fbpx

ლონდონში ელენე ჩანტლაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ელენე ფასური

ფოტოები: რობერტ გლოვაცკი –  გალერეა Modern Art, London და გალერეა LC Queisser, თბილისი

 

ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გალერეაში, Modern Art-ში ქართველი არტისტის, ელენე ჩანტლაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. წყალტუბოში მცხოვრები მხატვრისათვის ეს პირველი გამოფენაა დიდ ბრიტანეთში.

გალერეა Modern Art 1998 წლიდან არსებობს და თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენლებს –  რიჩარდ ტატლის, მარკ ფლადის, სანია კანტაროვსკის, ფორესტ ბესის და სხვებს წარადგენს. 

“სწრაფი და აბსტრაქტული, ზოგჯერ კონსტრუირებული, არც მეტი, არც ნაკლები,  მხოლოდ სამი წერტილით წრეში – ჩანტლაძის სახეები სავსეა ექსპრესიით და კომპლექსურობით. – ვკითხულობთ  გამოფენის პრესრელიზში. – ჩანტლაძის შექმნილი სცენების ინტერპრეტირება ბევრნაირად შეიძლება. ერთი მხრივ, თითქოს ისინი ითხოვენ ნარატიულობას, ნაცნობსა და აღქმადში საკუთარი თავის ჩასმას, მაგრამ, მეორე მხრივ, მყისიერი შთამბეჭდილების მიღმა, ეს ბუნდოვანი სცენები, იმდენადვე ამოუხსნელია და ისეთივე  მიუწვდომელ, მუდმივ  ენიგმად რჩება, როგორც ავტორის პირადი ფიქრები და გამოცდილებები“.

ელენე ჩანტლაძემ ხატვა 50 წლის ასაკში დაიწყო, მანამდე კი შემთხვევითი საგნების ზედაპირებზე –   ნაფოტებზე, ქვებზე, სამედიცინო დოკუმენტებსა თუ მუყაოს ნაგლეჯებზე ქმნიდა სახვით ობიექტებს. უსახსრობის გამო  ნებისმიერ ხელმისაწვდომ მასალას  იყენებდა. 

ნივთები თუ პერსონაჟები ჩანტლაძის ნამუშევრებში ხშირად უწყვეტი ხაზებით ერწყმიან ერთმანეთს და გვევლინებიან დინამიკურ, ერთიან გამოსახულებად, რომელიც ჰაეროვანი, მაგრამ ამავდროულად,  დამიწებული და ადამიანურია. ისინი გვაჩვენებენ ფრაგმენტებს პირადი ბიოგრაფიიდან, კომენტარებს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, პოეტურ კომპოზიციებსა თუ ძალიან ინტიმურ, მოუხელთებელ განცდებს.  

ელენე ჩანტლაძის პირველი პერსონალური გამოფენა “ნექტარში“ გაიმართა, მას შემდეგ, რაც არტისტი  ხელოვანმა და კურატორმა, „ნექტარის“ მფლობელმა, ნინო სეხნიაშვილმა  აღმოაჩინა.  სწორედ აქ შეიძინა მისმა შემოქმედებამ თანამედროვე ხელოვნების კონტექსტიც. 2020 წელს ჩანტლაძის შემოქმედებას გალერეა LC Queisser-მა უმასპინძლა, თბილისში მცხოვრები გერმანელი გალერისტის, ლიზა ოფერმანის კურატორობით. ჩანტლაძის  ნამუშევრები რამდენჯერმე გამოიფინა საქართველოს საზღვრებს გარეთაც, სტოკჰოლმსა და ბაზელში. 

ლონდონელი დამთვალიერებლის წინაშე კი მხატვრის ძველი და ახალი ნამუშევრები 28 იანვარიდან  27 მარტის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.  როგორც გალერეამ განაცხადა, ექსპოზიციის მიზანი ნამუშევრების ისეთი სელექციის წარდგენა იყო, რომლებიც ყველაზე სიღრმისეულად ახდენს ჩანტლაძის მრავალმხრივი ტექნიკის, მასალების კვლევისა და მუშაობის ფართო დიაპაზონის დემონსტრირებას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.