fbpx

ფოტოთერაპია – ხელოვნების და ფსიქოლოგიის სინთეზი საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების დასანახად, გასაცნობად


გააზიარე სტატია

ავტორი: ნასტასია არაბული

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე

 

“მინდოდა, დამნაშავის მიერ გადაღებული ფოტოს საშუალებით საზოგადოებას დაენახა არა მხოლოდ დანაშაული, არამედ თავად ადამიანი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიღმაც”. – ანანო გუნია 

 

ანანო გუნია შეერთებული შტატებიდან, სადაც სასწავლებლად იყო წასული, ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ახლა კერძო პრაქტიკა აქვს სხვადასხვა ჯგუფებთან და ადამიანებთან, ვისაც ფსიქოლოგის დახმარება ან თერაპია სჭირდება. ანანოს მეთოდი განსხვავებულია – ის ფოტოების საშუალებით ხსნის თავის კლიენტებს და უხსნის მათ ხედვას საკუთარი თავის, პრობლემების, იმედების და სურვილების შესახებ. ფოტოთერაპია ფსიქოლოგიაში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა საქართველოში ეს დარგი თითქმის არ არის განვითარებული – რას გულისხმობს ეს მეთოდი, ამაზე და იმაზეც, რა შედეგს იძლევა ფოტოებით თერაპია, ანანოს ვესაუბრეთ. 

 

რას გულისხმობს ფოტოთერაპია, რით განსხვავდება სტანდარტული თერაპიისგან როგორც პროცესი, ისე შედეგი. 

ფოტოფსიქოლოგია წარმოადგენს ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მიმდინარეობას, რომელიც შეისწავლის პიროვნებას და მის მახასიათებლებს ფოტოხელოვნების საშუალებით. ფოტოგრაფია არის ხელოვნების ის დარგი, რომელიც ზუსტად, უცვლელად ასახავს სინამდვილეს. ფოტოთერაპია სწორედ ფოტოგრაფიის ამ თვისებას ემყარება და ცდილობს დაეხმაროს პიროვნებას, მიიღოს მისი რეალური, ნამდვილი განცდები, ემოციები  და კავშირი დაამყაროს მათთან. 

თუმცა როგორც ხელოვნების ყველა სხვა ნიმუში, ფოტოც ჩნდება სუბლიმაციის შედეგად. თავდაცვის ეს მექანიზმი გამოიხატება იმაში, თუ როგორ რეალობას, სინამდვილეს იღებს ფოტოგრაფი, რატომ აირჩია მან ერთი კონკრეტული ობიექტი თავისი ობიექტივისთვის, რას გრძნობდა ის გადაღების პროცესში ან რას განიცდის მაშინ, როცა თავის შემოქმედებას უყურებს. ფოტოთერაპიის ინტერესიც სწორედ ეს შინაარსებია. მას აინტერესებს შეისწავლოს პიროვნება ისეთი, როგორიც არის, თავისი ყველა მახასიათებლითა და შინაარსით, და გამოიყენოს ეს ინფორმაცია მის დასახმარებლად. 

„ფოტოგრაფიას აქვს ძალა დაიჭიროს და გამოხატოს გრძნობები და იდეები ვიზუალური სიმბოლური ფორმით, რომელთაგან ზოგი ინტიმური, პერსონალური მეტაფორაა”, –  ეს მოსაზრება ეკუთვნის ჯუდი ვაიზერს, ფოტოთერაპიის ფუძემდებელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მეტაფორაში იგულისხმება პიროვნების ის მახასიათებლები, აზრები, ემოციები, იდეები, რომლებისაც ეშინია და გაურბის. ფოტოთერაპია საკუთარი ორიგინალური ტექნიკის მეშვეობით ცდილობს დაეხმაროს ადამიანს საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში, აღნიშნული ფარული და არაცნობიერი მეტაფორების გააზრებაში, ნორმალიზაციასა და მიღებაში. ასეთი ფორმით საკუთარი თავის მიღება ადამიანს უყალიბებს „ნამდვილობის“ განცდას და საშუალებას აძლევს ჯანსაღი ფორმით შექმნას საკუთარი ჭეშმარიტი იდენტობა და გააძლიეროს თავისი  თავის რწმენა. 

რამდენად გავრცელებული პრაქტიკაა ეს, შენ როდის და რატომ დაინტერესდი და როგორ აპირებ საქართველოში, სადაც ახალი ხილია, ამის დანერგვას? 

მაგისტრატურაზე სწავლისას გაცვლითი პროგრამით ვიყავი აშშ-ში, კლინიკური ფსიქოლოგიის შესასწავლად. ამერიკულმა გამოცდილებამ მომცა საშუალება უფრო ფართოდ და არასტანდარტულად დამეწყო ფიქრი ჩემი პროფესიის შესახებ. ფსიქოლოგიის გარდა, ყოველთვის განსაკუთრებულად დაინტერესებული ვიყავი ფოტოგრაფიით. თუმცა აღმოვაჩინე, რომ არასდროს დავფიქრებულვარ, რატომ ვირჩევდი კონკრეტულ კადრებს გადასაღებად. ვფიქრობდი, თუ რა ინფორმაციას გვაძლევს თითოეული ფოტო მისი ავტორის შესახებ. 

