fbpx

“ძველი იდეების ახალი ლექსიკონი” – ვირტუალური მოგზაურობა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში


გააზიარე სტატია

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი თავისი ისტორიითა და კონცეფციით საქართველოს სხვა მუზეუმებისგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. პანდემიისა და სარეაბილიტაციო სამუშაობის დაწყების ფონზე, სივრცე მნახველებისთვის დახურულია, თუმცა აბრეშუმის მუზეუმის ბლოგის საშუალებით, მუზეუმში ვირტუალურად სტუმრობა ყველას შეუძლია.

AT.ge გთავაზობთ ვირტუალურ მოგზაურობას აბრეშუმის მუზეუმში და წარმოგიდგენთ პროექტს, სახელად “ძველი იდეების ახალი ლექსიკონი”.

ცაბაძის 6 ნომერში მდებარე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი მსოფლიოს მცირერიცხოვან აბრეშუმის მუზეუმებს შორის ერთ-ერთი უძველესია. 1887 წელს დაარსებული მუზეუმი კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ნაწილს წარმოადგენდა. ევროპული მოდელის მიხედვით შექმნილი სადგური რეგიონის მასშტაბით მეაბრეშუმეობის დარგში პრაქტიკულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა.

ვრცელი კომპლექსისგან დღეს მხოლოდ მუზეუმის შენობა და ყოფილი თანამშრომელთა სახლია შემორჩენილი, რომელთა ავტორიც პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩია. მუზეუმის შენობა ისტორიული მნიშვნელობის გარდა, განსაკუთრებული ექსტერიერითა და ინტერიერით გამოირჩევა. ეკლექტური არქიტექტურული სტილისა და აბრეშუმის თემატიკის მიხედვით შექმნილი დეტალების ხილვის შემდეგ, ნებისმიერი დამთვალიერებელი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე მიხვდება, თუ რატომ აქვს ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მინიჭებული.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი აბრეშუმის წარმოებასთან დაკავშირებული ექსპონატები მნახველების თვალწინ აბრეშუმის შექმნის პროცესს აცოცხლებენ. მუზეუმში ამ პროცესის შედეგის ხილვაც შეგიძლიათ; საგამოფენო სივრცეში სხვადასხვა ტიპის აბრეშუმის ქსოვილის ნიმუშებსა და მათ შექმნასთან დაკავშირებულ საინტერესო დეტალებს გაეცნობით.

მეაბრეშუმეობის თემატიკასთან დაკავშირებული ექსპონატები აბრეშუმის მუზეუმის ერთადერთი ხიბლი როდია. მუზეუმი ერთგულ დამთვალიერებლებსა და დაინტერესებულ პირებს საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს, აგრეთვე, ჩართულია საინტერესო პროექტებში, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში თუ საზღვარგარეთ მოღვაწე მკვლევრებთან, კურატორებთან და ხელოვანებთან. აბრეშუმის მუზეუმში სიძველე და ისტორია თანამედროვეობასაც ერწყმის და დამთვალიერებლებს ხშირად თანამედროვე ხელოვნების გამოფენების ხილვის შესაძლებლობაც აქვთ. ამ კუთხით განხორციელებულ პროექტებსა და გამოფენებს შორის აღსანიშნავია: ნინო ჩუბინიშვილის პერსონალური გამოფენა “მე-5 ოთახი”, საგამოფენო ექსპერიმენტი და თანამშრომლობითი პროექტი “ჩახშობა პეპლის ეფექტით” და ა.შ.

2020 წელი ხელოვნების სფეროსთვის გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე აღმოჩნდა. კორონავირუსის გავრცელებას ივლისში აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესის დაწყებაც დაემატა, შესაბამისად, მუზეუმის ცხოვრების ჩვეული რიტმი შეიცვალა და ამჟამად სივრცე დროებით დახურულია. მიუხედავად ამისა, აბრეშუმის მუზეუმი ხელოვნების მოყვარულთა აღფრთოვანებას ვირტუალურადაც ახერხებს; ამის შესანიშნავი მაგალითი მიმდინარე პროექტი “ძველი იდეების ახალი ლექსიკონია”.

“ძველი იდეების ახალი ლექსიკონი” იდენტობისა და ევროპაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებს სხვადასხვა სახელოვნებო ფორმითა თუ მიდგომით იკვლევს. ესაა ერთგვარი “მოგზაური” პროექტი, რომელიც 4 ქვეყანას – ჩეხეთს, პოლონეთს, ესპანეთსა და საქართველოს მოიცავს. ჩეხეთსა და პოლონეთში მოგზაურობის შემდეგ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მადრიდსა და თბილისში, პანდემიის თანმდევ სირთულეთა გამო, შეცვლილი ფორმატით გაგრძელდა.

“ძველი იდეების ახალი ლექსიკონის” პროექტი თბილისში 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს და შემდეგ აქტივობებს მოიცავს: გამოფენა “გზები”; ინტერვენცია და საჯარო პროგრამა: მოხსენებები და საუბრები.

“აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის ფრაგმენტებისა და შერჩეული ექსპონატების საშუალებით, გამოფენა შეეხება ადგილების, მოგზაურობის, ძალაუფლების, ბუნების, მეცნიერების, ინდუსტრიის, ქსელებისა და კავშირების საკითხებსა და მათთან ადამიანების მიმართებას” – გამოფენა “გზების” დათვალიერება აბრეშუმის მუზეუმის ბლოგზე ვირტუალურადაა შესაძლებელი, სადაც პროექტის კონცეფციასა და აბრეშუმის გზას შორის კავშირსაც დაინახავთ.

შემდეგი ღონისძიება – ფიზიკურ და ონლაინ სივრცეებს შორის ინტერვენცია – არა გამოფენა, არამედ პანდემიის მიერ გამოწვეულ ცვლილებებზე რეაქცია და თანამედროვე ხელოვნებასა და აბრეშუმის მუზეუმს შორის ერთგვარი დიალოგია. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში, მუზეუმის გარეთ, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღობეზე პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების ნაწილთან დაკავშირებული ვიზუალური მასალა ცვალებად ბანერებზეა გამოფენილი. მნახველებს თითოეული ნამუშევრის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება მუზეუმის ონლაინ სივრცეში შეუძლიათ. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, აბრეშუმის მუზეუმმა თითოეული ნამუშევრის საპასუხოდ, კონკრეტული ექსპონატი თუ მუზეუმის დეტალი შეარჩია და ამ გზით თანამედროვე ხელოვნება მუზეუმის კონცეფციასა და ცხოვრებას დაუკავშირა.

საჯარო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილია მოხსენებები და სექცია “ხელოვანი მუზეუმში”, რომელთა ჩანაწერების გაცნობის შესაძლებლობაც ხელოვნების მოყვარულებს ეტაპობრივად  აბრეშუმის მუზეუმის ბლოგსა და Facebook გვერდზე შეეძლებათ.

პროექტის „ძველი იდეების ახალი ლექსიკონი“ ორგანიზატორია MeetFactory / პრაღა (ჩეხეთი), პარტნიორი ორგანიზაციები: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი / თბილისი (საქართველო), TRAFO Center for Contemporary Art / შჩეცინი (პოლონეთი) და hablarenarte / მადრიდი (ესპანეთი).

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის თანადაფინანსებით. ადგილობრივი მხარდამჭერები: შემოქმედებითი საქართველო; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.  

პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ფოტო მასალა მოწოდებულია აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის მიერ
ავტორი: თამარ კიზივაძე

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.