საახალწლო სასაჩუქრე ყუთები, რომელთა გამოწერასაც ონლაინ შეძლებთ
ავტორი: გვანცა ფოცხვერია
რაც უფრო ახლოვდება ახალი წელი, მით უფრო ქაოსურები ვხდებით. თუმცა ამ შემთხვევაში სიტყვა ქაოსური დადებითი მნიშვნელობისაა. წინასაახალწლო სამზადისი და რწმენა ჯადოსნური ახალი წლის ღამისა მთელ მსოფლიოს აერთიანებს. ალბათ ეს ერთადერთი პერიოდია წელიწადში, როცა ადამიანი ფოკუსირებულია გარშემომყოფების გახალისებასა და გაბედნიერებაზე. სწორედ ამიტომაც, დეკემბრის დასაწყისშივე ვიწყებთ ფიქრს საჩუქრებზე, ყველას სურს იყოს განსხვავებული, გამორჩეული, ხშირად ორიგინალურიც.
წლევანდელი წინასაახალწლო პერიოდი ყველაზე უფრო უცნაური სცენარით ვითარდება, ვიდრე ეს წიგნებსა თუ ფილმებში გვინახავს. ქალაქის ქუჩები ცარიელია, მაღაზიები, კაფე-რესტორნები თუ კინოთეატრები დაკეტილი, თითქოს დრო გაჩერდა და გაიყინა. თუმცა სახლებში ალბათ ყველა იმაზე მეტად ემზადება ახალი წლისთვის, ვიდრე ოდესმე, მიზანი ერთია, გავაცილოთ 2020 წელი და ყველაზე უფრო გრანდიოზულად, აღმატებულ ხარისხში დავხვდეთ ახალ 2021 წელს. განწყობა უმთავრესია, რისი ერთ-ერთი წინაპირობაც პატარ-პატარა საჩუქრებია, რომლითაც ერთმანეთს ვაბედნიერებთ და ვახალისებთ.
საკმაოდ რთულია საჩუქრის ვირტუალურ სივრცეში შერჩევა, ამ სიტუაციაში იდეალური შესაძლებლობაა საახალწლო, სასაჩუქრე ყუთები. მით უმეტეს წელს მსგავსი ყუთების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, ინტერესისა და ფასის გათვალისწინებით. წარმოგიდგენთ ჩვენ მიერ შერჩეულ სასაჩუქრე ყუთებს:
4710
ხელოვნების მოყვარულებს ნამდვილი საახალწლო საჩუქარი გალერეა 4710-სგან – თანამედროვე არტისტების ორიგინალი ნამუშევრები სასაჩუქრე ყუთებში.
გალერეა 4710-ის მთავარი იდეა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და ქართველი ხელოვანების მხარდაჭერაა, სასაჩუქრე ყუთებიც შესაბამისადაა დაკომპლექტებული.
თქვენ გაქვთ შანსი შეიძინოთ ან უსახსოვროთ თქვენს საყვარელ ადამიანს სალომე ჯოხაძის, მერაბ გუგუნაშვილის, თამარ ნადირაძის თუ სხვა ხელოვანების შემოქმედების ნიმუშები. გარდა ამისა, საახალწლო ნაკრებში Moon_Rabit-ის, ნატო ბაგრატიონისა და სოფო კობახიძის ხელნაკეთ ხის ფიგურებსაც აღმოაჩენთ. საახალწლო ყუთების ფასი 200-300 ლარია, თუმცა ამ ყუთში მოთავსებული საავტორო ნამუშევრების ღირებულება გაცილებით აღემატება მთელი ნაკრების ფასს.
გარდენია შევარდნაძე
თუკი გსურთ უფრო პირადული, ინტიმური საჩუქარი გაუკეთოთ თქვენს ადრესატს და მოათავსოთ გამორჩეულად ლამაზ ყუთში, მაშინ აუცილებლად იქონიეთ მხედველობაში “გარდენია შევარდნაძის” ჯადოსნური საახალწლო ყუთი. საოცარი ოსტატობითა და გემოვნებით შექმნილი ეს ულამაზესი ყუთები ცარიელია. თუ რას მოათავსებთ სასაჩუქრედ ამ ყუთში, თქვენი გადასაწყვეტია, არჩევანის სრული თავისუფლება გაქვთ. ყუთის ღირებულება 200 ლარია.
