თბილისის არტ-მაღაზიები უნიკალური ნამუშევრებისა და საჩუქრების შესაძენად
ახლოვდება ახალი წელი და, მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი სიტუაციისა, უფრო სწორად კი, ამ სიტუაციის გათვალისწინებით, საყვარელი ადამიანებისა თუ საკუთარი თავის გახარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
როდესაც საჩუქრებზე ვლაპარაკობთ, ხელოვნების მოყვარული ადამიანებისთვის, სწორედ ხელოვნებასთან დაკავშირებული საჩუქრის არჩევაა საუკეთესო აზრი.
ბოლო დროს, იმატა იმ კონცეპტ მაღაზიების რაოდენობამ, სადაც ხელოვნების მოყვარულ მომხმარებლებს ქართველ არტისტებთან კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ნივთების ყიდვა შეუძლიათ. ამ სტატიაში სწორედ მსგავს მაღაზიებსა და მათ მიერ შემოთავაზებულ ნივთებს გაგაცნობთ.
გარდა იმისა, რომ ხელოვანის მიერ შექმნილი სამომხმარებლო ნივთი თუ დეკორაცია, ნამდვილად განსაკუთრებულ შტრიხს შეძენს თქვენს ინტერიერს, ამ ნივთების შეძენით, თქვენ არტისტს და მაღაზიასაც ეხმარებით.
Black Dog Shop
უპრიანი იქნება, თუ ჩამონათვალს სწორედ ‘Black Dog Shop’-ით დავიწყებთ, რადგან ის პიონერია მსგავსი კონცეფციის მაღაზიებს შორის. Black dog shop, ბევრ სხვა პროდუქტთან ერთად, მომხმარებელს ლამაზად დაჩარჩოებული პრინტების დიდ არჩევანს სთავაზობს – მათ შორისაა, როგორც ქართველი ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრები, ასევე საბჭოთა პერიოდის ქართული ორიგინალი პოსტერების კოპიოები Black Dog სტუდიის კოლექციიდან.
4710 _ shop
4710 თანამედროვე ხელოვნების გალერეაა, რომლის მთავარი მიზანი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების ხელშეწყობაა. გარდა გალერეაში გამოფენილი ნამუშევრებისა, 4710-ში შესაძლებელია თანამედროვე ქართველ არტისტებთან კოლაბორაციით შექმნილი ნივთების შეძენაც. გალერეის მეგობარი არტისტების მიერ უნიკალური ან მცირე ტირაჟით დამზადებული ობიექტები არაჩვეულებრივი გზაა თქვენი სახელოვნებო კოლექციის შესავსებად.
Propaganda of Love
გარდა ქართული თანამედროვე ხელოვნების ონლაინ არქივის შექმნისა, სახელოვნებო ორგანიზაცია ‘პროპაგანდა’ უკვე მესამე წელია სხვადასხვა გზით ეხმარება ქართველ თანამედროვე ხელოვანებს. ‘პროპაგანდას’ ერთ-ერთი ინიციატივაა მაღაზიაც, სადაც დამთვალიერებელს შეუძლია როგორც ‘პროპაგანდას’ ნეონისა და შოლკოგრაფიის სახელოსნოებში დამზადებული პროდუქტის, ასევე სხვადასხვა არტისტებთან კოლაბორაციით შექმნილი ნივთების შეძენაც.
The why not gallery gift shop
თუ ჯერ კიდევ არ იცოდით, ‘The Why Not’ გალერეისა და მაღაზიის სივრცემ, სულ ცოტა ხნის წინ, ვირტუალურიდან რეალურ განზომილებაშიც გადმოინაცვლა. აღმაშენებლის 150-ში მდებარე მაღაზია მყიდველს საკმაოდ დიდ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ ნახოთ ქართველი ხელოვანების ნამუშევრების პრინტები ისეთ ინტერიერისთვის მნიშვნელოვან საგნებზე, როგორებიცაა ბალიშები, ხალიჩები, ფარდები და ა.შ.
Moon rabbit shop
Moon rabbit shop ორი ხელოვანის – სოფო კობიძისა და ნატო ბაგრატიონის სტარტაპ მაღაზიაა, სადაც მათივე შექმნილი ნივთების შეძენაა შესაძლებელი. ხის ხელით მოხატული ცხოველები, კედლის სანათები და სასანთლეები ნებისმიერ ინტერიერს მოუხდება და ნამდვილად არავის დატოვებს გულგრილს.
სოფო კობიძის ახალი ინიციატივაა ‘სოკოს სათამაშოები’, რომელსაც აუცილებლად უნდა ადევნოთ თვალი თუ ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოები მოგწონთ: https://www.instagram.com/soko.toys/
Asteroid b612
ასტეროიდ ბ612 ექსკლუზიურად პოსტერების მაღაზიაა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ როგორც ქართველი მხატვრების უკვე არსებული, ასევე, სპეციალურად ასტეროიდისთვის შექმნილი ნამუშევრების პოსტერები.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ნიკა ქუთათელაძის პოსტერი, განსაკუთრებულია იმით, რომ თვითონ ნამუშევარი, სამწუხარო შემთხვევის შემდეგ, აღარ არსებობს და მისი ნახვა თაკო რობაქიძის მიერ გადაღებულ ამ ფოტოზეა შესაძლებელი. სალომე ჯოხაძის ‘პატარა პრინცის’ მოტივებზე შექმნილი პოსტერები კი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის გასახარი საჩუქარია.