fbpx

ძველი ქართული ფარდაგების ახალი სიცოცხლე – Dodo Designs


გააზიარე სტატია

 

სხვადასხვა პროექტზე მუშაობისას მივხვდი, რომ უკვე დრო იყო საკუთარი კომპანია შემექმნა, რისთვისაც ძალიან მჭირდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც პროექტების მენეჯმენტზე იმუშავებდა,  ასევე სურვილი გამიჩნდა, გამეკეთებინა სხვადასხვა პროდუქტის დიზაინი. ამ ფიქრებში ვიყავი, როცა თაკომ გადაწყვიტა, საკუთარი თავი სხვა სამსახურში გამოეცადა… ასე რომ, ვფიქრობ, ორივესთვის ყველაზე კარგი კომბინაცია გამოვიდოდა – ჩემი კრეატივი და მისი მენეჯერული ცოდნა და გამოცდილება. მასზე მეტად, ცხადია, ვერავინ ჩადებდა გულს ჩემს პროექტებში და  გარდა ამისა, იმ  ურთიერთობის დანაკლისი, რაც სხვადასხვა სამსახურმა დაგვიტოვა თავის დროზე, ახლა უკვე შეივსებოდა. ასე შეიქმნა სტუდია DODO Designs, რომელიც მალე ორი წლის გახდება და ჩვენი მთავარი საერთო  მიზანი – შეგვექმნა საკუთარი პროდუქტი – უკვე განხორციელდა და იმედი გვაქვს,  მალე შევძლებთ ახალი ნამუშევრების დამატებას.  – ამბობს დოდო ჩხეიძე, დიზაინერი.

ძველი ქართული ფარდაგების ახალი სიცოცხლე – Dodo Designs

DoDo Designs – ამ სახელით საქართველოში შექმნილი ნებისმიერი რამ, იქნება ეს ინტერიერი, მისი პროდუქტი, გარე ვიტრინა თუ დეკორაცია, იმის გარანტიაა, რომ  რაღაც განსაკუთრებულად ლამაზი, გამორჩეული, ხარისხიანი, ორიგინალური და თვალშისაცემი გამოჩნდა.

კომპანიის დამფუძნებლები დები – დოდო და თაკო ჩხეიძეები არიან. დოდოშკას at.ge მკითხველი კარგად იცნობს, როგორც კინოს და რეკლამების მხატვარს, ინტერიერის დიზაინერს, თაკო კი ამ სფეროში ახლახან ჩაერთო, თუმცა პირველივე პროექტიდან წარმატება თან სდევს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია,  ერთ წელზე მეტია, რაც  არსებობს, მისი ხელწერა ქალაქს არაერთხელ დაეტყო: ყვავილების გასაყიდი პავილიონები ორბელიანზე, მრგვალ ბაღში “ლიბერთი ბანკისთვის” ახალ წელს გამონათებული დიდი მთვარე თუ  ბანკის სათავო ოფისის ნეონური განათება, m2-სთვის გაკეთებული საახალწლო დეკორაცია შევჩენკოს სკვერში, “გალერია თბილისის” ვიტრინისთვის შექმნილი განათებული გული და კიდევ არაერთი პროექტი. ამჯერად კი დებმა  საკუთარი სახელით ქართული ფარდაგების ლიმიტირებული კოლექცია გამოუშევს.

At.ge დოდოშკა ჩხეიძეს DoDo Designs-ის ახალ წამოწყებაზე ესაუბრა.

At.ge: დოდო, გვიამბეთ თქვენი ფარდაგების შესახებ, რომელსაც, როგორც ვიცი, გამოშვებიდან უკვე რამდენიმე დღეში გამოუჩნდა მფლობელები.

დოდოშკა: ერთი თვის წინ  მე და თაკომ მთავარი ჩანაფიქრი განვახორციელეთ,  შევქმენით პროდუქტი ჩვენივე დიზაინით.

