fbpx

ისტორიული ბინა რომის ქუჩაზე და ინტერვიუ ლამაზი სახლის მშვენიერ დიასახლისთან


გააზიარე სტატია

ეკა ჩიჩუა იმ ულამაზესი ბინის მეპატრონეა, რომლის შესახებაც ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ცნობილი და გავლენიანი არქიტექტურული გამოცემა – Ad Italia, Elle Decor US, Vogue Brazil, Residence Magazine აღფრთოვანებული წერდა. 

ჩვენც გვინდა  პატივისცემა გამოვხატოთ ეკას და მისი მეუღლის, ცნობილი კინოოპერატორის, ფედონ პაპამიქაელის მიმართ, რომლებმაც რომის ქუჩაზე მდებარე ისტორიულ ბინას  პირვანდელი სახე უნაკლოდ აღუდგინეს,  რესტავრაცია პროფესიონალებთან ერთად ჩაუტარეს და არტ-ნუვოს უნიკალურ ძეგლს ახალი სიცოცხლე შესძინეს.

ეკამ რამდენიმე წლის წინ  თავისი  პირველი პროექტი ლოს-ანჯელესში გააკეთა. ამჟამად კი თბილისში ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობს ინტერიერის დიზაინერ ნინო ნოზაძესთან ერთად.

AT:   როგორია ამ სახლის ისტორია?

ეკა: სახლი ეკუთვნოდა ქართველიშვილების ოჯახს, კერძოდ, ნიკოლა ქართველიშვილს. ის იყო დიდი ქართველი მეცენატის, ბიზნესმენ გიორგი ქართველიშვილის ვაჟი. თვითონ ნიკოლა იყო მუსიკოსი, იმ დროისთვის ახალი დაბრუნებული პარიზიდან. მუშაობდა თბილისის ოპერაში. გატაცებული იყო იტალიური ოპერით. თურმე მას ხშირად, თავისი ხარჯებით, იტალიური საოპერო დასებიც კი ჩამოჰყავდა თბილისში. ამ ბინის ინტერიერის მხატვრობაც საუბრობს მის ამ სიყვარულზე. ალბათ, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მის ერთადერთ ფოტოში, რომელიც მე ნანახი მაქვს, არაჩვეულებრივად ჩაცმული და ძალიან სიმპათიურია☺

AT: როდის აშენდა სახლი?

ეკა:  სახლი აშენდა 1902 წელს, აქ მანამდე ორსართულიანი შენობა იდგა. არქიტექტორია სიმონ კლდიაშვილი, რომლის ნამუშევრებს მიეკუთვნება სათავადაზნაურო გიმნაზია, ახლანდელი უნივერსიტეტი. მან 1902 წელს კაპიტალურად გადააკეთა, ფასადი სრულად შეუცვალა ქობულაშვილების სახლს, ახლანდელ სამხატვრო აკადემიას. გარდა ამისა, მრავალი კერძო სახლი და სამოცამდე პროექტი ინახება არქივში, რომელთაგანაც ყველა არ განხორციელებულა.

რადგან ამ კონკრეტულ სახლზე ვსაუბრობთ, დავამატებდი, რომ ზუსტად სიმონის და ნიკოლას თანამშრომლობით შეიქმნა ეს უნიკალური არტ-ნუვოს (მოდერნი) ძეგლი და სადარბაზოს შემოსასვლელში ქართული “სალამი” სავარაუდოდ, მათი ერთობლივი იდეაც იქნებოდა.

 AT: ეს სახლი ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია თბილისში, რამდენად ელოდით, რომ ინტერიერიც ასეთი მნიშვნელოვანი იქნებოდა?

ეკა: ეს სახლი მომწონდა, ულამაზესი აივნებით, ფასადით, ფანჯრებით, ეზოთი… ჩემთან სულ შემთხვევით მოხვდა, თითქოს მისივე სურვილით☺ შუშაბანდი, მაღალი ჭერი, სივრცე, ბუნებრივი განათება უკვე ბევრს ამბობდა მის ინტერიერზე. თუმცა, აქა-იქ კედლის მხატვრობის ნარჩენებიც ჩანდა.

