გამოწვევებით სავსე წელი კინოინდუსტრიაში – ინტერვიუ თამარ ტატიშვილთან
ავტორი: ნინია ახვლედიანი
ფოტო: ალი განდში
პანდემიის დროს განსაკუთრებით დაზარალდა კინოინდუსტრია. საერთაშორისო კინოსექტორში მომუშავე ქართველი პროფესიონალი, თამარ ტატიშვილი, რომელიც დღეს კინოფონდების ლიდერებისთვის შექმნილი ტრენინგის, MEDICI – Film Funding Journey-ის ხელმძღვანელია, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე ინდუსტრიულ პროგრამებში და ჩვენთან საუბარში გამოწვევებით სავსე ერთ წელს აჯამებს.
AT_: თაკო, შენ ბევრი წელია კინოს სფეროს პროფესიონალი ხარ, მუშაობ არაერთ საერთაშორისო პროექტზე, ფესტივალსა თუ კინოპლატფორმაზე. მოკლედ რომ შეაფასო, პანდემიიდან 1 წლის თავზე, რა მდგომარეობაშია მსოფლიო კინო? რა შეფერხდა და რა ამუშავდა? გაართვა თუ არა თავი ამ სფერომ კრიზისს?
თამარ ტატიშვილი: ვფიქრობ, ერთი წელი მცირე დროა იმისთვის, რომ სრულად გამოჩნდეს კოვიდ-კრიზისით გამოწვეული ცვლილებები და რთულია, მათი სიღრმისეული ანალიზი შევძლოთ. სამწუხაროდ, ეს გლობალური გამოწვევა ჯერ არ დასრულებულა და მისი უარყოფითი გავლენა საერთაშორისო კინოსექტორში დამკვიდრებულ აქტივობებსა თუ პროფესიულ ჩვევებზე ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია.
მიუხედავად ამისა, ერთი დადებითი მოვლენა, რაც პანდემიამ კინოს ყველა პროფესიონალს მოუტანა, ესაა არსებული პროფესიული სტანდარტის გადასინჯვის აუცილებლობა, ახლის ძიების აუცილებლობა. კომფორტის ზონა ყველამ დაკარგა. შესაბამისად, საქმიანი რეფლექსიის პერიოდი დადგა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში სავარაუდოდ, ბევრ დადებით სიახლეს მოუტანს ჩვენს სექტორს.
თუმცა ეს გზა საკმაოდ რთულია. გამორჩეულად მძიმეა ეს პროცესი ისეთ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური რესურსის სიმწირეა და კულტურის სფეროს განვითარება მუდმივად არაპრიორიტეტულია.
2020 წლის გაზაფხულზე კინოწარმოების და დისტრიბუციის ყველა რგოლი თანაბრად დაზარალდა – შეჩერდა ან გართულდა წარმოება; დაიხურა კინოთეატრები, შეწყდა საქმიანი მოგზაურობები და უპირობო გახდა ე.წ. ვირტუალური მუშაობის სტანდარტი.
სხვადასხვა პლატფორმამ სხვადასხვანაირად შეძლო მსგავსი გამოწვევების მოგვარება. ისეთ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფომ მყისიერად დაუჭირა მხარი შემოქმედებით სექტორს (დამატებითი “კოვიდ-გრანტები”, ბიუროკრატიული მოთხოვნების შემსუბუქება და ა.შ.) სხვადასხვა ორგანიზაციამ შედარებით უფრო ადვილად შეძლო ციფრულ ფორმატზე გადასვლა.
მაგალითად, ცნობილი დოკუმენტური ფილმების ფესტივალი – Copenhagen International Documentary Festival CPH Dox 2-3 კვირაში გადავიდა სრულიად ციფრულ ფორმატზე და საოცარი პროფესიონალიზმით ჩაატარა 2020 წლის გამოშვება. ამ მოვლენამ ფესტივალს რეკორდული რაოდენობის მაყურებელი შესძინა. ფესტივალმა ე.წ. ლოქდაუნი სასარგებლოდაც კი გამოიყენა და ახალი მაყურებელი მოიზიდა.
