fbpx

2020 წლის შეჯამება – მოვლენები, რომლებმაც 2020-ში თავი დაგვამახსოვრა


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

პანდემია და 2020 წლის სხვა მნიშვნელოვანი,  ყველაზე ხმაურიანი მოვლენები

2020 წელი კაცობრიობის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უცნაური და რთული პერიოდი აღმოჩნდა.  შეიძლება ითქვას, რომ ის დასრულდა და მომავალ წელს ყველას უკეთეს სამყაროში ცხოვრების  იმედი გვაქვს. მანამდე კი თვალი გადავავლოთ რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც 2020 წლის ისტორიაში ჩაიწერება. 

 

Covid-19-ის გავრცელება 

2020-ის შემაჯამებელი მიმოხილვა წლის მთავარი  ანტიგმირით – covid-19-ით უნდა დავიწყოთ. პანდემიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მოვლენების ქრონოლოგიულად კი ასე განვითარდა: იანვრის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ახალი ვირუსის  უკვე  რამდენიმე ათეული შემთხვევა  დაფიქსირდა. ეს იყო დაავადება, რომელიც პნევმონიას იწვევდა და რთულად მიმდინარეობდა. 7 იანვარს დაავადებულთა ოფიციალურმა რიცხვმა 280-ს გადააჭარბა და გავრცელდა არა მხოლოდ ჩინეთის ქალაქებში, არამედ რამდენიმე შემთხვევა იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ტაილანდშიც დაფიქსირდა. ამის შემდეგ ვირუსი გავრცელდა ამერიკაში, ევროპაში  და ეტაპობრივად თითქმის მთელ მსოფლიოს მოედო.   მოსახლეობაც პანიკამ მოიცვა, რადგან შემთხვევების გარკვეული ნაწილი ლეტალურად სრულდებოდა.  11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. პანდემიის გამოცხადებას  მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ლოქდაუნისა და კარანტინის რეჟიმი მოჰყვა; დაიხურა საჯარო დაწესებულებები, გაიცა სოციალური დისტანციისა და პირბადეების ტარების მკაცრი რეკომენდაცია. 10 თვის შემდეგაც კი პანდემიის დამარცხება მსოფლიო სამეცნიერო და ჯანდაცვის საზოგადოებამ ვერ შეძლო, თუმცა  2021 წელი  მეტად იმედის მომცემია –  უკვე არსებობს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რამდენიმე სახეობა. 

 

ვაქცინა 

სანამ 2020 წლის სხვა ხმაურიან მოვლენებს განვიხილავთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი ამბავი სწორედ ვაქცინის შექმნა იყო. Pfittzer-ის, Moderna-ს, ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტისა და Astrazeneca-ს ვაქცინებმა პანდემიის დამარცხება რეალურ შესაძლებლობად აქცია.  ვაქცინაცია დაიწყო და მსოფლიოში  ეს პროცესი ეტაპობრივად, ინტენსიურად  გრძელდება. 

პანდემიის პარალელურად,  ამ ერთი წლის განმავლობაში სხვა მრავალი მნიშვნელოვანი და ზოგ შემთხვევაში ისტორიული მომენტის მომსწრეც აღმოვჩნდით. 

 

კინო

ოსკარი და “პარაზიტის” ისტორიული გამარჯვება 

2020 წლის 9 თებერვალს ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიის მთავარი გამარჯვებული სამხრეთკორეელი კინორეჟისორის, ბონგ ჯუნ-ჰოს ნამუშევარი – “პარაზიტი” გახდა. არაჰოლივუდურმა  ფილმმა  6 ოსკარით კინოინდუსტრიის მთავარ ღონისძიებაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. 

გარდაიცვალა ჩედვიკ ბოუსმენი

28 აგვისტოს Marvel-ის კომიქსების მიხედვით გადაღებული ფილმის, “შავი პანტერას” ვარსკვლავი, ჩედვიკ ბოუსმენი 43 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. 

ჯონი დეპის კარიერის შესაძლო დასასრული

2020 წელს კინოკომპანიებმა ჯონი დეპთან თანამშრომლობა ერთმანეთის მიყოლებით გაწყვიტეს. მიზეზი ყოფილ ცოლზე, ემბერ ჰარდიზე სავარაუდო ძალადობა და გახმაურებული სასამართლო პროცესებია. დეპს აღარ ვიხილავთ “კარიბის ზღვის მეკორბეების” შემდეგ ფილმებში, ის ასევე მოიხსნა “ჯადოსნური ცხოველების” სამსახიობო შემადგენლობიდან. ხოლო სტრიმინგ სერვისმა Netflix-მა დეპის მონაწილეობით ფილმები არქივიდან ამოიღო. 

