fbpx

(კლუბური) კულტურული ბრძოლები თბილისში: Institute for Sound and Music


გააზიარე სტატია

ავტორი: Institute for Sound and Music

„ჩვენ ვცეკვავთ და ვმღერით და მათ არ მივცემთ ნებას, ჩამოგვაგდონ“

 „ზოგადად, საქართველოში კლუბურმა კულტურამ ლგბტქ თემისა და სოციალური სამართლიანობისთვის უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთად. ისე კი, ამას გამბედაობა და ენერგია სჭირდება“, – ირაკლი კიზირია.

საქართველოს დედაქალაქი – თბილისი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითვლებოდა მორიგ მნიშვნელოვან ევროპულ ქალაქად, არამარტო მისი ბრწყინვალე კლუბების (ბასიანი, ხიდი, მტკვარზე) გამო, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში არსებული კონსერვატიული და ტრადიციული ელემენტები (ძირითადად მართლმადიდებლური ეკლესია) დარწმუნდნენ, რომ სახელმწიფოს საამისოდ მკაცრი ზომები უნდა მიეღო.

„თბილისი, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, 90-იანი წლების ნანგრევებზე შეიქმნა. ეს საბჭოთა პერიოდის შედეგი იყო. დავდიოდით უნივერსიტეტში, სადაც აუდიტორიებში არ იყო გათბობა…“, – იხსენებს თავის თბილისურ ახალგაზრდობას პროდიუსერი და დიჯეი ირაკლი კიზირია.

წარსულის გახსენებისას კიზირია გარკვეულ ოპტიმიზმზეც საუბრობს, რომელიც ახასიათებს ადგილობრივ სცენასა და იმ „სივრცეს, რომელიც კრეატიულობას  ავითარებს“. ამავდროულად, მათ გააცნობიერეს, რომ „საკმაოდ დახურულ სოციალურ სტრუქტურაში“ უწევთ ცხოვრება.

თავად ირაკლის ბედმა გაუღიმა, რადგან ცხოვრებაში შეხვდა ხალხს, რომელმაც მას ახალი შესაძლებლობების გზა გაუხსნა: პირველი მისი მუსიკის მასწავლებელი იყო სკოლაში, შემდეგ – მისი პროფესორები უნივერსიტეტში, სადაც ის არქიტექტურას სწავლობდა. ამ ყველაფერმა კი მას და მის თაობას „გვირაბის ბოლოს კაშკაშა სინათლე“ დაანახვა.

მიუხედავად ამისა, კიზირიამ 2000-იანების დასაწყისში საქართველო დატოვა. პირველად ქალაქ კიოლნში ჩავიდა, სადაც დიზაინს სწავლობდა, შემდეგ კი ბერლინში გადაბარგდა, სადაც დღემდე მოღვაწეობს. უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე მან, ინეზ მანსედერმა და იან ჰენშენმა ჩამოაყალიბეს გუნდი, რომელიც გერმანიის დედაქალაქში მართავს ყოველთვიურ წვეულებებს STAUB-ის სახელით – სივრცეში, სადაც წინასწარ არაა ცნობილი, თუ რომელი დიჯეი დაუკრავს. ეს მკაფიო გზავნილია ზეკომერციალიზაციის შესახებ, რომელიც კოვიდპანდემიამდე ტექნოსივრცეს საკმაოდ აზიანებდა.

თავისი ახალგაზრდობისას თბილისში კიზირია იმ მუსიკაზე ოცნებობდა, როგორსაც ბერლინში უკრავენ. მისივე განმარტებით, იმხანად სამშობლოში ელექტრონულ მუსიკაში პიონერები Nikakoi, ნატალი ბერიძე და გოგი ძოძუაშვილი იყვნენ.

„სცენა ძალიან პატარა იყო. ხალხი საცეკვაო მუსიკას სულაც არ ქმნიდა, ეს უფრო ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკა იყო, ზოგჯერ უფრო პოპი, მაგრამ საკმაოდ ემოციური და ღრმა. მაშინ კლუბური კულტურა არ არსებობდა, ის მოგვიანებით აღმოცენდა“, – ამბობს ირაკლი კიზირია.

ახლა თბილისში უკვე ბევრი დიჯეი და პროდიუსერია, რომლებიც საზღვარგარეთაც არიან ცნობილები: ნატალი ბერიძე, რეზო ღლონტი, გაჩა ბაქრაძე, Nikakoi, Zesknel, Greenbean & Leon, Michailo, Zitto, Newa.

ცხადია, მათთან ერთად უნდა ვახსენოთ ის რეზიდენტი დიჯეები, რომლებიც თბილისის მთავარ სამ კლუბში (ბასიანი, ხიდი, მტკვარზე) რეგულარულად უკრავენ.