მეორე მხრივ, სრული კრიზისი განიცადა არაერთმა შედარებით ნაკლებგანვითარებული კინოპოლიტიკის მქონე ქვეყნებმა; მაგალითად, რუმინეთის კინოცენტრმა, რომელმაც ვერანაირი მხარდაჭერა ვერ გაუწია სექტორს. რუმინეთში არათუ დამატებითი ფინანსური სარგებელი მიიღო კინომ, არსებული საწარმოო კონკურსებიც კი არ ჩატარდა და ეს პროცესი დღემდე ჩიხშია.
ერთგვარი პარადოქსია რუმინეთის შემთხვევა – მათი ფილმები დიდი წარმატებით სარგებლობს საფესტივალო წრეში, თუმცა სექტორის ხელშემწყობი მექანიზმები საკმაოდ სუსტია. ნიშანდობლივია, რომ წელს ბერლინის კინოფესტივალის მთავარი პრიზი რუმინელი რეჟისორის, რადუ ჯუდეს ახალ ფილმს ერგო. ფილმს, რომელიც ოთხი ქვეყნის კოპროდუქციაა და 2020 წელს ძალიან მძიმე პირობებში შეიქმნა.
კოვიდის კრიზისმა შედარებით უფრო დემოკრატიული გახადა ფესტივალებზე დასწრება და ინფორმაციასთან წვდომა. თუმცა, უფრო გართულდა “ახალგაზრდა ტალანტის” მართვა და აღმოჩენა კინოს განვითარების ეტაპზე. მაგალითად, ყველა ადამიანს არ აქვს ის ჩვევები, რაც წარმატებულ პრეზენტაციას სჭირდება ვირტუალურ ფორუმებზე. ამიტომ, რთულია ცალსახად დააყენო საკითხი.
კიდევ ერთი ელემენტი, რაც ყველასთვის ნათელია, ეს გლობალური “სტრიმერების” სრული დომინაციაა. ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Netflix, Amazon და სხვები, ამ პანდემიის ყველაზე დიდი გამარჯვებულები არიან. ეს რეალობა აუცილებელს ხდის ევროპაში დამკვიდრებული კინოს მხარდაჭერის ფორმების გადასინჯვას. აუცილებელია, კრიტიკულად შევხედოთ მაყურებელთან წვდომის საკითხს და გავაანალიზოთ, როგორ გავხადოთ საავტორო კინო მიმზიდველი თანამედროვე ეპოქაში. მოსაძებნია ახალგაზრდა მაყურებელთან დაახლოების გზები და განსასაზღვრია ის ისტორიები, რომელთა ეკრანზე ნახვაც მათთვის საინტერესოა.
რეალურად, ყველა ეს შეკითხვა პანდემიის დადგომამდეც არსებობდა. კრიზისმა უბრალოდ უფრო დააჩქარა გადასინჯვის პროცესი და, ჩემი აზრით, მომავალი 5-10 წელიწადი ახალი ტიპის თანამშრომლობის ფორმების შექმნის პერიოდი იქნება. გადაიხედება კინოთხრობის, ფორმის და წარმოების მანერა. თავად ეს პროცესი ძალიან საინტერესოა, თუმცა დასანანია, რომ ის ასეთ მძიმე – ჯანმრთელობის კრიზისის ფონზე მიმდინარეობს.
ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რასაც ყველა სფერო და მათ შორის კინოინდუსტრიაც განიცდის ევროპაში, მოიტანა თუ არა პანდემიამ ახალი თემები? ახალი სათქმელი კინოში? შესაძლოა უფრო საინტერესო გახდეს ისტორიები, რადგან ცნობილია, რომ ბოლო წლებში თემების მხრივ მსოფლიო კინო კრიზისს განიცდიდა.
ამ კითხვაზე პასუხი თითქოს უკვე დავიწყე ზემოთ. კრიზისმა ყველა სფეროში, და მათ შორის კინოში, მოიტანა არსებული საქმიანი უნარ-ჩვევების გადასინჯვის აუცილებლობა: ინდუსტრიულ კონტექსტში ეს ეხება კინოწარმოების და გავრცელების პრაქტიკულ გამოცდილებებს და სტანდარტებს, ხოლო შემოქმედებით კონტექსტში ეს ეხება თემებს, ისტორიებს, გმირებს და ე.წ. ახალი ნარატივის დამკვიდრებას.
