fbpx

როგორ გადავინაცვლოთ მომავალში – ანუშკა ჩხეიძის ახალი ალბომი “Move 20-21”


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა გაბელაია

 

ყოველთვის ვფრთხილობ ვწერო იმაზე, რაც ძალიან მომწონს, მიყვარს. ვფრთხილობ იმიტომ, რომ ნაწერი, უმეტესად, ბანალური და ტკბილი გამომდის ხოლმე, – ვერ ვახერხებ  ხელოვნებისგან დისტანცირებას, რომელიც ჩემთვის ახლობელია.  

ანუშკა ჩხეიძის მუსიკა, ჯობს, თავიდანვე  ვაღიარო, ძალიან მომწონს. 

მისი მუსიკის სმენისას ხშირად მაქვს ხოლმე შეგრძნება, რომ რაღაც ძალიან შორეულს და, ამავდროულად, ძალიან ახლობელს ვისმენ. რთული ასახსნელია, ეს დაახლოებით იმას ჰგავს, უყურებდე მყინვარწვერს ყაზბეგში, და ფიქრობდე ფუჯის მთაზე იაპონიაში, თან დარწმუნებული იყო, რომ ამ ორ მთას ბევრი რამ უნდა ჰქონდეს საერთო. სწორედ ამ “საერთოზე” მიამბობს ანუშკას მუსიკა ყველაზე ხშირად. მარტივად რომ ვთქვა, მისი მუსიკა, ჩემთვის, სამყაროს ჰარმონიასთანაა ჰარმონიაში – ეს კი ისაა, რაც ხელოვნებაში ყველაზე მეტად მიყვარს.

2020 წელს ანუშკა ჩხეიძის პირველი ალბომი “Halfie”  გამოვიდა. ალბომმა ანუშკას წინანდლის პრემიის ლაურეატობა და “იმპალას” ევროპის საუკეთესო წლის ალბომის ნომინაცია მოუტანა (გამარჯვებული ჯერ არ არის ცნობილი). ბევრი აღარ უფიქრია, სანამ მეორე ალბომზე დაიწყებდა მუშაობას, და თუ “Halfie” არტისტის საკუთარ თავთან დიალოგს ჰგავდა და მსმენელი ამ დიალოგის უნებური “დამსწრე” ხდებოდა, “Move 20-21” სასაუბროდ აუდიტორიისკენ ტრიალდება და მრავალფეროვანი მუსიკალური გამოცდილების გაზიარებით მას წინ, და მხოლოდ და მხოლოდ წინ, სიარულისკენ უბიძგებს, მაშინაც კი, როცა ფიზიკური გადაადგილება შეზღუდულია. 

 

 

AT_: რაზეა “Move 20-21?”

“Move 20-21” არის მენტალური მოგზაურობა სივრცესა და დროში, ყოველგვარი ფიზიკური გადაადგილების გარეშე. ალბომის კონცეფციაც დროსა და სივრცეს ეხება: 

 

“Present” determines the past and the future.

“Present” is a dimension when person moves from one time to another.

Sometimes we try to kill the “present” to move faster into the future.

It’s a fact, that person can travel and develop mentally while being locked in one place having no contact with the rest of the world.

 

“აწმყო” განსაზღრავს წარსულ და მომავალს. 

“აწმყო” ის განზომილებაა, რომლითაც ადამიანი ერთი დროიდან მეორეში გადადის. 

ხანდახან ჩვენ ვცდილობთ მოვკლათ “აწმყო”, რომ უფრო სწრაფად გადავიდეთ მომავალში. 

ფაქტია, რომ ადამიანს, გამოკეტილს და სამყაროსგან სრულიად მოწყვეტილსაც, შეუძლია იმოგზაუროს და მენტალურად განვითარდეს.

 

 

ხშირად ადამიანები არიან სახლში, არ აქვთ ურთიერთობა სამყაროს სხვა წევრებთან, მაგრამ ამ დროსაც კი, შეუძლიათ განვითარდნენ გონებრივად, სოციალიზაციის, ფიზიკური გადაადგილების გარეშე. ეს არის გადასვლა 2020-დან 2021 წელში, როდესაც გონება მოგზაურობს დროსა და სივრცეში. დრო არის ის, რასაც ვერ ვმართავთ, მაგრამ წლევანდელმა წელმა დამანახვა, რომ შენ შეგიძლია მოკლა დრო და ეს გამოსავალი მხოლოდ მოქმედებაშია, ასე შეძლებ უფრო სწრაფად გადაინაცვლო მომავალში.

AT_: “Move 20-21”- ის ვიზუალურ მხარეზე 15 რეჟისორსა და მულტიმედია არტისტთან ერთად მუშაობდი. მოგვიყევი ამ იდეაზე, პროცესზე და გამოცდილებაზე. 

