fbpx

საქართველოს გესთჰაუსები და კოტეჯები გამორჩეული მდებარეობით


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

ხშირად გვსმენია, რომ საქართველოში მოგზაურობა განსაკუთრებული თავგადასავალია – ლამაზი ბუნება, ტრადიციები, სამზარეულო და რაც მთავარია – სტუმართმოყვარე მასპინძლები. ეს ყველაფერი  კარგად რომ შეიგრძნოთ, უმჯობესია, არა დიდ სასტუმროებს, არამედ კოტეჯებს და გესთჰაუსებს ეწვიოთ. სწორედ ამიტომ იქცა ამგვარი ადგილები  უცხოელი ტურისტებისათვის მიმზიდველად – ბუნებრივ სილამაზესთან ერთად ისინი საქართველოს  კულტურულ ფენომენს უკეთ შეიცნობენ. 

პანდემიის გამო დასვენებისა და მოგზაურობისათვის მეტად ხელსაყრელ საშუალებად შიდა ტურიზმი იქცა. ამას არაერთი დადებითი ფაქტორი ახლავს თან – უამრავმა ადამიანმა თავიდან აღმოაჩინა და გაიცნო საქართველო. იმისათვის, რომ საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობის პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო იყოს, გაგაცნობთ რამდენიმე დასასვენებელ სივრცეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს არის გამორჩეული მდებარეობის კოტეჯები, ჰოსტელები და გესთჰაუსები, რომლებიც წელიწადის ყველა სეზონზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს გპირდებათ. 

 

BUDE    

მესტიაში, ტყეში, სრულიად იზოლირებულ ადგილას მდებარე ეს კოტეჯები აუცილებლად გაგახსენებთ ფოტოებს Pinterest-დან. ეს ადგილი სრულყოფილი დასვენებისათვის იდეალურია. 
სრულად აღჭურვილი კოტეჯები მესტიის ცენტრიდან 3 კილომეტრში, ჰაწვალის ქვედა საბაგიროსთან ახლოს მდებარეობს. ტურისტულ კომპლექსში შეძლებთ დაჯავშნოთ როგორც ორადგილიანი, ასევე სამ- ოთხ- და ხუთადგილიანი ნომრები. 

 

ჰეშკილის ქოხები

მესტიიდან 6 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, პატარა ულამაზეს სოფელ ჰეშკილს აღმოაჩენთ, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული სწორედ “ჰეშკილის ქოხების” გამოც  გახდა. პატარა კოტეჯების კომპლექსი ძალიან მოსწონთ ტურისტებს. . ეს ადგილი  უნიკალური ხედებითაც გამოირჩევა. ერთიანობაში  კომპლექსი იმდენად ლამაზ სურათს ქმნის, რომ მის დანახვაზე შესაძლოა,  ფენტეზის ჟანრის რომელიმე ფილმიც კი გაგახსენდეთ. 

 

Pine Tree Home   

Pine Tree Home რაჭაში, ამბროლაურში მდებარეობს. ეს დასასვენებელი სახლი  კომფორტს, ბუნებასთან  სიახლოვეს, სიმშვიდესა და სიმყუდროვეს  ერთდროულად გთავაზობთ. აქ დასვენებისას  შეგიძლიათ  ტბები, მინერალური წყაროები, გამოქვაბულები მოინახულოთ, ისიამოვნოთ ადგილობრივი კულტურით, სტუმართმოყვარეობით, გემრიელი ტრადიციული სამზარეულოთი და საოჯახო მარნების  ღვინით. 

 

სახლუკა რაჭაში 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარაში მდებარე ეს კოტეჯი-კაბინა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინის ტურისტული ობიექტია. ტრადიციული და თანამედროვე სტილის ელემენტები ფუნქციურ და მყუდრო გარემოს ქმნის.  დასასვენებელი სივრცის შიდა ინტერიერი და მდებარეობა ობიექტისათვის  დიდი უპირატესობაა. 

 

Kazbegi Cabins 

ყაზბეგი ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. აქ მრავლადაა კოტეჯები, დიდი სასტუმროები, გესთჰაუსები. სტეფანწმინდაში, გერგეტში მდებარე კაბინური დიზაინის Kazbegi Cabins ორი იდენტური ნომრისაგან შედგება. კაბინებიდან ულამაზესი ხედები იშლება  და ისინი კომფორტული ინტერიერითაც გამოირჩევა. 

 

Lake House Sioni    

ეს სახლი სიონის ტბის პირას მდებარეობს და ასევე კაბინის დიზაინის კოტეჯია. ბოლო წლებში კაბინის დიზაინი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, რამდენადაც მასიური ფანჯრები დამსვენებლებს ბუნებასთან მაქსიმალური  სიახლოვის განცდას უჩენს. 

 

სადმე     

“სადმე” თიანეთის რაიონის დაბა სიონში, ტბის პირას მდებარე ორი ეკომეგობრული კოტეჯისაგან შემდგარი დასასვენებელი კომპლექსია. ეს არის ადგილი მათთვის, ვისაც განტვირთვა და ქალაქგარეთ დროის მშვიდად გატარება უნდა. კოტეჯებში დაგხვდებათ მაცივარი, გაზქურა, მიკროტალღური ღუმელი, თმის საშრობი, ჭურჭელი და  ყველაფერი ის, რაც სრულფასოვანი დასვენებისათვის არის აუცილებელი. კაბინები მაქსიმუმ ოთხი სტუმრისათვის არის განკუთვნილი. 

 

Sighnaghi Wood House 

სიღნაღში მდებარე ეს კოტეჯი კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც კახეთში დასვენება და ბუნებასთან  ახლოს ყოფნა სურს. დიდი და ვრცელი ეზო მშვიდ ბუნებაში მაქსიმალური იზოლაციის საშუალებას გაძლევთ. ასევე აღსანიშნავია, რომ Wood House სიღნაღში მდებარეობს –  ქალაქში, რომელიც ტურისტულად კახეთის ყველაზე აქტიური ცენტრია. აქ უამრავი ადგილობრივი რესტორანი და სხვადასხვა საკვები ობიექტია განთავსებული – ადგილობრივი კერძებისა და საოჯახო მარნების  ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა და დიდი არჩევანი კი  დამატებითი კომფორტია ტურისტებისათვის. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.