ამ მხრივ კოვიდკრიზისზე უფრო დიდი მოვლენა იყო 2020 წელს ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი და ტალღა – “Black Lives Matter”. ეს იყო ის მოვლენა, როდესაც ჩვენი ინდუსტრია იძულებული გახდა კრიტიკულად შეეხედა დამკვიდრებული ქცევის წესებისადმი: ვინ ფინანსდება, როგორი ფილმები ეშვება წარმოებაში, ვისი გადმოსახედიდან ვუყურებთ ფილმს, ვაძლიერებთ სტერეოტიპებს თუ პირიქით, ვქმნით გმირებს, რომლებიც ამსხვრევენ მათ? – ეს რამდენიმეა იმ უამრავ შეკითხვას შორის, რომელიც აქტიური განხილვის პროცესშია თანამედროვე კინოპროფესიონალებს შორის.
ამ ტალღამ გააძლიერა გენდერული თანასწორობისკენ მიმართული უკვე გააქტიურებული მოქმედება კინოში და შეიქმნა უფრო კომპლექსურ საკითხთა ერთობა – Equity, diversity & inclusion. ესაა საკითხები, რომლებსაც ყველა ფესტივალი თუ კინო ბიზნესპლატფორმა ეხმაურება და განიხილავს. პროგრესული კინოფონდები, როგორიც არის, მაგალითად, შვედეთის კინოინსტიტუტი, ნორვეგიის კინოინსტიტუტი, ტელეფილმი კანადა და სხვები, უკვე სპეციალურ ფონდებს ქმნიან ამ მიმართულებით. იქმნება სხვადასხვა ტიპის რეგულაციები და სტრატეგიები.
ეს საკმაოდ კომპლექსური პროცესია. მის ირგვლივ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო შედეგი ძალიან საინტერესო იქნება – ჩვენ ვნახავთ უფრო საინტერესო, დამაჯერებელ და ინკლუზიურ ფილმებს. უფრო მეტს ვისწავლით და უფრო მეტად მოგვინდება ჰუმანურობის დამკვიდრება იქ, სადაც ამას დღეს მრუდე ტრადიცია ან სტერეოტიპი შეუძლებელს ხდის.
ცოტა ხნის წინ დასრულდა ბერლინალე, ცხადია, ონლაინფორმატში. ვიცით, რომ აქტიურად იყავი ჩართული არაერთ სექციაში და რომ შეაფასო ბოლო ბერლინალე, როგორ ჩაიარა, რა იყო სიახლე, იყო თუ არა საინტერესო ფილმები და პროექტები? ქართული ფილმი მონაწილეობდა კონკურსში, რაც ძალიან დიდი მიღწევაა, მით უმეტეს, ამ მსოფლიო კრიზისის დროს.
პირადად ჩემთვის ბერლინალეს ციფრული გამოშვების ყველაზე სასიხარულო სიახლე იყო ქართული ფილმის, “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” (რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე) მთავარ კონკურსში მონაწილეობა. მიხარია, რომ ფილმი “ფიპრესის” პრიზით დაჯილდოვდა და მას გამორჩეულად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო პრესაში.
ბერლინალე 2021 წელი უცნაური გამოცდილება იყო – სექტორი თითქოს გადაღლილია დაუსრულებელი “ონლაინ” ღონისძიებებით და ვირტუალური პრემიერებით. მიუხედავად ამისა, ფესტივალი მაინც საინტერესოდ ჩატარდა.
