fbpx

გზა მშვიდობისა დიეგო ზეციური ფეხბურთისკენ…


გააზიარე სტატია


ავტორი: არჩილ ბენაშვილი

 

ვინ წარმოიდგენდა, რომ 1960 წლის 30 ოქტომბრის მზიან დღეს ბუენოს-აირესის პროვინცია ლანუსში დაიბადებოდა პიროვნება, რომელიც მთელ მსოფლიოში გაითქვამდა სახელს, ფეხბურთს იქამდე არნახულ პოპულარიზაციას გაუწევდა, რომის პაპს პირისპირ საუბარში მორალს წაუკითხავდა ქრისტიანობის არსთან დაკავშირებით და მისი სახელით ბავშვებს მონათლავდნენ იმ სრულიად განსხვავებულ სამყაროში, საფეხბურთო პლანეტა არგენტინა რომ ჰქვია…

რამდენი რამ შეიძლება დაიწეროს და დაიწერება მომავალში მარადონას შესახებ. 

რამდენი რამ შეცვალა მან ფეხბურთში და კიდევ შეცვლიდა, თუნდაც 1978 წელს არგენტინის ნაკრების მწვრთნელ ლუის მენოტის მე-11 ჩემპიონატზე რომ წაეყვანა იქვე, საკუთარ ქვეყანაში, იმ ნაკრების შემადგენლობაში, რომელშიც სახელი იმ მუნდიალის ტრიუმფატორმა, პერუს ნაკრების ანგარიშით 6:0 გამანადგურებელმა მარიო კემპესმა, პასარელამ, არდილესმა, ბერტონიმ თუ კიდევ სხვებმა გაითქვეს…

გაივლის წლები და დიეგო მაინც მადლიერი დარჩება მენოტის, რომელიც მის ახალგაზრდულ ასაკს არ ენდო, როდესაც ჩემპიონატზე არ წაიყვანა.

„არგენტინოს ხუნიორსის“ ზედიზედ ხუთ სეზონში სულისჩამდგმელმა და გამქაჩველმა მარადონამ 1979 წელს მსოფლიოს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და მენოტიმ უკვე „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელი მარადონა ესპანეთის 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანა.

არგენტინელებმა ტიტულის შენარჩუნება ვერ მოახერხეს, ნაკრებში გუნდური თამაში აშკარად მოიკოჭლებდა, მარადონა კი მარტოდმარტო ცდილობდა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ფონს გასვლას. 

ამიტომ ამ ჩემპიონატიდან მარადონას საფეხბურთო მატიანეში იტალიელ მცველ კლაუდიო ჯენტილეს მიერ მის ტანზე შემოხეული მაისური და ბრაზილიელებთან მატჩის 85-ე წუთზე მოედანზე არასპორტული საქციელის გამო მისი გაძევება შევიდა…  

მარადონას „წითელი ბარათი“ 1994 წელს უკვე მოედნის მიღმა აღუმართეს, რამაც დიდწილად განაპირობა მისი დიდი ფეხბურთიდან წასვლა.

იქამდე კი მან კიდევ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. 

საგულისხმოა, რომ როგორც მექსიკის 1986 წლის, ისე იტალიის 1990 წლის მუნდიალები, პრაქტიკულად ამ ერთი ფეხბურთელის სახელს დაუკავშირა საფეხბურთო ისტორიამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ რვა წლის განმავლობაში, მსოფლიო ფეხბურთში არაერთი ვარსკვლავი კიაფობდა, რომელთა მიმართაც ნოსტალგია დღემდე აკავშირებთ ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს.

მექსიკაში მარადონა ინგლისის ნაკრებთან მეოთხედფინალურ შეხვედრაში “დაიქოქა”. ჯერ იყო და „ღვთის ხელით“ თავისი ნაკრები დააწინაურა იმ მატჩში. ცოტა ხნის შემდეგ კი შეტევის მარჯვენა ფლანგზე გაისეირნა, სადაც მთელი ინგლისის ნაკრები მოატყუა და ანგარიში 2:0-მდე გაზარდა…

მარადონა შეუდარებელი იყო როგორც პოლონელებთან ნახევარფინალურ მატჩში, ისე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ფინალურ შეხვედრაში, რომელშიც სწორედ მისი  გადაცემის შემდეგ, ბურუჩაგამ არგენტინის ნაკრებს გამარჯვების გოლი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონობა მოუტანა. 

გაივლის წლები და იტყვიან, რომ არგენტინას 1986 წელს „ძლიერი გუნდი“ ჰყავდა, 1990-ში კი მარადონას გვერდში ერთადერთი კანიჯა იყო, რომელმაც იტალიასთან ნახევარფინალურ შეხვედრაში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ამიტომ გერმანელებთან კიდევ ერთ ფინალში მონაწილეობა ვერ მიიღო. 

ამგვარად, მარადონას არავინ ჰყავდა, ვისაც ბურთს გადასცემდა და გოლს გაატანინებდა, როგორც ეს მან ბრაზილიელებთან მერვედფინალში და იტალიელებთან ნახევარფინალში გააკეთა… 

მსაჯსაც მოსწყინდა უღიმღამო თამაშის ცქერა და მატჩის 87-ე წუთზე არგენტინა თერთმეტმეტრიანით საჯარიმო მოედნის მიღმა დარღვევისთვის დასაჯა.

ბრემეს ზუსტად შესრულებულმა თერთმეტმეტრიანმა მარადონას და მთელი არგენტინის ნაკრების ცრემლების ღვრა გამოიწვია… 

დრამა 1994-ში გაგრძელდა, როდესაც აშშ-ს მუნდიალზე ჯგუფში არგენტინამ პირველი ორი თამაში დიდი ძლევამოსილებით მოიგო. 

აი მესამე მატჩში ბულგარეთთან, მარადონა პრეპარატ ეფედრინის ტესტზე დადებითი პასუხის გამო აღარ დაუშვეს და ტურნირმაც მომავალში მისი და აქედან გამომდინარე არგენტინის ნაკრების გარეშე ჩაიარა, რადგან ულიდეროდ დარჩენილი „ალბისელესტე“, ბულგარელების შემდეგ, მერვედფინალში რუმინელებთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. 

ამ მარცხმა ფეხბურთის მოყვარულებს დაანახვა, თუ რა იყო მარადონას ფასი არგენტინის ყველაზე ძლიერ ნაკრებშიც კი, რაც კი ამ ქვეყანას ოდესმე მსოფლიო ჩემპიონატზე ჰყოლია…

აქედან გამომდინარე, გაქარწყლდა 1986 წლის არგენტინის „ძლიერი ნაკრების“ შესახებ მითი და ყველამ შეიტყო, თუ რა ძალას წარმოადგენდა დიეგო არმანდო მარადონა როგორც არგენტინის, ისე მსოფლიო ფეხბურთისთვის.

მარადონას გარეშე დარჩენილმა აშშ-ს მუნდიალმა კი პლანეტის საფეხბურთო სამყაროს სხვადასხვა წარმავალი ვარსკვლავები და მის ისტორიაში ყველაზე უღიმღამო ფინალი შესძინა.

ბრაზილიის „ტეტრაკამპეონობით“ გაიხარა ფიფა-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა და დიეგოს დაუძინებელმა მტერმა ჟოაო აველანჟმა, დღეს კი ისინი უკვე ერთად არიან, ღიმილით იგონებენ ერთმანეთისთვის ადრე მიყენებულ შეურაცხყოფებს და დანაპირებისამებრ, ზეცაში ფეხბურთის თამაშობენ…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.