 

მუსიკა 

ბილი აილიშის რეკორდი გრემის დაჯილდოებაზე

2020 წლის 26 იანვარს მუსიკალური ინდუსტრიის მთავარი დაჯილდოება – Grammy Awards გაიმართა.  62-ე ცერმონიაზე ახალი თაობის გამორჩეულმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა თავისი გამარჯვებებით რეკორდი მოხსნა. ამ დროისათვის აილიში 18 წლის იყო.  ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელმაც  ყველაზე მეტი – 6 ნომინაცია მიიღო, მთავარ კატეგორიებში გაიმარჯვა და გრემის 5 ჯილდო მოიპოვა. 

Super Bowl 

Super Bowl-ის მუსიკალური შოუ 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მომენტი აღმოჩნდა. 2 თებერვალს მაყურებელმა შაკირას და 50 წლის ჯენიფერ ლოპესის დასამახსოვრებელი სასცენო შესრულება იხილა. წლის ბოლოს, Google-ის მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი ვიდეოს მიხედვით, 2020 წლის Super Bowl-ის საკონცერტო შოუ საძიებო ველში ყველაზე ხშირად მითითებულ მოვლენებს შორის იყო.

გარდაიცვალა ენიო მორიკონე

2020 წლის 6 ივლისს ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი, ოსკაროსანი ენიო მორიკონე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

Kanye West შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატის ამპლუაში

Kanye West, რომელიც დონალდ ტრამპის მხარდამჭერით იყო ცნობილი, ამჯერად შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად ვიხილეთ. ამერიკელმა რეპერმა გადაწყვეტილების შესახებ ივლისის დასაწყისში განაცხადა და კამპანია წამოიწყო. 

 

WAP –  წლის ყველაზე განხილვადი მუსიკალური ჰიტი

2020 წლის 7  აგვისტოს youtube-ზე გამოქვეყნდა ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტების, Cardi B-ისა და Megan Thee Stallion-ის კლიპი, რომელიც გადაღებულია კომპოზიციაზე,  სახელწოდებით – WAP.  საკმაოდ პროვოკაციულმა,  წინააღმდეგობრივმა ტექსტმა  და ვიდეომ, რომელშიც მსუბუქი იუმორი და სარკასტულობაც იგრძნობა, მუსიკის ჩარტები მალევე დაიპყრო. სოციალურ მედიაში ჰიტმა აქტიური დისკუსიაც გამოიწვია. ჟურნალმა TIME-მა WAP 2020 წლის საუკეთესო კომპოზიციებს შორის დაასახელა. 

 

BTS-ის მსოფლიო პოპულარობა

მიუხედავად იმისა, რომ კორეული K-Pop ჯგუფის, BTS-ის მსოფლიო პოპულარობა ახლა არ დაწყებულა, 2020 წელს მუსიკალურმა კოლექტივმა რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა. გარდა მოპოვებული სხვადასხვა პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოსი, BTS ჟურნალ TIME-ის წლის ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა და Entertairner Of The Year ტიტულიც მიენიჭა. TIME-ის ასეთი აღიარება იმაზე მეტყველებს, რომ BTS გასცდა მხოლოდ წარმატებული და გაყიდვადი ჯგუფის სტატუსს და პოპკულტურის ერთგვარ მოვლენად იქცა.  

 

 

საზოგადოება 

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ სამეფო ოჯახი დატოვეს

2020 წელს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მაღალი რანგის სტატუსზე უარი თქვეს პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ. 8 იანვარს გასაჯაროებული განცხადებით, წყვილმა ასევე უარი თქვა წოდებრივ თუ სხვადასხვა სახის ფინანსურ პრივილეგიაზე და ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ამის შემდეგ მათ საკუთარი საპროდიუსერო  კომპანია დააარსეს,  ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმეს სხვადასხვა ონლაინპლატფორმასთან, მათ შორისაა  Netflix, Disney და Spotify.

გარდაიცვალა კობი ბრაიანტი

2020 წლის 26 იანვარს საერთაშორისო მედიამ კობი ბრაიანტის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 41 წლის ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. კობისთან ერთად გარდაიცვალა მისი 13 წლის ქალიშვილი, ჯიანა ბრაიანტი. 

