fbpx

დეკონსტრუქცია პოსტმოდერნისტულ სამყაროში


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი მახასიათებელი დეკონსტრუქტივიზმის ცნებაა, რომელიც პირველად ფრანგმა ფილოსოფოსმა ჟაკ დერიდამ ჩამოაყალიბა. მისი განსაზღვრებით, დეკონსტრუქცია უპირველეს ყოვლისა ბინარული ოპოზიციების რეკომპოზიციაა და ის ძველი, კლასიკური მოდელის ახლებურად გადათამაშებას მოიაზრებს. 

დერიდას იდეებმა პოსტმოდერნისტულ არქიტექტურაში იჩინა თავი. დეკონსტრუქტივიზმის კონცეფციის საფუძველზე შექმნილი შენობები ტრადიციულ კონვენციებს ახლებური და არაორდინალური ხედვით დაუპირისპირდა, რომელიც არქიტექტურული ფრაგმენტებით, სტრუქტურებით, ელემენტებით “მანიპულირებდა”, რის შედეგადაც,  ალოგიკური, ქაოსური ფორმები შეიჭრა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.  

ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში კონსტრუქტივისტები კლასიკური არქიტექტურის წესების და ნორმების დარღვევის გზით, იმდროინდელი “ნაგებობების გეომეტრიას” განსაზღვრავდნენ. მათმა ნოვატორულმა ხედვამ და ექსპერიმენტებმა პოსტმოდერნისტულ არქიტექტურაში პოვა გამოძახილი და ახალ შესაძლებლობებს დაუდო საფუძველი. 

დეკონსტრუქტივისტულმა იდეებმა არქიტექტურაში პირველად ყურადღება 1982 წელს ვილეტის პარკში გამართულ კონკურსზე მიიპყრო, სადაც ბერნარდ ჩუმიმ, ამ მიმდინარეობასთან ასოცირებულმა ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ, მისი ექსპერიმენტული არქიტექტურული პროექტი წარადგინა და გამარჯვება მოიპოვა. 

აღნიშნულმა მოძრაობამ საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია 1988 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) გამართულ გამოფენაზე – “დეკონსტრუქტივისტული არქიტექტურა”.  

გამოფენაში ისეთი ნოვატორი არქიტექტორები  მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან: ფრენკ გერი, რემ კულჰასი, ზაჰა ჰადიდი, პიტერ ეისმანი და დანიელ ლიბესკინდი. ამ გამოფენის ფარგლებში მათ არქიტექტურის სრულიად ახლებური და განსხვავებული ხედვა წარმოადგინეს, რომელმაც თანამედროვე არქიტექტურის ახალი გზები განსაზღვრა. 

დეკონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითი გუგენჰაიმის მუზეუმის შენობაა ბილბაოში (Guggenheim Museum Bilbao). ფრენკ გერიმ რევოლუცია მოახდინა, რადგან სრულიად შეცვალა საზოგადოებისა და არქიტექტორების წარმოდგენა მუზეუმის შენობაზე, მეტიც, მუზეუმის პოპულარობამ დიდი ეკონომიკური მოგება მოუტანა ქალაქს და მის ლანდშაფტზეც მოახდინა გავლენა. აღნიშნულ ფენომენს “ბილბაოს ეფექტითაც”  კი მოიხსენიებენ. 

ფრენკ გერის და ვლადო მილუჩინის ერთობლივი პროექტი “მოცეკვავე სახლი” პრაღაში მდებარეობს. შენობა საინტერესო  კონტრასტია თანამედროვე  ქალაქის ისტორიულ ინფრასტრუქტურასთან. მას ხშირად ლეგენდარული საცეკვაო დუეტის, ჯინჯერ როჯერსისა და ფრედ ასტერის პატივსაცემად  “ჯინჯერსა და ფრედს” უწოდებენ, რადგან სახლი ისე გამოიყურება, თითქოს მართლაც “ცეკვავს”. 

დანიელ ლიბესკინდმა ჰოლოკოსტის ისტორია ბერლინის “ებრაულ მუზეუმში” (Jewish Museum Berlin) არქიტექტურის მეშვეობის აღბეჭდა. ორი შენობისაგან შემდგარი კონსტრუქცია უკიდურესად კომპლექსურია და უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის. ამ ტრაგიკული მოვლენების გამოცდილება მთელ არქიტექტურულ სივრცეშია “გაბნეული” – რუხი სარკმლების ჭრილებით დასერილი ფასადები, დაქანებული კედლები, შავი სიბრტყეები და ჩიხები, შფოთვის და გამოუვალობის განცდას ქმნის. 

თუ მოდას განვიხილავთ, როგორც სულის არქიტექტურას,  შემთხვევითი არ არის, რომ დეკონსტრუქტივიზმის იდეებმა ტანსაცმლის დიზაინშიც იჩინა თავი და სილამაზის კლასიკური განსაზღვრება და “გლამურული” მიდგომა რადიკალურად შეცვალა. 

ახალი დეკონსტრუირებული სილუეტი, ქალისა და მამაკაცის სამოსს შორის წაშლილი ზღვარი უნივერსალურ მოდელს გვთავაზობს, მეტიც, ხელს უწყობს მოდის მიმართ ახალი ხედვის ჩამოყალიბებას. ეს პროვოკაციული იდეოლოგია მომხმარებელსა და სამოსს შორის ახალ ურთიერთობას ამყარებს. გარდა ამისა, დეკონსტრუქტივისტული მოდა ინკლუზიურია, რომელიც სხეულის ნებისმიერ ტიპს, ფორმას და ყველა არსებულ პოსტმოდერნისტულ “სილამაზის” სტანდარტს მოიცავს. 

