fbpx

რვეული #8 – ცნობილი მუსიკოსების ბოლო კონცერტები


გააზიარე სტატია

ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი

 

კარგი და დასამახსოვრებელი კონცერტის გამართვა, უმეტესწილად, მუსიკის შესრულების გარდა კიდევ ბევრ რამეს მოითხოვს: ზოგიერთი არტისტი ქორეოგრაფიაზე მუშაობს, ზოგი – პიროტექნიკითა და სხვა სპეცეფექტებით გამოდის  სცენაზე, ზოგი – უშველებელ კედელს აგებს და ზედ დარბის, ზოგიც – წყალქვეშ შეიძლება ჩავიდეს. 

მაძიებელ არტისტს მუდმივად აინტერესებს, თუ როგორ ტრანსფორმირდება სცენა თუ სხვა საშემსრულებლო სივრცე კონკრეტული მუსიკოსის ხელში – დაწყებული შემთხვევიდან, როცა რიხარდ ვაგნერი დირიჟორობისას აუდიტორიის ნაცვლად ორკესტრს მიუბრუნდა და დამთავრებული თუნდაც სულ ახლახან სპაიკ ლის რეჟისორობით გამოსული საკონცერტო ფილმით – American Utopia, სადაც დევიდ ბირნი როკ-სცენის აღქმას ცვლის, ნაწილ-ნაწილ შლის დასარტყამ ინსტრუმენტებს, აქრობს კაბელებს და კონცერტის დროს სცენის იატაკს მხოლოდ ადამიანი ეხება. 

სცენისადმი ამგვარი მიდგომა ბირნის ასაკში ერთეულებს შერჩებათ ხოლმე. ხანში შესული მუსიკოსები ხომ გულმოდგინედ გეგმავენ თავიანთ უკანასკნელ ტურსა თუ ერთ კონკრეტულ კონცერტს! საკმარისია დაანონსდეს, რომ არტისტი სცენაზე მეტჯერ აღარ გამოვა, ბილეთები თვალის დახამხამებაში იყიდება. 21-ე საუკუნეში ამ პროცესით ფინანსური სარგებლიანობა სულ უფრო და უფრო გახშირდა, არაერთხელ გადავყრილვართ ბენდს, რომელიც მოსალოდნელი წასვლის შესახებ აცხადებს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ბილეთების გასაყიდად გამოგდებული ჭორი აღმოჩნდება ხოლმე.

თუმცა არსებობენ არტისტებიც, რომლებიც ჩუმად, სიტყვის უთქმელად ასრულებენ კარიერას, ისე რომ არავის (ზოგჯერ არც მათ) წარმოდგენა არ აქვს, ამა თუ იმ კონცერტის უკანასკნელობაზე. აი, მაგალითად, თუნდაც ერთი თვის წინ ვინ იფიქრებდა, რომ Daft Punk-ის კონცერტზე ფიქრიც კი აღარ შეგვეძლებოდა?!

მრავლადაა ტრაგიკული შემთხვევებიც, როდესაც არტისტს არ დასცალდა კონცერტის ჩამთავრებაც კი. მაგალითად, Metallica-ს ფრონტმენი ჯეიმს ჰეტფილდი, რომელიც ლამის პიროტექნიკამ იმსხვერპლა და ამის გამო ტურში რამდენიმე კონცერტის გაუქმება თუ გადაწევა მოუხდათ. თუმცა ჰეტფილდისგან განსხვავებით,  არ გაუმართლათ იმ მუსიკოსებს, რომლებიც კონცერტის დაკვრისას გარდაიცვალნენ (მაგალითად, Megadeth-ის დრამერი ნიკ მენზა), კონცერტის დროს მოუკლავთ (Pantera-ს გიტარისტი დაიმბეგ დარელი) ან სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლნენ, როგორც, მაგალითად, ინდონეზიური ბენდი Seventeen, რომლის კონცერტის დროსაც სცენას ცუნამიმ გადაუარა და ბენდის სამი წევრი იმსხვერპლა. 

უკანასკნელი კონცერტის ფაქტორი ხშირად ხდება ხოლმე განუყოფელი ნაწილი არტისტის ბიოგრაფიაში, კონცერტის სახესა თუ სცენაზე და მის გარშემო შექმნილი ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში.

დღევანდელ რვეულში რვა ისეთ კონცერტზე გესაუბრებით, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, წინასწარი შეცნობით თუ მის გარეშე, უკანასკნელი გამოდგა ამა თუ იმ ლეგენდარული არტისტისთვის.