ეს იდეა CES Records-სთან ერთად გაჩნდა. გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ფილმი, სადაც სხვადასხვა არტისტები ამ ალბომის 10 ტრეკზე იმუშავებდნენ, ვიზუალური მხარე სრულიად მათ აღქმაზე იქნებოდა დამოკიდებული და იმაზე, თუ სად წაიყვანდა მათ მუსიკა. რამდენიმე ვიდეო ცალსახად მუსიკალური კლიპი გამოვიდა და მანამდე გავუზიარეთ ხალხს, თუმცა მთლიანობაში ფილმი ნოველებად შეიძლება აღიქვა, რაც თითოეულ ტრეკს, ისევე, როგორც მათ სახელებს, მიუყვება და ერთ მთლიანობას ქმნის. 

თითქმის ყველა ვიდეოში ვიყავი ჩართული სხვადასხვა ფორმით: როგორც  ამ ადამიანების მეგობარი, მსახიობი ან, შესაძლოა, უბრალოდ დამხმარე პირი. მე არაფერში მიცდია ჩარევა. 

ახლა რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ეს ფილმი ყველა ის ადამიანია, ვინც ვიდეო გადაიღო. საკმაოდ ინდივიდუალური ნამუშევრებია: სახლის ვიდეო, ილუსტრაცია, მუსიკალური ვიდეოკლიპი, დოკუმენტური ფილმი, სათამაშოებით აწყობილი სამყარო და ა.შ. 

თავიდანვე ამ კრიტერიუმით მოვძებნე მეგობრები, ეს “ფილმი” დამოუკიდებლად  უნდა გაგვეკეთებინა, დახმარების გარეშე. ენთუზიასტები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან მსგავს პროექტში ვერ ჩაერთვები, თუკი ადამიანის მუსიკა შენზე გავლენას არ ახდენს, თუკი რამის გამოხატვა ამა თუ იმ მუსიკაზე თავადაც არ გინდა.

 

 

AT_: შენი ტრეკების სათაურებზეც მინდა გვითხრა, თითქოს იმ ამბების გასაღებებია, რომელსაც მათში ჰყვები. ვიზე და რაზეა ეს ამბები? 

ეს ამბები, მგონია, რომ ჩემზეა, მაგრამ ჩემზე მეტად, ალბათ, არის ყველაზე…

“Try to be born” (ეცადე, დაიბადო) – ყველა უნდა ცდილობდეს დაბადოს საკუთარი თავი. 

“Baked face” (გამომცხვარი სახე) – ვეჭვობ, რომ ყველას გაგიღვიძიათ ისე, თითქოს ნამცხვრები ხართ, გამომცხვარი, – ეს უმოქმედობას მოაქვს. 

“Move, move” (იმოძრავე) – კი იმას ამბობს, რასაც მთელი ალბომის კონცეფცია, რომ მხოლოდ ქმედებით გახდები რამეს. 

 

 

AT_: რა გგონია, ზოგადად, ხელოვნების “დანიშნულება”?

ხელოვნება არ მგონია სამყაროს ანარეკლი, ის ბევრად ლამაზი და პათეტიკურია ხოლმე.

ალბათ, ხელოვნების დანიშნულებაა ადამიანებს რეალურად, ლოგიკურად და ცოტა ლამაზად დაანახვოს სამყარო… 

ცხადია, სილამაზეში არ ვგულისხმობ ლამაზ ნივთებს, ლამაზ მომავალს და, ზოგადად, ლამაზს.

 

 

AT_: შენი აზრით, როგორ აღიქვამს მსმენელი შენს მუსიკას? 

როგორც მე აღმიქვამს…

 

 

ანუშკას მუსიკა მართლა ძალიან ჰგავს თავად მას.  მისი ლაივსესიები ყოველთვის განსაკუთრებულია, რადგან ერთია ყურსასმენებში თუ ფირსაკრავზე უსმენდე მას, და სხვაა იქ იყო, იმ მომენტში, როცა უკრავს. ემოცია, რომელიც მისგან მოდის, გიქმნის შთაბეჭდილებას, რომ პატარა სასწაულის დამსწრე ხარ და შეუძლებელია შენც არ გაგეღიმოს, როცა მორიგი ბგერის ჟღერადობით კმაყოფილს, თვითონვე გაეღიმება ხოლმე.  

მისი მუსიკის სმენისას არ გჭირდება ეძებო რამე, ან ეცადო რამის გაგებას. ეს მუსიკაა – ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს – დაუკითხავად რომ გიღებს გულის კარს, გავსებს, არ გყოფნის და გაიძულებს, კიდევ და კიდევ დააჭირო გამეორების ღილაკს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.