როგორც იცით, ბერლინალეს ახალი გუნდი მართავს. წლევანდელი ფესტივალი მათი მეორე გამოშვება იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი გუნდი ცოტა ჩამოშორდა ინგლისურენოვან ინდუსტრიას და მეტი აქცენტი დამოუკიდებელ და ექსპერიმენტულ კინოზე გააკეთა. როგორ ჩაეწერა ბერლინალეს ეს გადაწყვეტილებები ფესტივალების გლობალურ სტრატეგიაში – ამას მომავალი წლები აჩვენებს. 2021 წელი იყო ასევე პირველი გამოშვება, როდესაც ფესტივალმა “Gender Neutral” ჯილდო გადასცა მსახიობს, ანუ გააუქმა საუკეთესო ქალის და მამაკაცის პრიზი. ჟიურიც ორიგინალურად დაკომპლექტდა – გაერთიანდა ექვსი რეჟისორი, რომლებიც წინა წლებში ბერლინალეს მთავარი პრიზების მფლობელები იყვნენ.
ინდუსტრიული კუთხით ჩემთვის დაკავებული კვირა იყო. როგორც კინოფონდების წარმომადგენლების ტრენინგის ხელმძღვანელი (MEDICI – Film Funding Journey, organized by FOCAL), ძალიან ბევრ ფორმალურ შეხვედრაში ვმონაწილეობდი და საქმე ზუსტად ისე გაკეთდა, როგორც საჭირო იყო.
მიუხედავად ამისა, პირადად ჩემი აზრია, რომ საფესტივალო ინდუსტრია ვერ გაუძლებს ციფრულ რეალობას გრძელვადიან პერსპექტივაში. ემოცია, პირისპირ შეხვედრები, ღიმილი, კურიოზი და იმპულსურობა, რომელიც ფესტივალის რეალურ გამოშვებას მოაქვს, ვირტუალურით ვერ ჩანაცვლდება.
უკვე ზუსტად ერთი წელია ციფრულ რეჟიმში ვუყურებ ფილმებს. მე თავად წარვადგენ ნამუშევრებს, ვუძღვები შეხვედრებს შემოქმედებით ჯგუფებთან და ბევრი სხვა რამ. ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ პრაგმატულად ყველაფრის ორგანიზება შეიძლება და ახალმა ბიზნესმოდელებმა აუცილებლად უნდა იარსებოს სექტორის განსავითარებლად და მაყურებლის მოსაზიდად, თუმცა არ უნდა დავკარგოთ ადამიანების ერთიანობის და ფილმის დიდ ეკრანზე ნახვით გამოწვეული ზეიმის ემოცია, რომელიც პატარა, პერსონალურ ეკრანზე არასოდესაა ისეთი ჯადოსნური, როგორც კინოდარბაზში.
დიდი იმედი მაქვს, რომ ეტაპობრივად ეს პატარ-პატარა დადებითი გამოცდილებები დაგვიბრუნდება: კინოდარბაზი ჩაბნელდება და ჩამოდგება სიჩუმე, რომელსაც კინოსეანსის მოლოდინის ემოცია მოაქვს!
შენ ხარ ძალიან საინტერესო პლატფორმის, SOFA-ს კინოსკოლის რეგიონული კოორდინატორი. ეს უნიკალური ვორქშოფების სერია, როგორც ვიცი, დააფუძნა ბერლინალეს წარმომადგენელმა ნიკოლაი ნიკიტინმა. წელს სესია უნდა ჩატარებულიყო თბილისში, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ის ტარდება ონლაინ. მეტი რომ გვითხრა, რა მნიშვნელობა აქვს SOFA-ს ქართული კინოინდუსტრიისთვის და საქართველოსთვის ზოგადად.
SOFA (School of Film Advencement) საერთაშორისო ერთწლიანი ტრენინგია – ის ეხმარება სექტორში დასაქმებულ შედარებით ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ ახალი კინოსტრუქტურების ჩამოყალიბება კინოფონდების, დისტრიბუციის, არქივის და სხვა მიმართულებებით. ახალგაზრდა მენეჯერებს ეძლევათ საშუალება სწორად განავითარონ საკუთარი პროექტები და ბიზნესგეგმები. როგორც გუნდი, ჩვენ ვცდილობთ მათ მეტი პროფესიული კონტაქტი შევძინოთ, გავუწიოთ პროექტზე მორგებული რჩევები, გავუზიაროთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და სხვა.