 

Nirvana – MTV Unplugged (18 ნოემბერი, 1993) 

ყველაზე დასამახსოვრებელი და უეცარი წასვლით დავიწყოთ:

1989 წლიდან დღემდე MTV-ს ეთერში, Unplugged სერიის ფარგლებში, ათობით ერთიმეორეზე ცნობილ არტისტს დაუკრავს, მაგრამ არავის ისეთი დასამახსოვრებელი კონცერტი არ ჩაუტარებია, როგორც ეს Nirvana-მ მოახერხა 1993 წელს. გარდა იმისა, რომ კონცერტზე შესრულება არის უნაკლო და გრანჟის ხისტი ჟღერადობა Unplugged სერიის აკუსტიკურ სპეციფიკას იდეალურადაა მორგებული, კონცერტს დასამახსოვრებელს ქმნის კურტ კობეინის და კოლექტივის მიერ შექმნილი გარემო: უამრავი სანთელი, ყვავილები და ინდიფერენტული კობეინი, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული, რომ ბრძოლის მიუხედავად, მაინც სამომხმარებლო კულტურის ნაწილად იქცა და აგერ, ეს წუთია MTV-ს ეთერში უკრავს.

ამ დღიდან რამდენიმე თვეში კურტ კობეინი თავში ტყვიას დაიხლის და სიცოცხლესთან ერთად დაასრულებს Nirvana-ს ეპოქას. ნიუ-იორკში ჩატარებული ეს კონცერტი კი მის წინასწარ მოწყობილ დაკრძალვად გადაიქცევა და არტისტის ბიოგრაფია მას მუდმივად დატვირთავს სიკვდილის მეტაფორით.

 

LCD Soundsystem – The Long Goodbye (2 აპრილი, 2011)

„თუკი ეს დაკრძალვაა, მაშ, გვქონდეს ყველა დროის საუკეთესო დაკრძალვა“, – თქვა ელექტრო-როკისა და დენს-პანკის ლეგენდამ ჯეიმს მარფიმ, როდესაც კარიერის პიკში მყოფმა, ყველასთვის მოულოდნელად გადაწყვიტა თავისი ბენდის, LCD Soundsystem-ის დაშლა. მრავალს შორის მუსიკოსმა ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი მიზეზი გააჟღერა, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა. საქმე იმაშია, რომ მარფის ძალიან უყვარს ნიუ-იორკის მეტროთი მგზავრობა, მზარდი პოპულარობის ფონზე კი ეს შეუძლებელი ხდებოდა. ამიტომაც მარფიმ უარი თქვა საკულტო როკ-ვარსკვლავის კარიერაზე და ამჯობინა ცხოვრება ისე გაეგრძელებინა, რომ მეტროთი მგზავრობისას ვერავის ეცნო.

2011 წლის აპრილში მედისონ სქვეარ გარდენში დაგეგმილი უკანასკნელი კონცერტი ბენდის ყველაზე ხანგრძლივი პერფორმანსია. 3 საათზე მეტი ქრონომეტრაჟის კონცერტი, რომელიც დოკუმენტურ ფილმთან ერთად 2014 წელს გამოიცა, ბენდის 28 სიმღერას აერთიანებს. მათ შორის არის თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩანაწერი, სავარჯიშოდ დაწერილი კომპოზიცია „45:33“, რომელიც მარფიმ სპეციალური დაკვეთით დაწერა Nike-სთვის და მისი შესრულების უფლება სწორედ თავისი უკანასკნელი შოუსთვის გამოისყიდა.

საბედნიეროდ, ჯეიმს მარფიმ დიდხანს ვერ გაძლო მუსიკის წერის გარეშე და ამ კონცერტიდან 5 წლის თავზე ბენდი აღადგინა. თუმცა The Long Goodbye მაინც დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გამოსათხოვარი მსმენელთან, უამრავი ცრემლითა და სიცილით.