მეზობელი რუსეთისა და თურქეთისგან განსხვავებით, საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ცოცხალი სუბკულტურული მუსიკალური სცენა განვითარდა. ეს ძირითადად განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მუშაობით, ვისთვისაც კლუბური კულტურა და ჰედონიზმი განუყოფელია სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ჩართულობისგან.

ეს ადამიანები არიან კლუბ „ბასიანის“ დამაარსებელი ნაჯა ორაშვილი, ზემოთ ხსენებული დიჯეი ნატალი ბერიძე, ასევე მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ დამფუძნებელი (ნაჯა ორაშვილთან ერთად) პაატა საბელაშვილი, ანდა უფრო ადრეული პერიოდის მუსიკოსები და ხელოვანები: ირაკლი ჩარკვიანი, ლადო ბურდული, კოტე ყუბანეიშვილი.

ამ ადამიანებმა აჩვენეს მომავალ თაობებს, რომ ცვლილება შესაძლებელია. მათ სჯერათ კულტურის, როგორც ადგილისა, სადაც ყველა წარმოშობის ადამიანს შეუძლია შეხვდეს ერთმანეთს, ადგილის, სადაც ყველა თავს გრძნობს სასურველად და დაცულად.

„თუმცა სწორედ ამიტომ მოხდა, რომ საქართველოში კლუბებს თავს დაესხნენ კონსერვატიული ძალები“, – აღნიშნა ირაკლი კიზირიამ.

იქამდე, სანამ კორონავირუსი მსოფლიოს გათიშავდა, თბილისი იყო ინსაიდერების საიდუმლოება იმ ხალხისთვის, ვისაც სურდა, ერთ დროს ცვლილებათა ზღვარზე მყოფი ქალაქი გაეცნო.

„თბილისი საკმაოდ დინამიკური ქალაქია, რასაც მისი მცხოვრებლებისთვის დადებითთან ერთად უარყოფითი შედეგებიც მოაქვს. იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი ტურისტი ჩადის და რაც უფრო პოპულარული ხდება ქალაქი, მით უფრო სწრაფად ტრიალებს ჯენტრიფიკაციის ბორბალი, ხოლო ალტერნატიული სივრცე, საცხოვრებელი სახლებს თუ არ ჩავთვლით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან ძვირდება. ეს გლობალური ტრენდია და ეჭვგარეშეა, რომ ეს ყველგან პრობლემას წარმოადგენს. საქართველოც არაა გამონაკლისი, მაგრამ ქვეყნის ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა სიტუაციას არ შველის. საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც ნამდვილად აქვს მემარცხენე პოლიტიკური იდეები. ეს ნაწილობრივ ჩვენი ისტორიის გამოა, მაგრამ ასევეა კიდევ ერთი მიზეზი: ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა – ქართველები  იძულებულნი არიან დაიცვან თავიანთი კულტურული იდენტურობა და ეს პოლიტიკაში უფრო მეტ ნაციონალისტურ ტენდენციას იწვევს“, – განმარტავს ირაკლი კიზირია.

 

სწორედ ასეთმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა წარმოშვეს საშინელი მოვლენები, რომლებმაც 2018 წლის მაისში თბილისი მოიცვა. პირველად, „ბასიანში“ განხორციელდა სამხედრო ინტერვენცია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გამო, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო თავდასხმა ლგბტიქ საზოგადოების ღია, მშვიდ, ლიბერალურ ატმოსფეროზე, რაც აუცილებლად უნდა განიხილებოდეს სასულიერო პირებისა და მემარჯვენეების ძლიერების კონტექსტში, ქართულ საზოგადოებაში არსებული იმ რადიკალური ჯგუფებისა, რომლებიც ვახსენეთ.

მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ეს იყო აშკარა კულტურული ბრძოლა განსხვავებულ თაობებსა და განსხვავებულ ღირებულებებს შორის. თავს დაესხნენ ბევრ ალტერნატიულ სივრცეს, და საუბედუროდ, საკმაოდ წარმატებულად. სუბკულუტურა სრულად ვერც გამოსწორდა.

თუმცა, როგორც აქამდე ხდებოდა: „ჩვენ კვლავ ვცეკვავთ და ვმღერით და მათ არ მივცემთ ნებას, ჩამოგვაგდონ. საწინააღმდეგო კამპანია გრძელდება, შეიძლება ყოველთვის ქუჩაში არ ხდებოდეს პროტესტი, მაგრამ კამპანიის მონაწილე ადამიანები იღებენ ფილმებს, აწყობენ გამოფენებს და აგრძელებენ თავიანთ საგანმანათლებლო საქმიანობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხი არ დანებდეს და განაგრძონ ბრძოლა სამართლიანობისთვის“, – ამბობს კიზირია.

