ბავშვობის უდარდელობის წარმავლობა ნან გოლდინის ფოტოგრაფიაში
ავტორი: სოფია ცინცაძე
ღრმა და გულწრფელი პორტრეტებით ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის, ნან გოლდინის ნამუშევრების უკან ყოველთვის უდიდესი თანაგრძნობა და სიყვარული დგას, რადგანაც, როგორც ამბობს „მას არ შეუძლია გადაუღოს ადამიანს, რომელზეც ფიქრობს, რომ მახინჯია, ან სულიერად აწუხებს. ის იღებს მხოლოდ სიყვარულით და სურვილით იმისა, რომ ვინმეს შეეხოს“ – სხვა ადამიანის სხეულში ყოფნის შეგრძნების და მისგან გამოწვეული წინაღობების გადალახვის მცდელობა გოლდინის ფოტოგრაფიის მთავარი ინსპირაციაა.
მისი ადრეული ნამუშევრები ავტობიოგრაფიული ხასიათის მატარებელია, რომლებიც აღბეჭდავენ გოლდინის და მასთან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანების, ძირითადად LGBTQ და ჰეროინზე დამოკიდებული სუბკულტურის საზოგადოებას. გოლდინი თავის ისტორიას არა ტრივიალური პოზიტივიმით, არამედ შეულამაზებელი ემოციებით, თითქმის მახინჯი სინამდვილითა და გურწრფელობით გადმოსცემს. ეს ემოციური სიმახინჯე კი გოლდინის და თავისი ცხოვრების გზაზე შემხვედრ ადამიანთა ისტორიების სინთეზის, უპირობო სიყვარულისა და მათი დაკარგვის გარდაუვალი შიშისაგანაა შექმნილი.
გოლდინი დაინტერესდა, თუ რატომ არ გვახსოვს არაფერი ჩვენი ბავშვობის ადრეული წლებიდან – სანამ 3-4 წლის ასაკამდე მივალთ. ამ ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე დაიწყო ბავშვების გადაღება – ნათლულების თუ მეგობრების შვილების, რომლებიც მის თვალწინ გაიზარდნენ. თავად გოლდინის ბავშვობა კი საკმაოდ რთული იყო – „მე აღარ მახსოვს, როგორი შეგრძნებაა იყო ბავშვი, მათი გადაღება კი ჩემში მოგონებებს იწვევს“.
გოლდინი ხშირად მოიხსენიებს ბავშვებს, როგორც უცხოპლანეტელებს, რომლებსაც აქვთ უნიკალური სიბრძნე და კავშირი სხვა სამყაროსთან. ადამიანებს თავიანთი ცხოვრების პირველი წლებიდან არაფერი ახსოვთ, რადგანაც როდესაც იზრდებიან, ისინი უფრო და უფრო ეგუებიან მოზრდილთა სამყაროს მოლოდინებს, ეზიარებიან წესებს, ნორმებსა თუ დოგმებს,რაც, თავისმხრივ, ამ სიბრძნის დავიწყებას ნიშნავს.
ბავშვები მას თავის პირველ მუზებს – დრაგ ქუიენბს – მოაგონებენ, რადგანაც მათ აერთიანებთ გულუბრყვილობის და ნაივურობის საერთო თვისებები. ასევე, ისინი ხშირად გარდამქნიან საკუთარ თავებს და იცვლიან წარმოდგენებს სამყაროს შესახებ.
ყოვლისმომცველი, სრულყოფილი სიხარულით და ბედნიერებით გაჟღენთილი ფოტოების სერია გადმოსცემს ბავშვობის უდარდელობას და საამურ წარმავლობას. ნან გოლდინის თქმით, ამ ფოტოთაგან არცერთი არ არის დადგმული, არამედ თითოეული მათგანი სრულიად ავთენტური და ბუნებრივია, რადგანაც, როგორც თავად ნან გოლდინი ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, ბავშვები მასზე გაცილებით უფრო დიდი წარმოსახვის უნარით არიან დაჯილდოვებულნი.