 

The Band – The Last Waltz (25 ნოემბერი, 1976)

LCD Soundsystem-მდე დიდი ხნით ადრე იყო იყო კანადურ-ამერიკული The Band, რომლის წევრებიც 1968-1976 წლებში მუდმივად გზაში იყვნენ და კონცერტს კონცერტზე მართავდნენ. ბენდმა ამ 8-წლიან მონაკვეთში 7 სტუდიური და 1 საკონცერტო ალბომი გამოუშვა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ დემონსტრაციულად, უკანასკნელი კონცერტით უნდა დამშვიდობებოდნენ აუდიტორიას. „ეს წლები ძალიან ბევრი ვიმხიარულეთ. გზას ვეღარ დავადგებით. ვიცით, თუ როგორ დაასრულეს ცხოვრება იმ მუსიკოსებმა, რომელთაც ზედმეტი მოუვიდათ მხიარულება“. – თქვეს The Band-ის წევრებმა და 1976 წლის 25 ნოემბერს, მადლიერების დღეს, სცენაზე შემოიკრიბეს იმდროინდელი ბლუზის, ფოლკ-როკისა  და როკ-ენ-როლის ნარჩევი გალერეა: ბობ დილანი, ჯონი მიჩელი, ნილ იანგი, ერიკ კლეპტონი, მადი უოტერსი და სხვ.

მთელი ის ატმოსფერო, რაც მაშინ სან-ფრანცისკოს Winterland Arena-ზე ტრიალებდა, იდეალურად შემოინახა მარტინ სკორსეზემ, რომელმაც ბენდის ბიოგრაფია და პერფორმანსი საკონცერტო ფილმ The Last Waltz-ში ასახა.

სკორსეზეს ფილმოგრაფიაში, ზოგადად, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საკონცერტო ფილმები: გაგვახსენდება Rolling Stones-ის, ბობ დილანის, ჯორჯ ჰარისონის და სხვა საკულტო მუსიკოსების შესახებ გადაღებული სურათები. თუმცა The Band-ის ეს წარმოდგენა ალბათ მაინც საუკეთესო ნიმუშია სკორსეზეს საკონცერტო ფილმოგრაფიიდან; მისი რეჟისურა და მონტაჟი, რომლითაც სიმღერებს შორის ბენდთან ერთად უშუალო დროს ვატარებთ და ვსაუბრობთ მათ ბიოგრაფიასა თუ ყოფით დეტალებზე, ბარში – ჭიქა ვისკისთან ერთად, სტუდიაში – მიქშერის წინ, თუ ვიწრო ოთახში – მოსაწევის კვამლში, დაუვიწყარ სანახაობად იქცევა, რადგან სკორსეზე იდეალურად იჭერს იმ დროსა და სივრცეს, რომელშიც ფილმი იქმნება. ფილმი კი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი და გიჟური თავგადასავლების დასრულებას ასახავს, დაცლილია ყალბი ნოსტალგიური სცენებისგან და მისი აბსოლუტურად ყველა მონაწილე მომართულია დღესასწაულის შექმნისკენ.

მიზანიც ეს იყო. „ჩვენ გვინდა, რომ ეს კონცერტი დღესასწაული იყოს“, – აცხადებს ფილმის დასაწყისში რობი რობერტსონი და ყველაფერი დაპირებისამებრ სრულდება.

 

ემი უაინჰაუზი – ბელგრადის კონცერტი (17 ივნისი, 2011)

ადრეულ ასაკშივე გამოვლენილი ნიჭის და შეუპოვარი, განსაკუთრებით მედიისთვის მოუთვინიერებელი ხასიათის წყალობით, ემი ვაინჰაუსი მალევე გახდა მსოფლიო ვარსკვლავი, რომელმაც აუდიტორიისგანაც კი კონტროვერსიული დამოკიდებულება მიიღო. მაგრამ ემის ვარსკვლავობა არ სურდა, ანდერგრაუნდ ჯაზ-კლუბებში სიმღერა ერჩივნა.

Grammy, BRIT, MTV-ის და სხვა მუსიკის ინდუსტრიისთვის პრესტიჟული ჯილდოების მიღებასთან ერთად, მისი ცხოვრება გაივსო პაპარაცებით და მთლიანად გააქრო პირადი სივრცე და მარტო ყოფნის შესაძლებლობა. ალკოჰოლიზმთან და ნარკოდამოკიდებულებასთან ადრეულ ასაკშივე მებრძოლი უაინჰაუსი, ადრე თუ გვიან იღებს გადაწყვეტილებას, რომ აღარ უნდა თავისი მეგაჰიტების სიმღერა, ანდერგრაუნდში უნდა ჩავიდეს. მაგრამ ამისთვის ჯერ დიდი პაუზა იყო საჭირო, პაუზამდე კი – კონტრაქტით სავალდებულო ჩასატარებელი კონცერტები.

