fbpx

Bloomin.ge – ახალი ონლაინპლატფორმა პოზიტიური ფსიქოლოგიისა და კეთილდღეობის შესახებ


გააზიარე სტატია

ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში ახალი პლატფორმა https://bloomin.ge/  გამოჩნდა, რომლის მთავარი მიზანი პოზიტიური ფსიქოლოგიის ძირითადი ასპექტებისა და კეთილდღეობის პრინციპების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და ამ გზით მათი ყოველდღიური ცხოვრების სტილის გაუმჯობესებაა. 

Bloomin-ის დამფუძნებლები ელენე კვერნაძე და სოფო მუსერიძე არიან, მათი პროფესიული საქმიანობა  განსხვავებულია, თუმცა  საერთო ინტერესების, მჭიდრო თანამშრომლობის და ენთუზიაზმის გამო წარმატებით ახერხებენ  ციფრული გამოცემის  მართვას.

ელენე კვერნაძე კოლორადოს შტატის უნივერსიტეტის ფსიქოთერაპია-მენტალური ჯანმრთელობის ფაკულტეტის მაგისტრანტია, მისი სტაჟირება ჰოლისტურ, მენტალურ ჯანმრთელობას და ფსიქოთერაპიას უკავშირდება. გარდა ამისა, ელენეს ცოდნის სფერო ჯანსაღ კვებას, ჯგუფურ თერაპიას, პოზიტიურ ფსიქოლოგიას, ჯანმრთელობის ფსიქოლოგიას და მედიტაციას/mindfulness-ს მოიცავს, ამჟამად ის Yoga Teacher training-ის გავლის პროცესშია, დასრულების შემდეგ კი – მას Yoga Alliance-ის მიერ მინიჭებული სერტიფიკატის საფუძველზე იოგის მასწავლებლის სტატუსით შეეძლება საქმიანობის გაგრძელება.

სოფო მუსერიძის საქმიანობა მარკეტინგის სფეროს უკავშირდება, 2015 წლიდან გახლავთ პლატფორმა http://www.marketer.ge/-ის მთავარი რედაქტორი, ონლაინპლატფორმა https://www.homeis.ge/-ს დამფუძნებელი, კანის ლომების ფესტივალის წარმომადგენელი, საქართველოში, ღონისძიება https://spotlight.ge/-ის ორგანიზატორი და არაერთი პროექტის ავტორი. 

18 მარტიდან Bloomin.ge სა და TBC conceptის თანამშრომლობის ფარგლებში კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ოთხ ონლაინლექციას, რომლებიც კეთილდღეობის ძირითადი კონცეფციის გარშემო განვითარებულ კონკრეტულ მიმართულებებს გააერთიანებს: ემოციური, სოციალური, ფიზიკური, ინტელექტუალური, პროფესიული, ფინანსური, გარემოებრივი და სულიერი კეთილდღეობა იქნება ის ძირითადი თემები, რომელთა  გარშემოც ოთხი სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების მქონე მოწვეული სპიკერი ისაუბრებს:

 

18 მარტი, 10:00

ემოციური და მენტალური კეთილდღეობა

ნინო ბუაძე 

 

19 მარტი, 10:00

სოციალური კეთილდღეობა

ზურაბ მხეიძე

 

24 მარტი, 11:00

ინტელექტუალური კეთილდღეობა

ლევან გიგინეიშვილი

 

27 მარტი, 10:00

ფიზიკური კეთილდღეობა

მარი მალაზონია

დილის კონცეპტი TBC concept ის ახალი პლატფორმაა, დღევანდელმა რეალობამ დღის რუტინა ერთფეროვანი გახადა, სწორედ ამიტომ, დილის განსხვავებული კონცეფცია: ენერგიული, შთაგონებითა და დადებითი ემოციებით დატვირთული დილის ქონა განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება ადამიანის განწყობისთვის.

ახალი წამოწყების მიზანი კი – დღის საინტერესოდ დაწყების იდეა, ახალი ადამიანების აღმოჩენა თუ ინტერესის სფეროს გაღვივებაა. 

 

At.ge წარმოგიდგენთ ინტერვიუს Bloomin.ge-ს დამფუძნებლებთან

 

რა არის Bloomin-ის ძირითადი კონცეფცია?

