Theysaidbooks.com – ყვითელი: ციფრული სივრცე წიგნების, სხვა ბეჭდური გამოცემებისა და ყავის მოყვარულთათვის
ავტორი: გვანცა ფოცხვერია
ფოტო: სერა ძნელაძე
კიდევ ერთხელ დაპაუზდა ყველაფერი – დაკეტილი კაფეები, რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები, ქუჩის კიოსკები, ჩაბნელებული და ქაღალდაკრული მაღაზიის ვიტრინები… ქალაქი თითქოს დაცარიელდა. ზამთრის სუსხმაც თავისი ქნა, სულ უფრო და უფრო ცოტა ხალხი მოძრაობს ქუჩაში. უჩვეულო რეალობაში აღმოვჩნდით.
24 დეკემბრამდე, სანამ ყველაფერი დაპაუზებულია, they said books-ის კონცეპტუალური სივრცეც დაკეტილია. თუმცა წიგნების თუ სხვა საინტერესო ობიექტების შეძენა ციფრულ სივრცეშია შესაძლებელი.
ცოტა ხნით They said books-ის კონცეპტუალური სივრციდან ვირტუალურ სივრცეში გადმოვინაცვლე და ყვითელი ობიექტები შევარჩიე, რომელთა გამოწერაც ძალიან მარტივად შესაძლებელია ონლაინმაღაზიიდან – www.theysaidbooks.com.
The Monocle Guide to Better Living
ეს არც არტგამოცემაა და არც წიგნი მოდაზე, ხელოვნებასა თუ რომელიმე კონკრეტულ ინდუსტრიაზე. ეს არის მონოკლი უკეთესი ცხოვრებისთვის, ერთგვარი სახელმძღვანელო იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ ღირებულებები ჩვენი ცხოვრების და ყოველდღიურობის სწორად სამართავად. ეს წიგნი თანამედროვე ცხოვრების გზამკვლევია, მარტივი, მსუბუქი და ძალიან საჭირო კონტენტით, განსაკუთრებულად დროული დღევანდელ სიტუაციაში.
“მონოკლი უკეთესი ცხოვრებისთვის” არ არის კლასიკური წიგნი, ეს არის ძალიან საჭირო სტატიების და ანგარიშების კრებული, ჟურნალების არქივი, შინაარსობრივად და ვიზუალურად მდიდარი გამოცემა, რომელიც ჩვენს ინსპირაციის წყაროდ იქცევა და დაგვეხმარება უკეთ ვიცხოვროთ, უკეთესი ადამიანები ვიყოთ.
Shaping Cities in an Urban Age
ურბანიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. სწორედ ურბანიზაციაა 21-ე საუკუნის მეგა ტრენდი. ამ შეხედულებას გამომცემლობა Phaidon-ის Shaping Cities in an Urban Age მოწმობს.
გამოცემა “ლონდონის ეკონომიკის სკოლისა” და the Alfred Herrhausen Gesellschaft-ის კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. წიგნში სიღრმისეულადაა განხილული ურბანული განვითარების შედეგი. მკითხველს აქვს შესაძლებლობა წარმოსახვით იმოგზაუროს დელიდან ლონდონამდე, ადის-აბებაში, ჰონ-კონგსა თუ იოჰანესბურგში. გაეცნოს ქალაქგეგმარების მიმდინარე და სამომავლო დინამიკას, ქალაქების ფორმირების გლობალურ ჭრილში დანახულ ცალკეულ დეტალს, რომელიც ქმნის ქალაქს. დაათვალიეროს შთამბეჭდავი ვიზაუალური მასალა, ფოტოები, რუკები, მონაცემები და სტატისტიკა, წაიკითხოს დარგის სპეციალისტების მოკლე სტატიები.
წიგნის კონტენტი ალბათ ასეთი პროფესიონალურად შესრულებული, საინტერესო და მრავლისმომცველი ვერ იქნებოდა, რომ არა მისი ავტორები – რიკი ბარდეტი და ფილიპ როუდი. რიკი ბარდეტი ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორია, 2006 წელს ვენეციის ბიენალეს კურატორობდა, 2001-06 წლებში კი ლონდონის მერის მთავარი მრჩეველი გახლდათ არქიტექტურულ საკითხებში. ფილიპ როუდი კი ლონდონის ეკონომიკის სკოლის ქალაქების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ასოცირებული პროფესორია.
Olafur Eliasson – Experience
წარმოიდგინეთ ლონდონის “ტეიტ მოდერნის” ტურბინის გრანდიოზული ჰოლი და ამ ჰოლში დაკიდებული გიგანტური მზე და სარკით მოპირკეთებული ჭერი… ოლაფურ ელიასონის “ამინდის პროექტი” (the weather project) ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წარმოდგენაა, რაც კი ოდესმე მინახავს.
Phaidon-ის გამოცემა Experience ოლაფურ ელიასონის შემოქმედებას ასახავს. წიგნში წარმოდგენილია არტისტის ასობით ნამუშევარი და ინსტალაცია.
ოლაფურ ელიასონი: “ჩემი შემოქმედება ინტერაქციაშია დამთვალიერებელთან. ეს ორმხრივი პროცესია, ნამუშევრები დამოკიდებულია ხალხზე, მათ რეაქციაზე. ჩემი მიზანი არ არის მხოლოდ საზოგადოების მიზიდვა, მსურს, ჩემი ობიექტები ადამიანთა შეხვედრის ადგილად იქცეს. ეს საოცრად მომაჯადოებელი პროცესია. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუ ხალხმა არ იცის და არც ადარდებს, რა აზრი დევს ინსტალაციაში, რა დანიშნულების, არსის თუ თეორიის მატარებელია. ზოგადად, ვფიქრობ, ხელოვნების სამყარომ ზედმეტად გაათამამა ისინი, ამის შესანიშნავი მაგალითია: აუდიო გიდ-ტურები მუზეუმებში. მე უფრო მეტად მომწონს, როდესაც ადამიანები ხელოვნების შედევრებს თავისი გადმოსახედიდან განჭვრეტენ, ყოველგვარი ინსტრუქციების გარეშე”.
They said books-ის ვირტუალურ სივრცეში წიგნებთან ერთად ბევრ საინტერესო ობიექტს აღმოაჩენთ. ჩემი რჩეული ყვითელი ობიექტები:
ენდი ვულფის სათვალე
თითოეული მოდელი უნიკალურია, გამორჩეული სტილით და დიზაინით. ავსტრიული ბრენდის პროდუქცია ხელით იქმნება, ხარისხზე და ინდივიდუალურ გემოვნებაზეა ორიენტირებული. ენდი ვულფის სათვალეს მხოლოდ კონცეპტუალურ მაღაზიებში თუ შეხვდებით, როგორებიცაა, მაგალითად, ბერლინის „ვუსთორი“, „სთორ ბერლინი“ და სხვა. თბილისში კი Andy Wolf-ის სათვალეები they said books-შია წარმოდგენილი.
სუნამო Bon Parfumeur Paris 201
ფრანგი პარფიუმერების მიერ შექმნილი სურნელი. Bon Parfumeur-ის სუნამოები უნისექსია და არომატი ყველაზე მეტად უსვამს ხაზს ინდივიდუალიზმს. ბიუჯეტური ფრანგული სუნამოს შეძენა ონლაინ they said books-ის მაღაზიაშია შესაძლებელი.