2011 წლის 17 ივნისს ემი უხასიათოდ გაფრინდა ამერიკიდან ბელგრადში, რათა ერთ-ერთი უკანასკნელი მეგაშოუ ჩაეტარებინა. ის უხალისოდ და არაფხიზელი წარდგა მსმენელის წინაშე და ბავშვური სიჯიუტე ვერ გადასძლია, რომ ისევ ემღერა სიმღერები, რომლებმაც ვარსკვლავად აქციეს და რომელთა შესრულებაც აღარ უნდოდა. 

„იმღერე, იმღერე, იმღერე“, – უყვიროდა ემის აუდიტორია და არც სასტიკ შეძახილებს აკლებდა.

მისი პიანისტი, სემ ბესტე ჰყვება, რომ „ბელგრადის კონცერტი ნათლად აჩვენებდა იმას, რომ ეს დასასრული იყო. ემის საერთოდ აღარ აღელვებდა კონცერტის ჩატარება. ის საბოტაჟს უწყობდა თავის კარიერასაც და ყველა იმ ურთიერთობას – მუსიკალურს თუ არამუსიკალურს – რომელიც მის გარშემო არსებობდა“.

ემის სცენიდან გაბრუნდა. ბელგრადის კონცერტზე მაშინვე ბევრი დაიწერა, უმეტესად ის, რომ ეს ყველაზე საშინელი კონცერტი იყო, რაც კი ქალაქში ოდესმე ჩატარებულა. ჩაიშალა დანარჩენი კონცერტებიც. „მაგრად დამერხა, მაგრამ ახლა ნიკის ქორწილში მაინც შევძლებ წასვლას!“ – ხუმრობით აღნიშნავდა ემი ამ კონცერტის შემდეგ და მეგობრის ქორწილისთვის ემზადებოდა, რომელიც 24 ივლისს იყო დაგეგმილი. თუმცა 23 ივლისის გამთენიისას ემი კამდენში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სიკვდილის დროს უაინჰაუზს სხეულში ალკოჰოლის შემცველობა იმაზე 45-ჯერ მეტი ჰქონდა, ვიდრე მანქანის მართვისას არის დასაშვები. 

„ყველა წარმატებას დავთმობდი, ოღონდაც შემეძლოს ქუჩაში გავიდე და მარტომ ვიარო“. – ხშირად უმეორებდა მეგობრებს ემი უაინჰაუსი, თუმცა მისი სხეულის მორგში გადასვენებაც კი ათობით პაპარაცის კამერის ჩხაკუნის ფონზე მოხდა. 

 

კერტის მეიფილდი – სენატორ მარტი მარკოვიცის მხარდასაჭერი კონცერტი ბრუკლინში (13 აგვისტო, 1993)

სცენაზე სიკვდილისა და დაზიანების მაგალითები ზემოთაც მოვყევი, თუმცა ტრაგიკულ დასასრულებს შორის, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სევდიანია სოულისა და ფანკის ლეგენდის, კერტის მეიფილდის უკანასკნელი ასვლა სცენაზე.

მეიფილდი, რომელიც შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტიც იყო, სენატორ მარტი მარკოვიცის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ კონცერტზე უნდა გამოსულიყო. შოუ, რომელსაც პირობითად ეთქმის კონცერტი, სულ რამდენიმე წამის დაწყებული იყო, დრამერი ჯერაც გამახურებელ ბიტებს უკრავდა და სწორედ იმ დროს, როცა სცენაზე მეიფილდი ამოდიოდა, ძლიერმა ქარმა სცენის თავზე დამონტაჟებული დინამიკები მოწყვიტა, რომელიც მუსიკოსს დაეცა და მისი კისრის ქვემოთ სრული პარალიზება გამოიწვია. 

ინციდენტის შემდეგ ეტლს მიჯაჭვულ მეიფილდს კონცერტი აღარ ჩაუტარებია, თუმცა მაინც მოახერხა, რომ 1996 წელს ალბომი New World Order გამოეცა. როგორც მისი ბიოგრაფები იუწყებიან, მეიფილდი წვებოდა და მელოდიასა თუ ტექსტის ყოველ პარაგრაფს ნაწილ-ნაწილ მღეროდა.

