fbpx

რუსუდან ხიზანიშვილის გამოფენა – „ქალღმერთებზე და ქალებზე“ Window Project-ში


გააზიარე სტატია

ავტორი – გიორგი ნაზღაიძე


3 მაისის ჩათვლით გალერეა Window Project-ში დამთვალიერებელს რუსუდან ხიზანიშვილის გამოფენის, „ქალღმერთებზე და ქალებზე“ ნახვა შეუძლია. 

ქალი, როგორც ძლიერი პერსონაჟი, რომლის გარშემოც სამყარო ერთიანდება – გამოფენაზე წარმოდგენილია  2018-2021 წლებში შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ავტორმა  ერთ  თემაში  გააერთიანა. 

ხიზანიშვილის სცენოგრაფიაში ცენტრალურ ფიგურებს სახელი არ ჰქვიათ. თუმცა, შესაძლოა ვივარაუდოთ მათი იდენტობა. დალი, მედეა, თინათინი, თამარი, ნესტანი, ღვთისმშობელი, ვენერა – სიმბოლურად წარმოდგენილია  სახეებში, ფიგურებში, ქმედებებსა და კომპოზიციებში.

იმის ნაცვლად, რომ წარსულის რომანტიკული ვერსია შემოგვთავაზოს, სადაც ქალი მორჩილი და შეუხებელია, ხიზანიშვილს გადააზრებული აქვს ეს ტრადიცია და  ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში ახალი დინამიკა შემოაქვს. მცირე ზომის პორტრეტების გარდა, მხატვარი ტილოს კაფსულაში ათავსებს ქმედებას,  რომელიც თითქოს გრავიტაციის კანონს სცდება. დედის ტრადიციული არქეტიპი წინააღმდეგობაშია თავისუფლად მოქმედი ქალის ხატთან, რომელიც  ძლიერი და ზოგჯერ ცბიერია. ქალები, რომლებსაც ვხედავთ, თავად წერენ საკუთარ სცენარს“, – ნაწყვეტი ნინა მდივანის საკურატორო ტექსტიდან.

გამოფენის ექსპოზიციაზე ახალგაზრდა ხელოვანმა ლადო ლომიტაშვილმა იმუშავა, რომელიც წინასწარ გაეცნო მხატვრის სახელოვნებო განაცხადს და ინტერვიუებს, რის შედეგადაც შეირჩა დიზაინი და ფერთა გამა.  სტაფილოსფერი ხელოვანის ნამუშევრებში საკმაოდ ხშირად გვხვდება და  ის  ექსპოზიციის ძირითადი ფერია.  

ექსპოზიცია დაყოფილია სივრცეებად, როგორც პორტალებად,  რაც გამოფენას დამთვალიერებლისთვის კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.