fbpx

5 ცნობილი ციტატა, რომლებიც სხვადასხვა ადამიანებს შეცდომით მიაწერეს


გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი ანდრონიკაშვილი

 

ინტერნეტში მოყვანილი ციტატები ხშირად მცდარია”.  – აბრაამ ლინკოლნი

ბიოგრაფიასთან შესაბამისობის, მსოფლმხედველობის თუ, უბრალოდ, მეტი ეფექტურობისთვის სხვადასხვა ციტატებს ხშირად შეცდომით მიაწერენ  ისტორიულ ფიგურებს. მოდით, ერთად გავფანტოთ ზოგიერთი ილუზია.

 

იულიუს კეისარი – შენც, ბრუტუს?

მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციტატა იულიუს კეისარს უილიამ შექსპირის გამო მიეწერება. ეს არის ბოლო სიტყვები, რომლებსაც ამბობს კეისარი შექსპირის პიესაში. რომაელი ბიოგრაფის, სვეტონიუსის მტკიცებით, კეისარმა თქვა „შენც, შვილო ჩემო“ – ეს ვერსია ამყარებს სპეკულაციებს, რომ ბრუტუსი კეისრის შვილი იყო. მეორე ვერსიით, კეისარს საერთოდ არაფერი უთქვამს.

სიკვდილის წინ შთამბეჭდავი ფრაზის თქმა ნამდვილად დრამატულია, თუმცა საეჭვოა, რომ ხანჯლით მიყენებული ათობით დარტყმის შემდეგ, ადამიანი ლაპარაკის ხასიათზე იყოს.

 

ნიკოლო მაკიაველი – მიზანი ამართლებს საშუალებას.

ამ ციტატას ხშირად ახსენებენ ნიკოლო მაკიაველის შეხედულებების აღწერისას. იმის მიუხედავად, რომ მაკიაველის მსოფლმხედველობა ნაწარმოებში – „მთავარი“ მეტ-ნაკლებად შეესაბამება ამ ცნობილ ფრაზას, კონკრეტულად ამ სიტყვებს ჩვენ მის ნაშრომებში ვერ ვიპოვით.

 

ვოლტერი – მე არ ვეთანხმები თქვენს აზრს, მაგრამ მზად ვარ მოვკვდე, იმისთვის, რომ თქვენ მისი თავისუფლად გამოთქმის საშუალება გქონდეთ.

სიტყვის თავისუფლების  „ნამდვილი“  ლოზუნგი ნამდვილად არ ეკუთვნის ვოლტერს. ეს სიტყვები მისი ბიოგრაფიის ავტორმა ეველინ ბეატრის ჰოლლმა დაწერა.

 

უინსტონ ჩერჩილი – თუკი 25 წლის ასაკში არ ხარ ლიბერალი – არ გაქვს გული. თუკი 35 წლის ასაკში არ ხარ კონსერვატორი, არ გაქვს ტვინი.

უინსტონ ჩერჩილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გონებამახვილი ორატორია მსოფლიოს ისტორიაში. ალბათ ეს არის მიზეზი,  რატომ მიაწერენ მას ხშირად ფრაზებს, რომლებიც არასდროს უთქვამს. მათ შორის,  ყველაზე ცნობილია ციტატა პოლიტიკური შეხედულებებისა და ასაკის შესახებ. ასე რომ, თუკი თქვენ 25 წლის კონსერვატორი ან 35 წლის ლიბერალი ხართ, არ ინერვიულოთ, ჩერჩილი არ გაგიჯავრდებოდათ. თავადაც ხან ლიბერალურ პარტიაში იყო, ხან კონსერვატიულში.

 

ნილ არმსტრონგი – წარმატებას გისურვებთ, მისტერ გორსკი.

გადმოცემის თანახმად, მისტერ გორსკი იყო ნილ არმსტრონგის მეზობელი. ბავშვობაში, არმსტრონგმა მოჰკრა ყური, თუ როგორ სთხოვდა მისტერ გორსკი ცოლს ორალურ სექსს, რაზეც ცოლმა უპასუხა – მაშინ მიიღებ, როდესაც ადამიანი მთვარეზე გაივლის. 1969 წელს კი ნილ არმსტრონგმა მთვარეზე გავლისას გაიხსენა ეს ამბავი და მისტერ გორსკის წარმატება უსურვა.

ცხადია, ეს ამბავი არ შეესაბამება სიმართლეს. არსებობს ადამიანის მთვარეზე დაშვების ოფიციალური ტრანსკრიპტი, სადაც მსგავს ფრაზას ვერ იპოვით. ამ ხუმრობის ზუსტი წარმოშობა არ არის ცნობილი, თუმცა იგი ათეულობით წლებია ცირკულირებს ინტერნეტში. თავად არმსტრონგმა აღნიშნა, რომ პირველად ეს ხუმრობა 1995 წელს კალიფორნიაში კომედიანტ ბადი ჰაკეტისგან გაიგო.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.