ოსკარების 93-ე დაჯილდოების გამარჯვებულები – 2021
2021 წლის ოსკარების დაჯილდოებაზე ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის დაჯილდოების ტრიუმფატორი, როგორც მოსალოდნელი იყო, „მომთაბარეთა მიწა“ (Nomadland) გახდა. კოვიდპანდემიის პირობებში გამართულ ოსკარების გადაცემის 93-ე ცერემონიაზე ქლოე ჯაოს დრამამ ყველაზე მეტი, სამი ჯილდო მოიპოვა.
Nomadland-ის მიერ მოპოვებული ოსკარები ისტორიული გამოდგა: ქლოე ჯაო ოსკარის თითქმის საუკუნოვან ისტორიაში, კატრინ ბიგელოუს შემდეგ, მეორე ქალია, რომელმაც საუკეთესო რეჟისორისთვის განკუთვნილი ოსკარი მიიღო, ამასთანავე პირველი აზიელი, რომელსაც ეს აღიარება ხვდა წილად. მსახიობმა ფრენსის მაკდორმანდმა კი ფილმით მესამე ოსკარი მოიპოვა და ოსკაროსან მსახიობ ქალებში ამ მიღწევით მერილ სტრიპს დაეწია. მათზე წინ მხოლოდ ოთხი ოსკარის მფლობელი, ლეგენდარული კეტრინ ჰეპბერნია.
მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ენტონი ჰოპკინსი დაჯილდოვდა ფრანგულ პიესაზე დაფუძნებული დრამატული ფილმისთვის „მამა“. ბრიტანელ ცოცხალ ლეგენდის მთავარი კონკურენტი აწგარდაცვლილი ჩედვიკ ბოუზმენი (Ma Rainey’s Black Bottom) იყო, თუმცა, ოქროს გლობუსისგან განსხვავებით, პრესტიჟული კინოჯილდო ჰოპკინსს ხანგრძლივ და ნაყოფიერ კარიერაში მეორედ ერგო. ამავე ფილმმა ადაპტირებული სცენარის კატეგორიაშიც გაიმარჯვა.
ორი ოსკარი აიღო წლევანდელი ცერემონიის რაოდენობრივად ყველაზე მეტი, ათი ნომინაციის მქონე ბიოგრაფიულმა ფილმმა „მანკმა“. დევიდ ფინჩერის შავ-თეთრ სურათს ბევრი კინომცოდნე თუ კრიტიკოსი Nomadland-ის მთავარ კონკურენტად ასახელებდა წლის საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისურის თუ სხვა კატეგორიებში, თუმცა სცენარისტ ჰერმან მანკევიჩზე შექმნილმა ფილმმა მხოლოდ ტექნიკურ ნომინაციებში მოიპოვა ჯილდოები.
ერთადერთი მოულოდნელობა ქალის მეორეხარისხოვან როლზე მხცოვანი კორეელი მსახიობის დაფასებას შეიძლება ეწოდოს. იუ-ჩონ იუნის ოსკარზე წარდგენასაც კი ბევრი არ ელოდა, გამარჯვება კი სიურპრიზი იმის გამოც გამოდგა, რომ კინოაკადემიამ კიდევ ერთხელ, მერვედ გააწბილა ჰოლივუდის ვეტერანი ვარსკვლავი გლენ კლოუზი.
ორიგინალი სცენარისთვის განკუთვნილი ოსკარი ფემინისტურმა დრამედია „იმედისმომცემმა ახალგაზრდა ქალმა“ მოიპოვა, არადა ამ ნომინაციაში გამარჯვებას ოსკაროსან აარონ სორკინს (The Trial of the Chicago 7) უწინასწარმეტყველებდნენ.
წლის საუკეთესო ანიმაციად კვლავაც კომპანია Pixar-ის პროდუქცია Soul დასახელდა, რომლის მთავარი კონკურენტი ხელით ნახატი ევროპული მულტფილმი Wolwalkers იყო. „პიქსარის“ ანიმაციამ მუსიკისთვის განკუთვნილი ოსკარიც მოიპოვა.
ოსკარების 93-ე დაჯილდოებაზე გამარჯვებულთა სრული სია ასეთია:
- საუკეთესო ფილმი – Nomadland
- საუკეთესო რეჟისურა – ქლოე ჯაო (Nomadland)
- მამაკაცის მთავარი როლი – ენტონი ჰოპკინსი (The Father)
- ქალის მთავარი როლი – ფრენსის მაკდორმანდი (Nomadland)
- მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი – დანიელ კალუუია (Judas and the Black Messiah)
- ქალის მეორეხარისხოვანი როლი – იუ-ჩონ იუნი (Minari)
- ორიგინალი სცენარი – ემერალდ ფენელი (Promising Young Woman)
- ადაპტირებული სცენარი – ქრისტოფერ ჰემპტონი, ფლორიან ზელერი (The Father)
- საუკეთესო მუსიკა – ტრენტ რეზნორი, ატიკუს როსი, ჯონ ბატისტი (Soul)
- საუკეთესო სიმღერა – H.E.R. – “Fight for You” (Judas and the Black Messiah)
- საოპერატორო ნამუშევარი – ერიკ მესერშმიტი (Mank)
- მხატვრული გაფორმება და დეკორაციები – Mank
- კოსტიუმების დიზაინი – Ma Rainey’s Black Bottom
- გრიმი და ვარცხნილობა – Ma Rainey’s Black Bottom
- მონტაჟი – Sound of Metal
- ხმის ეფექტები და ხმის მონტაჟი – Sound of Metal
- ვიზუალური ეფექტები – Tenet
- საუკეთესო უცხოური ფილმი – Druk/Another Round (დანია)
- საუკეთესო ანიმაცია – Soul
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – My Octopus Teacher
- საუკეთესო დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი – Collete
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – Two Distant Strangers
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია – If Anything Happens I Love You
წყარო: https://www.oscars.org/oscars/ceremonies/2021