fbpx

ლეონიძის 3 – ოჰანჯანოვი და სოლოლაკის ბურჟუაზიული არქიტექტურა


გააზიარე სტატია


ავტორი: დათო კოროშინაძე
ილუსტრაცია: ნინო საკანდელიძე

მე-20 საუკუნის დასაწყისში კლასიცისტური არქიტექტურით გადატვირთულმა თბილისმა გზა მისცა მოდერნის სტილს. მართალია, ამ სტილმა არ მიიღო წამყვანი სახე, თუმცა დღემდე მაინც შემოგვრჩა არტ-ნუვოს ტიპის შენობები, რომლებიც მაღალი ინდივიდუალობით და თბილისური არქიტექტურის ხანმოკლე ისტორიითაც ხასიათდებიან. 

მოდერნის ტიპის ერთ-ერთი გამორჩეული შენობა ლეონიძის ქუჩის 3 ნომერში მდებარეობს.  

ის თავის დროზე საქართველოს ეროვნული ბანკის შენობა იყო. მის მშენებლობას თავად მიხეილ ოჰანჯანოვი ხელმძღვანელობდა. პროექტირების და მშენებლობის ბოლო ეტაპზე კი, მას ეხმარებოდნენ არქიტექტორი ი.კოლჩინი და ინჟინერი ს.რაზგილდევი. მხატვრული ნაძერწი ფორმები შეასრულა თბილისურმა ფირმა „ნოვაკმა“. მშენებლობა ხუთი წელი გრძელდებოდა (1910-1915). თავდაპირველად, შენობა ორსართულიანი იყო, 1959-60 წლებში მას მესამე სართულიც დაამატეს.

ზოგადად, თბილისის არქიტექტურა, საკუთარი დანაწევრებული ეტაპებით, ყველაზე რთულ საკვლევ ფენომენს წარმოადგენს, თუმცა არის გარკვეული მოსაზრებები, რომლებზეც უკვე ყველა თანხმდება. მაგალითად, იმ გარემოებაზე, რომ თბილისში დასავლური ფორმები ადგილობრივ ტრადიციებს შეერწყნენ. 

ყოფილი ეროვნული ბანკის შენობაშიც, ადგილობრივ ხასიათზე ხაზგასასმელად, ფასადების კუთხეებში ფრთხილად არის ჩაკერებული ქართული ორნამენტები.

ეს ჟესტი, რომელიც ოჰანჯანოვის არქიტექტურაში ხშირია, ზოგჯერ უბრალოდ სტილიზაციით იფარგლება, თუმცა მაინც თავისებურად გამოთქვამს სურვილს სინთეზის გაღრმავებაზე. ფასადის ცენტრალურ ნაწილზე გამოყვანილია პლუტონის და მერკურის ქანდაკებები, ეს ნაწილი ყველაზე კომპლექსური და დრამატულია. აქ წარმოჩენილია ბურჟუაზიული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი მისტიკური ელემენტებიც, რომელსაც აგვირგვინებს მასკარონი. 

ფასადზე დღემდეა შემორჩენილი ფერადოვანი ვიტრაჟი, ვიტრაჟის მცირე აკომპანემენტები ჩართულია ფასადის გვერდით ნაწილებშიც, ის ჩუქურთმებს შორის ფრთხილად არის მოთავსებული. თავად ნაძერწი ორნამენტები უკიდურესად დელიკატურად არის გამოყვანილი ცრუ აივნებსა და თაღებს შორის. შესაბამისად, შენობაში ძლიერია მხატვრულ-დეკორატიული ელემენტები. შენობის ფანჯრები, არტ-ნუვოსთვის დამახასიათებელი სისადავით და დენადი ესთეტიკური ფორმებით გამოირჩევიან. 

ოჰანჯანოვთან მუდმივად ვხვდებით არტ-ნუვოს ელემენტებისა და კლასიციზმის ურთიერთობას. ის, არც ბაროკოსგან ერიდება კომპონენტების დასესხებას, აქ განსაკუთრებით  აღსანიშნავია  ისევ ფასადის ცენტრალური ნაწილი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული ფასადში კედლის ხვედრითი წილი. 

შენობის მთავარი აქცენტი მინებზეა გაკეთებული, კარკასი დაყვანილია ჩუქურთმების, ბმების, თაღების და გადასვლების ეპიზოდებამდე. ასეთი გადაწყვეტილებით ოჰანჯანოვი უერთდება მოდერნისტული არქიტექტურის მთავარ გამოწვევას, ტრადიციული არქიტექტურის დავიწროებას და შუშის, როგორც ახალი ორნამენტის წინ წამოწევას. სწორედ ასეთი გადაწყვეტა სძენს შენობას უცნაურ სიმსუბუქეს, ხოლო მხატვრული ელემენტებით შემკობილ ფასადს ღიაობას და გამჭვირვალობას ანიჭებს.

ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს, თუ როგორ არის გამოყვანილი დელიკატურად თბილისური ბურჟუაზიული არქიტექტურა ქალაქის ვიწრო ქუჩებში, ისე რომ მათი მოცულობაც და მხატვრული ფორმაც ორგანულად ერწყმის ქალაქურ დინებებს. არტ-ნუვოს, ან  მოდერნის სტილის შემოსვლა კიდევ უფრო აახლოებს ქალაქურ არქიტექტურას ქართული არქიტექტურის ისტორიასთან, გარემოსთან, მის კულტურულ ნიშნებთან და სახესხვაობებთან. 

მართალია, ზოგიერთი ექსპერიმენტი არ არის სრულყოფილი, თუმცა საერთო სულისკვეთება იგრძნობა და უპირველეს ყოვლისა, ეს ჩანს ოჰანჯანოვის მემკვიდრეობაში, რომელიც დაუღალავად ცდილობს სხვადასხვა ტიპის სინთეზზე მუშაობას, არ ერიდება კლასიკური და მოდერნული ელემენტების შერწყმას საერთო აურის შესაქმნელად. ეს აურა არც პომპეზურია, არც გრაციოზული და არც იმპერიული. მას აქვს გარკვეული შინაგანი სიმდიდრე გადმოცემული ჩუქურთმებში, მოცულობასა და პლასტიკაში, თუმცა თავისი იდეით ყველა შენობა საკმაოდ სოციალურია. 

ეროვნული ბანკის ყოფილი შენობაც, რომელსაც დიდი სიმბოლური დატვირთვა ენიჭება, მინიმალურად არის ჩარეული გარემოში, მეტიც, ის საჭიროებს კარგად დაკვირვებას და დეტალების აღმოჩენას, მისი გამჭვირვალება კი, მშვენიერი ინტერიერის დეტალებსაც გვანახვებს, რომელიც არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე მისი ფასადი. 

მოდერნულმა სტილმა თბილისის ცენტრალურ ქუჩებს მისცა ის მოქნილობა და სისადავე, რომელიც თბილისურ მოძრაობებს და თავგადასავლებს უფრო დინამიკურს ხდის.

კლასიცისტური ხელოვნებისგან განსხვავებით, მოდერნმა თბილისს შესძინა გასაოცარი პლასტიკა და არქიტექტონიკა შემოქმედებით დრამატურგიას დაუქვემდებარა. ამ გარდატეხამ შესაძლებელი გახადა სტილის ინდივიდუალიზაცია და მისი სოციალიზაცია, რაც თბილისური ბურჟუაზიული არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი უნდა იყოს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.