fbpx

ეს ქართული ბრენდები გარემოს სხვებზე მეტად უფრთხილდებიან


გააზიარე სტატია
ავტორი: ჯოზეფ ლალიაშვილი

 

თანამედროვე მოდაში სულ უფრო აქტუალურია  ეკოლოგიურად სუფთა მასალით შექმნილი პროდუქტი, რომელიც გარემოსაც ნაკლებად აზიანებს. 

მეტიც, დიზაინერები ხშირად არა ახალ, არამედ მეორად მასალებს,  ე.წ. ნარჩენებს იყენებენ,  რათა ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთებს ახალი სიცოცხლე აჩუქონ და გარემოს კი მოსალოდნელი დაბინძურება აარიდონ. 

კარგია, რომ მსგავსი დადებითი  პრაქტიკა უკვე საქართველოშიც არსებობს.

ამ სტატიაში რამდენიმე ქართულ ბრენდს  ჩამოგითვლით, რომლებიც თავიანთი  საქმიანობით გარემოს უფრთხილდებიან,  სანაცვლოდ კი საკუთარ კრეატიულ იდეებთან კომპრომისზე წასვლა  სულაც არ უწევთ. 

 

უსული 

“უსულის” შექმნის  იდეა დაახლოებით ერთი თვის წინ, კორონავირუსის პანდემიის ფონზე გაჩნდა, როდესაც იდეის ავტორებმა ერთბაშად  ახალი, საინტერესო პროდუქტის შექმნა და გარემოზე ზრუნვა გადაწყვიტეს. 

“იდეა 2020 წლის თებერვალში დაიბადა, როდესაც გავაცნობიერეთ, რომ ჩვენს მეგობარ დიზაინერებს დიდი რაოდენობით ნაჭრები და ტყავები დაუგროვდათ გადასაყრელად. 

ბევრი ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ამ ნარჩენებისგან და ბოლოს ფეხსაცმელების შეკერვა გადავწყვიტეთ. 

საქმიანობა პანდემიის პერიოდში დავიწყეთ. პანდემიის გავრცელება „უსულზე“ დადებითადაც  კი  აისახა, რადგან იდეის დასახვეწად მეტი დრო გვქონდა. ინტერნეტით გაყიდვამაც კი გაამართლა – სავაჭრო ობიექტების დაკეტვის შემდეგ საზოგადოება ვაჭრობისთვის სოციალურ მედიას ძალიან აქტიურად იყენებს, რაც ჩვენი სტარტაპისთვის ხელსაყრელია.

 

 

Plasticwatcher

ეკა ასათიანი  საკუთარ თავს არტისტს არ უწოდებს, თუმცა, მისი იდეებითა და შემოქმედებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ  თითოეულ მკითხველს აღფრთოვანებულს დატოვებს. 

მეტიც, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მისთვის შეიძლება პოლიეთილენის  შეგროვებაზეც კი დაფიქრდეთ

უკვე 2 წელია, რაც ეკა ამ პროექტზე საკუთარ გუნდთან ერთად მუშაობს.

“Plasticwatcher ნივთებზე სულ ვფიქრობ – ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში. შემდეგ ფიქრებს ვიწერ და ვცდილობ, ჩემს გუნდს გავუზიარო. მათ, ვინც ამ ნივთების გაცოცხლებაზე ჩემთან ერთად მუშაობს“.

ხელოვანი, რომელიც გარემოში მიმოფანტულ პლასტიკურ ნარჩენებს აგროვებს და შემდეგ ამ საინტერესო პროდუქტს ქმნის, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე ბრაზდება, რომლებიც ბუნებას აბინძურებენ. 

 

Giorgi Wazowski

Giorgi Wazowski-ს სახელი 2011 წლიდან არაერთ  წარმატებულ ქართულ პროექტს უკავშირდება.  

ის 10 წელზე მეტია ქართული მოდის ბიზნესში მოღვაწეობს – გამორჩეულად საინტერესო კი მისი პირადი კოლექციაა, რომლის პრეზენტაციაც 2019 წელს სასტუმრო “სტამბაში” გაიმართა. 

კოლექცია ვერცხლისა და ტყავის სხვადასხვა ნაკეთობებსა და რაც მთავარია, 100%-იან შალის ქუდებს, LAZARE-ს აერთიანებს. 

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას  პანკისში, უძველესი ქართული ტრადიციისამებრ, ხელით ამზადებენ. 

 

Giovanni Morra

“ქართული თემატიკა ჩემთვის ძალიან ახლო და მნიშვნელოვანია. ამიტომაც, შემოთავაზებისთანავე დიდი სიხარულით ჩავერთე თიბისისა და ხელოვნების მუზეუმის ერთობლივ პროექტში – „ქართული ქსოვილი“, რომლის ფარგლებში ისტორიული მემკვიდრეობა ჩემი ბრენდის ხასიათში გავაცოცხლე“, – წერს მორა საკუთარ ვლოგში, რომელიც მის ახალ პროექტს ეძღვნება. 

მართლაც, ბრენდმა მოახერხა და ისტორიული ქართული ქსოვილების ხასიათის შენარჩუნებით, საკუთარი მახასიათებლების ხაზგასმითა და კრეატიული მიდგომით სრულიად ახალი, უნიკალური პროდუქტი შექმნა. 

„ირმის ნახტომი“, „ცეცხლოვანი როჭო“, „ლეგა მაგნოლია“ – ამ და სხვა საინტერესო ქსოვილებისაგან დამზადებულ ჩანთებს, შარფებსა და სხვა აქსესუარებს ჯოვანი მორას ახალ კოლექციაში იხილავთ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.