fbpx

8 დადებითი რამ, რაც 2020 წელს ვისწავლეთ


გააზიარე სტატია

2020 წელი ყველასთვის რთული აღმოჩნდა. წლის დასაწყისში მსოფლიო ცუდმა ამბავმა მოიცვა, ძალიან მალე კი თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო, ლოქდაუნი გამოცხადდა. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული წელიწადი იმ თვალსაზრისით, რომ მთელი დედამიწა ერთნაირად, კარჩაკეტილად ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა არავისთვის იყო სახარბიელო, თუმცა ცნობილი ფრაზა რომ მოვიხმოთ, ყველა მედალს აქვს ორი მხარე. ამ სტატიაში ჩვენ სწორედ იმ დადებითი მოვლენების შეჯამებას შევეცდებით, რომელიც 2020-მა წელმა გვასწავლა.

1. ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ

მანამ, სანამ ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიდიოდა, ალბათ არასათანადოდ ვაფასებდით თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვთ ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში. თანამშრომლებით დაწყებული, მეგობრებითა და ნათესავით გაგრძელებული, კარანტინის პერიოდში ყველა გვენატრებოდა. სოციალიზაცია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო და როდესაც ეს თავისუფლება შეგვეზღუდა, ისეთი ადამიანებიც კი გაგვახსენდნენ, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში არ შევხმიანებივართ. ხოლო შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ კი, ყველას დიდი სიყვარულითა და სითბოთი ვესაუბრებოდით.

2. ჩვენ უფრო მეტი შემოქმედებითი უნარები გვაქვს, ვიდრე გვეგონა

კარანტინში საკუთარი თავის უკეთ აღმოჩენის შესაძლებლობაც მოგვეცა, რაც ცალსახად დადებითი მოვლენაა. ადამიანებმა, მათ შორის ალბათ თქვენც, ისეთი უნარები აღმოაჩინეს, რომლის შესახებაც აქამდე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ. ზოგიერთებმა ხატვა დაიწყეს, ზოგიერთებმა ვიდეო-დღიურების წარმოება, ხოლო ისეთებიც არსებობენ, რომლებმაც სრულიად ახალი პროფესიები აითვისეს.

3. ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე, ამიტომ მუდამ მზად უნდა ვიყოთ

ერთი წლის წინ, ამ დროს, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 2020 წლის უდიდეს ნაწილს სრულ იზოლაციაში გავატარებდით. მეტსაც გეტყვით, ვინმეს ეს რომ ეწინასწარმეტყველა, ალბათ გიჟად შევრაცხავდით, მაგრამ როგორც ხედავთ, ყველაზე უარეს სიზმარში გავიღვიძეთ. მიუხედავად ამისა, კოვიდ-პანდემიამ გვასწავლა, რომ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუ შესაძლებელია, გავაკეთოთ დანაზოგი, უკეთ მოვაწყოთ საკუთარი სახლი, მეტად ვიკონტაქტოთ მეგობრებთან სანამ ამის დრო გვაქვს, უფრო მეტი შრომა ჩავდოთ საკუთარ საქმეში და ა.შ.

4. ადამიანებს სოლიდარობის უნარი ისევ გააჩნიათ, ეს კი დიდი აღმოჩენაა

წარმოდგენა, რომ კაცობრიობა უფრო და უფრო ნიჰილისტური ხდება, 2020-მა წელმა მნიშვნელოვნად შეასუსტა. ის, რომ კოვიდ-პანდემიას უფრო მეტი მსხვერპლი არ ჰყავს, სწორედ ადამიანური სოლიდარობის დამსახურებაა. რეგულაციების გათვალისწინება, სოციალური დისტანციის დაცვა, ექიმების დაფასება და პატივისცემა, მათი გვერდში დგომა – აი, რა აჩვენა გასულ წელს კაცობრიობამ. ეს კი ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ადამიანები პირად ინტერესებზე მაღლა საზოგადოებრივ კეთილდღეობას აყენებდნენ.

5. უფრო მეტი ვისწავლეთ, ვიდრე დავკარგეთ

აქამდეც ბევრჯერ გვსმენია, მაგრამ წელს განსაკუთრებით ნათელი გახდა, რომ თუკი რაიმეს მოვინდომებთ, აუცილებლად გამოგვივა. ცნობილი ონლაინ-სასწავლო პლატფორმები, როგორიცაა Coursera, Alison და სხვები გვეუბნებიან, რომ 2020 წელს კურსებზე რეკორდულად ბევრი ადამიანი ჩაეწერა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, კაცობრიობამ, უფრო მეტი ვისწავლეთ, ვიდრე დავკარგეთ. ცოდნა მთელი ცხოვრება მიგვყვება თან, ამიტომ კარანტინით მიღებულ გამოცდილებას ახლად შეძენილ ცოდნასაც თუ დავუმატებთ, გამოვა, რომ 2020 წელი ამ მხრივ ნაყოფიერად გამოვიყენეთ.

6. სახლიდან მუშაობას თავისი პლუსებიც აქვს

რამდენიმე წელია მუდმივად იწერება, რომ სახლიდან მუშაობა საოფისე აქტივობების კარგი ალტერნატივაა, თუმცა ამაში სწორედ პანდემიის დროს დავრწმუნდით. ცხადია, ამას ყველა სფეროზე ვერ განვაზოგადებთ, თუმცა არსებობს ისეთი პროფესიები, რომლებსაც სახლიდანაც შეგვიძლია ვემსახუროთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძალიან ბევრი მენეჯერი დარწმუნდა იმაშიც, თუ რა ფუჭად იყენებდა ადამიანების ოფისში ფიზიკურად დამაგრების პრაქტიკას, რაც მომდევნო წლებში შესაძლოა რევოლუციური ცვლილებების გამომწვევიც კი აღმოჩნდეს.

თუმცა, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ იდეალური სიტუაცია ოფისისა და სახლის სწორად დაბალანსებაა.

7. დრო შეგვიძლია უფრო პროდუქტიულად გამოვიყენოთ

სახლში ყოფნამ შესაძლებლობა მოგვცა ჩვენი დრო პროდუქტიულად გამოგვეყენებინა და ისეთი რაღაცებით დავკავებულიყავით, რაც აქამდე არ გვიცდია. მაგალითად, სამუშაო პერიოდის ნაყოფიერად გატარების შემდეგ, გზაში დაკარგული საათების ნაცვლად, კითხვისთვის, ფილმების ყურებისთვის, ვარჯიშისთვის, კულინარიისთვის ან რაიმე სხვა სასარგებლო საქმიანობისთვის დაგვეთმო.

8.  ყველაფერ ცუდს აქვს დასასრული

საბოლოო ჯამში კი მთავარი, ალბათ რაც ვისწავლეთ, ისაა, რომ ყველაფერ ცუდს აქვს დასასრული. კორონავირუსთან ბრძოლა ნელნელა დამაგვირგვინებელ ეტაპზე გადადის, რადგან ვაქცინა უკვე შექმნილია და ძალიან მალე, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდება. ადამიანებს კი უბრალოდ მოთმინება და გაძლიერება გვმართებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.