„თუ მუსიკა სწორ დროს არ დაიჭირე და ჩაწერე, მაშინ ის სიზმარივით იდღაბნება და ქრება“, – ამბობს ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მეიფილდი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე იმედს არ კარგავდა, რომ ტექნოლოგია ისე განვითარდებოდა, რომ კვლავაც შეძლებდა თავისი იდეების მუსიკის მედიუმში გაჟღერებას და სცენაზე დადგომას. თუმცა მას ეს არ დასცალდა, ის 1999 წელს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

კრის კორნელი – Soundgarden-ის დეტროიტის შოუ (17 მაისი, 2017)

ყველასთვის მოულოდნელი იყო როკ-მუსიკის ერთ-ერთი უკანასკნელი ვარსკვლავის სიკვდილი.  2017 წლის 17 მაისს, საგაზაფხულო ტურნეს ფარგლებში, Soundgarden-მა დეტროიტში კონცერტი ჩაატარა. ტურნეს დასრულებამდე ბენდს კიდევ 6 შოუ ჰქონდა გასამართი, თუმცა არ დასცალდათ, რადგან დეტროიტის კონცერტის დასრულებიდან ორიოდე საათში, ბენდის ფრონტმენი სასტუმროს ოთახში პუბლიცისტმა ბრაიან ბამბერიმ იპოვა გარდაცვლილი. გრანჟის ერთ-ერთმა ნათლიამ 52 წლის ასაკში თავი ჩამოიხრჩო.

ამ ამბის შემდეგ ხშირად იხსენებენ დეტროიტის კონცერტს და მის დასკვნით ეტაპს, სადაც ბევრი მსმენელის აზრით, კორნელმა აუდიტორიას მოახლოებული თვითმკვლელობის შესახებაც აცნობა: მიუხედავად იმისა, რომ კონცერტის განმავლობაში მას ზოგჯერ ტექსტი ავიწყდებოდა და Soundgarden-ის სიმღერებს პუბლიკას ამღერებდა, კორნელი მაინც შესანიშნავ ფორმაში იყო და მისი ოთხოქტავიანი დიაპაზონის ვოკალსაც არაფერი დაეწუნებოდა. ბენდმა ორსაათიანი შოუ დაუკრა, „ენქორზეც“ გამოვიდა და ჯამში 20 სიმღერა შეასრულა, დასკვნით ნაწილში კი სიმღერას Slaves & Bulldozers-ს კორნელმა Led Zeppelin-ის „In My Time of Dying“ („ჩემი გარდაცვალების დროს“) დაურთო. სადაც მღეროდა: 

Meet me, Jesus, meet me

Ooh, meet me in the middle of the air

If my wings should fail me, Lord

Oh, please meet me with another pair.

In my time of dying

Want nobody to mourn

All I want for you to do

Is take my body home.

Well, well, well, so I can die easy

 

The Beatles-ის კონცერტი სახურავზე (30 იანვარი, 1969)

მაშინ როცა კარიერის დასაწყისში ბიტლზი წელიწადში 9 თვეზე მეტ ხანს კონცერტების გამართვაში ატარებდა, მოულოდნელად, 1966 წელს, ალბომ Revolver-ის გამოსვლის შემდეგ, ამერიკული ტურნე მორჩა თუ არა, ოთხეულს ორწელიწადნახევრის განმავლობაში კონცერტი აღარ გაუმართავს. 1969 წლის იანვარში კი თავიანთივე დაარსებული Apple Corps-ის სახურავზე დადგნენ და კარიერის უკანასკნელი კონცერტი დაუკრეს.

კონცერტი ალბომ Let it Be-ს დასკვნითი სიმღერის, Get Ready-ის ჩასაწერად დაიგეგმა. იმ დღეს ლონდონში ტემპერატურა 7 გრადუსი იყო. შენობის სახურავზე ქარი უბერავდა, გარდა იმისა, რომ ბენდის წევრებს სციოდათ, მიკროფონებიც შიშინებდა. კონცერტის ხმის ინჟინერი ალან პარსონსი სასწრაფოდ გაიქცა თეთრეულის მაღაზიაში, რომ მიკროფონების შესაფუთად კოლგოტები ეყიდა. იოკო ონომ ჯონ ლენონს თავისი ქურქი ათხოვა, რინგო სტარს კი ცოლმა – წითელი საწვიმარი. 

ასე წარმოდგენილებმა მოწვეულ პიანისტ ბილი პრესტონთან ერთად დაუკრეს 42-წუთიანი კონცერტი და ჩაწერეს 5 სიმღერა (Get Back-ის 3 ვერსია, Don’t Let Me Down-ს და I’ve Got a Feeling-ის 2-2 ვერსია და თითოჯერაც One After 909 და Dig a Pony შეასრულეს). 

