რეფლექსია აბსოლუტურ გაურკვევლობაზე- 90-იანელების გამოფენა ქარვასლაში
ავტორი: თეონა ჯაფარიძე
ჩემი ფავორიტი ჯგუფის გამოფენაზე ბოლო დღეს მოვხვდი – ექსპოზიციის დაშლამდე რამდენიმე საათით ადრე. ზედაპირულად გამოფენის ვიზუალიზაცია დაახლოებით ასეთი იყო:
საგამოფენო დარბაზში შევაბიჯე თუ არა – ორგმინაზე ნეონის განათებიანი წარწერა – The Earth მომხვდა თვალში. დარბაზის მეორე ბოლოდან მზერა ვიგრძენი, გავიხედე და მასშტაბური ტრიპტიქი გამოეფინათ, როცა მივუახლოვდი – ძაღლის, კატისა და ადამიანის უზარმაზარი პორტრეტები აღმოჩნდა ნიღბებიდან მომზირალი დიდი თვალებით.
შემდეგ დარბაზის ცენტრში მინის გამჭვირვალე კუბებში დახვეწილი ობიექტებისკენ (მინიატიურული სკამი, ფინჯანი, მეტალის ვერცხლისფერი სფერო) გამექცა თვალი.
ამ ესთეტიკასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და თან მომენტალურად დიდ ინტერესს იწვევდა იქვე წარმოდგენილი – არც მეტი, არც ნაკლები – ხის ორი კუნძი, რომელსაც კედელზე ფონად შავ-თეთრი ოპტიკური პრინტი ეკიდა.
მოპირდაპირე კედელზე მასიური და მასშტაბური მინის მიღმა, ისე, როგორც ვიტრინაში, ძველი და ჭუჭყიანი ტანსაცმელი იყო გამოფენილი.
იქვე ბილიარდის ბურთები და კედელზე ქაღალდის დიდ ფორმატებზე ბავშვური ხელით შესრულებული გაურკვეველი გრაფიკა გამოეფინათ.
მონიტორზე ჩართულ ვიდეოთამაშში – რუხი და უკაცრიელი ქალაქების ვიზუალს ფონად ქალის დრამატული ხმა მიჰყვებოდა, რომელიც პანდემიით დაცარიელებული დედამიწის ამბავს გვიამბობდა.
დარბაზის მეორე კუთხეში შეუმჩნევლად ეკიდა რაღაც პრინტის სერია, რომ მივუახლოვდი, მე-18 საუკუნის გრავიურისა და ამერიკული პოპკულტურის იმიჯების – დისნეის ანიმაციის პერსონაჟების თავების გაურკვეველი ნაზავი დამხვდა, რასაც თან ერთვოდა ეს აბსურდული ტექსტიც:
„მრავალსახოვანი თავი (Multitask head) შეხვდა მგელს და ჰკითხა, სად იყო კეროლ ბოვე. მგელმა უთხრა, რომ კეროლი ჯერ ქერით ვინ ევანსთან ნახა. მას ეხმარებოდა ჭაღის დაკიდებაში. შემდეგ ალენ სარეტთან შენიშნა, კედლის ხვრელს აკვირდებოდნენ ერთად. მრავალსახოვანი თავი გაემართა კეროლის საძებნელად. იარა და იარა და იარა და იარა და იარა და იარა, მაგრამ ვერსად მიაგნო. ბოლოს დაბრუნდა“.
ვერაფერს იტყვი, სრული სიგიჟეა, რომელიც, ხარ თუ არა საგამოფენო დარბაზების ხშირი სტუმარი, იცნობ თუ არა გამოფენის კონცეფციას, მაინც მოქმედებს შენზე და და სხვა სამყაროში გითრევს.
რა თქმა უნდა, გამოფენა ოფიციალურად არც გაუხსნიათ COVID 19-ზე დაწესებული შეზღუდვების გამო. თუმცა ჩემსავით ეს შეგრძნებები ალბათ ბევრ თქვენგანს გაუჩნდა, რადგან ოქტომბრის ბოლოს, მთელი ორი კვირა, თბილისის ისტორიის მუზეუმში დამთვალიერებელს რეალურ საგამოფენო სივრცეში თავისუფლად შეეძლო ენახა, თუ რას აკეთებენ დღეს და როგორ „ფორმაში“ არიან „80-90-იანელებად“ მონათლულები.
თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მათი ინდივიდუალიზმი საჭირო მომენტში ყოველთვის ანგრევს „90-იანელის“ იარლიყსა თუ „ ჯგუფისა“ და „კოლექტივის“ ცნებას.
გამოფენის კურატორი მაგდა გურული: „Open Call არ გამომიცხადებია, რადგან დიდი ხანია ვმუშაობ ქართულ არტ-სცენაზე, ვიცი, ვინ რას აკეთებს და ზუსტად ვიცოდი, ჩემი კონცეფციის განხორციელებისთვის ვისთან ვიმუშავებდი“.
