ქართული ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარები
ავტორი: თამარ ჭინჭარაული
იმ შემთხვევისთვის, თუ სახლის საახალწლო მორთულობა ჯერ არ შეგირჩევიათ, ან სულაც არსებულის გახალისებას ცდილობთ, საქმეს გაგიმარტივებთ და რამდენიმე ბრენდს გაგაცნობთ, რომლებიც განსხვავებულ და ორიგინალურ პროდუქციას ქმნიან. ეს ქართული წამოწყებები ორგანული მასალისგან ამზადებენ აქსესუარებს და დეკორაციას და, რაც მთავარია, სოციალური ქსელით შეძენილი ნივთები მისამართზე მოაქვთ.
ბამო
ბამო საოჯახო სტარტაპია. ცოლ-ქმარი თეკა და გიორგი 8 წლის განმავლობაში საკუთარი სახლისთვის ქმნიდნენ ნაძვისხეებს, რომელიც ყოველ წელს განსხვავებული იყო ხოლმე. ამას მოჰყვა ბავშვებისთვის შექმნილი სათამაშოები. ნელ-ნელა კი მეგობრებისთვის საჩუქრად დაამზადეს სხვადასხვა აქსესუარი, რომლებიც დიდ მოწონებას იმსახურებდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს სასიამოვნო საქმიანობა ბიზნესად ექციათ და ასე შეიქმნა ბრენდი “ბამო”.
მთელი წლის განმავლობაში საკუთარი ხელით ამზადებენ მასიური ხისგან ხელნაკეთ სათამაშოებს, დეკორატიულ ნივთებს და ავეჯს, “ჩიტის ბუდე” სახლებს და ა.შ. როგორც თეკა ამბობს, ყველაფერს, რასაც მათი ფანტაზია და მოხერხება გასწვდება.
საახალწლოდ კი “ბამო” მომხმარებელს ტრანსფორმერ ნაძვისხეებს სთავაზობს, რომელიც შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ და შექმნათ საკუთარი დიზაინი.
ასევე, ახალი წლისთვის ქმნიან “საშობაო სოფელს” – ხელნაკეთ პატარა სახლებს, რომელიც ნატურალური მასალისაგან – ხე ქვა, რკინა, ტყავი – მზადდება. ყველა სახლი ინდივიდუალურად იხატება, იგება და არ მეორდება.
“ბამოს” აქვს როგორც მზა ნივთები, ასევე მუშაობენ ინდივიდუალურ შეკვეთებზე.
შეკვეთის მიწოდება 1-დან 3 დღემდე შუალედში ხდება კურიერის მეშვეობით.
ბამოს აქსესუარების შეძენა ფეისბუქ-გვერდზე შეგიძლიათ.
საახალწლოდ იგეგმება ფასდაკლება და გათამაშებები. ორი ნივთის შეძენის შემთხვევაში კი მიტანის უფასო სერვისი იქნება.
ბაიკია
“ბაიკია” მომხმარებელს პოლიმერული თიხის ნივთებს სთავაზობს: თმის სამაგრებს, ბროშებს, გულსაკიდებს და ქალის სხვა აქსესუარებს. წინასაახალწლოდ კი, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მხოლოდ ნაძვისხის სათამაშოებს ამზადებენ. 12-სანტიმეტრიანი ხელნაკეთი სათამაშოების საფასური 25 ლარია, ადრესატამდე კი სასაჩუქრე შეფუთვით მიდის.
მთელი კვირის დაუღალავი შრომის შედეგი ფეისბუქ-გვერდზე ქვეყნდება და ონლაინ იყიდება. ამანათი შეკვეთიდან 2-3 დღეში მიდის მისამართზე. თბილისის მასშტაბით კურიერის მომსახურება უფასოა, ხოლო რეგიონებში ფოსტით იგზავნება და საფოსტო მომსახურების საფასური ემატება.
ბორწეული
„ბორწეული“ ახალი ქართული ბრენდია, რომელიც ამ ეტაპზე საახალწლო დეკორაციებს ამზადებს. წინასაახალწლო პერიოდში ბუნებრივი მასალების, გირჩების გამოყენებით საახალწლო გვირგვინებს და საშობაო მაგიდის გასაფორმებელ სასანთლეებს ქმნიან. თითოეული ნაკეთობა ხელით მზადდება, ორიგინალურია და არ მეორდება.
„ბორწეულის“ გუნდი მომხმარებელს სთავაზობს როგორც მზა ნივთებს, ასევე მუშაობს შეკვეთებზეც. ნივთების შეკვეთა შესაძლებელია როგორც ინსტაგრამზე,ასევე ფეისბუქზე.
ნივთები შეკვეთიდან 3-5 დღეში მზადდება, რაც დამოკიდებულია შეკვეთის რაოდენობიდან და მისი სირთულიდან გამომდინარე. მიწოდების საფასური თბილისის მასშტაბით 4 ლარია, ხოლო რეგიონებში ფოსტის ან კურიერის მეშვეობით იგზავნება.
სტუდიო 1991
კიდევ ერთი ახალი ქართული ბრენდი, რომელიც ბაზარზე სადღესასწაულო პერიოდში გამოჩნდა და მომხმარებელს ინდივიდუალური დიზაინითა და ბუნებრივი მასალისაგან შექმნილ საახალწლო დეკორაციებს სთავაზობს, STUDIO 1991-ია.
STUDIO 1991-ში დეკორაციების შექმნისას მხოლოდ ბუნებრივ ნაძვსა და გირჩებს იყენებენ, რასაც საახალწლო განათებებით აფორმებენ.
სახელოსნოში დამზადებული დეკორაციები ინდივიდუალური დიზაინით შექმნილი ხელნაკეთი ნივთებია და ყველა მათგანს დაჰყვება ბუნებრივი მასალის სიმარტივე და სილამაზე.
აქ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც უკვე გამზადებული დეკორაცია, ასევე თქვენი დიზაინითაც შეუკვეთოთ. ნივთების მიწოდება კურიერის საშუალებით უფასოა და 1-2 დღის განმავლობაში ბარდება დამკვეთს.
სახლების საახალწლო გაფორმებები და ინდივიდუალური დეკორაციების მიწოდება კი დამოკიდებულია მათ მასშტაბურობაზე და 2 დღიდან 1 კვირამდე დრო სჭირდება.
STUDIO 1991-ის საახალწლო დეკორაციები შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეიძინოთ facebook-სა და Instagram-ზე.
ნახლი
“ნახლი” მომხმარებელს ნაძვისხის ქვეშ დასაფენების, საახალწლო სუფრებისა და რანერების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. საახალწლო აქსესუარები ძვირფასი და სადღესასწაულო ქსოვილებისგან იკერება. თითოეული დეკორაცია – ნაქარგები, გაფორმებები ყველაფერი ხელით მუშავდება.
“ნახლი” უკვე მზა პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს, თუმცა, მოთხოვნიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ შეკვეთებსაც იღებენ და მყიდველის გემოვნებასაც ითვალისწინებენ. ამ ეტაპზე “ნახლის” პროდუქციის ყიდვა შესაძლებელია ფეისბუქისა და ინსტაგრამის საშუალებით – შეკვეთას მისამართზე 3-4 დღეში მიიღებთ.
ახალი წლის პერიოდში იმოქმედებს უფასო საკურიერო მომსახურებაც.