ლონდონში მაშინვე დაირხა ხმა ამ კონცერტის შესახებ, როცა შესვენებაზე გამოსულმა ხალხმა დაინახა სახურავზე მდგარი ბიტლზის წევრები. შენობის შემოსასვლელში მალულად დამონტაჟებული კამერით გადამღები ჯგუფი ქუჩაში შეკრებილ აუდიტორიასაც აფიქსირებდა. ხალხის ნაკადი არა და არ იკლებდა. მერე ვიღაცამ პოლიციაც გამოიძახა. სახურავზე ამოსული ოფიცრების დანახვისას ბენდის წევრებს დაკვრა არ შეუწყვეტიათ, იმედოვნებდნენ, რომ პოლიცია დააშორებდა აპარატურას, რაც კარგი გადასაღები მასალა იქნებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა, პოლიციელები დაელოდნენ პაუზას და ამის შემდეგ მოითხოვეს კონცერტის დასრულება, მიზეზად კი ქალაქში ხმაურისა და საცობის გამოწვევა დაასახელეს. 

 

ჯაკო პასტორიუსი – უცნობი თუ არშემდგარი კონცერტი (1987 წლის სექტემბერი) 

ბოლოს ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პანკის, ჯაკო პასტორიუსის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე გეტყვით, რომლის თავქარიანი ცხოვრება ფლორიდის ერთ-ერთი ბარის წინ მოულოდნელად დასრულდა.

ჯაკო პასტორიუსს ეთაყვანებოდნენ ისინი, ვინც მისი მუსიკალური გენიით იყო მოხიბლული – დაწყებული ჯაზ-შემსრულებლებით, დამთავრებული – ფანებით. თუმცა ვინც პასტორიუსთან უშუალო კავშირში იყო, ყველამ იცოდა, რომ მისი თავზეხელაღებული მუსიკალური ფორმების უკან, ასევე შერეკილი ბიჭი იდგა, მუდმივი პრობლემებით ალკოჰოლთან და საკუთარ აგრესიულ გამოხტომებთან. 

სწორედ ამ ორმა პრობლემამ მოუსწრაფა კიდეც სიცოცხლე პასტორიუსს 35 წლის ასაკში. მას უყვარდა ბარებში ჩხუბების გამოწვევა და მაზოხისტურ სიამოვნებას ანიჭებდა პროცესი, როცა სხვებს თავს ალახვინებდა.

ასე გამოიწვია 1987 წლის 11 სექტემბერს Midnight Bottle Club-ის 25 წლის დაცვის თანამშრომელი, რომელიც პასტორიუსის შეურაცხმყოფელი საქციელის აღსაკვეთად მასთან ჩხუბში ჩაერთო. დაცვის ახალგაზრდა თანამშრომელი საბრძოლო ხელოვნებაში განსწავლული კარატისტი აღმოჩნდა, რომლის მოზომილი დარტყმებიც საკმარისი გამოდგა, ჯაკოს წონასწორობა დაეკარგა და თავით ასფალტზე დაცემულიყო. მრავალი მოტეხილობითა და სხვა დაზიანებით, კომაში ჩავარდნილი ჯაკო მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

პასტორიუსმა ცხოვრების ბოლო თვეები მარტომ, ქუჩა-ქუჩა ბოდიალში, უსახლკაროდ გაატარა. ის მოულოდნელად გამოცხადდებოდა ხოლმე ამა თუ იმ ბარში და – თუკი მიიღებდნენ – უკრავდა. ერთ-ერთი ზეპირსიტყვიერი ლეგენდის მიხედვით, ჯაკოს იმ დღესაც ბარში დაკვრა სურდა, მაგრამ არ დასცალდა. 

მისი ქაოსური ცხოვრების გამო, დანამდვილებით მუსიკის ვერც ერთი მკვლევარი ვერ ამბობს, თუ სად დაუკრა უკანასკნელად კონცერტსა თუ ჯემ-სესიაზე ჯაკომ. რომ არა მისი წყობილებიდან გამომყვანი ქცევა, იქნებ პასტორიუსს იმ დღეს Midnight Bottle Club-ში დაეკრა?! თუმცა, 11 სექტემბერს მიღებული დაზიანების გამო, ჯაკო პასტორიუსი ათი დღის განმავლობაში ჯერ აპარატზე იყო შეერთებული, მას შემდეგ კი, როცა გაცხადდა, რომ მისი გადარჩენის შანსი აღარ იყო, ჟანგბადის მიწოდება შეუწყვიტეს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.