ჰარვი ვაინშტაინის ვერდიქტი 

2020 წლის თებერვალში სასამართლომ დაასრულა ყოფილი კინოპროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის გახმაურებული პროცესი სექსუალური ძალადობის საქმეებზე და ის დამნაშავედ ცნო. მოგვიანებით ვაინშტაინს ორ საქმეზე განაჩენიც გამოუტანეს და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

Black Lives Matter –  მასშტაბური საპროტესტო ტალღა                                                                  25 მაისს მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციამ აფროამერიკული წარმოშობის ჯორჯ ფლოიდი დააკავა. მიზეზი მაღაზიის მენეჯერის ზარი გახდა, რომელმაც იფიქრა, რომ სიგარეტის საყიდლად მისულმა ფლოიდმა მას ყალბი 20-დოლარიანი გადაუხადა. დაკავების პროცესში ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა. ამ ფაქტიდან მალევე ინტერნეტში გავრცელდა გამვლელის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელიც პოლიციელის ძალადობას ასახავს. ვიდეოს მოჰყვა პროტესტი, რომელიც შტატიდან შტატში გავრცელდა. ის  იქცა რასიზმის წინააღმდეგ მასშტაბურ საპროტესტო მოძრაობად, სლოგანით – Black Lives Matter. პროტესტმა მოიცვა როგორც ქუჩები, ასევე სოციალური მედია. 

ბეირუთის აფეთქება                                                                                                                                  

4 აგვისტოს ინტერნეტში შემზარავი კადრები გავრცელდა.  ვიდეო ასახავდა ბეირუთის პორტში მძლავრ  აფეთქებას. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს აფეთქება ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 190 ადამიანი, უფრო მეტი კი მძიმედ დაშავდა. 

გარდაიცვალა რუთ გინსბურგი                                                                                                              

18 სექტემბერს 87 წლის ასაკში  შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ გინსბურგი გარდაიცვალა. გინსბურგი შეერთებული შტატების სამართლის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო – ლიბერალი მოსამართლე, რომელიც მთელი ცხოვრება ქალთა უფლებებისათვის იბრძოდა. 

გარდაიცვალა დიეგო მარადონა                                                                                                            

25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა  60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. 

 

პოლიტიკა

 

ამერიკის არჩევნები, ჯო ბაიდენის გამარჯვება და კამალა ჰარისი

 შეერთებული შტატების 2020 წლის არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. არჩევნების შედეგები 7 ნოემბერს გახდა ცნობილი. დემოკრატი კანდიდატის გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ოთხწლიანი ვადის შემდეგ. არჩევნების ამ შედეგებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ახლდა – კამალა ჰარისის პერსონა. ბაიდენის გამარჯვებით, ჰარისი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი ხდება. ინდოელი დედის და იამაიკელი მამის შთამომავალი – კამალა ჰარისი განსაკუთრებით ცნობილია ქალთა და ქვიარ თემის უფლებების დაცვით. მას იცნობენ როგორც პრინციპულ პოლიტიკოსს, რომელიც ყოველთვის ხმამაღლა აკრიტიკებდა ტრამპის პოლიტიკას და იცავდა საზოგადოების სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ინტერესებს. 

 

მსოფლიო, ეკოლოგია

ავსტრალიის ხანძარი

2020 წლის მაისში ავსტრალიის ტყის ხანძარი საბოლოოდ ლიკვიდირებულად გამოაცხადეს. სპეციალისტები ძლიერ  ცეცხლთან გამკლავებას 2019 წლის ზაფხულიდან ცდილობდნენ. ხანძრის სეზონმა, რომელიც დაახლოებით ერთი  წელი გაგრძელდა, ტყეების  თითქმის 19 მილიონი ჰექტარი და უამრავი უნიკალური სახეობის მცენარე გაანადგურა. დაუძლეველ კატასტროფას ემსხვერპლა უამრავი იშვიათი ჯიშის ცხოველიც. რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებს – უშუალოდ ცეცხლს 35-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კვამლისგან გამოწვეული ჰაერის უკმარისობით დაახლოებით 445 ადამიანი გარდაიცვალა. ავსტრალიას ხანძრის სეზონმა 103 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური ზარალი  მიაყენა. 

 

მოდის ინდუსტრია

ციფრული მოდის კვირეულები

2020 წელმა უამრავი რამ შეიცვალა მოდის ინდუსტრიაში –  კვირეულები ციფრულ ფორმატში ჩატარდა. არაერთმა მოდის სახლმა საკმაოდ კრეატიულ ფორმებს მიმართა. მაგალითად, Balenciaga-მ კოლექციები მუსიკალური კლიპის და ვიდეოთამაშის ფორმით წარადგინა. 

