„ულტრა-მარინი“ – Purplehaze Magazine ქართველი ხელოვანების ფოტოსესიას აქვეყნებს
ავტორი: რუსა გვენცაძე
გერმანულ ჟურნალ Purplehaze Magazine-ში ქართველი ხელოვანების ფოტოსესია გამოქვეყნდა. პროექტი „ულტრა-მარინი“ ელენე ბახტაძისა და ბაკურ თვრინელის ფოტოებს აერთიანებს.
ფოტოსესია ბრიტანელი არტისტის, ალექს ფოქსტონის ფერწერული ნამუშევრების შთაგონებითაა შექმნილი. მისი სახელიც ფოქსტონის ნახატების ამავე სახელწოდების სერიიდან მოდის.
ქართველი ხელოვანებისთვის კვლევის საგანი გმირების მელანქოლიური ხასიათი და მკვეთრი ფერთა გამა გახდა. გრიმის ხელოვნებით, ფერთა კომბინაციით, სხვადასხვა სახის განათებითა და განსაკუთრებული შტრიხების დამატებით ხელოვანებმა მიაღწიეს იმ შედეგს, რომელსაც სიამაყით გვიზიარებენ.
დიზაინერი და სტილისტი ელენე ბახტაძე გვიყვება, როგორ მოხვდა გერმანულ ჟურნალში ფოტოსესია:
Purplehaze Magazine გერმანული ბეჭდური და ონლაინგამოცემაა, რომელიც ემსახურება თანამედროვე ხელოვნების, მოდის ინდუსტრიის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას. ყოველთვის ძალიან მოგვწონდა და დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალს მათ საინტერესო კონტენტს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ექსკლუზიურად მათთვის შეგვეთავაზებინა ჩვენ მიერ შექმნილი პროექტი – ultra-marine. გაგზავნიდან მალევე დაგვიკავშირდა მათი პროექტების მენეჯერი და შეგვატყობინა, რომ ჩვენი პროექტი მათ ონლაინპლატფორმაზე განთავსდებოდა.
გადაღებების პროცესი ქართველი ხელოვანებისთვის საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, თუმცა, ამავდროულად, სასიამოვნო და ამაღელვებელიც. მათთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა შესაფერისი ტიპაჟების პოვნა, რომლებიც ალექს ფოსტონის ნამუშევრებში არსებულ გმირთა ხასიათის გადმოცემას ზუსტად შეძლებდნენ.
ელენე ბახტაძე: „საკმაოდ რთული აღმოჩნდა რეკვიზიტის, კოსტიუმებისა და შესაბამისი გარემოს შექმნაც. ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემა შეიქმნა გადაღების პროცესშიც, ზოგიერთი რეკვიზიტის სპონტანურად გარდაქმნა მოგვიწია და გრიმის რამდენჯერმე შეცვლა, რადგან ჩვენი გმირების ვიზუალი სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებდა. სწორედ ამ იდეალური შედეგის მიღწევაში დაგვეხმარა არაჩვეულებრივი გრიმიორი ანა ბახტაძე“.
ეს პროექტი ქართველი ხელოვანებისთვის ექსპერიმენტი და ახალი გამოწვევა აღმოჩნდა. ისინი შეეცადნენ შეენარჩუნებინათ ნახატის უნიკალური ხასიათი და ამავდროულად, ფოტოსესიაში შეეტანათ საკუთარი შტრიხები.
ელენე ბახტაძე: „ფოტოსესიას არანაირი კომერციული დატვირთვა არ გააჩნია და მხოლოდ ჩვენი შემოქმედებითი ხედვის გამოხატვას ემსახურება“.
ნამუშევრების ვიზუალი საკმაოდ თვალშისაცემი გამოვიდა, რაც ფოტოხელოვნებისა და მხატვრობის სინთეზმა განაპირობა.
ელენე ბახტაძე: „ამ ფოტოსერიის შექმნის მიზეზი თავიდანვე იყო ის აღფრთოვანება, რომელიც ჩვენში ალექს ფოქსტონის ნამუშევრების ამ სერიის ნახვამ გამოიწვია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი ტილოები სხვა მედიუმში, ამ შემთხვევაში ფოტოგრაფიაში, გადმოგვეტანა“.
წარმატებული პროექტის შემდეგ, ფოტოგრაფი ბაკურ თვრინელი და დიზაინერ/სტილისტი ელენე ბახტაძე გაჩერებას არ აპირებენ და ერთობლივი შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელებას სამომავლოდაც გეგმავენ.