fbpx

კემპინგი კომფორტულად – გლემფინგ კოტეჯები საქართველოში


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

გლემფინგი – იგივე  გლამურული კემპინგი, როგორც ეს ტერმინი იშიფრება, ტურისტებისათვის მოგზაურობისა და დასვენების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საშუალებაა. გლემფინგ კოტეჯები კი სპეციალური დიზაინით შექმნილი სივრცეებია, სადაც  სრულ კომფორტს, სასტუმროს სერვისსა და კემპინგის გამოცდილებას ერთდროულად გვთავაზობენ. ამ სინთეზმა გლემფინგი თანამედროვე დასვენების ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ფორმად აქცია. 

 

მიუხედავად იმისა, რომ გლემფინგი განსაკუთრებული პოპულარობით დაახლოებით 2016-2017 წლებიდან სარგებლობს, მისი როგორც ტურისტული ტრენდის განვითარება უფრო ადრე დაიწყო. ხოლო, თუ დასვენებისა და მოგზაურობის ასეთი ფორმის ისტორიულ საწყისებზე ვისაუბრებთ, ეს კიდევ უფრო შორს წაგვიყვანს. რაც შეეხება გლემფინგის, როგორც ტურიზმის კულტურასთან დაკავშირებული ფენომენის ევოლუციას, ის ადრეული 1900-იანი წლებიდან იწყება. ეს იყო პერიოდი, როცა შეძლებული კლასის ამერიკელებმა და ევროპელებმა აქტიურად დაიწყეს მოგზაურობა აფრიკაში – ისინი საფარის ტერიტორიაზე საგანგებოდ მოწყობილ კარვებში ცხოვრობდნენ. სინამდვილეში,  ტერმინი Glamping პირველად 2007 წელს გაჩნდა, 2010 წლიდან თანდათან  გაიზარდა გლემფინგით დაინტერესება, 2013 წლიდან კი ტურიზმის ეს  ფორმა  გლობალურად კიდევ უფრო  აქტუალური გახდა. 

 

დაახლოებით 2018 წლიდან გლემფინგის სივრცეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც ეტაპობრივად გაჩნდა. ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანმა ბუნებამ დასვენების ამ ფორმის წარმატებას ხელი შეუწყო და მისით არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ სხვა ქვეყნიდან შემოსული ტურისტებიც დაინტერესდნენ. თუ  იმ ადამიანთა შორის ხართ, ვისაც საქართველოში მოგზაურობა გიყვართ, ბუნების წიაღში დასვენებასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, თუმცა თქვენთვის კომფორტიც აუცილებელია, მაშინ ეს სტატია დაგაინტერესებთ. გთავაზობთ რამდენიმე გლემფინგ კოტეჯს საქართველოში, რომლებიც კემპინგის ელემენტებით, სრულყოფილი დასვენებისა და განტვირთვისთვის საუკეთესო არჩევანია. 

 

Glamping Georgia

გლემფინგის ერთ-ერთი პირველი სივრცეა საქართველოში – ის დაახლოებით 3 წლის წინ დაარსდა. კოტეჯები რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრიხში მდებარეობს. ეს არის თანამედროვე კემპინგის ინფრასტრუქტურა მთაში. სრულად აღჭურვილი კარვები, პირადი აბაზანა, ტერასა, უსადენო ინტერნეტ-ქსელი, ტელევიზია – კომპლექსს ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები დადებითად აფასებენ.  ის  დაახლოებით 10 თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეს მოიცავს, თითოეულის  დიზაინი თემატურად განსხვავდება.

 

Adjara Glamping

ეს ე.წ. გლამურული კემპინგის სივრცეები დაახლოებით 1 წლის წინ გაიხსნა. “აჭარა გლემფინგი”  მცირე კომპლექსია, რომელიც აჭარაში,ზღვის დონიდან 256 მეტრზე, ულამაზეს დაბა ქედაში მდებარეობს. ტურისტული ობიექტი ორ კოტეჯს აერთიანებს. მთიანი აჭარის ბუნების სილამაზიდან გამომდინარე, Adjara Glamping ტურისტებს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ გამოცდილებას სთავაზობს. 

 

Hill Inn 

Hill Inn ინოვაციური ტიპის დასასვენებელი ადგილია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში. გლემფინგის ეს კომპლექსი მოიცავს კომფორტულ ნომრებს პანორამული ხედებით, კინოთეატრსა და მცირე ბიბლიოთეკას, ამფითეატრს კოცონისათვის, მოსასვენებელ სივრცეებს, ასევე სპა განყოფილებას – აუზს, ჯაკუზსა და საუნას. 

 

Jewelberry Glamping Georgia

თუ თბილისიდან შორს გასვლას ვერ ახერხებთ, გლემფინგის კომპლექსი მცხეთის შუაგულშიც ფუნქციონირებს. გლემფინგის სრულად გამართული ინფრასტრუქტურა, ნომრები, გასართობი სივრცეები – ამ ყველაფერს Jewelberry Glamping-ში სტუმრობისას აღმოაჩენთ. ეს ადგილი განკუთვნილია მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს მრავალმხრივ დასვენებას – ბუნების წიაღში ყოფნას, გართობას და რაც მთავარია, მაღალი კლასის სერვისს. 

 

Sioni Glamping

გლემფინგის კიდევ ერთი და ყველაზე ახალი სივრცე თიანეთის რაიონში, დაბა სიონში მდებარეობს. კომპლექსი სამი ნომრისაგან შედგება, საიდანაც 360 გრადუსით ულამაზესი ხედი იშლება. თუ მშვიდი დასვენება, განტვირთვა და კომფორტი გსურთ – Sioni Glamping კარგი არჩევანია.

 

Wine Space

Wine Space რაჭაში ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი ტურისტული ობიექტია, რომელიც ბუტიკური სტილის სასტუმროს გარდა, გლემფინგ კოტეჯსაც მოიცავს. რაჭაში, სოფელ სადმელში მდებარე კომპლექსი უნიკალური მდებარეობით გამოირჩევა. მისი გლემპინგ კოტეჯი კი ამ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამძაფრებს, რამდენადაც პანორამული ხედი ულამაზეს ბუნებასთან მაქსიმალური ურთიერთობის  საშუალებას იძლევა. 

 

Duende Hotels 

ასე ჰქვია ლაგოდეხში, სოფელ ხიზაში, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ხის სახლების კომპლექსს. ეს არის მაღალი კლასისა და საუკეთესო მომსახურების გლემფინგ კოტეჯები, რომლებიც ტყეში, დაუჯერებლად ლამაზ და მშვიდ გარემოშია განლაგებული. არქიტექტურა, ინტერიერი და  ექსტერიერი – ყველაფერი ერთად, ბუნებრივ გარემოსთან დიდ ჰარმონიას ქმნის. რაც შეხება ინტერიერის დიზაინს, გლემფინგ კოტეჯების შიდა სივრცე, ავეჯი და დეკორი თანამედროვე და ლათინური სტილის სინთეზია. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.