პანდემია და ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა – ინტერვიუ ბავშვთა ფსიქოთერაპევტ ნათია კუჭუხიძესთან
ავტორი: ნინო იმერლიშვილი
თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. პანდემიის პირობებში ცხოვრების თანამდევ პრობლემებზე საუბრისას, ერთ-ერთი უპირველესია მენტალური ჯანმრთელობა. სრულიად შეცვლილი ყოველდღიური რუტინა, სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა და მუდმივად დაძაბულ გარემოში ყოფნა კი განსაკუთრებით რთულია ბავშვებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ბავშვების ორგანიზმი გაცილებით კარგად ებრძვის ვირუსს, ვიდრე ზრდასრულების, მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით, ეს ასაკობრივი კატეგორია განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნება. საყურადღებოა ის, რომ აქტივობები, რომლებიც პანდემიის პირობებში შეიზღუდა, ბავშვებისათვის განვითარების უმნიშვნელოვანეს საშუალებას წარმოადგენს. დახურული სკოლები, სრულიად შეცვლილი განათლების სისტემა, დისტანცია გარე სამყაროსთან – ეს და სხვა მრავალი გარემოება ბავშვებისათვის იმაზე დიდ სტრესთანაა დაკავშირებული, ვიდრე შესაძლოა ზედაპირზე ჩანდეს.
COVID-19-ის ვირუსი აღმოჩნდა ის მოულოდნელობა, რომლისთვისაც 21-ე საუკუნის განვითარებული მსოფლიო მოუმზადებელი იყო. ჩვენ მოგვიწია შეგვეცვალა დღის წესრიგი და ვადაპტირებულიყავით იმ გარემოებებთან, რომლის გამოცდილება სრულებით არ გვქონდა. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ მცირეწლოვანი და მოზარდი შვილების მშობლები განსაკუთრებით რთულ და დამაბნეველ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება და ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მისი გავლენის სრულად შეფასება რთულია, იკვეთება არაერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელთა გაანალიზება აუცილებელია როგორც მშობლებისათვის, ისე ყველა იმ ადამიანისათვის, რომელთაც პროფესიიდან თუ სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, უწევთ ბავშვებთან ურთიერთობა. ასეთ დროს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაბამისი სფეროს პროფესიონალის მოსაზრებების მოსმენა და მისგან რჩევების მიღება.
ამ თემის შესახებ ფსიქოთერაპევტ ნათია კუჭუხიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების, ბოლოდროინდელი პრაქტიკისა და არსებული კვლევების საფუძველზე, , ვრცელი და საინტერესო პასუხები გაგვცა AT.GE-ის მკითხველისათვის.
“ყველაზე საყურადღებო ბაზისური განცდა, რომელიც ადამიანს გადარჩენაში და შემდგომ განვითარებაში უწყობს ხელს, არის უსაფრთხოების განცდა. პანდემიის დროს ადამიანები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და სხვადასხვაგვარად იქცევიან: ზოგი ირჩევს ბრძოლის გზას და პანდემიასთან გამკლავების საშუალებებს ეძებს; ზოგი გარბის, რაც საფრთხის უარყოფაშიც ვლინდება; ზოგი კი უმწეო მდგომარეობაში ვარდება, სრულ იზოლაციაშია და ასე უმკლავდება ამ სირთულეებს. ასევე სხვადასხვაგვარად იქცევიან მშობლების ქცევის შემხედვარე ბავშვებიც. აქვე გასათვალისწინებელია მათი ინდივიდუალური მოწყვლადობა სტრესის მიმართ.
პანდემიის განმავლობაში ბავშვების ქცევის ცვლილება ხშირ შემთხვევაში ნორმალური რეაგირებაა არანორმალურ პირობებში. თუმცა, გრძელვადიანმა იზოლაციამ, ოჯახის წევრების ავადობამ ან ამის შიშმა, ასევე ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ, ფსიქოსოციალური სერვისების მიუწვდომლობამ, რიგ შემთხვევაში უფრო გაახანგრძლივა და გამოკვეთა გარკვეული ჩივილები.
შესაბამისად, დამძიმდა ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაც – კერძოდ, მცირე ასაკის ბავშვებში გახანგრძლივდა შფოთვა, ძილის დარღვევები, გუნება-განწყობის დაქვეითება, სევდა, მწუხარება, ფსიქოსომატური ავადობები. მოზარდებში კი მოიმატა გაღიზიანებამ, ბრაზის მართვის პრობლემებმა, დეპრესიულმა სიმპტომატიკამ და კონფლიქტებმა”.