მაგდამ ამ პროექტისთვის კონცეფცია „აბსოლუტური ცდომილება“ შექმნა და თავი მოუყარა არტისტთა ასეთ შემადგენლობას: ილიკო ზაუტაშვილი, მამუკა ჯაფარიძე, ნიკო ცეცხლაძე, ნიკო ლომაშვილი და მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის დიჯიტალ-დუეტი ახალი მილენიუმიდან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის / თბილისის ისტორიის მუზეუმის – „თანამედროვე ხელოვნების გალერეის“ მიერ გამოცხადებული საკურატორო კონკურსის გამარჯვებულია.
„მიყვარს, როცა კონცეფციის ბექგრაუნდს წარმოადგენს რომელიმე სხვა, არასახელოვნებო დისციპლინა, მაგალითად, მათემატიკა, სოციოლოგია და ასე შემდეგ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათემატიკური ტერმინი – „აბსოლუტური ცდომილება“ გამოვიყენე“, – ამბობს მაგდა და გამოფენის კონცეფციას მაცნობს – „აბსოლუტური ცდომილება ფიზიკასა და მათემატიკაში გამოყენებული ტერმინია, რომლითაც აღინიშნება ცდომილება ზუსტსა და სავარაუდო რაოდენობებს შორის. ეს არის ერთგვარი უზუსტობა გაზომვისას, რასაც ზოგჯერ აბსოლუტურ გაურკვევლობასაც ეძახიან”.
აბსოლუტური გაურკვევლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტუალური ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ გახდა, რადგან გაურკვეველია მისი ასპექტები მკურნალობის მეთოდებიდან დაწყებული, გავრცელების გზებით დამთავრებული.
„აბსოლუტური ცდომილება“, როგორც სახელოვნებო პროექტის კონცეფცია, ექსტრემალურ პირობებში შინაგანი განცდების, ფიქრებისა და ახალი გამოცდილების ხელოვნების ენაზე თარგმნას, უჩვეულო მდგომარეობაზე მხატვრის შემოქმედებით რეფლექსიას გულისხმობს“. – ვკითხულობთ კონცეფციის ტექსტში.
მოდით ვნახოთ, რა რეფლექსიით უპასუხეს მხატვრებმა ამ ახალი, უჩვეულო დროისა და კურატორის გამოწვევას, იმისათვის, რომ დაეფიქსირებინათ ის მოუხელთებელი უზუსტობა, რის გამოც მართლაც „აბსოლუტურ გაურკვევლობაში“, ან, თუ გასული წლის ვენეციის ბიენალეს „წინასწარმეტყველებას“ დავესესხებით, „საინტერესო დროში“ გვიწევს ცხოვრება.
ილიკო ზაუტაშვილი, არტისტი – „არ არის აუცილებელი სწორხაზოვნად ყველაფერი კოვიდს დავუკავშიროთ. გლობალურად რაღაც მოხდა, ისეთი მოვლენა კოსმოსში თუ დედამიწაზე, რამაც ჩვენი ცხოვრება ჰერმეტული გახადა, და რომელმაც შეცვალა ჩვენი აღქმა. ჩემი ნამუშევარი – ორგმინაზე ნეონის განათება – “The Earth” არის დედამიწის კონტექსტში არტი, რომელიც დედამიწის შიგნითაა და სულ თან დაჰყვება. დედამიწა კი სულ ექსტრემალურ პირობებშია, მაგრამ მაინც სულ არის…”
მეორე ნამუშევარზე, რომელსაც „შეცდომის ფიზიკური მანიფესტაცია“ დავარქვი, დიდხანს ვმუშაობდი. მასზე ფიქრი გაზაფხულზე დავიწყე და ის გამოფენის გახსნამდე გამუდმებით იქმნებოდა. ინსტალაცია სამი გამჭვირვალე ბოქსისგან შედგება და თემატურად ღია და დახურულ სივრცეებში საგნების ტრანფორმაციას ეხება. გამჭვირვალე ბოქსებმა შესაძლოა ჰანს ჰააკეს ადრეული ნამუშევრებიც გაგახსენოთ, მაგრამ ეს სულ სხვა კონტექსტია.
მასალად გამოვიყენე ნაწრთობი მინა, ბოქსის ფსკერისთვის კი – სარკე, რომელიც მოძრაობისა და 3-ზე მეტი განზომილების ეფექტს იძლევა. ერთ შემთხვევაში მეტალის სფერო შედის ბოქსში 1/3-ით და ამსხვრევს სარკის ფსკერს; მეორე
შემთხვევაში – ფინჯანი იყოფა ორ ნაწილად დახურულ სივრცეში; მესამე შემთხვევაში კი ღია და დახურულ სივრცეში სკამი განიცდის ტრანსფორმაციას.
სხვათა შორის, ამ სკამის ინსპირაცია ამერიკელი მინიმალისტის – დონალდ ჯადის ექსკლუზიური სკამისგან ავიღე. შეიძლებოდა იგივე იდეა ვიდეოფორმატში განმეხორციელებინა, მაგრამ ამ ჯერზე ინსტალაცია ვამჯობინე“.