TBC-ის და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტის, “ქართული ქსოვილის”  პირველი ეტაპისთვის გავაკეთეთ 4  ხელით ნაქსოვი ფარდაგი, რომელშიც გამოყენებულია უძველესი ქართული ქსოვილების პატერნები. ისინი ორწლიანი კვლევის შემდეგ მხატვრებმა 200-მდე ფრესკიდან გადმოიტანეს და შემდეგ ციფრულ ვერსიებად აქციეს. იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია, დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ და ავარჩიეთ ჩვენთვის საინტერესო ორნამენტები, რომლებიც ახალგაზრდა ხელოვანების, სალომე ჯოხაძის და ანასტასია ახვლედიანის ნახატებთან ერთად ჩვენს შექმნილ კომპოზიციებში გადავიტანეთ.

At.ge: როგორი იყო თავად შექმნის პროცესი?

დოდოშკა: საკმაოდ ბევრი ძიების შემდეგ აღმოვაჩინეთ ადამიანები, რომლებსაც ფარდაგის ქსოვის ცოდნა და გამოცდილება ჰქონდათ, თუმცა ჩვენი არატრადიციული დიზაინის გამო რამდენიმემ თავი შეიკავა თანამშრომლობისგან. სახელოსნოების მოძიებაში ძალიან დაგვეხმარა საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია  და ასე დავიწყეთ თანამშრომლობა ორ სახელოსნოსთან – “ფესვები” და “მზემოე”. 

ახლა უკვე, როდესაც პროდუქტი მზად არის და მომხმარებლის ინტერესიც დავინახეთ, ძიება გავაგრძელეთ და შევხვდით ადამიანებს, რომლებმაც ფარდაგების ქსოვა იციან,  თუმცა ამ საქმიანობას  დიდი ხანია აღარ ეწევიან და ჩვენი პროექტის გაცნობის შემდეგ  სურვილი გაუჩნდათ დაჰბრუნებოდნენ ქსოვას. 

იმის გამო, რომ ფარდაგები ხელით იქსოვება, ძაფებს ჩვენი მიწოდებული ნიმუშების მიხედვით გვიღებავენ და ესკიზების დამუშავებაც დროს მოითხოვს, თითო ნამუშევარს დაახლოებით სამი თვე სჭირდება, შესაბამისად, ბევრ ადამიანთან გვექნება თანამშრომლობა და ეტაპობრივად დავამატებთ ახალ პროდუქტსაც. 

ეს რაც შეეხება ხელობას, ხოლო ვიზუალურად  ასე განხორციელდა: სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები (ამ შემთხვევაში სალომე ჯოხაძის და ანასტასია ახვლედიანის) და ქართული ქსოვილების პატერნები გავაერთიანე და  გამოვიყენე ჩემს კომპოზიციებში, რომელიც მერე ფარდაგში გადავიტანეთ.

ასე რომ, უკვე დაწყებული გვაქვს და სამომავლოდ აუცილებლად და დიდი სიამოვნებით გამოვიყენებთ სხვადასხვა ხელოვანების ნამუშევრებს ჩვენს კომპოზიციებში. ეს, ვფიქრობ, კიდევ უფრო საინტერესოს და ღირებულს ხდის  პროდუქტს.

At.ge: ეს ლიმიტირებული კოლექცია იყო თუ კიდევ ვიხილავთ ახალ ფარდაგებს?

დოდოშკა: სამომავლოდ, ვფიქრობთ, მუდმივად განვაახლებთ ფარდაგებს, რომლებიც მხოლოდ თითო ეგზემპლარად მოიქსოვება და ანალოგი არცერთ დიზაინს არ ექნება, ისევე როგორც იმ  ოთხ ცალს, რომლებიც უკვე მზადაა.  გარდა ამისა, ვიწყებთ სხვა ქართული ტრადიციული პროდუქტის ჩვენი დიზანით შექმნას და ვაპირებთ, დავამზადოთ ავეჯიც.

ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ საზღვარგარეთაც გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია და, ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო საინტერესო და სასიხარულო იქნება ყველასთვის, ვინც ამ პროექტში მიიღებს მონაწილეობას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.