პანდემიამ მშობლებისა და ბავშვების თანაცხოვრების მოდელი მნიშვნელოვნად შეცვალა, რაც დისტანციურმა სამუშაო პრაქტიკამ და, მეორე მხრივ, ონლაინგანათლებამ გამოიწვია. ეს პროცესები ერთ სივრცეში მიმდინარეობს, რაც თავისთავად დამატებით სირთულეებთან და დაძაბულობასთანაც არის დაკავშირებული. ამ რეალობაში მშობლებს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები ეკისრებათ, რაც ბავშვისათვის სტრესის მაქსიმალურად არიდებას ემსახურება. ეს პასუხისმგებლობები კი თავის მხრივ ბავშვებთან კომუნიკაციის, მათთან დროის გატარების, სხვადასხვა აქტივობის, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და გაძლიერებასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიონალის რჩევა, თუ რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, როგორ უნდა მოიქცეს ის ბავშვთან ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე.
“რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მეტი გავლენა აქვს მშობლის ფსიქიკურ მდგომარეობას ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, ამიტომ, მთავარია მშობლებმა იზრუნონ საკუთარ ემოციურ სტაბილიზაციაზე, იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსების მოძიება თუ კონსულტაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან.
მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა შეძლონ დროის გადანაწილება სამსახურსა და ბავშვების საჭიროებებს შორის. ეს რთულია, თუმცა შესაძლებელი. უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ის, თუ რისი მართვა შეგვიძლია მოცემულ ვითარებაში და რისი – არა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა ვიცოდეთ საკუთარი ზღვარი პანდემიასთან ბრძოლაში. შევიმუშაოთ შვილების დაცვის ინდივიდუალური გეგმა: საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული მატრავმირებელი ინფორმაციის შეზღუდვა, ბავშვებისთვის ელემენტარული ჰიგიენის ნორმების სწავლება მათი ასაკის შესაბამისად, გაკვეთილების მომზადებაში დახმარება…
ასევე გასათვალისწინებელია ასაკობრივი კატეგორიაც, მაგალითისათვის: მცირეწლოვნებისათვის შესაძლოა ეფექტური იყოს ზღაპრების მოგონება მამაც ექიმებზე, რომლებიც ვირუსს ამარცხებენ; მოზარდებს კი შესაძლოა მაქსიმალურად მშვიდად აუხსნა, თუ რას ნიშნავს ვირუსული ინფექცია COVID-19 და რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ მისი თავიდან ასაცილებლად. ასევე არ დაგვავიწყდეს ერთობლივი სახალისო აქტივობები, საჭმლის მომზადებაში დახმარება, თამაში, წიგნის კითხვა, ფილმების ყურება. დღის განმავლობაში აუცილებელია გასეირნება ჰაერზე, რა თქმა უნდა, შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით.
უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პირობებში განსაკუთრებით რთულია იმ ბავშვების მდგომარეობა, ვის ოჯახშიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანია. რთულია ასევე იმ მშობლების მდგომარეობა, რომელთა შვილებს პანდემიამდეც ჰქონდათ სხვადასხვა სახის ფიზიკური თუ ფსიქიკური პრობლემები და პანდემიის პირობებში ვეღარ ახერხებენ შესაბამისი თერაპიული სერვისით სარგებლობას. მოგეხსენებათ, ასეთი სერვისები ისედაც მცირეა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისად, პანდემიის პერიოდის შედარებით უმტკივნეულოდ გასავლელად, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახების მხარდაჭერა სოციალური სამსახურების მხრიდან, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დახმარება, მათთვის შესაბამისი ალტერნატიული სერვისების მოძიება და მიწოდება”.