ამავდროულად, ყოველთვის მაინტერესებდა დამნაშავეები და მათი ფსიქოლოგია. ეს ორი სფერო ერთმანეთს დავუკავშირე და ასე გაჩნდა ფოტოთერაპიაც. წარმოვიდგენდი, როგორ გამოვიყენებდი ფოტოგრაფიას, როგორც ხელოვნებას, მსჯავრდადებულებთან მუშაობის პროცესში, მათი რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიზნით. მინდოდა, რომ დამნაშავის მიერ გადაღებული ფოტოს საშუალებით საზოგადოებას დაენახა არა მხოლოდ დანაშაული, არამედ თავად ადამიანი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიღმაც. 

ამ იდეის საფუძველზე დავიწყე ინფორმაციის მოძიება ფოტოთერაპიის შესახებ. პირადად დავუკავშირდი ამ სფეროს სპეციალისტებს სხვადასხვა ქვეყანაში, მივიღე მათგან რეკომენდაციები და რჩევები და ასე შევქმენი ფოტოთერაპიის ქართული მოდელი. ფოტოფსიქოლოგიის საერთაშორისო სტანდარტისგან განსხვავებით, ქართული მოდელი მოიცავს თავის ორიგინალურ ტექნიკას, ახლებური და განსხვავებული მიდგომით, რომელიც აფართოებს თერაპიის სამიზნე ჯგუფებს და ასევე მოიცავს კანონთან კონფლიქტში მყოფსა და ანტისოციალური ქცევის მქონე მოზარდებთან მუშაობასაც.

აღნიშნული მეთოდი თავიდან ბოლომდე იყენებს ფოტოგრაფიას, როგორც აუცილებელ ატრიბუტს. თერაპიის პროცესში ხდება ფოტოს გადაღება, განხილვა, ანალიზი და ამის საფუძველზე ,,მეტაფორების“ გააზრება და მიღება.

ამჟამად ვარ დაკავებული ფოტოთერაპიის კერძო პრაქტიკით, პარალელურად კი ვმუშაობ პენიტენციურ დაწესებულებაში ფსიქოლოგად. თუმცა, სამომავლოდ მინდა შევქმნა სტუდია, სადაც იმუშავებს ფოტოგრაფებისა და ფსიქოლოგებისგან შემდგარი მულტიფუნქციური გუნდი, რომლებიც გაუძღვებიან ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფოტოთერაპიებს სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებთან.

თუ არსებობს შემთხვევები, როცა  ფოტოთერაპიას ცალსახად უპირატესობა აქვს სხვასხვაგვარ თერაპიასთან შედარებით  – რით განსხვავდება მაგალითად, არტთერაპიისგან ეს პროცესი? 

როგორც ფსიქოლოგიის ყველა სხვა მიმდინარეობა, ფოტოფსიქოლოგიაც გულისხმობს თერაპიას, რომელიც იყენებს სხვადასხვა ტექნიკას დასახული მიზნების მისაღწევად. აღნიშნული მეთოდები განსხვავებულია და გამოიყენება კლიენტის საჭიროების მიხედვით. ფოტოთერაპია ეფექტურად მუშაობს ადიქციების, დეპრესიის, კვებითი და სხვა ფსიქიკური დარღვევების დროს. ასევე ეფექტიანია ადამიანებთან, რომლებსაც გადატანილი აქვთ რაიმე სახის ძალადობა, ფიზიკური, სექსუალური თუ სხვ., განსაკუთრებით მაშინ, თუ ძალადობა სხეულზე გამოვლენილია რაიმე ნიშნით თუ ნაიარევით. 

განცდილი ტრავმული მოვლენის ვიზუალურ ნიშანს  კიდევ უფრო მძიმედ განიცდის  კლიენტი, რადგან ყოველი ამ იარის დანახვისას თავიდან ახსენდება გადატანილი ძალადობა, რაც იწვევს საკუთარი სხეულის, სიმბოლურ დონეზე კი საკუთარი თავის მიუღებლობას, ზიზღს, საკუთარი თავისგან გაქცევის სურვილს. ფოტოთერაპია კი ეხმარება კლიენტს მიიღოს საკუთარი სხეული და ამ სხეულში საკუთარი თავი. გარდა ამისა, ფოტოთერაპია ეფექტიანია ადამიანებთან, რომლებსაც არ აქვთ გამოხატული ფსიქოლოგიური პრობლემა და უბრალოდ სურთ საკუთარი  შინაგანი სამყაროს გაგება.

ყველაზე მოულოდნელი შედეგები რა იყო  ფოტოთერაპიის პროცესში შენთვისაც, როგორც ფსიქოლოგისთვის და შენი კლიენტებისთვისაც, ვისაც დახმარება სჭირდება? 

ძალიან ხშირად ადამიანს უჭირს  სახელი დაარქვას, ვერბალურად გამოხატოს და აღწეროს ის, რაც აწუხებს. ფოტოთერაპია აძლევს მას საშუალებას ვიზუალურად გამოხატული დოკუმენტური მასალის საფუძველზე, პროექციული მეთოდების გამოყენებით დაიწყოს ამ ყველაფერზე ფიქრი და შემდგომ გამოხატვა. ფოტოთერაპიის მიზანია აღმოაჩენინოს ადამიანს თავის თავში რესურსი და შესაძლებლობები, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდა. განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება არასრულფასოვნების განცდას.

ჩემს კერძო პრაქტიკაში აღნიშნული ფენომენი ყველაზე კარგად გამოჩნდა კვებითი აშლილობის მქონე ადამიანთან მუშაობისას. როგორც ფოტოთერაპევტისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის დანახვა, თუ როგორ იცვლებოდა კლიენტის საკუთარი თავისადმი ნეგატიური დამოკიდებულება პოზიტიურისკენ ფოტოთერაპიის პროცესში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.