ზურა აფხაზის გამოფენა Fragmentum – „დედიკას გალერეაში“
ავტორი: თეონა ჯაფარიძე
როგორ შეიძლება მხატვრის შემოქმედებითი პროცესი იქცეს ნახატად, რომელიც ჯერ გალერეის თეთრ კედელზე, შემდეგ კი კერძო კოლექციაში ინაცვლებს? უხეშად რომ ვთქვათ, ამ „საწარმოო პროცესს“ ყველა სუბიექტურად აღიქვამს – მხატვარიც, გალერისტიც, დამთვალიერებელიც და მყიდველიც.
ზურა აფხაზისთვის, როგორც მხატვრისთვის, შემოქმედებითი პროცესი „ტრანსივით“ არის. ეს თვითონვე მითხრა, როცა „დედიკას გალერეაში“ თავისი ძველი ნამუშევრის – „შავი ყუთის“ ფრაგმენტებს მიჩვენებდა:
„ვხატავდი, დრო მხოლოდ საათ-ნახევარი მქონდა, რადგან ეს პერფორმანსი იყო. ამ დროში უნდა ჩავტეულიყავი. კონცეფციის თანახმად, თვითმფრინავის შავი ყუთის მსგავსად, ჩემი შინაგანი მდგომარეობის ინფორმაცია უნდა გადმომეცა.
ეგზალტირებული და გათიშული ვიყავი, არ ვჩერდებოდი და ვხატავდი და როცა უკვე გააზრებულად დავიწყე ფიქრი იმაზე, სად რა შტრიხი გამესვა – მივხვდი, რომ „ხატვას“ ვიწყებდი და გავჩერდი, წერტილი დავსვი.“
„დედიკას გალერეაში“ ჩვენ იმ „შავი ყუთის“ ფრაგმენტების წინაშე ვიდექით, რომელიც 2015 წელს ზურამ პერფორმანსის დროს დახატა. . „შავი ყუთი“ აქ უკვე 5 მასშტაბური ტილოს სახითაა წარმოდგენილი.
„გამოფენას Fragmentum დავარქვი, რადგანაც ის აერთიანებს მიმდინარე და მომავალი პროექტების ფრაგმენტებს. ჩემთვის ეს ერთიანი, მთლიანი პროცესია, რომელიც დროს (წარსულს, აწმყოსა და მომავალს ) აერთიანებს. ძველი ნამუშევარი ახალს ქმნის და ბადებს, ახლად გარდაიქმნება. ჩემთვის სწორედ ეს მდგომარეობა, პროცესი არის საინტერესო. საბოლოო პროდუქტი – ანუ ნახატი, მიმაჩნია, რომ მხოლოდ ობიექტია, რომელსაც კედელზე სხვები კიდებენ“, – ამბობს ის.
მაშინ როდესაც მხატვრის აღქმაში დრო ერთიანდება და წარსულში მომავლის შემოქმედებითი პროცესები “იხარშება”, სწორედ ამ მომენტში ერთვება გალერისტი – ანუ ის, ვინც ნახატს „კედელზე კიდებს“. დედიკა ბულია ზურა აფხაზთან დიდი ხანია თანამშრომლობს.
„ჩვენი პირველი თანამშრომლობა 2013-ში შედგა, როდესაც მედიცინის მუზეუმის შენობაში პროექტი ARS MEDICINE განვახორციელეთ. მას შემდეგ ზურასთან ერთად რამდენიმე სოლო გამოფენაზე ვიმუშავე“, – ამბობს გალერისტი.
მაშინ მედიცინის მუზეუმში გამოფენას დიდი რეზონანსი მოჰყვა და ყველა ალაპარაკდა მხატვარზე, რომელიც უფლისციხესთან ახლოს – სოფელ „ქვახვრელში“ ცხოვრობს და თავისივე შექმნილი პიგმენტებით, შავ-თეთრ მასშტაბურ ტილოებს ხატავს.
„აკადემია რომ დავამთავრე, ჩემთან, სოფელში – ქვახვრელში დავბრუნდი. 90-იანები მძვინვარებდა, აღარაფერი იშოვებოდა. სხვენში ვიპოვე ბავშვობისდროინდელი გუაშები და სოფლის სკოლიდან ქაღალდითაც მომამარაგეს. შეშის ღუმელთან ერთხელაც ძირს ჩამოღვენთილი ჭვარტლი შევამჩნიე. პიგმენტის მიღების ტექნიკა ადრე ჩემმა მეგობარმა მასწავლა და მივხვდი, რომ ახალ მასალას მივაგენი. მერე მახსოვს, თბილისში, რუსთაველზე მოვაბიჯებდი, რაღაც რეკლამის ფერად, ჭრელ აბრას შევხედე და მივხვდი, რომ ამ ფერად სამყაროში შავ-თეთრი უფრო მკვეთრი და უფრო ფერადია…“ – იხსენებს ზურა.
ამჯერად მის „პალიტრას“ ახალი მედიაც დაემატა – გამოფენაზე მის ტილოებთან ერთად ორი ვიდეოცაა წარმოდგენილი. ერთი მათგანი ცის ფრაგმენტისა და მოძრავი ღრუბლების გამოსახულებაა. ეს მისი მხრიდან თითქოს ფერის ერთგვარი მოსინჯვაა, რომელსაც საბოლოოდ მაინც შავ-თეთრი ტილოს ფრაგმენტის პროექცია ერევა.
მეორე ვიდეო კი შავ-თეთრის ეფექტის დემონსტრირებაა.
გამოფენა „დედიკას გალერეაში“ არავირტუალურად ერთ კვირას გასტანს და შემდეგ მის ნახვას მხოლოდ ონლაინ შეძლებთ.