მრავალმა გამოცვლილმა მეპატრონემ, ეპოქამ, თავისი წვლილი შეიტანა მის გადაგვარებაში. კედლის მხატვრობის თითქმის სრული ნაწილი აბსოლუტურად დაფარული იყო სხვადასხვა სამშენებლო მასალით. საფარის ქვეშ ინტერიერის გეგმარება სრულად იყო დარღვეული, რამდენიმე გასასვლელი კარი ამოშენებული აგურით, თაღი მოქცეული კედლებს შორის, დამატებული და ჩაშენებული ოთახები ოთახებშივე და ასე შემდეგ… როდესაც დავიწყე ინტერიერზე მუშაობა, განცდა იმისა, რომ უფრო მნიშვნელოვანს აღმოვაჩენდი რაიმეს, არ მქონია, თუმცა მაშინაც ვფიქრობდი, რომ კედლის მხატვრობის გარეშეც უნიკალური იყო ეს ინტერიერი. კედლის მხატვრობა მისი უდიდესი ბონუსი აღმოჩნდა. 

AT: რამდენად რთული იყო გეგმარების შეცვლა ისე, რომ ისტორიული სტრუქტურის დარღვევის გარეშე მიგეღოთ ოჯახისთვის საცხოვრებლად კომფორტული ინტერიერი? 

ეკა: ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, შემენარჩუნებინა ბინის ისტორიული მემკვიდრეობა და ამავე დროს, მიმესადაგებინა 21-ე საუკუნის მოთხოვნებისთვის, საჭირო კომფორტით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. გეგმარება, ვიდრე კედლებს გავხსნიდით, მანამდე გავაკეთე, თუმცა სივრცით ნაკარნახები იყო და ბუნებრივად შეერწყა კედლის მხატვრობის კონფიგურაციას.

AT: მოგვიყევით რესტავრაციის პროცესის შესახებ და იმ აღმოჩენებზე, რომლებიც გააკეთეთ? 

ეკა: რესტავრაცია საკმაოდ კომპლექსური პროცესია, განსაკუთრებით რთულია ასეთი სამუშაოს ორკესტრირება სარემონტო სამუშაოებთან სინთეზში. კედლის მხატვრობაზე იმუშავა ლელა ნინოშვილმა, რომელიც ჭეშმარიტი პროფესიონალია. აღმოჩენას რაც შეეხება, სიურპრიზი იყო სასადილო ოთახის მხატვრობა, მისი უნიკალური პერსონაჟებით, ჯუჯებით, რომლებიც საოცრად კეთილგანწყობილნი აღმოჩნდნენ☺ ასევე თაღი, რომელიც ორ ოთახს შორის, კედელში ჩაშენებული ვიპოვეთ. მგონია, რომ ეს  ელემენტი ბინას გვიან შეემატა; მაგრამ ახლა საკმაოდ საინტერესო ნაწილია მისი ინტერიერის, რკინის გამყოფითვე, რომელიც ჩემი დიზაინით რატი ერაძემ შეასრულა.

AT: რამდენად რთული იყო რესტავრაციის ბიუროკრატიული ნაწილი. 

ეკა: ეს კითხვა უაღრესად მნიშვნელოვანია. კანონის ბიუროკრატიული ნაწილი რთული იყო, იმიტომ რომ აღმოჩნდა  მართლაც  ბიუროკრატიული და დროში გაწელილი.  სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს თავიდან უნდა ამეცილებინა, ან საჭირო არ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ სფეროში კანონია თვითონ დასახვეწი. ალბათ, ამაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, დავა, მაგრამ ჩემი აზრით, ერთი რამ ცხადია, ძირეულადაა  შესაცვლელი ძეგლების მიმართ დამოკიდებულება. ასევე, საჭიროა, რომ მსგავსი ძეგლების რესტავრაციას არა სამშენებლო კომპანიები, არამედ პროფესიონალების  ჯგუფი ასრულებდეს, რომელიც შეისწავლის, განახორციელებს და ზედამხედველობას გაუწევს ასეთ მნიშვნელოვან პროცესს. ამჟამად ამ შენობას  “რესტავრაცია” უტარდება. რბილად რომ ვთქვა, მსგავსი ძეგლები იმსახურებენ მეტ ყურადღებას, ფინანსებს, სიყვარულს და პროფესიონალიზმს! 

AT: კიდევ ერთხელ რომ  ყიდულობდეთ ბინას,  ეცდებით ისევ ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე სახლში მის პოვნას? 

ეკა: ძალიან ბევრი ვისწავლე, გავიგე ამ პროცესში და ამ გამოცდილებით სიამოვნებით ვეხმარები მეგობრებს თუ დამკვეთებს. ახლა დავფიქრდი, რატომაც არა, რომ შემეძლოს, სიამოვნებით ვიყიდდი და გავაკეთებდი. 

გულისწყვეტა უსაზღვროა, როცა ვხედავ ადამიანების მიერ დასახიჩრებულ ამგვარ შენობებს და ქალაქს, რომელიც მიყვარს.

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.