fbpx

სილამაზის სტანდარტები და მათი ცვლილება ეპოქების კვალდაკვალ


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

დრო ბევრ რამეს ცვლის – ცხოვრების წესს, გემოვნებას, მოდას და მათ შორის – სილამაზის სტანდარტებს. სილამაზის განსაზღვრება უკვე დიდი ხანია გასცდა “ვოგის” გარეკანზე გამოსახულ მოდელებსა და ჰოლივუდის ვარსკვლავებს და მისი დეფინიცია დღეს ინკლუზიასთან ასოცირდება. 

ქალის იდეალური სხეულის ყველაზე ადრეული ნიმუში პალეოლითის ხანაში შექმნილი ნაყოფიერების ღვთაების ფიგურებია. ვილენდორფის ვენერა დღევანდელ საზოგადოებაში მიღებულ სილამაზის ტრადიციულ განმარტებას ნაკლებად შეესაბამება, იმდროინდელი ადამიანისთვის კი  ნაყოფიერებისა და გამრავლების სიმბოლოს წარმოადგენდა. 

ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით, სკულპტურაში სხეულის უტრირებული დეტალები, მრგვალი და მსხლის ფორმის გამოყენება იმაზე მიუთითებს, რომ შემოქმედის მიზანი არა რეალური ადამიანის შინაარსობრივი პორტრეტის, არამედ ისეთი მოდელის შექმნა იყო, რომელიც ქალის ფიზიოლოგიური აგებულების ყველაზე მიმზიდველ ნაწილებზე ამახვილებდა ყურადღებას.

ძველ საბერძნეთში განსაკუთრებით მიმზიდველად ფართო თეძოები, პატარა მკერდი და სავსე მუცელი ითვლებოდა. რომელია მშვენიერების ქალღმერთზე – აფროდიტეზე იდეალური ქალის თვალსაჩინო მაგალითი? აფროდიტე ფიზიკური სრულყოფილების განსახიერებაა. აღსანიშნავია, რომ ბერძნებისთვის სილამაზის სტანდარტი მათემატიკურ ფორმულას ეფუძნებოდა, რომლის მიხედვითაც ლამაზი სახე სიმაღლეში 3 ტოლ ნაწილად იყოფა, ბაგეების ზომა კი ნესტოების კიდეებს უნდა ემთხვეოდეს. 

საინტერესოა, რომ სილამაზის ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიარებულ სოფი ლორენს კარიერის დასაწყისში ურჩევნენ, პლასტიკური ქირურგიისთვის მიემართა. ჰოლივუდში ლორენის სახის ნაკვთები არ მოსწონდათ, განსაკუთრებით კი მისი დიდი ბაგეები. თუ ჰოლივუდის სტანდარტებშიც არ ჯდებოდა სოფი ლორენის გარეგნობა, ადვილი წარმოსადგენია, რამდენად მიუღებელი იქნებოდა ის ძველი ბერძნებისთვის. 

ქრისტიანული კულტურის გავრცელებასთან ერთად, რადიკალურად შეიცვალა სხეულის სტანდარტებისადმი დამოკიდებულება, რამაც მოდის ცვლილება გამოიწვია. გოთური ხანის ტანისამოსში ჭარბობდა ვერტიკალური ხაზი, რომელიც გოთურ არქიტექტურას ასახავდა. მაღალი თავსაბურავი ლოგიკურად ასრულებდა იმ პერიოდის ქალის იმიჯს. რენესანსის ეპოქაში კი კვლავ აღორძინდა სხეულის ანტიკური იდეალი, რომელიც ქალის სავსე ფორმების იდეალიზაციას გულისხმობდა.

მნიშვნელოვანი ცვლილებები სილამაზის სტანდარტში საფრანგეთის სამეფო კარზე დამკვიდრდა. ამ ცვლილებებს განაპირობებდა მეფეების ფავორიტი ქალების ინსტიტუტი, რომელთაგან თითოეული თავის  ნორმებს აწესებდა, ხშირად კი საკუთარი სხეულის ნაკლის დასაფარავად. ზოგჯერ მათი ექსპერიმენტები უკიდურესობამდეც მიდიოდა. 

ამის ნათელი მაგალითია როკოკოს ეპოქის ვარცხნილობა, რომელიც უამრავი პაროდიის საფუძველი გახდა. უზომოდ მაღალი ვარცხნილობა ბუნებრივი თმის, პარიკების, თასმების, სავარცხლების, მაქმანების, ყვავილების რთულ კონსტრუქციას წარმოადგენდა, რომლის შექმნა რამდენიმე საათიან შრომას მოითხოვდა. 

მე-18 საუკუნის დიდგვაროვანი ქალი თავის მემუარებში აღწერს: “ვერსალის წვეულებისთვის პირველად ვცადე გამეკეთებინა მოდური, მაგრამ არაკომფორტული ვარცხნილობა: წყლით სავსე ბოთლებში ცოცხალი ყვავილები იყო ჩადებული, ფერადოვანი და სურნელოვანი ნატურმორტი ფითქინა თეთრი პუდრის ფონზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებდა”.  მაგრამ ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილება ქალების დიდი ტანჯვის შედეგი იყო, რომელიც უძილო ღამეებს, ტკივილს და დიდ დისკომფორტს გულისხმობდა და ხანდახან ფატალური შედეგითაც კი სრულდებოდა. 

