჭებთანაც გვაქვს.
ასაკი უბრალო რიცხვი რომ იყოს, მსოფლიოს ნახევარი ფსიქოლოგები ასაკობრივი განვითარების სტადიებისა და მათი თანმხლები კრიზისების კლასიფიკაციით არ იქნებოდნენ დაკავებულები. ერიკ ერიკსონი, მაგალითად, რომელმაც რვა საკვანძო ასაკობრივი კატეგორია გამოყო, გვეუბნება, რომ ადრეული ზრდასრულობის პერიოდის (20-დან 39 წლის ჩათვლით) მთავარი ფსიქოლოგიური კრიზისი ინტიმურობა-იზოლაციაში მდგომარეობს, ამ სტადიის ეგზისტენციალური კითხვა კი ასე ჟღერს: „შემიძლია სიყვარული?”
მაგრამ შევეშვათ აკადემიურ ჩარჩოებს და პოპ-კულტურულში გადავიდეთ. აქ სამი საეტაპო ასაკი შეგვიძლია, გავარჩიოთ: 27, 33 და 40.
27 წელი ის ასაკია, როკ-სტარები რომ კვდებიან აქტიურად. 2011 წლამდე ყველაზე პოპულარული 27 წლის მკვდარი ჩემი თინეიჯერობის კერპი კურტ კობეინი იყო, 2011-ში კი ეს ტრადიცია ემი უაინჰაუზმა განაახლა და – როგორც ალბათ ჩემი რომელიმე ქართულის მასწავლებელი იტყოდა – ღირსეული ადგილიც დაიმკვიდრა ბრაიან ჯონსის, ჯიმი ჰენდრიქსის, ჯენის ჯოპლინის, ჯიმ მორისონისა და კურტ კობეინის გვერდით.
27 წლის რომ ვიყავი, ევროკავშირის რომელიღაცა პროექტის ფარგლებში, ერთ ევროპულ ქალაქში მიწევდა ყოფნა, როგორც დოქტორანტ სტუდენტს. მაშინ ერთი ადგილობრივი გამოცემისთვის ვწერდი ხოლმე და ერთი მსხვილი სტატიის ერთ-ერთ ქვესათაურს „27 წლის და ცოცხალი“ დავარქვი, სადაც, ძირითადად, ევროკავშირის პროექტზე ვწუწუნებდი, რომლის ხელმომჭირნეობამ უნივერსიტეტის ოდნავ დეპრესიული, ერთფეროვანი აგურის ფილებით აშენებული საერთო საცხოვრებლის ოთახში დამასახლა, სადაც, ბოლოს, ეთნიკურმა ტოლერანტობამაც კი მიმტყუნა, იმიტომ რომ, ყოველ საღამოს, რომელიღაცა სართულის ღია ფანჯრიდან, ჩინელი გოგო იტალიური ტემპერამენტით უკიოდა ვიღაცას სკაიპში. ვწერდი, დოქტორანტი სტუდენტი 30 წელს მიტანებული ჩვეულებრივი თავმოყვარე ბაყაყია-მეთქი, რომლის სოციალურ ქსელებში იმატებს ბავშვების და ქორწილების სურათებით გაძეძგილი ალბომები, მთვრალი გართობის ფოტოების ნაცვლად; რომელიც აცნობიერებს, რომ მის ასაკში მის მშობლებს ის უკვე გაჩენილი ჰყავდათ; და რომელიც ჰოლივუდის 30 წლის ლამაზი ვარსკვლავების სურათებს ათვალიერებს და ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ არის იმედი… მოკლედ, იმ ასაკში ვარ, როცა ჩემი და ნახევარი ჩემხელა სამყაროს თინეიჯერობის დროინდელი კერპი უკვე მკვდარი იყო და უამრავი შედევრი ჰქონდა დატოვებული, მაშინ როცა მე ერთი სადოქტორო დისერტაციაც ვერ დამიწერია-მეთქი.
