fbpx

ექსპერიმენტები და სიურრეალიზმი მოდაში – სიზმრები, ჰალუცინაციები, მისტიკური ხილვები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

სიურრეალიზმი 20-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მიმდინარეობაა ხელოვნებაში. სიურრეალისტების დოქტრინა ირაციონალური ფილოსოფიის იდეებს ეფუძნება და მასზე ზეგავლენა ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზმა მოახდინა. 

სიურრეალისტური კონცეფციის თანახმად, ჭეშმარიტება ქვეცნობიერის სიღრმეშია დამალული, ხელოვნების მიზანი კი მისი გაანალიზება და ასახვაა, რისთვისაც სიურრეალისტები საუკეთესო საშუალებად სხვადასხვა არაცნობიერ მდგომარეობას მიიჩნევდნენ, როგორიცაა: სიზმრები, ჰალუცინაციები, მისტიკური ხილვები.

 

 

30-იან წლებში სიურრეალისტურმა იდეებმა მოდის სამყაროშიც იჩინა თავი. იტალიელი დიზაინერი ელზა სკიაპარელი პირველი იყო, ვინც მოდაში აღნიშნული მიმდინარეობა წარმატებით განახორციელა და მისი ტენდენციის ფუძემდებლადაც კი იქცა. მაშინ როდესაც კოკო შანელმა მოდაში სილამაზის ახალი სტანდარტები დანერგა, სკიაპარელიმ ეს საზღვრები კიდევ უფრო გააფართოვა. მისი შემოქმედება ექსპერიმენტული ქსოვილებით, ტექსტურით, ფერებითა და ფორმით გამოირჩეოდა, რომლის შთაგონების წყარო თანამედროვე მოვლენები, ეროტიკული ფანტაზიები და ავანგარდული ხელოვნება იყო. 

სკიაპარელიმ თანამედროვე მოდა და ხელოვნება ისეთ წამყვან სიურრეალისტებთან თანამშრომლობით დააკავშირა, როგორებიც იყვნენ: სალვადორ დალი და ჟან კოკტო. 1928 წელს დალისთან კოლაბორაციის საფუძველზე შექმნილი ფეხსაცმელი-ქუდი ვარდისფერი ხავერდის ქუსლით, აბსურდული სიურრეალისტური შინაარსის ნამუშევარია, სადაც ობიექტი მისი მოსალოდნელი კონტექსტიდან სრულიად ამოღებულია. აღსანიშნავია, რომ ეს ქუდი ერთ-ერთ ღონისძიებაზე სალვადორ დალის ცოლს – გალას ამშვენებდა. 

 

 

არაორდინარული ქუდების ტრადიცია ირლანდიელმა დიზაინერმა ფილიპ ტრეისიმ საკმაოდ წარმატებით განაგრძო, რომლის სახელიც როგორც ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან, ასევე ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთან ასოცირდება, როგორებიცაა ლედი გაგა და სარა ჯესიკა პარკერი. ტრეისის შექმნილია ჰარი პოტერის ეკრანიზაციის ერთ-ერთ ნაწილში, ცეცხლოვან თასში, ბობატონის მოსწავლეების ცისფერი ქუდებიც. 

 

 

ჰოლანდიელი დიზაინერი ირის ვან ჰარპენი 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე კრეატიული ფიგურაა მოდის სამყაროში. 2007 წლიდან, მისი პირველი შოუდან მოყოლებული, ვან ჰარპენმა ესთეტიკური ხედვისა და ტრადიციული და რადიკალური მასალების მეშვეობით  მოდაში სრულიად ახალი ფორმები და მეთოდები დანერგა. ვან ჰარპენი სამოსში სამგანზომილებიანი ბეჭდვის ტექნიკის გამოყენების პიონერად მიიჩნევა და მისი მიზანი ახალი ტექნოლოგიების და მაღალი მოდის საშუალებით  აწმყოს წარსულთან და  მომავალთან გაერთიანებაა. 

მისი კოსტიუმები ისეთ ცნობილ მუზეუმებშია გამოფენილი, როგორიცაა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი და ვიქტორიასა და ალბერტის მუზემი ლონდონში. ვან ჰარპენის გამორჩეულმა და არაორდინარულმა სტილმა არაერთი ცნობილი მომღერლისა თუ მსახიობის ყურადღება მიიპყრო უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში. ისლანდიელი მომღერლის, ბიორკის ორიგინალურ სტილს განსაკუთრებით მოერგო ჰარპენის ექსტრავაგანტული კოსტიუმები, რომლებიც ისეა შექმნილი, რომ სცენაზე ცოცხალ არსებებად აღიქმება.  

 

 

თანამედროვე მოდაში ახალ ტექნოლოგიებზე მოთხოვნილება უფრო და უფრო იზრდება. Issey Miyake, რომელიც ტრადიციული იაპონური და დასავლური კულტურის გადაკვეთის გავლენით ქმნის სამოსს, მუდმივად ახალი გამოწვევების ძიებაშია. დიზაინერის კოლექცია “ქსოვილის ნაწილი”,  რომელიც ახალი ტექნოლოგიებისა და ქსოვილების გამოყენებით არის შექმნილი, 20 წლის შემდეგაც კი ინოვაციური და რევოლუციურია და იმდენად მორგებულია თანამედროვე მოდის სტანდარტებზე, რომ მომხმარებელი თითქოს სამოსის თანაშემქმნელიც კი ხდება. 

კოლექციის მთავარი კონცეფცია ნულოვანი ნარჩენების პრინციპზეა აგებული, რომელიც გარემოს დაცვას  ემსახურება. მოდის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, “ქსოვილის ნაწილის” მსგავსი კონცეფციები კიდევ უფრო აქტუალური ხდება და ხელს უწყობს მოდაში ახალი სტანდარტებისა და ფასეულობების დანერგვას. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.