აღნიშნული ვარცხნილობა  არაჰიგიენურიც იყო, რადგან მისი ფიქსაციისთვის იყენებდნენ სხვადასხვაგვარ ცხიმებს, რის შედეგადაც ვარცხნილობა მწერების და ზოგჯერ მღრღნელების თავშესაფარიც კი ხდებოდა, ცხიმის უსიამოვნო სუნის გადაფარვას კი ქალები სუნამოებით ცდილობდნენ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიქტორიანულ ეპოქაში იმდენად მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდის სილამაზის სტანდარტებზე მორგება, რომ ქალები  მზად იყვნენ საკუთარი ჯანმრთელობაც კი გაეღოთ მსხვერპლად. თხელი სხეულის გამოსაჩენად, ისინი იმდენად მჭიდრო კორსეტებს ატარებდნენ, რომ ხშირად სუნთქვის უკმარისობისგან გული მისდიოდათ, თუმცა განსაკუთრებულ საფრთხეს კოსმეტიკის შემადგენლობა ქმნიდა, რომელიც ძირითადად მომწამვლელ ნივთიერებებს შეიცავდა. 

მეოცე საუკუნის დასაწყისი გარდამტეხი იყო სილამაზის ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში. ყველაზე დიდი სითამამით პარიზელი ქალები გამოირჩეოდნენ, რომლებმაც გაამარტივეს სილუეტი და დაიმოკლეს თმა.

 

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ცნობილი მხატვრის, რენუარის ვაჟის – ჟან რენუარის მოგონება, რომელიც იხსენებს: “ჰოსპიტალში ყოფნის დროს მსახიობი ვერა სერჟინა მესტუმრა, მას ჰქონდა ძალიან მოკლედ შეჭრილი თმა და მუხლებამდე ქვედაბოლო ეცვა. ახალმა, მანამდე უცნობმა იმიჯმა გამაოცა, რადგან ქალის მშვენიერება ყოველთვის გრძელ თმასთან იყო ასოცირებული და უეცრად ახალი ევა წარდგა ჩემ წინაშე. რამდენიმე თვეში ის გათავისუფლდა მამაკაცზე დამოკიდებულების სიმბოლოებისგან, რაც მათ ჩვენს თანასწორს ხდიდა. საკმარისი გახდა მაკრატლის რამდენიმე მოძრაობა,  რომ დანგრეულიყო სოციალური სტრუქტურა, რომელსაც მამაკაცები ათასწლეულები აშენებდნენ”. 

მეოცე საუკუნის 50-იანი წლებისთვის მოდის სამყაროში ვითარება კიდევ უფრო შეიცვალა, როდესაც სილამაზის პროდუქტები ყველა კლასის წარმომადგენლისთვის ხელმისაწვდომი გახდა. 50-იანი წლები ე.წ.  “ქვიშის საათის” ფიგურის ახალ ტრენდად ჩამოყალიბების პერიოდად იქცა, რამაც კორსეტების ხელახალი რეპროდუქცია გამოიწვია. 

მიუხედავად ამისა, “პლუს ზომა” 50-იანი წლების სილამაზის ნორმებს მაინც არ ერგებოდა, რადგანაც ქალებს წვრილი მკლავები, ფეხები, წელი და ამავდროულად, დიდი მკერდი და მრგვალი თეძოები სურდათ. თუმცა, დღევანდელი სტანდარტებითაც კი, 50-იანი წლების ქალები საკმაოდ სავსედ ითვლებიან. 

80-იანი წლების მიწურულს ე.წ. “სუპერმოდელების” ეპოქა დაიწყო, როდესაც ქალები განსაკუთრებით მაღლები, გამხდრები და ათლეტურები იყვნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ქალებზე, მსახიობებზე თუ სილამაზის სხვადასხვა ტრენდებზე გაცილებით დიდი გავლენა სწორედ მოდელებს ჰქონდათ. 

90-იან წლებში ბრიტანელი მოდელის, ქეით მოსის გამოჩენამ მისი არასტანდარტული გარეგნობითა და მოდელისთვის არადამახასიათებელი აღნაგობით კიდევ ერთხელ შეცვალა სილამაზის ნორმები, რომელიც დღეს უკვე განსხვავებული კანის ფერის, წონის და სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს აერთიანებს.

21-ე საუკუნის დასაწყისიდან სილამაზის სრულიად ახალი სტანდარტები დამკვიდრდა, მოდური გახდა “სხეულის ინდივიდუალური ხასიათი”. სოციალური მედიის განვითარებამ მნიშვნელოვანი ძვრები მოახდინა მოდის ინდუსტრიაში და ხელი შეუწყო მრავალფეროვანი სხეულის ტიპის ტრენდის დანერგვას, რომელიც სილამაზის დოგმატურ ჩარჩოებს მკაცრად ეწინააღმდეგება. 

ქალებმა თამამად დაიწყეს ბრძოლა იმ წესების წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა ეპოქამ დააწესა ისტორიის განმავლობაში, სტერეოტიპები კი ინდივიდუალიზმმა შეცვალა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.