fbpx

“გადაჭრილი ჩრდილები” – პერფორმერ ანდრო დადიანისა და კერამიკოს სალომე გავაშელის ერთობლივი პერფორმანსი


გააზიარე სტატია

 

კორონავირუსის  რეგულაციების გამო წარმოდგენა  მხოლოდ მცირერიცხოვანი მაყურებლის  თანდასწრებით გაიმართა, ამიტომ საბოლოო მედიუმად ხელოვანებმა პერფორმანსის ვიდეოვერსია ჩაიფიქრეს. At.ge  ესაუბრა პერფორმანსის, “გადაჭრილი ჩრდილების” ავტორებს. 

 

 

პერფორმანსის ადგილი  ნამუშევრის შინაარსის მთავარი განმსაზღვრელი გახდა. სხვა ჟანრებისგან განსხვავებით, პერფორმანსი ისეთი მედიუმია, სადაც ყველა ნიუანსმა თუ არ იმუშავა,  სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.  როცა სამხატვრო აკადემიის ეზო შევარჩიეთ,   ჩავეძიეთ პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა იმ სივრცეში შექმნილიყო.  აკადემიაში სტუდენტები სწავლობენ  ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას, მაგრამ ისე ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებელს, რომ მთავარს – ელემენტარულ აკადემიურ ცოდნას ვერ იღებენ პრობლემების სახელოვნებო ენაზე თარგმნის შესახებ.  შედეგად, სახელოვნებო სივრცე  ვერ ახერხებს   გარემოსთან ადაპტაციას და უმრავლეს შემთხვევაში დეკორატიული, ლამაზი პროდუქტის შექმნით შემოიფარგლება. 

მ პრობლემას და თქვენს პერფორმანსს როგორ უკავშირებთ ერთმანეთს-მეთქი, ვკითხე სალომე გავაშელს:  გადავწყვიტეთ, აგვეგო ფიგურა, რომელიც ე. წ. „ბეზძელუშკების“ ანალოგი იქნებოდა და გაგვენადგურებინა მაყურებელთან ერთად. აკადემიაში ჩატარებული რემონტის შემდეგ  „გადაჭრილი ჩრდილები“ პირველი ღონისძიება იყო, რომელიც კურატორისა და რექტორის თანხმობით გაიმართა.  მათი მხრიდან ეს ერთგვარ  განახლების სურვილად მიგვაჩნია და  გვახარებს კიდეც.

როდესაც At.ge-მ პერფორმანსის კონცეფციაზე იკითხა, ანდრო დადიანმა გვითხრა:   “პერფორმანსის კონცეფცია განგებ არ დავწერეთ, ერთი მხრივ, ეს ნამუშევარი არის უშინაარსო ხელოვნების განადგურება, მეორე მხრივ, აქცენტი ქალთა მიმართ ძალადობაზე. ეს არის ლესბოსელ ქალებზე, რომლებიც საკუთარი იდენტობით განდევნილი არიან ჩვენი კულტურიდან; ასევე ქალებზე, რომლებსაც მასკულინურმა სამყარომ განათლებისა და პირადი ცხოვრების უფლება წაართვა.  დამსხვრეული კაბიდან გადმოსული ცომი – დაუსრულებელი პური –  ვეცადეთ, შერისხული ქალების მეტაფორად  წარმოგვედგინა”.

ქვებით ჩაქოლვის შესახებ კი სალომე გვეუბნება:  ჩვენი ინსპირაცია იაპონიაში გავრცელებული რეზინის ადამიანებია, რომლებთანაც გაბრაზებული იაპონელები მიდიან, სცემენ, აგინებენ, აფურთხებენ და აგრესიისგან იცლებიან. ანდრო თაბაშირის კაბაში იდგა და სწორედ იმ რეზინის ფიგურასავით საკუთარ თავზე იღებდა აგრესიას, რომელიც შეიძლებოდა იმ საღამოს რომელიმე იქ მყოფს პარტნიორისგან რგებოდა. ამავდროულად, ქვების სროლა თანაგანცდის, მიმესისის ფუნქციით გამოვიყენეთ, რომ ადამიანმა ნახოს, იგრძნოს  საკუთარი სასტიკი მხარე და განუდგეს მას”  

ანდრო განაგრძობს:  ბევრი ვიკამათეთ ასევე სახელის შერჩევისას და ბოლოს “გადაჭრილი ჩრდილები” დავარქვით.  – სალომე განმარტავს:  ჩრდილი ფიზიკური არსებობის ერთადერთი მეტაფიზიკური დასტურია, რომელიც მხოლოდ მაშინ გაქრება, თუ ფიზიკურს მოსპობ, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ეს სათაური მოკლულ, განდევნილ ქალებსაც მიესადაგებოდა და არასრულფასოვან სახელოვნებო პროდუქტსაც, რომლის სამომხმარებლო ფუნქცია პრიმიტიულ სილამაზემდეა დაყვანილი”.

სალომე კოლაბორაციის შესახებ  გვეუბნება:  მე და ანდრომ პირველად ვიმუშავეთ ერთად და ეს პროექტი მნიშვნელოვანია ჩემთვის იმ თვალსაზრისით, რომ აქამდე LGBTQ ადამიანების პრობლემებთან არ მქონია შეხება; ასევე ახალი იყო ჩემთვის პერფორმანსი, როგორც  მედიუმი. ანდრო დადიანი ამატებს:  “გადაჭრილ ჩრდილებზე” მუშაობამ ახალი შესაძლებლობები აღმომაჩენინა მეც, მაგალითად, გამათამამა ფიგურასთან (ამის შემდეგ გავაკეთე 2.50 სმ-იანი ნიჩურტის ძეგლი); ასევე სალომემ მომცა ამ პერფორმანსის კონცეფციაში ჩაღრმავების საშუალება, როგორც ქალმა და როგორც აკადემიის კურსდამთავრებულმა; რაც მთავარია, მომავალში უფრო დიდ ჯგუფთან კოლაბორაციის სურვილი გაგვიჩნდა და უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა”

შემოქმედებითი ჯგუფის შესახებ ისინი ამბობენ: პერფორმანსზე მუშაობისას ბევრი ადამიანი გვეხმარებოდა და თითოეული მათგანის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დიდ მადლობას ვუხდით მათ ამ პირობებში ასეთი უანგარო შრომისთვის.

  • კურატორი: ნინო გუჯაბიძე
  • ვიდეო: 17/07 Productions
  • კამერა: ნიკა ოქიტაშვილი, ინა ნერსესიანი
  • ონტაჟი: ნანკა ვინგსი
  • განათება: Hitori O.G.
  • ფერი: სანდრო ქერაული
  • ხმა: ნანდორ ბუდაი, დავით ხორბალაძე
  • ტექნიკური უზრუნველყოფა: გიორგი ურიდია, ბორენა ნაჭყებია 

პერფორმანსი გაიმართა 2020 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის ეზოში, “თანასწორობის მოძრაობის” ფინანსური მხარდაჭერით.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.