კენზო 

2020  4 ოქტომბერს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა იაპონელი დიზაინერი, მოდის სახლ KENZO-ს დამფუძნებელი კენზო ტაკადა. დიზაინერი COVID-19-ით იყო ინფიცირებული და გარდაცვალების მომენტში პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდა. 

ჰარი სტაილსი – პირველი მამაკაცი Vogue-ის გარეკანზე

Vogue-ის 2020 წლის დეკემბრის ნომრის გარეკანზე ჰარი სტაილსის ფოტო დაიბეჭდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მამაკაცმა მოდის ბიბლიად აღირებული ჟურნალის გამოცემის დამოუკიდებელი, სოლო ყდა მიიღო. ამ შემთხვევამდე მამაკაცები Vogue-ის გარეკანზე მხოლოდ ქალებთან ერთად ჩნდებოდნენ. 

გარდაიცვალა პიერ კარდენი

29 დეკემბერს, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი. კარდენის კარიერა 70 წელზე მეტხანს გრძელდებოდა. მოდის  ინდუსტრიაში, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა. 

 

ტელევიზია და სოციალური მედია  

TikTok-ის წარმოუდგენლად დიდი პოპულარობა

2020 წელს წარმოუდგენლად გაიზარდა სოციალური ქსელის, TikTok-ის პოპულარობა. გასართობი ვიდეობის გაზიარების აპლიკაციის გამოყენება დაიწყეს ვარსკვლავებმა, ინფლუენსერებმა და სხვადასხვა კომპანიამაც კი. ამ პლატფორმამ მნიშვნელოვნად შეცვალა ციფრული სარეკლამო ინდუსტრია და უამრავი უცნაური ტრენდი გააჩინა, რომელთა პოპულარობის მიზეზს ბოლომდე ვერც კი ავხსნით. TikTok-ის ყველაზე გავლენიანი კრეატორები კი ახალი თაობის მილიონერები გახდნენ. 

ბრედ პიტის და ჯენიფერ ენისტონის ეკრანზე ერთობლივი გამოჩენა

ინტერნეტში დიდ გამოხმაურება მოჰყვა მსახიობების ეკრანზე ერთად გამოჩენას. ენისტონმა და პიტმა 1982 წელს გამოსული ცნობილი კომედიური დრამის –  Fast Times at Ridgemont High-ის სცენარის ონლაინკითხვის სპეციალურ საქველმოქმედო ეპიზოდში მიიღეს მონაწილეობა.  

 

კარდაშიანებმა რეალითი შოუს დასრულების შესახებ განაცხადეს

2020 წელს გავიგეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო რეალითი შოუ Keeping Up With the Kardashians 14 წლისა და 20 რეიტინგული სეზონის შემდეგ დასრულდება. მაყურებლები ფინალური სეზონის პრემიერას 2021 წლის დასაწყისში იხილავენ. ამის პარალელურად, ოჯახმა უკვე გააფორმა ახალი კონტრაქტი Disney-სთან და Hulu-სთან.

 

Netflix და  The Queen’s Gambit

2020 წლის შემოდგომის ნამდვილ ჰიტად იქცა Netflix-ის მინისერიალი – The Queen’s Gambit. სერიალმა არა მხოლოდ მაყურებლის ჩართულობის რეკორდები მოხსნა, არამედ ჭადრაკი წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ტრენდულ სპორტის სახეობადაც აქცია.

 

მეცნიერება-ტექნოლოგია

Crew Dragon – ისტორიული მისია

30 მაისს კომპანია SPACE X-ის კოსმოსურმა ხომალდმა NASA-ს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველად გაიყვანა. Crew Dragon ილონ მასკის კომპანიამ Nasa-სთან თანამშრომლობით შექმნა. ის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდია, რომელიც ასტრონავტების ჯგუფის შეღავათიან ფასად გასაგზავნად გამოიყენება. Crew Dragon-ის მეშვეობით ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტო მისიების ხარჯებს დაახლოებით 4-ჯერ ამცირებს. 

უცნაური რადიოტალღები კოსმოსიდან

 2020 წლის 4 ნოემბერს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ჩვენს გალაქტიკაში პირველად დაფიქსირდა  რადიოენერგიის ძლიერი და უცნაური ნაკადი. 

პლანეტების „შეერთება“

21 დეკემბერს ცაზე საინტერესო ფენომენის თვითმხილველნი გავხდით – იუპიტერი და სატურნი ერთმანეთს გაუსწორდა და იმდენად მიუახლოვდა, რომ ე.წ. ორმაგი პლანეტის იმიტაცია შექმნა. აღნიშნული კოსმოსური მოვლენა 800 წელიწადში ერთხელ ფიქსირდება.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.