სარა მუნი – მოდის ფოტოგრაფიის ნოვატორი
ავტორი: სალომე ჯიბუტი
ფოტოგრაფია შექმნის დღიდან ძალიან აქტუალური დარგი გახდა ყველა სფეროში, მათ შორის მოდაშიც და გასაკვირი არაა, რომ თანამედროვე ციფრული საუკუნის ერაში, სადაც ფოტოგამოსახულების გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია, არ კარგავს აქტუალობას.
1911 წლამდე ფოტოგრაფები მოდას მხოლოდ ილუსტრაციების სახით გადმოგვცემდნენ. 1911 წელს კი ფრანგმა გამომცემელმა ლუსიენ ვოგელმა სთხოვა ფოტოგრაფ ედვარდ სტაიქენს, რომ ჟურნალისთვის პირველი მოდური ფოტოები გადაეღო. ამის შემდეგ შეიცვალა ფოტოგრაფიის როლი მოდის სფეროში.
მოდის ფოტოგრაფიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის სარა მუნს. გასული საუკუნის 70-იან წლებში, მაშინ როდესაც მოდის ფოტოგრაფები მაქსიმალურად ცდილობდნენ აღებეჭდათ ფოტოებზე სექსუალობა და სიურრეალიზმი, მან მოახერხა შემოეღო ინდივიდუალური და სრულიად განსხვავებული სტილი, რაც მის ნამუშევრებს გამოარჩევდა სხვა ფოტოგრაფების ნამუშევრებისგან.
სარა მუნი, იგივე მარიელ ხადანი, 1941 წელს საფრანგეთში, ფრანგი ებრაელების ოჯახში დაიბადა. მისი ოჯახი იძულებული გახდა ოკუპირებული საფრანგეთი დაეტოვებინა და საცხოვრებლად ინგლისში გადასახლებულიყო. ინგლისში მარიელი სწავლობდა ხატვას, რაც შემდეგ მის ფოტონამუშევრებშიც იკითხება.
1960-1966 წლებში მარიელი მუშაობდა ფოტომოდელად, სწორედ ამ პერიოდში მან გადაწყვიტა აეღო ფსევდონიმი – სარა მუნი.
1972 წელს, მას შემდეგ, რაც ერთი გოგონასთვის ფოტოების გადაღება მოუწია, სარა მუნი დაინტერესდა ფოტოგრაფიით და თავისი კოლეგები გადაიღო. ამავე წელს გადაწყვიტა დაესრულებინა სამოდელო კარიერა, თუმცა სარა არ დაემშვიდობა მოდის სფეროს, მან შეიცვალა ამპლუა და პროფესიონალი ფოტოგრაფის როლი მოირგო.
1972 წელს სარა მუნი ხდება პირველი ფოტოგრაფი ქალი, რომელმაც შექმნა ფოტონამუშევრები Pirelli-ის კალენდრისთვის. შემდეგ ის წლების განმავლობაში მუშაობდა ცნობილ ბრენდთან, Cacharel-თან, რის შემდეგაც მისი რეპუტაცია გაიზარდა. მოიმატა მასთან თანამშრომლობის სურვილის მქონე წამყვანი ბრენდების რაოდენობამაც. მათ შორის არიან: Chanel, Dior, Christian Lacroix, Sonia Rykiel, Comme des Garçons… სარა მუნის ფოტოები გამოქვეყნდა მსოფლიოში ცნობილ ჟურნალებში: Vogue, Elle, Harper’s Bazaar, Marie Claire, Life…
1979 წელს სარამ დაიწყო სარეკლამო რგოლებისა და დოკუმენტური ფილმების გადაღება. ასევე მუშაობდა კინოში – კინოოპერატორად და ფოტოგრაფად.
1985 წელს სარა მუნმა შეიცვალა ჟანრი ფოტოგრაფიაში და ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ის გალერეისა და ფილმის ფოტოგრაფიაზე მუშაობს.
სარა მუნის ნამუშევრებს ხშირად აიგივებენ ფერწერულ ტილოებთან და აღნიშნავენ, რომ მისი ფოტოები გამოირჩევა მსუბუქი ხაზებითა და მკვეთრი კონტრასტებით. მუნის ფოტოშედევრები გვიჩენს პარალელური სამყაროს არსებობის განცდას. ის ფოტოებში ქმნის საკუთარ რეალობას და არ ითვალისწინებს არსებულ გარემოებას, სწორედ ამიტომ მისი ნამუშევრების თვალიერებისას ყოველ ჯერზე აღმოვაჩენთ ახალ დეტალებს და ვხვდებით რამდენად სიღრმისეულია ისინი.
ფოტოგრაფი უპირატესობას სტატიკას ანიჭებს. ის თვლის, რომ საუკეთესოა კადრი, სადაც საერთოდ არაფერი ხდება. თუმცა ასეთი კადრი არ არსებობს, ყველაფერს ხომ თავისი დასაწყისი აქვს.
სარა მუნი არაერთი ჯილდოს მფლობელია. მისი ფოტონამუშევრები საზოგადოებამ სხვადასხვა ცნობილ გალერეებში მრავალჯერ იხილა.
ფრანგმა ფოტოგრაფმა, რომელიც ერთ-ერთ გავლენიან ხელოვანად ითვლება როგორც მოდის, ასევე დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში, სტილის ინდივიდუალიზმით და არაორდინალური ფოტოებით წარუშლელი კვალი დატოვა.