როგორც უკვე ვახსენეთ, პანდემიამ დიდი ცვლილება გამოიწვია განათლების სისტემაში – სასკოლო დაწესებულებებში მიმდინარე საგაკვეთილო პროცესი ერთი წლის განმავლობაში ონლაინგანათლებამ შეცვალა. ამ მხრივ უამრავი გამოწვევის წინაშე დადგნენ როგორც პედაგოგები, ასევე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები – მცირეწლოვნების საგაკვეთილო პროცესში ჩართვის სირთულეები, უამრავ ოჯახში სამეცადინოდ ოპტიმალური სივრცის არარსებობა, გართულებული ურთიერთობა და სხვა მსგავსი პრობლემები დროსთან ერთად გამოიკვეთა და გამწვავდა. ამჟამად ბავშვები სკოლებში ბრუნდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მათ კვლავ უწევთ ციფრული სივრცის მიღმა კომუნიკაცია, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
კითხვაზე, როგორ უნდა ადაპტირდეს განათლების სისტემა ისე, რომ ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო შეიქმნას, ნათია კუჭუხიძე გვპასუხობს:
“მნიშვნელოვანია მშობლებისა და პედაგოგების კონსტრუქციული ურთიერთობა ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის სირთულეებთან დაკავშირებით. თუ ვსაუბრობთ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ საჭიროებებზე მორგებულ განათლების სისტემაზე, მაშინ ამ სისტემის პრიორიტეტი ისედაც ბავშვის ფსიქიკური კეთილდღეობის ხელშეწყობაა, რაც უზრუნველყოფილია სკოლაში უსაფრთხო, ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული და მზრუნველი გარემოს შექმნით.
თუ ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, არ ვიქნებით ზედმეტად დირექტიულები, უფრო დაკვირვებით და შემოქმედებითად მივუდგებით მათთან ურთიერთობას (ვგულისხმობ მშობლებს, პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციას და ასევე განათლების პოლიტიკის შემქმნელებს), მაშინ უფრო მარტივად გადავლახავთ ყველა მოსალოდნელ წინააღმდეგობას. ეს შესაძლებელია სულაც არ იყოს მარტივი, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ადაპტურები, კეთილგანწყობილები ერთმანეთის მიმართ. აუცილებელია განათლების სუსტემაში მონაწილე ყველა რგოლის ურთიერთთანამშრომლობა, მათ შორის შესაბამის სპეციალისტებთან, ფსიქოლოგებთან. ამ მიდგომით უნდა გამოვნახოთ გზები, რომლებიც ამ, არცთუ მარტივ პერიოდთან გამკლავებში დაგვეხმარება ჩვენც და ჩვენს შვილებსაც”.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის სრულად დამარცხებამდე ჯერ კიდევ გარკვეული დროა დარჩენილი, ვაქცინის არსებობა ინდიკატორია იმისა, რომ პანდემიის დასასრული დაწყებულია. ხშირად ისმის მოსაზრება, რომ პოსტპანდემიური პერიოდი, როგორც პოსტკრიზისული, არანაკლებ რთული იქნება ადამიანებისათვის, რადგან გარკვეულწილად სოციალური უნარების აღდგენა მოგვიწევს. ამ რეალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, რომელიც არაერთი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს.
“პანდემიისას ადამიანებს აქვთ პოსტპანდემიური პერიოდის შიში ან გარკვეული შფოთვა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ დაკარგეს შემოსავლის წყარო და უჭირთ მომავლის პროგნოზირება, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი სტრესი დაძლევადია.
ბავშვებთან მიმართებაში მთავარია ვიყოთ გულწრფელები, მათაც ვუთხრათ, რომ პანდემია ჩვენთვისაც გამოწვევაა, პრობლემები შესაძლოა გაჩნდეს, თუმცა ყოველთვის არსებობს მათი მოგვარების გზა და არსებობენ ადამიანები, პროფესიონალები, რომლებიც ამაში დაგვეხმარებიან. წარმოქმნილი სირთულეების მოგვარება კი, როგორც უკვე აღვნიშნე, მხოლოდ მშობლების, ბავშვების, პედაგოგების და საჭიროების შემთხვევაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობითაა შესაძლებელი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი ყველაზე ადაპტური არსებაა დედამიწაზე. კაცობრიობის განვითარების განმავლობაში მას უამრავი მძიმე განსაცდელი გადახდენია თავს. მიუხედავად ამისა, მაინც ახერხებს წინააღმდეგობებთან გამკლავებას და გადარჩენას. ახლა კი, თანამედროვე, ციფრულ ეპოქაში, სადაც უამრავი გამოწვევაა, ასევე არის დაძლევის უამრავი მექანიზმიც.
მთავარია ძალიან არ შევშინდეთ და ახალ გამოწვევებთან გამკლავებაზე ვიყოთ ორიენტირებულები, რაც თავის მხრივ როგორც ცალკეული ადამიანის, ასევე მთელი საზოგადოების გაზრდასაც უზრუნველყოფს”.