ელენე: ბლუმინი არის ონლაინგამოცემა ჰოლისტური ჯანმრთელობის შესახებ. ჰოლისტური (ანუ სიტყვა whole – მთლიანი) იმას მოიაზრებს, რომ ადამიანი არის ერთი მთლიანი და ჩვენი მენტალური, ფიზიკური თუ სოციალური მდგომარეობის გამიჯვნა შეუძლებელია, რადგან ეს ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ სანდო და მარტივი თეორიული და პრაქტიკული ინფორმაცია ჰოლისტური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ.  

გვჯერა, რომ თვითრეალიზაციისკენ სწრაფვა არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, უბრალოდ გარემო და ბევრი ფაქტორი ხშირად ხელს გვიშლის ამ პროცესში. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, ადამიანებს სწორედ ამ ბარიერების იდენტიფიკაციასა და გადაჭრაში შევუწყოთ ხელი, რომ უკეთ შეძლონ თავიანთი პოტენციალის რეალიზაცია.

 

რა გავლენა აქვს პოზიტიურ ფსიქოლოგიას ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე?

ელენე: ტრადიციული ფსიქოლოგიის მიზანია მენტალური პრობლემების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ყურადღება უფრო ადამიანის ცხოვრებაში უარყოფითი მოვლენების ახსნას ეთმობა. თუმცა ისეთივე მნიშვნელოვანია იმის შესწავლა, თუ  რა განაპირობებს ადამიანის ბედნიერებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პოზიტიური ფსიქოლოგია. ეს შედარებით ახალი დარგია, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა. ის სწავლობს იმ დადებით თვისებებს და მოვლენებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას აუმჯობესებს და გვაბედნიერებს, ანუ სადაც ტრადიციული ფსიქოთერაპიის და ფსიქოლოგიის მიზანია მინუსიდან ნულზე დაბრუნება,  პოზიტიური ფსიქოლოგია  გვეხმარება ნულიდან პლუსში გადასვლაში. 

ზოგადად, პოზიტიური ფსიქოლოგიისა და ჰოლისტური მიდგომის  ფოკუსია პრევენცია. ის, რომ შეგვიძლია პროაქტიული, გამიზნული ცხოვრების წესით საერთოდ ავირიდოთ ბევრი ფიზიკური თუ მენტალური პრობლემა და გავიუმჯობესოთ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავების უნარი.

 

რა წყაროებს ეფუძნება მკითხველისთვის მიწოდებული ინფორმაცია და როგორ ახდენთ მის სელექციას?

ელენე: პირველ რიგში, ჩემი პროფესია და გამოცდილება არის  ერთ-ერთი მთავარი წყარო. ხელი მიმიწვდება უამრავ სახელმძღვანელოზე, კვლევაზე, სტატიაზე, ლექციებზე და ამ პროფესიაში მოღვაწე ადამიანებზე. ასევე გვყავს ძალიან კარგი გუნდი. საერთოდ, ამ პროცესში ყველაზე მთავარია, იცოდე რას ეძებ და როგორ გაარჩიო სანდო და არასანდო ინფორმაცია ერთმანეთისგან. ამ  წყაროებზე დაყრდნობით და ჩვენი გუნდის ერთობლივი მუშაობით ვქმნით კონტენტს. 

 

რა არის პირადად თქვენთვის კეთილდღეობის ცნება და როგორ დაახასიათებდით მას?

სოფო: ზოგადად, კეთილდღეობა არის ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ურთიერთდამოკიდებული სფეროების ჰოლისტური ინტეგრაცია, მაგალითად, მენტალური, ემოციური, ფიზიკური, სოციალური და ა.შ , თუმცა, ეს არ არის ჯადოსნური ფორმულა, რომელსაც ერთხელ შეიმუშავებ და დამთავრდა. ეს არის მუდმივი, აქტიური პროცესი და დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, რომ შენს ცხოვრებას ისე უნდა შეხედო,  როგორც ერთ მთლიანს და ისწრაფოდე სავსე ცხოვრებისკენ. 

ელენე: რაც მთავარია, ბლუმინში ყურადღებას ვამახვილებთ პრევენციასა და პროაქტიულობაზე, იმაზე,  რომ არ დაველოდოთ როდის გაჩნდება პრობლემა და აქტიურად ვიმუშაოთ მის თავიდან არიდებაზე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ისიც, რომ სფეროებს შორის იდეალური ბალანსი სულაც არ არის აუცილებელი. ჩვენს ცხოვრებაში რა როლს თამაშობს თითოეული სფერო ეს ინდივიდუალურია და შესაბამისად, ჩვენს ინდივიდუალურ მიზნებსა და საჭიროებებს უნდა მოვარგოთ. 

 

ეწვიეთ ბმულს :

დარეგისტრირდით : 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.