ონლაინ გამოფენა 70+127… უკან, მომავლისკენ
ავტორი: რუსა გვენცაძე
გამოფენა „70+127… უკან, მომავლისკენ“ ქართველი თანამედროვე ხელოვანის, თემო ჯავახის 70 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენის კონცეფცია თემო ჯავახის სუბიექტური ხედვის საფუძველზე თაობათა შორის დიალოგის ექსპერიმენტულ მცდელობას აერთიანებს.
ამ პროექტის მიზანი, პირველ რიგში, ე.წ. 80-იანელთა თაობის უმნიშვნელოვანესი ფიგურის, კონცეპტუალური ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, თემო ჯავახის შემოქმედების მიმართ პატივისცემა და ქართული თანამედროვე ხელოვნების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის წარმოჩენა იყო.
თემო ჯავახი თავის პროექტს რამდენიმე ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრებთან ერთად წარმოადგენს. ის თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგია და მისი აზრით, ეს საინტერესო და სასარგებლო იქნება როგორც ახალგაზრდა შემოქმედთათვის, ასევე ქართული თანამედროვე ხელოვნების, კულტურის პოპულარიზაციისთვის.
ხელოვნება გადმოგვცემს არა იმას, რაც რეალურად არის, არამედ იმას, რაც შეიძლება ყოფილიყო, ანუ ხელოვანი სამყაროს წარმოგვიდგენს თავისი ხედვებით. თემო ჯავახი პირად ავტობიოგრაფიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიზიარებს საკუთარი შემოქმედების არტისტულ პოზიციას და შეხედულებებს როგორც თავისიხელოვნების, ისე – თანამედროვე აპოკ-აბსურდული სამყაროსა და სიტუაციების შესახებ.
„ხელოვანი რეალიზდება საკუთარი მსოფლმხედველობის, პრინციპების, წარმოსახვის, ორიგინალური ხედვისა და შესატყვისი მხატვრული ენის მოძიების საშუალებით, რომელიც ამ ფასეულობებთანაა შეთავსებული და წილნაყარი“. – აღნიშნავს ხელოვანი თემო ჯავახი.
თემო ჯავახის (ჯავახიშვილის) 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხელოვნების საკონსულტაციო კომპანია რიჩარტ ვიზუალი / ReachArt Visual ონლაინპროექტს წარადგენს. განსხვავებული პრაქტიკების ჩვენებით პროექტი ხელოვანს, როგორც მოაზროვნეს, ესთეტიკის მრავალმხრივი პრიზმიდან განიხილავს და ამასთანავე, მონაწილეთა ინდივიდუალურ ხედვებს, სუბიექტურ ესთეტიკას წარმოადგენს.
შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გამოფენა ონლაინფორმატით ჩატარდება. ის განთავსებულია რიჩარტ ვიზუალის ვებგვერდზე – www.reachartvisual.com. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.