სადოქტორო დისერტაცია დავწერე და მივიღე კიდეც შესაბამისი ხარისხი – სადღაც ერთი წლით ადრე, სანამ მეორე საეტაპო ასაკს – 33 წელს – მივაღწევდი. 2020 წლის ქრისტესთან, შესაძლოა, ისეთ ბმას ვერ განვიცდი, როგორსაც აწ უკვე 53 წლის კობეინთან, მაგრამ რთულია, მისი სიკვდილის ასაკს მთლად დრამატიზმის გარეშე შეხვდე. ამ ასაკში, მახსოვს, ინტერნეტის ერთი ხუმრობით ვიყავი გატაცებული, რომელშიც გოგო, ათი წლის შემდეგ, თავის ყოფილ შეყვარებულს ხვდება, ეს უკანასკნელი ეკითხება, Miss ხარ თუ Mrs-ო, გოგო კი პასუხობს, Dr.-ო. მაგრამ ეს ხუმრობაც გაცვითა დრომ ბუნებრივად და ვგრძნობ, რაღაც ახალია საჭირო…
და ბოლოს, მესამე საეტაპო ასაკი: ჯონ ლენონი, რომელიც 40 წლის მოკვდა. თანაც, ისე მოკვდა, რომ სხვა გავრცელებული როკ-სტარული სიკვდილები – ოვერდოზი, თვითმკვლელობა, ეროტიკული ასფიქსია – მოსაწყენად მოსალოდნელ ჰოლივუდურ სცენარებად აქცია. ის თავისივე ფანმა მოკლა. ჰოდა, ახლა, როცა რამდენიმე კვირაში მე თვითონ 35 წლის ვხდები, ლენონის სიკვდილის ასაკის გახსენება უნებურ შოკში მაგდებს. მართალია, წინ კიდევ ხუთი წელი მაქვს, მაგრამ ისეთი ტემპებით მივდივარ, ვატყობ, 40 წლისაც ცოცხალი ვიქნები (ყოველ შემთხვევაში, ჩემი ფანის მიერ ნასროლი ტყვიები არ შემიწირავს ნიუ-იორკში, ლიმუზინიდან გადმოსულს).
და, ამ თვალსაზრისით, დიდი ვერაფერი ნუგეშია კიდევ ერთი როკ-ვარსკვლავი, 77 წლის ცოცხალი მიკ ჯაგერი, რომელმაც თქვა: „ხალხს ერთი აკვიატება აქვს. უნდათ, ისეთივე იყო, როგორიც 1969-ში იყავი. უნდათ, იმიტომ რომ, სხვა მხრივ, მათი ახალგაზრდობაც შენთან ერთად მიდის. ძალიან ეგოისტურია, მაგრამ გასაგები“.
რა თქმა უნდა, გასაგებია. ჩვენ ყველას გვინდა, ახალგაზრდები ვიყოთ, იმიტომ რომ, რაოდენ საყოველთაო ჭეშმარიტებაც უნდა გავიმეორო, ზრდასრულობა სიკვდილთან გვაახლოებს, ჰოდა, ვცდილობთ, ამ სიკვდილამდე ისე მივატანოთ თავი, რომ ჩვენს ცხოვრებას რაღაც აზრი ჰქონდეს. ამიტომ ვართ მუდმივად საზრისის ძიებაში და მოვლენებისთვის მნიშვნელობის მინიჭების პროცესში. ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით, დაწყებული კვირა დღეს Instagram-ზე სელფის დადებით და ზედ “Sunday Funday”-ს დაწერით, გაგრძელებული ტატუების კეთებით, – რაც, ჩემი უტრირებული განმარტებით, მოკვდავი სხეულის უკვდავყოფის უსუსური მცდელობაა, – დამთავრებული რამე უფრო ინტელექტუალურად დამხარკავი აქტივობით, როგორიც, მაგალითად, ამ კონკრეტული ტექსტის წერაა.
ამიტომაა ალბათ, რომ არაფერი მატირებს ისე სპონტანურად (ისეთ რამეებს ვგულისხმობ, რაც, როგორც წესი, არ უნდა გატირებდეს და არა, თუნდაც, საქართველოს ჰიმნს), როგორც ბავშვების დაბადების დღეები და საბავშვო ბაღის ზეიმები, მაგალითად, როცა ჯგუფურად მღერიან ბავშვები რაღაცას.
