fbpx

Tales by Luna – ტაროს, ასტროლოგიისა და სილამაზის ჰარმონიული შერწყმა


გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი ნაზღაიძე

 

ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრ ადამიანს გაუჩნდა ინტერესი ტაროსა და ასტროლოგიის მიმართ, ხოლო ზოგმა  მასთან უფრო მჭიდრო კავშირი იგრძნო, ღრმად შეისწავლა საკითხი და  ეს ყველაფერი ძირითად პროფესიად აქცია.

სოციალურ ქსელში სქროლვისას ინსტაგრამგვერდს გადავაწყდი, რომელმაც პირველ რიგში ვიზუალური კონტენტით მიიქცია ჩემი ყურადღება. შემდეგ კიდევ უფრო დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ ბლოგები ჩემთვის ერთ-ერთ საინტერესო თემას ეხებოდა. ეს არის @tales.by.luna (მარიამ მიშველაძე) –  მისი პატარა სტატიები ტაროს, ასტროლოგიისა და თავის მოვლის შესახებ. 

 

მარიამ, როდის დაინტერესდი ტაროთი და ასტროლოგიით?

ბავშვობიდან მიტაცებდა ეზოთერიკა, ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობდი ჩანაწერებს ჩემი ზოდიაქოს შესახებ და  ამ ყველაფერს ჩემს თავთან ვაიგივებდი. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ყველა ადამიანში მრავალი ზოდიაქოს ნიშანი ერთიანდება და ყველა პიროვნებაზე არაერთი მათგანი ახდენს გავლენას. ყოველთვის ვხედავდი სიზმრებს, რომლებიც გარკვეულ ეტაპზე მინიშნებებად მევლინებოდა. რაც უფრო ვიზრდებოდი და ვუღრმავდებოდი ამ თემას, უფრო და უფრო ვინტერესდებოდი.

შემდეგ აღმოვაჩინე ტარო, რომელმაც ძალიან დამაინტერესა და დავიწყე  ამ ყველაფრის შესწავლა.

 

რამდენად რთული იყო მზადების პროცესი?

 

ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ჰგონიათ ტაროს დასტის და სახელმძღვანელოს ქონა საკმარისია სესიის ჩასატარებლად. ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს შენი აზრი.

ერთი სესიის ჩატარებასაც კი ძალიან დიდი ენერგია მიაქვს ჩემგან. ისე მარტივად არაა ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პირველ რიგში სესიის შემდეგ იმ ადამიანის ენერგიას ვგრძნობ, ვისაც ვუშლი ტაროს და ეს ძალიან დამღლელია. აქედან გამომდინარე, მხოლოდ კარტების მნიშვნელობის ცოდნა არაა საკმარისი სესიის სრულყოფილად ჩასატარებლად. ტაროში მთავარი ინტუიცია და ინტერპრეტაციაა, რათა სწორად ამოიკითხო კარტის მნიშვნელობა და მოარგო ადამიანს მისი პრობლემის თუ კითხვის შესაბამისად.

 

 

ხშირად აიგივებენ ტაროს სესიებს მკითხაობასთან. მაინტერესებს შენი დამოკიდებულება ამ საკითხზე.

ტაროს მკითხაობასთან ვერ გავაიგივებ. ტარო ვერ გეტყვის მომავალს, იქიდან გამომდინარე, რომ გარემოფაქტორების გათვალისწინებით მომავალი გამუდმებით იცვლება, ზოგადად, ძალიან რთულია თუნდაც მკითხაობით განსაზღვრო რა გელის წინ. ტარო გაძლევს მითითებებს და რჩევებს, თუ როგორ გაუმკლავდე პრობლემას ან როგორ მოიქცე კონკრეტულ ვითარებაში, თუმცა თუ თავად არ იზრუნე ამ ყველაფერზე და თავად არ მოიმოქმედე რამე მხოლოდ ტარო ამაში ვერ დაგეხმარება. ეს უფრო მეტად ჩვენ ქვეცნობიერში არსებული ინფორმაციაა, რომელიც ტაროს დახმარებით ზედაპირზე ამოგვაქვს და ვარკვევთ, როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში და როგორ მოვიხსნათ ის ემოციური ბლოკადები, რაც გაგვაჩნია.

 

როდის გადაწყვიტე ინსტაგრამზე ბლოგის შექმნა და შენ მიერ მიღებული ცოდნა სხვებისთვის გაგეზიარებინა? 

პირველ რიგში ჩემი დიდი სურვილი იყო საზოგადოებას სწორად გაეგო ის, რასაც ვაკეთებ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ თემის ირგვლივ ქართულ ენაზე ინფორმაციის სიმწირეა, ვფიქრობ,  მნიშვნელოვანია ყველას ჰქონდეს წარმოდგენა ამ თემის შესახებ და იმაზე, თუ რას ვაკეთებ, რა არის რეალურად ეს ყველაფერი და რამდენად შეგიძლია, რომ გამოიყენო ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

ამ ყველაფერთან ერთად შენი თავის მოვლის საშუალებების ხაზი გაქვს, Luna, რომელიც მთლიანად ნატურალურია. როგორ გაჩნდა იდეა და რას სთავაზობ მომხმარებელს?

ძალიან დაინტერესებული ვარ თავის მოვლის საშუალებებით, განსაკუთრებით იმით, რაც სახის კანის მოვლას ეხება, რადგან დიდი ხნის განმავლობაში თავად მქონდა ამის დიდი პრობლემა. შემდეგ მივხვდი, რომ თავად უნდა მეძებნა გამოსავალი. შევისწავლე საკუთარი კანი, დავიწყე სხვადასხვა ნატურალური გზებით გამოსავლის ძიება და ამით უფრო კარგ შედეგს მივაღწიე, ვიდრე სხვისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. დავიწყე ამ ყველაფერზე მუშაობა და წლების განმავლობაში ამას ძირითადად ჩემთვის და ახლობლებისთვის ვაკეთებდი. შემდეგ კი გადავწყვიტე ხალხისთვისაც გამეზიარებინა ჩემი პროდუქტი და გავაკეთე საკუთარი ხაზი, რომელიც ნატურალური პროდუქტისგან შექმნილ თავის მოვლის საშუალებებს აერთიანებს. 

 

ვეგანიზმზეც რომ ვისაუბროთ. რატომ გადაწყვიტე ვეგანობა და რას გულისხმობს ეს შენთვის?

ერთიანად არ გადამიწყვეტია, თავისთავად მოხდა. თავიდან ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა ასახულიყო ეს ყველაფერი ჩემზე და ნელ-ნელა გავაცნობიერე რამხელა სარგებელი მოჰქონდა ამ ყველაფერს ჩემთვის და ზოგადად, სამყაროსთვის. 

ვეგანიზმი თავისთავად მოიაზრებს ყოველგვარ ცხოველურ პროდუქტზე უარის თქმას, მის ამოღებას კვებითი რაციონიდან. ვფიქრობ, ეს ფილოსოფია ძალიან ახლოსაა ჩემ პირად შეხედულებებთან, რომ სამყარო არის ერთობა და ჩვენ, როგორც ამ სისტემის ნაწილებმა, უნდა ვიზრუნოთ, რომ არ დასახიჩრდეს მისი შემადგენელი სხვა ელემენტები.

ჩემი თავის მოვლის საშუალებების ხაზიც ამ იდეას ეფუძნება, რადგან არ ვიყენებთ არანაირ ქიმიკატებს და ცხოველურ პროდუქტებს. შესაბამისად, მისი შექმნისას არ  არც ცხოველები ზიანდებიან და არც პლანეტა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.