Food Box
კულინარია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა წინასაახალწლო პერიოდში. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სამზარეულოში ტრიალი უყვარს. კულინარიულ სასაჩუქრე ნაკრებს წარმოგიდგენთ Food Box. ყუთი დაკომპლექტებულია სხვადასხვა და მრავალფეროვანი პროდუქტებით, ხემსი, დიფი, ტკბილეული, სუნელები, სოუსები, პურეული, თხილეული – ის რითიც გემრიელ კერძს ან უბრალოდ ბუტერბროდს მოამზადებთ.
ნაცნობი გემოების ახლებური ვარიაციები, სიახლეებით გახალისებული ტრადიციული არომატები ან სრულიად ახალი – ექსკლუზიური ინგრედიენტები. პროდუქტებს რეცეპტებიც მოჰყვება, სადაც ყველა საიდუმლო გაშიფრულია. სასაჩუქრე ნაკრებში ასევე აღმოაჩენთ სამზარეულოს აქსესუარებს – სახალისო ხელსაწყოებს, რომლებიც სამზარეულოში ფუსფუსის ყველაზე რუტინულ ნაწილს მარტივს და სასიამოვნოს გახდის.
Botanic • ბოტანიკი
“ბოტანიკი” წარმოგიდგენთ ქართულ, თანაც 100%-ით ნატურალური პროდუქტისგან შექმნილ სახისა და სხეულის მოვლის საშუალებებს. “ბოტანიკის” სასაჩუქრე ყუთები ძალიან ფერადი და სურნელოვანია, რაც მთავარია – ეკონომიურიც. საპონი, აბაზანის მარილი, სანთელი, ტანი მოვლის სხვადასხვა საშუალებები, ტუჩის ბალზამი და მრავალი სხვა ბუნებრივი და ორგანული პროდუქცია ერთ ლამაზ ყუთში შეფუთული სულ რაღაც 35 ლარიდან შეგიძლიათ შეიძინოთ და უსახსოვროთ თქვენს ადრესატს. “ბოტანიკი” სასაჩუქრე ნაკრებების საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, რომელთა ღირებულებაც 35 ლარიდან იწყება.
ეიფორია • Euphoria
ნატურალურ თავის მოვლის საშუალებებს და კოსმეტიკას ქმნის “ეიფორიას” გუნდიც. ქართული, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია ხელნაკეთია და საოცრად სურნელოვანი. ბრენდის სასაჩუქრე ნაკრები საკმაოდ ხელმისაწვდომია. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი ადრესატისთვის 109 ლარად ღირებული პროდუქცია 59 ლარად. ნაკრებში წარმოდგენილია ტანის მოვლის საშუალებები, რომლებიც იდეალურია სუსხიან ზამთარში.
Wine Not?!
ახალი წელი ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. ღვინის ბარი “ვაინ ნოთ” საახალწლო ყუთებს წარმოგიდგენთ, რომელსაც თქვენი სურვილის მიხედვით დააკომპლექტებენ. შესაბამისად, ბიუჯეტის განსაზღვრაც თავად გევალებათ. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ღვინო, ტკბილეული, თაფლი, მურაბა, თხილეული, “ვაინ ნოთის” გუნდი კი საგულდაგულოდ შეგიფუთავთ სასაჩუქრე ყუთს. თავისთავად სასაჩუქრე ნაკრების ფასი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ცალკე აღებული თითოეული პროდუქტის ღირებულება. თქვენ შეგიძლიათ მინიმალურ ფასად შექმნათ ძალიან ლამაზი საჩუქარი, რომელიც თქვენს ადრესატს გაახალისებს.
Ladurée
ყველაზე ფრანგული საჩუქარი – “ლადუღეს” ტკბილეული. 1862-წლიანი ისტორიის მქონე ფრანგული საკონდიტრო Ladurée ყოველთვის იდეალური არჩევანია სასაჩუქრედ. მით უმეტეს ახალი წლის დღეებში, როცა ტკბილეული არა მხოლოდ საჭმელი, არამედ სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელიცაა. თბილისის “ლადუღეს” ფილიალი საახალწლო ყუთების ძალიან მრავალფეროვან არჩევანს წარმოგიდგენთ. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით დააკომპლექტოთ “ლადუღეს” ულამაზესი ყუთი და ადრესატს უსახსოვროთ. ამ შემთხვევაშიც თითოეული შერჩეული პროდუქტის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება სასაჩუქრე ყუთის ფასს.