გული მიჩუყდება ამ ბავშვების სევდანარევად მხიარული, გულწრფელი და ბრჭყვიალა თვალების შემხედვარეს, რომლებმაც ჯერ არ იციან, როგორი წვალება ელით წინ და რომ „ცხოვრება“ ხანდახან ლამაზი სიტყვაა იმ ბრძოლის შესაფუთად, რომელსაც ყოველდღიურად ვმართავთ, განსაკუთრებით ისეთ დღეებში, როცა შეიძლება, დაუძლეველ ძალისხმევად გვიჯდებოდეს ჰოლანდიელი კოლეგის იმეილზე სავალდებულო ზრდილობიანი პასუხის გაცემა. არ იციან იმ გარდაუვალი ტკივილების შესახებ, რომლისგანაც ვერ დაიცავთ. ისევ ჩემ საყვარელ ავტორს, ნიკ ჰორნბის რომ დავესესხო, – რომელიც რვა წლის გოგონა მოლიზე წერს, საყვარელი ბებია (და კატა) მოუკვდა და გააცნობიერა, რომ ასეთი დანაკარგები მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება მომავალშიო, – „უბრალოდ ის მარტივი მდგომარეობა, რომ ხარ ადამიანი, საკმარისად დრამატულია ყველასთვის; არ არის აუცილებელი პერფორმანს-პოეტი ან ჰეროინზე დამოკიდებული იყო, უკიდურესობები რომ განიცადო. საკმარისია, უბრალოდ გიყვარდეს ვინმე”.
გულის ამაჩუყებელია ნამდვილად. ჰოდა, ნაკლებ გულის ამაჩუყებელი და (უაღრესად) ულმობელი განწყობისთვის, ერთ პირად მაგალითსაც გავიხსენებ ბარემ: ამას წინათ, მორიგ ჯერზე, როცა ძველმა მეგობარმა – ეგზესტენციალურმა კრიზისმა – ლოგინის ჭაობში ჩამაგდო და დედაჩემმა ლოგინშივე მომიტანა ყავა, მე კიდევ ყავის სიძლიერე დავუწუნე, რაზეც მომაძახა, მადლობის მაგიერიაო, დრამატული თინეიჯერივით, მთელი შემზარავი პათეტიკურობით, მარტო ერთი რამის თქმა მომინდა: ა, კიდევ მე უნდა ვიყო მადლობელი? ვინმემ მკითხა, როცა ამ საშინელ სამყაროში მაჩენდით თქვენი უკვდავობის ეგოისტური ილუზიის დასაკმაყოფილებლად?
კიდევ კარგი, არაფერი ვუთხარი. შემრცხვა, მით უმეტეს, რომ ბოლო დროს საკუთარ თავს სულ მადლიერების გრძნობაში ვწვრთნი. მადლიერების გრძნობაში ოჯახის წევრების და ახლობლებისადმი, იმისადმი, ვინც ვარ და რაც მაქვს.
ან როგორ შეიძლება, მადლიერების გრძნობა არ გქონდეს მათ მიმართ, ვინც თუნდაც ამ ტექსტშია მოხსენიებული – ნიკ ჰორბნი, კობეინი, ქრისტე, ლენონი და სხვები. ისინი, ვის გარეშე ცხოვრება უკვე აღარ წარმომიდგენია და ვინც სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევენ, გვაგრძნობინებენ, რომ ცოცხლები ვართ და იმასაც, რომ ეს სიცოცხლე სულაც არაა ცუდი – მარტო იმის გამოც კი, რომ შეგვიძლია, ათასი რამე ვიგრძნოთ მათი მოსმენისას, კითხვისას, ყურებისას. და ეს გრძნობებია ალბათ სიყვარული და სინამდვილე – ის იშვიათი ადგილი, სადაც შეგვიძლია, თავებს არ მოვატყუოთ.
და არც ისაა შემთხვევითი, საეტაპო ასაკებში მათ რომ ვედრებით: ჩვენდაუნებურად, ყველანი ალბათ ღმერთობისკენ მივისწრაფით, იმიტომ, რომ ეგაა ამ ქვეყნად ერთადერთი უკვდავი.
P.S. და შენ – რამდენი წლის ხარ?
P.P.S. და შენ – მიდიხარ არჩევნებზე? რამდენი წლისაც უნდა იყო, – უფრო ზუსტად, 18-ის მაინც თუ ხარ, – გირჩევ, წახვიდე არჩევნებზე, რომ კოლექტიურ და ინდივიდუალურ ეგზისტენციალურ კრიზისებთან თუ ვერა, ეროვნულ ეგზისტენციალურ კრიზისებთან გამკლავებაში მაინც შეიტანო წვლილი.