ტრენინგი უკვე 8 წელია არსებობს და მისი საგაზაფხულო სესია წელს მეოთხედ ტარდება საქართველოში, ბუნებრივია, წელს ვირტუალურად. 2018 და 2019 წლებში თბილისში დაგეგმილი სესია საქართველოს სახელმწიფო მხარდაჭერით მიმდინარეობდა. ბოლო ორი წელია საქართველოში თანადაფინანსების პარტნიორი აღარ გვყავს, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა თბილისის ერთ-ერთ სასურველ ლოკაციად შენარჩუნებას.
უფრო მეტიც, წელს, როდესაც გლობალური კრიზისის ფონზე შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები გამორჩეულად დაზარალდნენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფრო მეტი ქართველი პროფესიონალი ჩაერთოს მარტში დაგეგმილ სესიაში. შემოგვიერთდნენ პროდიუსერი – ვლადიმერ კაჭარავა, იურისტი – ლევან ნანობაშვილი, არტმენეჯერი და კურატორი – ვატო წერეთელი, შეფმზარეული მერიკო გუბელაძე და სხვები.
ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. ეს არის სოლიდარობის გამოხატვის პრაქტიკული ნაბიჯი. იმედი მაქვს, რომ 2022 წლიდან საქართველოში ისევ გაჩნდება საჭირო სახელმწიფო რესურსი, რომელიც უფრო აქტიურად წარმოაჩენს ჩვენს მონაწილეობას ამ აქტივობაში. SOFA-ს ძირითადი მხარდამჭერები არიან გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისი და Creative Europe – ევროკავშირის მედიაპროგრამა. ასევე, პოლონეთის და ლიტვის კინოცენტრები.
გარდა ამ ორგანიზაციებისა, ტრენინგს ჰყავს ისეთი სტრატეგიული პარტნიორები, როგორებიცაა გოეთეს ინსტიტუტი და საერთაშორისო საპროდიუსერო ტრენინგი – EAVE. წინა წლებში ამ ტრენინგში მონაწილეობდნენ ქართველი პროფესიონალები: პროდიუსერები – ქეთი დანელია, ნინო ჩიჩუა, ნათია ნიკოლეიშვილი და თეკლა მაჭავარიანი; ასევე, მონაწილეობდა მედეა შარიქაძე, რომელიც დოკუმენტური ფესტივალის, CineCDoc Tbilisi-ის გუნდის წევრია.
ჩემთვის ქართული კინოსექტორის ინდუსტრიული განვითარების ხაზი საერთაშორისო თანამშრომლობის სწორ ფორმებზე გადის. საჭირო პარტნიორების მოზიდვა, კინოპროექტების სწორი პოზიციონირება, გრძელვადიანი თანაწარმოების პროტოკოლის დამკვიდრება, საერთაშორისო საგანმანათლებლო და საწარმოო სქემებში სრულფასოვანი ჩართულობა – ის მცირე ჩამონათვალია, რაც ხელს შეუწყობს ქართული კინოსექტორის თვითმყოფად ინდუსტრიად ჩამოყალიბებას.
ვფიქრობ, ქვეყანაში, სადაც ყოველი პოლიტიკური ცვლილება კულტურის დარგში სრულ ქაოსს და გაურკვევლობას იწვევს, საერთაშორისო ტრენინგების საქართველოში ჩატარება უბრალოდ აუცილებელია ყურადღების მოზიდვის და ინტერესის შენარჩუნების მიზნით.
22 მარტიდან ოცდაათამდე პროფესიონალი საქართველოში ვირტუალურად ვიმოგზაურებთ. დარწმუნებული ვარ, პროგრამა კარგად ჩაივლის. ასევე იმედი მაქვს, რომ ეს ბოლო ციფრული გამოშვება იქნება. ძალიან მინდა 2022 წლის გაზაფხულზე თბილისში ვიყო, ყველა ჩემს კოლეგასთან ერთად და ბოლო ორი წლის ციფრული თავგადასავალი იყოს მხოლოდ მნიშვნელოვანი მოგონება.