fbpx

“სისხლის უანგარო დონორები”, ანუ როგორ გავხდეთ სუპერგმირი


გააზიარე სტატია


„სისხლის უანგარო დონორების” სოციალური პროექტი 2017 წელს ორმა მეგობარმა წამოიწყო – მელანო დურმიშიძემ და გიორგი ექსეულიძემ.   და დღემდე აქტიურად განაგრძობენ ადამიანების დახმარებას. ცოტა ხნის წინ მათ საკუთარი ლოგოც შექმნეს, რომელსაც ამშვენებს დიზაინერ ანუკა მურვანიძის ნახატი.

ამ ნახატის იდეა კი არის ის, რომ ერთი სისხლის დონაციით სამი ადამიანის გადარჩენაა შესაძლებელი. 

პროექტის მთავარი მიზანი ადამიანების მიერ უანგაროდ გაცემული სისხლის შეგროვებაა, ამისთვის კი შექმნილია დონორების ბაზა, რომ კრიტიკულ მომენტებში სწრაფად მოხდეს რეაგირება. 

ეს სოციალური პროექტი ფეისბუქგვერდის (https://facebook.com/uangarodonorebi)  საშუალებით ორ მხარეს, გამცემსა და მიმღებს, ერთმანეთთან აკავშირებს, ამასთან, საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას აწვდის და ამაღლებს ცნობიერებას იმის შესახებ, რომ სისხლის გაცემა არანაირ ზიანს არ აყენებს ადამიანს. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ პროცესით, რომელიც ჩვენთვის უმტკივნეულო და ძალიან მარტივია, სხვისი სიცოცხლის გადარჩენა შეგვძილია, რაც უპირობოდ გმირობის ტოლფასია. 

ვესაუბრებით მელანო დურმიშიძეს და გიორგი ექსეულიძეს:

მოგვიყევით, როგორ გაჩნდა ასეთი სოციალური პროექტის იდეა?

სოციალურ ქსელში ერთხელ მაინც შეგვხვედრია სტატუსი, რომ ვიღაცას სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლი, მაგრამ უბრალოდ გაგვიგრძელებია “სქროლვა”. სამწუხაროდ, ხშირად ვერ აღვიქვამთ, რომ სხვისი სიცოცხლის გადარჩენა ჩვენც შეგვიძლია. პირველად ასე აღმოვჩნდით სისხლის დონორები და მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ იმის გამო, რომ საჭირო რაოდენობის სისხლი ვერ იშოვეს. თითოეულ მათგანს ვუყურებთ ისე, როგორც ვიღაცისთვის საყვარელ ადამიანს – დედას, მამას, შეყვარებულს, ბებიას, ბაბუას ან მეგობარს. 

ხშირად დონაციაზე უარის თქმის მიზეზი საზოგადოებაში არსებული  მწირი ინფორმაციაა.  რა უნდა ვიცოდეთ პოტენციურმა დონორებმა სისხლის ჩაბარებამდე? 

იმისათვის, რომ შეძლოთ სისხლის დონაცია, პირველ რიგში, უნდა იყოთ 18-დან 60 წლამდე და 50 კგ-ზე მეტი; არ უნდა გქონდეთ გადატანილი ჰეპატიტი B, ჰეპატიტი C, აივ ინფექცია/შიდსი და სიფილისი, არ უნდა გქონდეთ კანის ანთებითი დაავადებები (მაგ.,  ფსორიაზი, ეგზემა).

  • ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ უნდა გქონდეთ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია ან გაკეთებული ცოფის საწინააღმდეგო აცრა;
  • ბოლო 6 თვის განმავლობაში არ უნდა იყოთ ორსულად ან / და გქონდეთ გაკეთებული აბორტი;
  • ბოლო 4 თვის განმავლობაში არ უნდა გქონდეთ გაკეთებული ტატუ და პირსინგი;
  • ბოლო 3 თვის განმავლობაში არ უნდა გქონდეთ ჩატარებული სტომატოლოგიური ქირურგიული მანიპულაციები;
  • სისხლის დონაციის დღეს თავს აუცილებლად უნდა გრძნობდეთ კარგად, უნდა იყოთ ნასაუზმევი და ჩაბარებამდე მიიღოთ 0.5 ლ-მდე უალკოჰოლო სითხე.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი სისხლის დონაცია და თან უანგროდ?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის მიხედვით, ადამიანების 85%-ს 75 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც სჭირდება სისხლი. სისხლის დონაცია 100%-ით უსაფრთხო, მარტივი და სწრაფი პროცესია. თქვენ მიერ ერთჯერადად გაღებული სისხლით შეიძლება, სამი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოთ. კვლევებით დამტკიცებულია, რომ სისხლის რეგულარული დონაცია ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოც არის, რადგან ამ დროს იწმინდება ორგანიზმი, სისხლში რეგულირდება რკინის დონე, რაც, თავის მხრივ, ამცირებს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის რისკს; იწმინდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ღვიძლი, პანკრეასი; დონაციის შემდეგ წარმოიქმნება სისხლის ახალი, ჯანმრთელი უჯრედები. სისხლის უანგარო დონორები კი ხდებიან ნამდვილი სუპერგმირები მათთვის, ვისაც სისხლის გადასხმა სასიცოცხლოდ სჭირდება.

 

როგორია სისხლის დონორობის თქვენეული გამოცდილება?

„დიახ, ორივე სისხლის უანგარო დონორები ვართ. ვაბარებთ საჭიროებისამებრ, როდესაც ჩვენი სისხლის ჯგუფი გახდება საჭირო, შემდეგ კი ვიცავთ დონაციებს შორის საჭირო დროის რეკომენდებულ შუალედს – 2-3 თვეს.

 

რა სირთულეებს აწყდებით ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების დროს?

 სისხლის გადასხმა,   ძირითადად, უცაბედად ხდება საჭირო.  როდესაც ჩვენ გვიკავშირდებიან ტელეფონით  ან  სოციალური ქსელის მეშვეობით,  ცხადად იგრძნობა, რამდენად დაბნეულები და სასოწარკვეთილები არიან ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც ახლობლების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. ძალიან რთულია, როდესაც იცი, რომ შენი საქმიანობის თითოეული წუთი შეიძლება სხვისი სიცოცხლისთვის გადამწყვეტი იყოს. ამ დროს ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად სწრაფად ვიპოვოთ შესაბამისი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები, რომლებიც სისხლს გაიღებენ.

 

სირთულეებს ალბათ ბევრი სიხარული აბალანსებს. გთხოვთ ამის შესახებაც მოგვიყვეთ.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში უამრავი სასიხარულო ამბავი და შეტყობინება მიგვიღია, რის გამოც 2021 წლამდე მოვედით და კიდევ უფრო დიდი შემართებით ვართ, რომ ეს პროცესი მეტ-ნაკლებად გამართულად მუშაობდეს. 

უნდა აღვნიშნოთ, რომ  ნაცნობი თუ სრულიად უცნობი ადამიანები  სისტემატურად გვეხმარებიან ინფორმაციის გავრცელებაში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა პოტენციური დონორების მოსაძიებლად. 

ერთ-ერთმა დონორმა მოგვწერა, რომ როდესაც სისხლის ბანკში მივიდა, იქ ახსენეს, რომ ჩვენი დახმარებით ბევრი უცხო ადამიანი მიდის სისხლის ჩასაბარებლად. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უმეგობრდება ჩვენს გვერდს, რეგისტრირდებიან ჩვენს ბაზაში და ერთვებიან სისხლის დონაციაში.

მათი დევიზიც ხომ ადამიანების დახმარების სურვილითაა შექმნილი: „გაიღე სისხლი უანგაროდ – გახდი სუპერგმირი“.

სხვისი სიცოცხლის გადარჩენაში მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე: https://forms.gle/5ft7vmnqzK75o77w6 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.