უცხოეთიდან მიღებული მხარდაჭერა, რომელსაც თბილისში ხალხი იღებდა და გრძნობდა, იმ დროს ძალზე დაეხმარა მათ პარლამენტის წინ საპროტესტო მსვლელობისას უფლებების ძიებაში. ამასთანავე, კიზირია ამტკიცებს, რომ მხარდაჭერის ეს სიგნალები არ უნდა შეწყდეს, რადგან განსაკუთრებით ახლა, კორონავირუსის სახით კიდევ ერთი კრიზისია, ხალხი ერთად უნდა დადგეს და მხარი დაუჭიროს ერთმანეთს „ისე, რომ ეს მნიშვნელოვანი სივრცეები გადარჩეს“.


კიზირიასთვის არცერთი მათგანი ახალ პრობლემა არ წარმოადგენს. იგი აღწერს იმ უწყვეტ მოვლენებს, რომელიც ახასიათებს საქართველოში არსებულ ვითარებას ბოლო ათწლეულების განმავლობაში. 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც იგი საქართველოდან გერმანიაში გადაბარგდა, ქვეყანა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით მისი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან წარმოქმნილი სოციო-პოლიტიკური ზეწოლის გამო – თურქეთისა და რუსეთის გავლენის სფეროებს შორის გაჭედილი.

„როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთის მთავრობას არ სურდა დაეკარგა თავისი ძალაუფლება, რამაც დეკადის განმავლობაში საქართველოში სრული ქაოსი გააჩინა – საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტები და სამოქალაქო ომი. ამის შედეგად გაჩნდა შიმშილი, სრული გაჭირვება ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, – იხსენებს ირაკლი კიზირია.

დასავლეთისთვის ხშირად ძნელია ამის გაგება, მაგრამ სწორედ ამ მძიმე ვითარებამ მისცა ახალგაზრდებს გამბედაობა, დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს და მის უკვე დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ ღირებულების სისტემებსა და სტანდარტებს.

„ჩვენ არ გვინდოდა, უარი გვეთქვა დამოუკიდებლობისგან მიღებულ სიამოვნებაზე, მიგვაჩნდა, რომ ზეიმის უფლება გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ადვილი არ იყო ეს, როდესაც ირგვლივ განუწყვეტლივ სროლა და ომი მიმდინარეობდა. რუსეთი ჯერ კიდევ აქ იყო, როგორც ძლიერი ძალა, და დღესაც აქაა. რუსეთი მკაცრი დიქტატურული რეჟიმია, რომელიც ყველაფერს აკეთებს ტერიტორიული ძალაუფლების შესანარჩუნებლად“, – აღნიშნავს კიზირია.

მისი თქმით, ესაა სიტუაცია, რომელიც დღემდე დიდად არ შეცვლილა. თურქეთსა და რუსეთს კვლავ მართავენ ავტოკრატი ლიდერები, მკაფიო ნაციონალისტური დღის წესრიგით. გარდა ამისა, აშშ-ს ასევე აქვს „საკუთარი განსაკუთრებული სტრატეგიული მიზნები“ , ხოლო „ევროკავშირი აშკარად არ ბედავს რაიმე რუსეთის საწინააღმდეგო მოიმოქმედოს“.

მიუხედავად იმისა, რომ კიზირია პოლიტიკური სიტუაციის აღსაწერად ახსენებს დრამატულ სიტყვა „ტრაგედიას“, ის იმედგაცრუებული მაინც არ ჩანს: „ისტორიულად ასე იყო ყოველთვის, ყველაფრის მიუხედავად, ხალხი სულ ცეკვავდა და მღეროდა, ჩემი რწმენით, ეს ერთგვარი თერაპიაა, მე სწორედ ასე გავიზარდე“, – განმარტავს კიზირია.

ირაკლი კიზირია ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ განსხვავებულად უყურებენ დემოკრატიას მის სამშობლოში, მაგალითად, გერმანიიდან: „გერმანიაში მცხოვრებ ხალხს ხშირად ავიწყდება, რომ დემოკრატია არათუ გარდაუვალი მოვლენა, არამედ ისაა, რისთვისაც ყოველდღე უნდა იბრძოლო. სწორედ ამას ვხედავ სამშობლოში ყოველ ჯერზე დაბრუნებისას. ვხედავ, როგორ იბრძვის მომავალი თაობა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. მიუხედავად ყველა წარუმატებლობისა, ეს ყველაფერი მე გარკვეულ იმედს მაძლევს“.

 

ორიგინალი:https://artsandculture.google.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.