მამუკა ჯაფარიძის ინსტალაცია – „მწერების შესახებ“ არტისტის დაკვირვების შედეგია იმაზე, თუ როგორ უჩინარდებიან მწერები კრიზისის, ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათზე ოპტიკური ილუზიის ზემოქმედების მომენტში.
ვიდეო ანა აბაკელია/გიორგი ღრეული
„სკასასახლე მწერების სპეციფიკური გრავიტაციის სკულპტურაა, რომლის არქიტექტურაც მე და ვალო იმერლიშვილმა დროსა და სივრცეში კოლაბორაციის შედეგად შევქმენით. კუნძი ჯერ მტკვრის ჭალაში ბრძანდებოდა, შემდეგ შინდისში იცხოვრა, როგორც სკამმა, შემდეგ ბაღის სკულპტურად იქცა, ახლა კი გამოფენაზე ჩემ მიერ მწერებზე შექმნილ ნამუშევართან ერთად არის ინსტალირებული“, – ამბობს ის.
ნიკო ცეცხლაძის ინსტალაცია „უსისტემო სისტემა“ – სისტემისა და ქაოსის ურთიერთობაზეა და ვიზუალურად ისე გამოიყურება, როგორც სნუკერის თამაშის დროს ბურთების ტრაექტორიით წარმოქმნილი ახალი „წესრიგი“.
მისი მეორე ინსტალაცია – „უსათაურო“ კი მართლაც აქტუალურია და უნდა აღვნიშნო, რომ ასეთ თემებს რატომღაც გაურბის ჩვენი არტ-სცენა. ნამუშევარი მძიმე ვიტრინის მიღმა დარჩენილ იმ ადამიანებს (სანიტრებს, მუშებს..) და მათ შრომას ეძღვნება, რომლებიც ხშირად რისკის ქვეშ, ყველასათვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, მაგრამ ყოველთვის ჩრდილში რჩებიან.
მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის დუეტი, რომელიც ცნობილია საზოგადოებრივი და ონლაინსივრცეების სიტყვებითა და ტექსტებით „ოკუპაციით,“ გამოფენაზე ციფრული ნამუშევრით – „საგანგებო მდგომარეობა“ წარდგა.
ვიდეოთამაში „საგანგებო მდგომარეობა. მარიამ ნატროშვილი/დეთუ ჯინჭარაძე
მაგდა გურული: „ეს არის ერთადერთი ვიდეო, ციფრული ნამუშევარი, რომელიც გამოფენაზე წარმოვადგინეთ და რომელიც 2020-ში გამართული ონლაინგამოფენებისგან განსხვავებით, რეალურ სივრცეშია გამოფენილი. ამ ვიდეოს ფუნქცია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სხვა დანარჩენი ნამუშევრებისგან განსხვავებით, პირიქით – სწორხაზოვნება და პირდაპირი მესიჯის დანიშნულებაა, ვიზუალური ნარატივია კოვიდის შესახებ“.
ნიკო ლომაშვილის ნამუშევრები კი პირიქით, სწორედ ის შემთხვევაა, რომელიც ყველაზე მეტად გაურბის სწორხაზოვნებას, უფრო მეტიც – საერთოდ არ ემორჩილება პროექტის კონცეფციას, და ამიტომაც ეს არის კურატორისა და არტისტის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, რომელიც გამოფენას თავისუფლების ძლიერ მუხტს აძლევს. ამ პროექტისთვის მან ორი ინსტალაცია წარმოადგინა: კოლაჟი „მრავალსახოვანი თავი“ (Multitask head) და „დეპერსონიფიკაცია“ – ნიღბებიანი ტრიპტიქი.
ნიკო ლომაშვილი, არტისტი: “მე არ ვარ ის მხატვარი, რომელიც რეფლექსიას აკეთებს ყველაფერზე. ვაკეთებ იმას, რისი განწყობაც მაქვს. ჩემს ნამუშევარში ნიღბების გამოყენება – ეს არ ნიშნავს რეფლექსიას პირდაპირი მნიშვნელობით კოვიდზე. კატა, ძაღლი, ადამიანი – დედამიწაზე ყველა არსება თანაბარია – ამ შემთხვევაში ეს არის ჩემი მესიჯი”.
“რაც შეეხება ინსტალაციას „მრავალსახოვანი თავი“, გრავიურების ეს ძველი სერია ადრე მაჩუქეს. კოლაჟი შევქმენი პოპკულტურის იმიჯებით და აბსურდული ტექსტით დასავლური სახელოვნებო სცენის ცნობილ არტისტებზე.
ამით იმის თქმა მინდა, რომ პოსტმოდერნი უფლებას არ აძლევს რამე ახალს, რომ დაიბადოს, რაც უნდა რადიკალური იყოს იდეა. ის ერთგვარი ჩიხია. მიმაჩნია, რომ ახლა სწორედ პოსტმოდერნის ეპოქაში ვართ და ამიტომაც რაც უფრო ძველმოდური ხარ, ეს უფრო მეტად რადიკალური ჟესტია”.