ქეუ მეფარიშვილის პერსონალური გამოფენა “ოლე, მარტოდ მდგარი ხე” – Why Not Gallery
ავტორი: ნინა პატარიძე
“ქეუ მეფარიშვილის (დ.1995) შემოქმედება გამოირჩევა ექსპერიმენტებით; იგი ყოველთვის ცდილობს სათქმელი სხვადასხვა ფორმაში გადმოიტანოს, იქნება ეს ნეონის ნიშანი, თიხის გიგანტური ენა თუ მავთულხლართებისგან გაკეთებული ობიექტები. მისი ნამუშევრები ყოველთვის რეფლექსირებს ხელოვანის უშუალო გარემოზე და წარმოადგენს მის ენამახვილურ კომენტარს სხვადასხვა საკითხის შესახებ.” – ელენე კაპანაძე, გამოფენის თანაკურატორი
ნ.პ.: როდის დაუკავშირდი პირველად სახელოვნებო სფეროს?
ქეუ: პირველი არ მახსოვს, მაგრამ დიდი გზა იყო და ბევრი ექსპერიმენტი სხვადასხვა მედიუმში. ბავშვობაში მეგონა, სულ ფოტოგრაფიით ვიქნებოდი გატაცებული და თეატრალურში ჩავაბარე, მაგრამ მალევე გამოვიქეცი და CCA-ში დავიწყე სწავლა, და ძალიან ბევრი გზა დავინახე შესაძლებლობის, თან საინტერესო ხალხთან ერთად. ამიტომ პირველი არ ვიცი, მაგრამ დასაწყისი ასე იყო.
ნ.პ.: როგორ მოქმედებს არსებული სოციალური ფონი შენზე და შენს ნამუშევრებზე?
ქეუ: ალბათ რომ არ მოქმედებდეს, ვერც შევქმნიდი ვერაფერს – ყველაზე დიდი მუხტი ზუსტად რომ ყოველდღიურობაა და რუტინა; თუ არ მეხება, ვხედავ და თუ არ ვხედავ, მესმის, ბევრია სალაპარაკო და გადმოსაცემი, ამიტომაც ახალი იდეებიც მალ-მალე იბადება.
ნ.პ.: რა გავლენა მოახდინა შენზე, როგორც ხელოვანზე პანდემიით გამოწვეულმა მდგომარეობამ?
ქეუ: შექსპირმა ნახევარი ცხოვრება კარანტინში გაატარა და თითქმის ყველა მისი ნაწარმოებიც სწორედაც რომ იზოლაციაში შეიქმნა. აღმოჩნდა, იზოლაცია აუცილებელია ჩემთვისაც, დავიწყე ხელით მუშაობა, საერთოდ ჩამოვცილდი დიჯიტალს და ძირითადად ან ტექსტილზე, ან თიხაზე ვმუშაობ და ვიტყოდი, რომ სწორედაც 3D ობიექტის შექმნა ხელით ჩემი საყვარელი პროცესია ამჟამად.
ნ.პ.: გვესაუბრე სამუშაო პროცესზე
ქეუ: იდეა მოდის ყველგან – ხან მაღაზიის რიგში, ხან ძილში, ხან ფილმის ყურების დროს და პროცესი უკვე იდეის დამუშავებისთვის ხანგრძლივია, რადგან არ გამოვირჩევი დისციპლინით და ერთ იდეაზე შეიძლება ბევრი დრო დავხარჯო, მაგრამ… აი ისევ გავიმეორებ, ამ იზოლაციამ ბევრი რამ შეცვალა, რახან წასასვლელიც არსადაა, ძირითადად დილიდან ვიწყებ მუშაობას, ვაწყობ სკეჩს, სკეჩიდან უკვე ფიზიკურს და ა.შ.
ნ.პ.: როგორ ვითარდება დღეს ქართული სახელოვნებო სივრცე? რის შეცვლას ისურვებდი არსებულ დინამიკაში?
ქეუ: მე რახან 21-ე საუკუნის შვილი ვარ და თან ვხედავ წინა თაობის განვლილ პროცესს, ვიტყვი, რომ ბევრი რამ შედარებით ჩქარა მიდის, თუნდაც ინტერნეტის და ინფორმაციის წვდომის გამო, მუსიკალური სფერო ბევრად სწორად ვითარდება, რთულია შეადარო ვიზუალური ხელოვნება და მუსიკა (რადგან მუსიკა, ასე თუ ისე, შეგრძნებითია და ხელოვნება ძირითადად საბაზისო ცოდნას მაინც გთხოვს), მაგრამ თუნდაც გვერდში დგომის თვალსაზრისითაც, თითქოს სახელოვნებო პლატფორმა, ისედაც ძალიან მწირი, გაყოფილია ბევრ ნაწილად და მტრობენ.
ნ.პ.: შენი აზრით, არის თუ არა რაიმე თვისება საჭირო იმისთვის, რომ ხელოვნება “აკეთო”?
ქეუ: ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია გქონდეს სურვილი, ისე როგორც ყველაფერში და სწორედაც ხელოვნების სილამაზე ის არის, რომ ყველანაირი ჩარჩოსგან დაცლილია და არ მოითხოვს დიპლომს ან რაიმე სხვას.
ნ.პ.: რას ნიშნავს დღეს ხელოვანი ქალისთვის საქართველოში მუშაობა?
ქეუ: ალბათ ხელოვნება შედარებით დაცლილია იმ სექსისტური და მიზოგინური ისტორიებით, ვიდრე სხვა პროფესიები. ქალის სამუშაო ამ ქვეყანაში ყოველთვის რთული იყო… თუნდაც დიასახლისი იყო და ზრდიდე ბავშვებს, უკვე full time job არის, რომელიც არ გიფასდება, ანდაც დედები და ცოლები, რომლებიც მომვლელებად და დამლაგებლებად მიდიან საზღვრებს გარეთ და მთელი ცხოვრება შემდგომ დაბრუნებაზე ოცნებობენ… აქ, მგონია, რთულია გქონდეს გამბედაობა კარიერის ასაწყობად და თითქოს ყველა საქართველოში დაბადებული ქალი მაინც დაჩაგრულია…
ნ.პ.: პარასკევს, 19 თებერვალს Why Not Gallery შენს პერსონალურ გამოფენას გახსნის, სახელწოდებით “ოლე, მარტოდ მდგარი ხე”. რა გახდა შენი დაკვირვების ობიექტი ამ გამოფენისთვის?
ქეუ: ამ პანდემიის და იზოლაციის დროს ბევრი სტადია გავიარე და ყოველთვის თან დამყვებოდა შიში. შფოთვითი აშლილობა მაქვს და მიჭირს ხანდახან კონტროლი შიშის შეგრძნების, ხშირად მიწევდა მარტო ყოფნა და ამ გამოფენაზე მუშაობა ისე დავიწყე, როგორც მედიტაცია.
ბევრი რამ არქეფაქტების და ძველი დროის გამეორებაა, ზოგიც სიმბოლოა უსასრულობის და ახლიდან დაბადების.