1989 წელს ფოტოგრაფმა ბილ კანინგემმა პირველად გამოიყენა ტერმინი “დეკონსტრუქცია” მოდაში, ხოლო პრაქტიკაში ის ყველაზე თვალსაჩინოდ იაპონელი და ბელგიელი დიზაინერების შემოქმედებაში გამოვლინდა. იაპონელებისთვის დეკონსტრუქტივიზმის ცნება ორგანულია, რადგანაც მას ტრადიციული სამოსი –  კიმონო ისედაც მოიაზრებს. 

გასული საუკუნის 80-იან წლებში იაპონელი დიზაინერები –  რეი კავაკუბო, ისეი მიაკე და იოჯი იამამოტო –  აქტიურად იყენებდნენ დეკონსტრუქტივისტულ მეთოდს კოლექციებში. მათ ახალი სიცოცხლე შთაბერეს ტრადიციულ სამოსს, დასავლურ კონტექსტს მიუსადაგეს და იაპონური კოსტიუმის ახალი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს. ამ ტიპის დეკონსტრუქტივისტული მოდა, რომელიც შორს იყო თანამედროვე სტანდარტებისგან, მალე ტრენდად ჩამოყალიბდა. 

იამამოტოსა და კავაკუბოს კოლექციები ასიმეტრიული, გამიზნულად უფორმო და “დაუსრულებელი” დიზაინით გამოირჩეოდნენ, რომლის მიზანიც, იაპონური ტრადიციისამებრ, ტანსაცმელსა და მის მფლობელს შორის ცარიელი სივრცის (Ma) დატოვება იყო. 

იამამოტომ ფემინისტის რეპუტაციაც კი მოიპოვა, რადგან მის ასექსუალურ სამოსში ქალური სილუეტი სრულიად იმალებოდა. მან ახალი, ანორმატული სილამაზე შექმნა, რომელიც თავს აღწევდა მამაკაცის მზერას. მსგავსი ანდროგინული მიდგომა კავაკუბოს Comme des Garçons-ის კოლექციებშიც გვხვდება. 

აღნიშნული დიზაინერების სამოსი აგრეთვე შეიძლება განვიხილოთ როგორც “ეკონომიკური განაცხადი”, რადგან საზოგადოების ფართო სპექტრს მოიცავდა და ამ თვალსაზრისით ეკონომიკურ პროტესტს გამოხატავდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ქუჩის სტილის მოდა (street style), რომელიც მთელ მსოფლიოში მასობრივად გავრცელდა და ხელი შეუწყო მოდის ბაზრის განახლებას. 

დეკონსტრუქტივისტულ იდეებს აქტიურად ავითარებდნენ ბელგიელი დიზაინერები: ენ დემელემესტერი, დრის ვან ნოტენი და მარტინ მარჯიელა და მოდის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებდნენ. მარტინ მარჯიელა  დეკონსტრუქტივისტული მოდის ბელგიური ტალღის სათავეშია. მისი კონცეფცია ტანსაცმელსა და სხეულს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის პრინციპს ეფუძნება. 

ბრენდი მოდის სცენაზე 80-იანი წლების შუა პერიოდში გამოჩნდა. ის რადიკალურად კონტრასტული იყო იმდროინდელი ქალის სექსუალურობის და ჰიპერფემინურობის აყვავების ფონზე და გენდერული სტერეოტიპების დეკონსტრუქციით გამოირჩეოდა. მისი კოლექციები ეკლექტურია და ხშირად სხვადასხვა სტილის უცნაურ მიქსს წარმოადგენს. მარჯიელა ექსპერიმენტებს მიმართავს ქსოვილით – გამიზნულად აძველებს და აზიანებს მას. ის აგრეთვე ქმნის აბსურდულ, სიურრეალისტურ აქსესუარებს: ფეხსაცმელებს, ჩანთებს, ჟილეტებს. 

დეკონსტრუქტივიზმის ცნება დღეს უკვე ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდთან – ვეტემენტსთანაც (Vetements) ასოცირდება. აღსანიშნავია, რომ დემნა გვასალიამ ანტვერპენის სამეფო აკადემია (The Royal Academy of Fine Arts Antwerp) დაამთავრა, რომელიც დეკონსტრუქტივიზმის იდეებზეა ორიენტირებული. 

სწორედ ასე დაიწყო დემნას გზაც. აკადემიის დამთავრებულებს შორის არიან “ანტვერპენის ექვსეულის” (The Antwerp Six) სახელით ცნობილი დიზაინერები: უოლტერ ვან ბეირენდონკი, დირკ ვან სანი, დირკ ბიკენბერგსი, ენ დემელემესტერი, დრის ვან ნოტენი, Marina Yee და მარტინ მარჯიელა, რომლის ბრენდის დიზაინზეც დემნა წლების განმავლობაში მუშაობდა. ვეტემენტსმა პირველი კოლექცია 2014 წელს წარადგინა და კიდევ ერთი “დარტყმა მიაყენა” მოდის ინდუსტრიას. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.