fbpx

მარადიული


გააზიარე სტატია

 

ავტორი: დავით კოვზირიძე

 

ეს დღეც დადგა – მარადონაზე წარსულში ვლაპარაკობთ. 

არასდროს მყვარებია, ალბათ იმიტომ, რომ ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ. ხშირად პელესაც უფრო წინ ვაყენებდი, მაგრამ სადღაც მაინც ვიცოდი, რომ არ შეიძლება ვინმე დიეგოზე მაგარი ყოფილიყო. სრულყოფილი ფეხბურთელი იყო და იმიტომ. 

ყველა რაღაცას იხსენებს ამ დღეებში და მეც ბევრი შემიძლია გავიხსენო, მაგრამ პირველი მაინც ყოველთვის ერთი, მისი ფენომენის იდეალურად გამომხატველი ფოტო ასწრებს ყველა მოგონებას. ძველი ფოტოა, უხარისხო, გადაღებული „ბომბონერაზე“: მიმდინარეობს სუპერკლასიკო ბოკა-რივერი. 

ფონი ჩაბნელებულია, ეტყობა, კარის ძელთან მდგომ ფოტორეპორტიორს განათება არ ეყო. სულ სამი ადამიანი ჩანს – დიეგო არმანდო მარადონა, რივერ პლეიტის მცველი და მეკარე. იმაში უცნაური არაფერია, რომ მარადონა გოლს იტანს. გასაკვირი იმ ორი ტიპის განლაგებაა – გაოგნებული მეკარე დიეგოსგან ორი მეტრის მოშორებით მორბის კარისკენ, მცველი მეკარის ადგილასაა და გაშლილი ხელებით ნახტომს აკეთებს, ბურთი კი წყნარად მიგორავს ქაღალდის ლენტებით გამოტენილ კარში. რა მოხდა ორი წამით ადრე? რას გაიგებ.

სადაც მარადონა იყო, იქ ვერაფერს გაიგებდი. ყოველთვის ასე იყო და ასე დარჩება. ის იყო მეფე. ის იყო მორფინისტი. ის იყო ღმერთის ხელი. ხანდახან ღმერთი და მუდმივად – კაიფში. გიჟი. გენიალური. დეპრესიაში. 

მან ყველაფერი გააკეთა ბურთთან ერთად, რაც ადამიანს შეიძლება თავში მოუვიდეს. ფეხითაც და ხელითაც. მერე თითქმის მთელი არგენტინა აგინებდა, როგორც უვარგის მწვრთნელს. აგინებდნენ იქ, სადაც მისი სახელობის ეკლესიაა. 

ოცი წელი იჯდა კოკაინზე, ცხოვრების და კარიერის უმნიშვნელოვანესი ოცი წელი. ამ ოც წელიწადში მან ისეთი სასწაულები შექმნა, არავის რომ არ შეუქმნია. ის მთელ მსოფლიოს აბედნიერებდა, მაგრამ თვითონ ბოლომდე ბედნიერი არასდროს ყოფილა. მხოლოდ მოედანზე, მხოლოდ თამაშისას უბრწყინავდა თვალები. 

დისკვალიფიკაციებისას თვეობით იჯდა ფარდებჩამოფარებულ ოთახში. არავინ უნდოდა ბურთის გარდა, რადგან არავისი ესმოდა მასზე უკეთესად, არავინ ემორჩილებოდა ასე ლამაზად მის ბრძანებებს, არავისთან მეგობრობდა ასე. უბურთო მარადონა ერთი ჩვეულებრივი არგენტინელი ბიჭი იყო, გაიძახოდა ტროცკისტულ ლოზუნგებს, მეგობრობდა ნეაპოლელ განგსტერებთან, დასდევდა იაფიან მეძავებს, კაიფობდა არაადამიანურად, სვამდა, ფიდელის ნაჩუქარ სიგარებს აბოლებდა.

“მე ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები დამოკიდებული ნარკოტიკებზე. ჩემნაირებმა ამის წინააღმდეგ ყოველდღე უნდა იბრძოლონ, თორემ აუცილებლად დაიღუპებიან”, – თქვა ერთხელ.

ბურთიანი მარადონა კი ზევსი ხდებოდა და ალბათ, ამან გადაარჩინა დაღუპვისგან წლების წინ. ბურთიანი მარადონასთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, სად იყო, რა აწუხებდა, ვის ეთამაშებოდა, რამდენი მცველი უშლიდა ხელს, ვინ იყო მისი პარტნიორი. და სანამ დედამიწის ერთ რომელიმე წერტილში მაინც იგორავებს ბურთი, იქ აუცილებლად ეხსომებათ დიეგოც, დაბალი, დაგვაჯული ლანუსელი ბიჭი, რომელმაც ადამიანის შესაძლებლობებს, უარყოფითი და დადებითი მიმართულებითაც, ზღვარი წაუშალა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.